კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოყრა საქანელას ქუჩაზე

6 აგვისტო, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ტელეფონმა დარეკა. ახლობელს ვესაუბრებოდი. ამ დროს გავიგე, როგორ შემოლეწეს კარი. ყველაფერი კარგად ჰქონდათ დაგეგმილი. ყველა ბინის კარი ერთდროულად შემოანგრიეს. უცხო ადამიანებმა შიშველ, მძინარე ბავშვებს მოჰკიდეს ხელი და სახლიდან გაათრიეს. ჩვენ პატიმრებივით გავყავდით. ხელიდან მობილური ტელეფონები წაგვართვეს, გავვარდით სანაპიროზე, მაგრამ კაციშვილი არ იყო. მობილურებიც აღარ გვქონდა. სასწრაფოს გამოძახებაც შეუძლებელი იყო. ქალები ისტერიკაში ჩავარდნენ, შეშინებულმა ბავშვებმა ტირილი მორთეს... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იქნებოდა...“ - ასე იხსენებს საქანელას ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი 27 ივლისის ღამეს, როდესაც მას სხვებთან ერთად საკუთარი სახლი მოულოდნელად დაატოვებინეს. ზედამხედველობის სამსახურში, რომლის წარმომადგენლებიც ამ ადამიანების გაყვანაში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ ყველაფერი მაცხოვრებლების უსაფრთხოების დაცვიდან გამომდინარე მოხდა.

     
  მეხუთე ღამეა ეს ადამიანები საკუთარ სახლებს ყარაულობენ   ჯულიეტა მანუკოვას თქმით, ამ ფანჯრიდან მისი ავეჯი იყრებოდა

 დანგრეული ოთახი

საქანელას ქუჩის 37 ნომერთან მისულებს იქაური მაცხოვრებლების რამდენიმეკაციანი ჯგუფი დაგვხვდა. დაძაბული სახეებით, უნდობლად ჩვენსკენ იყურებიან. უცნაური არც არის. უკვე მერამდენე ღამეა მათ თვალიც არ მოუხუჭავთ, საკუთარ სახლებს ყარაულობენ, ვინმე არ მოვიდეს, დაგვინგრიოსო... ამის თქმის საფუძველიც აქვთ. როგორც თავად გვიყვებიან, 27 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია. 3 აგვისტოს, როდესაც ჩვენ მათ შევხვდით, 10 ოჯახი უსახლკაროდ იყო დარჩენილი. ვერც სახლში შედიოდნენ და ვერც სხვაგან მიდიოდნენ. ეს ადამიანები საქანელას ქუჩის 37 ნომრის, ნაწილი კი 35 ნომრის ბინადრები იყვნენ.

დაპირისპირება მათსა და „ცენტრ პლაზას“ შორის, რომელმაც ახლო-მახლო მდებარე სახლები შეისყიდა, მაშინ დაიწყო, როდესაც 37 ნომრის ბინადრებს კვადრატულ მეტრში 1500 დოლარი შესთავაზეს. ამ თანხაზე მოქალაქეებმა უარი განაცხადეს. მიზეზი - ბინების მცირე ფართი იყო, დაახლოებით 10 კვადრატული. ასე რომ, მიღებული თანხით ვერაფერს შეიძენდნენ. ამიტომაც მშენებარე კომპლექსებში ერთოთახიან ბინებს ითხოვდნენ. „ცენტრ პლაზა“-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ოჯახებმა ასტრონომიული თანხები მოითხოვეს, ხოლო საცხოვრებელი ბინებით მოსახლეობის ადგილზე დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან კომპანია „ა“ კლასის საოფისე ფართის მშენებლობას გეგმავს. „ცენტრ პლაზა“ „დეველოპმენტ სოლუტიონს“-ში შემავალი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც „სილქ როუდ გრუპში“ ერთიანდება. მოსახლეობის არგუმენტი, რომ გარშემო მდებარე კორპუსების დანგრევა მათ სახლებს საფრთხეს უქმნის, კომპანიის განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება.

