კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპატრიარქო საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს უარყოფს

25 ივლისი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაში რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის 13 ფაქტი დაასახელა. ექსპერტები საქართველოში „მართლმადიდებლურ ნაციონალიზმზე“ საუბრობენ. საპატრიარქოში კი აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა საქართველოში 2003 წლიდან აღარ არსებობს.

„რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით შსს-სა და საქართველოს პროკურატურის საქმიანობა უფრო შედეგიანი გახდა. სამართალდამცავი სტრუქტურები, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით ეფექტურად ახდენენ რეაგირებას რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დისკრიმინაციულ ფაქტებზე. თუმცა, ხშირად ამგვარი რეაგირება ისევ სახალხო დამცველის აპარატის ჩარევის შედეგად ხდება“, -აღნიშნავს სოზარ სუბარი 2007 წლის მეორე ნახევრის მოხსენებაში.

ექსპერტი რელიგიის საკითხებში, ნუგზარ პაპუაშვილი ეთანხმება სახალხო დამცველს. მისთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ომბუდსმენის მოხსენებამ ასეთი აჟიოტაჟი. 
ნუგზარ პაპუაშვილი: „დისკრიმინაცია არის, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არა. თუმცა,  დროულად თუ არ მივხედავთ, შეიძლება მსგავსი სიტუაცია მივიღოთ“.

მისი თქმით, შექმნილი ვითარება „მართლმადიდებლურმა ნაციონალიზმმა“ გამოიწვია, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. ექსპერტი „საკონსტიტუციო შეთანხმებას“, კონკორდატს  გულისხმობს, რომელიც სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა.

„საკონსტიტუციო შეთანხმება“ პარლამენტმა და ეკლესიამ 2003 წელს ერთობლივად მიიღეს. „ეკლესიური ნაციონალიზმი“ იწვევს იმას, რომ სხვა კონფესიის მიმდევრები ამ ქვეყანაში  „შინაური ემიგრანტები“ არიან. თუ ადამიანი მართლმადიდებელი არ არის, მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ქართველი, ამ ქვეყნის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა. უმრავლესობის ცნობიერებაში, არამართლამდიდებლები, განსაკუთრებით კი იეღოველები, ქვეყნისთვის საშიში ელემენტები არიან. აქედან რეალურ დისკრიმინაციამდე კი ერთი ნაბიჯია“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, რომელმაც რელიგიის დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ანგარიში დაწერა, შეფასებებში უფრო რადიკალურია.

„ჩვენს ქვეყანაში რელიგიური დისკრიმინაცია ნამდვილად არსებობს. როგორც დე-იურე, ასევე დე-ფაქტო ხასიათის. დე-იურე დისკრიმინაციას რაც შეეხება, ის სათავეს „კონსტიტუციური შეთანხმებიდან“ იღებს, კერძოდ, მთელი რიგი დებულებებიდან, რომლებსაც აღნიშნული შეთანხმება შეიცავს და რომელიც სხვა რელიგიურ უმცირესობებს ქართულ საპატრიარქოსთან შედარებით დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ამყოფებს. მხედველობაში რამდენიმე მომენტი მაქვს. პირველ რიგში, სტატუსის საკითხი, რომელსაც კონსტიტუციური შეთანხმება საპატრიარქოს ანიჭებს, დანარჩენ რელიგიურ ორგანიზაციებს განსაკუთრებული სტატუსი არ აქვთ. ისინი არიან როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები და არა, როგორც რელიგიური ორგანიზაციები. ამასთან დაკავშირებით  პრეტენზიებს არა ერთი რელიგიური უმცირესობა და ორგანიზაცია გამოთქვამს, თუმცა ამ პრეტენზიების გათვალისწინება რატომღაც არავის უნდა. მეორე, ეს არის იმუნიტეტების საკითხი. მაგალითად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სრული იმუნიტეტით სარგებლობს. ამ დროს ანალოგიური ხასიათის იმუნიტეტი არც ერთ რელიგიური დენომინაციის ლიდერს აქვს. მართლამდიდებლური დღესასწაულები აპრიორი დღესასწაულად არის გამოცხადებული. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები ჯერ არ არის შეტანილი, ქართული სახელმწიფო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ჩატარებულ ჯვრისწერას ქორწინების სამართლებრივ საფუძვლად ცნობს. იგივე არ ხდება სხვა კონფესიებთან მიმართებაში“.