ამ მოლაპარაკებების ფონზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიც გააქტიურდა და პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა...

საქანელას ქუჩის ბინადრები ყვებიან, რომ ღამის პირველ საათზე ყველა სახლის კარი ერთდროულად შემოინგრა. უცნობმა ადამიანებმა კი სახლიდან მათი გაყვანა დაიწყეს.

მარინა კუბლაშვილი, გარეთ დარჩენილი ერთ-ერთი მაცხოვრებელი: „ჩემი სახლი 5 წლის წინ კაპიტალურად აშენებული იყო.  ღამის პირველ საათზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანები სახლში შემოგვეჭრნენ. იმის დამადასტურებელი საბუთი,  თუ სად მუშაობდნენ, არ  წარმოუდგენით. გადაგვიგრიხეს მკლავები და სასწარფო წესით ჩვენი კუთვნილი სახლიდან გასვლა მოგვთხოვეს. კითხვაზე, ადამიანებო ვინ ხართ, რას მერჩით (ვერაფერს დავუკავშირე 30 კაციანი ჯგუფის შევარდნა ჩემს სახლში), არაფერი მიპასუხეს. ვთხოვე, მაჩვენონ, რის საფუძველზე უნდა დამეტოვებინა სახლი შუაღამისას. არც დოკუმენტაცია წარმოუდგენიათ და არც უთქვამთ რამე. ჩემი ჩაყვანის შემდეგ, სასწრაფო წესით ჩემი ავეჯის შეკვრა და გატანა დაიწყეს. მოაყენეს მანქანა და შესაშური ოპერატიულობით ჩემი ავეჯის წაღება დაიწყეს. შემდეგ სახეზე ვიცანით, რომ ამ ხალხის ნაწილი ზედამხედველობის თანამშრომლები იყვნენ. სამი დღით ადრე დემონტაჟის დროს ინვესტორთან დავინახეთ.  როგორც გაირკვა, დანგრევას კი არ კურირებდნენ, ოპერაციას ამზადებდნენ, როგორ გავეყვანეთ სახლიდან. ასე სრულიად მოულოდნელად ჩემსავე ქალაქში ჩემი მთავრობის ჩარევით ლტოლვილი აღმოვჩნდი“.

70 წლის ქალბატონი ჯულიეტა მანუკოვა იმ დღეს ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად სახლში მარტო იყო. ის იხსენებს, რომ ხმაურის დაწყებისას აბაზანაში იმყოფებოდა. ძლივს მოასწრო ჩაცმა, როდესა უცბობი მამკაცები სახლში შეუვარდნენ და ბავშვებს ხელი დაავლეს.
„პატარა ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე. მეგონა, იქ არ შემოვიდოდნენ. მაგრამ ის კარიც შემოლეწეს, შემომივარდნენ და სახლიდან გამომიყვანეს. ავეჯს ფანჯრიდანვე ყრიდნენ“.

როგორც სახლის მაცხოვრებლები ყვებიან, 23 ივლის დღის პირველ ნახევარში ზედამხედველობის თანამშრომლები ერთ-ერთი ბინადრის სახლში იყვნენ მისულები. ემუქრებოდნენ, რომ სახლს დაანგრევდნენ, და სასწრაფოდ 9 საათამდე დაეცალათ. მოსახლეობა მათ ვინაობასაც ასახელებს და ამბობს, რომ  ეს ადამიანები ზვიად კერვალიშვილი და დავით ანდღულაძე იყვნენ.

„ჩვენ პოლიციაში შევიტანეთ განცხადება. დაცვას ვითხოვდით. ეს განცხადება საქალაქო პროკურატურას გადაეგზავნა. ყველგან ერთსა და იმავეს გვეუბნებოდნენ, სანამ ისინი მუქარას სისრულეში არ მოიყვანდნენ, პოლიცია ვერაფრით დაგვეხმარებოდა“,- გვიყვება თამარ მანუკოვა.

ზედამხედველობის თანამშრომლების მისვლამდე, საქანელას ქუჩის მაცხოვრებლებს  დაპირისპირება კომპანია „ცენტრ პლაზას“ თანამშრომლებთან უხდებოდათ.  როგორც წესი, მუშები დანგრევას გვიან ღამით იწყებდნენ. 

„თავის ქმედებებს ასე ხსნიდნენ, მე ვიყიდე და ვანგრევო. უსაფრთხოების ზომებს არ იცავდნენ. ძირითადად, ღამე მძიმე ტექნიკით მუშაობდნენ. ბავშვებს ვერ ვაძინებდით. ჩვენ ვიძახებდით პატრულს, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. დავა 22 ივლისს დაიწყო. 23 ივლისს კი ზედამხედველობის თანამშრომლები მუქარით შემოგვივარდნენ“, - იხსენებს შორენა გოგსაძე.

27 ილისამდე ერთი დღით ადრე. კომპანიის მუშებმა ერთ-ერთი ბინის სახურავი მოხსნეს. ოჯახმა ისევ პატრულს მიმართა. პატრულმა ეს ფაქტი დააფიქსირა. კომპანიის თანამშრომლები შეპირდნენ, რომ ამ სახურავს აუცილებლად შეაკეთებდნენ. თუმცა ეს არ გაუკეთებიათ. მეტიც, მეორე დღეს ზედამხედველობის თანამშრომლებმა, როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, სახლის დაცლა გადაწყვიტეს. 

 

     

  კლინიკის ჩალეწილი ფანჯრები

 ჩამონგრეული ჭერი

 თუკი ზედამხედველობის თანამშრომლები მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდნენ, რას ერჩოდნენ კლინიკის საპირფარეშოს?


 „ზედამხედველობის თანამშრომლები ამბობდნენ, თითქოს ეს სახლი ავარიული იყო და ჩვენს გადარჩენას ცდილობდნენ. იმ დღეს, მთელი დღე უჩვეულო სიჩუმე იყო. ინვესტორი საერთოდ არ ჩანდა. გარეთ რომ გამოგვათრიეს, იქ თანამშრომლებისგან შექმნილი ცოცხალი კედელი დაგვხდა, სახლში არ გვიშვებდნენ. საკუთარი თავი ზედამხედველობის თანამშრომლებმა მხოლოდ გარეთ გაგვაცნეს“ - იხსენებს თამარ მანუკოვა.

დაბლა ჩასულებს, საქანელას ქუჩის 35 და 37 ნომრების ბინადრებს, საშინელი ხმაური მოესმათ. კედელი ჩამოინგრა. მოგვიანებით, როდესაც მათ ზემოთ ასვლა მოახერხეს, დაინახეს, რომ კედლის ფიცრები, რომლებიც ორ სახლს ერთმანეთთან ყოფს, მოხერხილია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა.

ამ სახლების გვერდით სტომატოლოგიური კლინიკა მდებარეობს. ეს ცალკე, სულ ახლახანს კაპიტალურად გარემონტებული შენობაა. მიუხედავად ამისა, ზედამხედველობის თანამშრომლებმა იქაც მოასწრეს შესვლა (თუმცა გაურკვეველია, ვის ევაკუირებას ცდილობდნენ ღამის პირველ საათზე სტომატოლოგიური კლინიკიდან). კლინიკის ყველა შუშა ჩამსხვრეულია. მეტიც, კლინიკის უნიტაზიც კი ნამსხვრევებად აქციეს... თუკი ზედამხედველობის თანამშრომლები მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდნენ, რას ერჩოდნენ კლინიკის საპირფარეშოს?

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით ავალიანმა განგვიმარტა, რომ მოქალაქეების გაყვანა მათივე უსაფრთოხების მიზნით მოხდა.