 

 სოსო პაპუაშვილი

სოსო პაპუაშვილი დე-ფაქტო დისკრიმინაციის მაგალითებზეც საუბრობს:
„სხვა რელიგიური პირებისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებიან. დანარჩენებს მხოლოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართვა შეუძლიათ.
ისეთი ქმედებები, რომლებსაც ბასილ მკალავიშვილი მიმართავდა, დღეს აღარ ფიქსირდება. სამაგიეროდ დისკრიმინაცია ჩვეულებრივ ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის. რამდენიმე თვის წინ რელიგიური საბჭოს შეკრებას დავესწარი, რომელშიც ყველა რელიგიის წარმოამდგენელი შედის. ყველა მათგანი ამბობდა, რომ სკოლებში ბავშვები დისკრიმინაციას განიცდიან. ეს მართლმადიდებლობის რელიგიის ისტორიის სწავლებაში გამოიხატება, რომელიც დისკრიმინირებულად მიმდინარეობს. კანონის თანახმად, ეს დაუშვებელია. რელიგიის სწავლება მხოლოდ ნეიტრალურად უნდა ხდებოდეს. არ უნდა ისწავლებოდეს მხოლოდ ერთი რელიგია, არამედ ყველა სხვა რელიგიის ისტორია და მათი როლი. ის მშობლები, რომლებიც არ არიან მართლამადიდებელი ქრისტიანები, პრეტენზიებს ვერ გამოთქვამენ, რადგან ბავშვების ავტომატურ მარგინალიზაციას გამოიწვევს. ფაქტია, რომ განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. რელიგიის გაკვეთილები პირდაპირ აღვივებს რელიგიურ შეუწყნარებლობას“.

სოსო პაპუაშვილი საკუთრების პრობლემაზეც საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მიერ ეკლესიებისთვის საბჭოთა კავშირის დროს  წართმეული ქონების დაბრუნებას უკავშირდება. იურისტის თქმით, საპატიარქოს იმ ეკლესიებსაც უბრუნებენ, რომლებიც სხვა რელიგიების წარმომდგენლებს ეკუთვნოდათ. მაგალითად, ქუთაისში საპატრიარქოს დაუბრუნეს ეკლესია, რომელიც კათოლიკებს ეკუთვნოდათ. მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომელიც კათოლიკების საწინააღმდეგოდ გადაწყდა.
„თავისუფლების ინსტიტუტის“ იურისტი, გიორგი მელაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია მსგავსი პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის მექანიზმები. სახელმწიფომ ამ პროცესში, კანონმდებლობის სახით უნდა შექმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტს ისტორიული მემკვიდრეობის პრობლემებს. 

ის აღნიშნავს, რომ რელიგიური დისკრიმინაცია, როგორც პრობლემა 2-3 წელია რაც კლებულობს. მაგრამ აფეთქების საფრთხე, როგორც ასეთი, არსებობს. რადგან ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი შეჩერებულია სამართალდამცავი მექანიზმების აქტიური ჩარევით. არადა, თავისუფლების დაცვა ადამიანურ დონეზე უნდა იყოს გაცნობიერებული. „სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანი თუ საზოგადოებრივი ჯგუფი რელიგიის თავისუფლებას როგორც ღირებულებას არ ცნობს. თუ, ვთქვათ, სამართალდამცავები აქტიურად აღარ ჩაერევიან ამ პროცესში, შეიძლება კვლავ გამწვავდეს  სიტუაცია. ეს არის ყველაზე შავი სცენარი. თუ პოლიცია არ იაქტიურებს და პროკურატურა არ დაიჭერს მოძალადეებს“.

საპატრიარქოს რელიგიათაშორის ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ლელა ჯეჯელავა ამტკიცებს, რომ საქართველოში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები არ ფიქსირდება.
„თუ სახელმწიფო დეპატამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ კვლევებს დავეყრდნობით, რომლებიც საქართველოში რელიგიური ჯგუფების მდგომარეობას იკვლევენ, რელიგიური დისკრიმინაცია არ არსებობს. მაშინაც კი, როდესაც ასეთი ფაქტები იყო, ეს არ იყო საერთო პრობლემა“.

მისი თქმით, საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც ასე მკაცრად აკრიტიკებენ ექსპერტები, დისკრიმინაციული სულაც არ არის. ამ დოკუმენტს მხარი საქართველოში არსებულმა პრაქტიკულად ყველა კონფესიამ დაუჭირა. ამის დოკუმენტური დადასტურებაც არსებობს.

„პრობლემა სრულიად სხვა რამეშია.  საქართველოში რელიგიური ორგანიზაციების მოღვაწეობის საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ არის მოგვარებული. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და რელიგიურ ორგანიზაციებს მისცა უფლება, დარეგისტრირდნენ, როგორც ე.წ. კავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ამ ფორმით რეგისტრაციის გავლაზე რამდენიმე დიდმა რელიგიურმა გაერთიანებამ, მათ შორის, ებრაელებმა, კათოლიკებმა და სომხებმა უარი განაცხადეს. მათ ამ ქვეყანაში იურიდიული სტატუსიც არ აქვთ. ეს არის სათავე ყველა ამ პრობლემისა.  იმ რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებიც გადაწყვეტენ NGO-დ დარეგისტრირდნენ,  არ იმოქმედებს ის შეღავათები, რაც რელიგიურ ორგანიზაციებზე, რადგან კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კოდექსში არსად წერია, გათავისუფლდება თუ არა ამ კავშირის წარმომადგენელი სამხედრო სამსახურიდან“.

 

ახალი ამბები