დავით ავალიანი: „დემონტაჟი მძიმე ტექნიკის მეშვეობით მიმდინარეობდა, თავად მოგვმართეს, რომ ეს პროცესი გაგვეჩერებინა, რადგან ამ ხალხს საფრთხეს უქმნიდა. მთლიანად დემონტაჟი ვერ გავაჩერეთ. ის, რომ მათი სახლები ავარიულ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტიზა რა სჭირდება. ისედაც ჩანს. თან, იმ დღეს ერთ-ერთ ოჯახს სახლში ჭერი ჩამოენგრა. ამიტომ მივედით ღამის თორმეტ-პირველ საათზე. არავითარი შელაპარაკება არ ყოფილა. თანამშრომლები უბრალოდ მივიდნენ და სთხოვეს, რომ მათივე ჯანმრთელობის დასაცავად, კიდევ რამე არ ჩამოვარდნილიყო, გამოსულიყვნენ. თორემ რამე რომ მომხდარიყო, ზედამხედველობას დაბრალდებოდა. ვერ გეტყვით, ვინ დაამსხვრია კლინიკის შუშები.

- ერთ-ერთი სახლი 5 წლის აშენებულია, მაგრამ ის ოჯახიც გააძევეს...

- ეს იმისთვის, რომ რამე ექსცესი არ მომხდარიყო. რომ გაგრძელებულიყო იმ ტერიტორიის დემონტაჟი და სახლებს რამე პრობლემა არ შეჰქმნოდათ. მაშინ მობრძანდებოდით და იტყოდით, რატომ არ მიიღეთ რამე ქმედითი ზომა...

- ამ ადამიანებს რატომ არ უბრუნებენ კუთვნილ ავეჯს?

- ვინ წაართვა, რომ არ უბრუნებენ? ჩვენ ავეჯის გამოტანაში დავეხმარეთ, შემდეგ თავად წაიღეს.

- სად არის?

- მე რატომ უნდა ვიცოდე, სად არის მათი ავეჯი. მხოლოდ ზედამხედველობის თანამშრომლები კი არა, თავადაც მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ჩვენგან მაქსიმუმ 10 ადამიანი მონაწილეობდა. ინვესტორის წარმომადგენლებიც იყვნენ, მუშა ხალხიც, ვინც ეხმარებოდა.

- თუ გადაწყვეტენ სახლში დაბრუნებას და ავეჯის შეტანას, ხელს არავინ შეუშლის?..

- არა, ოღონდ თუ რამე დაემართება სახლს, საკუთარ თავს დააბრალონ.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ არაადეკვატურია ღამის 12 საათზე ოჯახებში შევარდნა, თუნდაც მათი გადარჩენის მიზნით?

- ჭერი როდესაც ჩამოვარდა, სწორედ მაშინ შევედით. იმიტომ გვქონდა მორიგეობა დაწესებული. ვის ოჯახშიც ჩამოინგრა ჭერი, იმან მიმართა ჩვენს თანამშრომლებს და ანახა, მიშველეთო. ჯერ იმ ქალბატონს ვუშველეთ, შემდეგ სხვებსაც ვუშველეთ. განვუმარტეთ, შეიძლება თქვენს სახლსაც იგივე დაემართოს და დაცალეთ ოთახები, რომ ვინმეს ჯანმრთელობას რამე საფრთხე არ დაემუქროს-თქო.

საუბრის ბოლოს დავით ავალიანმა აღნიშნა, რომ შეურაცხყოფის მიყენება არავისთვის უნდა, მაგრამ ბოლო დროს მოქალაქეები ძალიან აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ.

" ამ სახლებზე ჩვენთან წარმოება დაწყებული არ არის. სახლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ჩვენ რომ გვცოდნოდა, რომ ეს სახლები უკანონოა, დავანგრევდით. ეს საუკუნის სახლებია, უბრალოდ ამიტომაც სახიფათოა.
ჩვენ მივმართეთ თხოვნით ”ცენტრალ პლაზას”, ვინაიდან მათ გამო მოხდა ამ ხალხის უფლებების  შელახვა, კეთილი ინებონ, იქირავონ ამ ხალხისთვის ბინები, სანამ  ამ სახლებს შეაკეთებენ. კომპანიამ თანხმობა განაცხადა, ისეც სიტყვიერად. ამ საუბარს მოქალაქეებიც ესწრებოდნენ“, - აცხადებს ავალიანი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი კახა კოჟოვიძე საქანელას ქუჩის მაცხოვრებლებს სასამართლოში დაიცავს. სარჩელი უკვე შეტანილია. მისი თქმით, დავით ავალიანის განმარტება, თითქოს ამ მოქალაქეებმა ზედამხედველობის სამსახურს დახმარებისთვის მიმართეს, „ამ ადამიანების აბუჩად აგდება, დაცინვა და შეუარცხყოფაა. ადამიანი გიჟი უნდა იყოს, რომ მიმართოს ვინმეს, დამეხმარეთ ჩემი საკუთრების დანგრევაში, ფეხქვეშ გათელვაში, ბავშვების დაწიოკებაში“.

კახა კოჟოვიძე: „ჩვენ სასამართლოს მივმართეთ სარჩელის უზრუნველყოფის სახით ზედამხედველობის სამსახურისთვის აეკრძალათ სახლების დანგრევა იქამდე, სანამ ჩვენი სარჩელი განხილული და გადაწყვეტილი არ იქნებოდა. მანამდე ხელი შეშლოდა ზედამხედველობის სამსახურს, რომ ამ ადამიანების საკუთრება დაენგრია. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სამარცხვინოა, როდესაც სასამართლო იმ უკანონობას უკეთებს სანქცირებას, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური აკეთებს.

წინასწარი გამოძიება  დაწყებულია. ეს ადამიანები დაზარალებულად არიან ცნობილები, დაკითხულებიც არიან. რამდებად ობიექტურად წარიმართება ეს საქმე და რამდენად დაადგენენ იმას, რომ ამ საქმეში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, სხვა საკითხია. მტკიცებულებების შეგროვება პოლიციაზეა დამოკიდებული. თუ ობიექტურად დაიწყებენ გამოძიებას. ზედამხედველობის თანმაშრომლებმა საკუთარი სახელი და გვარიც დაასახელეს. დავუშვათ, ვიღაცის სახლი ავარიული იყო, მაგრამ ერთ-ერთი მოქალაქის კლინიკა, რომელიც თანამედროვედ იყო მოწყობილი, რატომ დაანგრიეს? ექსპერტიზის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომ დაფიქსირდეს არსებული ვითარება, რადგან შეიძლება ზედამხედველობამ ჩაატაროს ექსპერტიზა და სასურველი დასკვნაც დადოს, თითქოს ეს ავარიული სახლია და სასწრაფოდ დასანგრევია“.

კახა კოჟოვიძის თქმით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს არქიტექტორულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის კანონის გამოყენება შეუძლია. ამ კანონს ზედამხედველობის სამსახური წარმატებით იყენებს ხოლმე. „იქ არის ერთი ასეთი მუხლი, რომელიც ავარიული სახლების დემონტაჟის განუხორციელებლობას ეხება. თუ სახლს ექსპერტი ავარიულად მიიჩნევს (და ამ სახლს ავარიულად აუცილებლად მიიჩნევენ, რადგან აწყობთ), ზედამხედველობის სამსახურს შეუძლია, რომ ეს ადამიანები თავიანთი სახლების დაუნგრევლობის გამოც კი დააჯარიმოს“.

ყოველ შემთხვევაში, საქანელას ქუჩის ბინადრებმა გადაწყვიტეს საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. დღეს ისინი ღამეებს არა სახლების წინ, არამედ შიგნით ათენებენ. თუმცა მორიგ თავდასხმას ყოველ წამს ელოდებიან.

     

  ჩვენი სახლები არ იყიდება! ჩვენ აქ ვცხოვრობთ! არ დაანგრიოთ ჩვენი სახლები!

  აივნიდან გადაგდებული კარადა

  „პატარა ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე. მეგონა, იქ არ შემოვიდოდნენ, მაგრამ ის კარიც შემოლეწეს, შემომივარდნენ და სახლიდან გამომიყვანეს“.

 

ახალი ამბები