კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ გაუყიდა „სახალხო ბანკმა“ რესტორანი „სოხუმი“ მისი მფლობელი დანელიების ოჯახს

7 აგვისტო, 2008

15 000 დოლარს შეწირული მილიონიანი ქონების წართმევის დეტალები

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

თუ დღეს სანაპიროზე რესტორან „სოხუმს“ ჩაუვლით გვერდზე, დაინახავთ, რომ იქაურობა ჩამკვდარია, პალმები გამხმარი, განათება გამორთული. „სოხუმი“ მის მფლობელ დანელიებს ისევე წაართვეს, როგორც არაერთი სხვა ობიექტი კერძო მესაკუთრეებს. სასამართლო დავა დღემდე გრძელდება. „სოხუმი“ კი,  ოფიციალურად, ბრილიანტებითა და ძვირფასი ქვებით მოვაჭრე შპს „მ.ტ.ბ. დაიმონდის“ მფლობელობაშია. არაოფიციალურად კი,  როგორც დანელიებისთვისაა ცნობილი, ნამდვილი მესაკუთრე „სახალხო ბანკის“ ყოფილი მმართველი ახლანდელი პარლამენტარი გიორგი გოგუაძეა.

     

შპს „დაგის“  რესტორანი „სოხუმი“, რომელიც თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს # 4-6-ში მდებარეობს, 1996 წლიდან არსებობდა. თუმცა დანელიების ოჯახის მფლობელობაში  ეს მიწის ნაკვეთი 1989 წლიდან იმყოფებოდა. დანელიების საოჯახო ბიზნესს, მამის, გივი დანელიას გარდაცვალების შემდეგ სათავეში ძმები - გიორგი და დავით დანელია უდგანან. ყველასათვის კარგად ნაცნობი რესტორანი „სოხუმი“, რომელსაც ეს სახელი სოხუმის დაცემის შემდეგ დაერქვა , საზაფხულო ტიპის, სეზონური რესტორანი იყო. წარმოშობით სოხუმელი დანელიების ამ ბიზნესში ბევრი  - აფხაზეთიდან დევნილი იყო დასაქმებული და როგორც ძმები ამბობენ, ეს იყო სახლი, ყველაზე სიმბოლური დატვირთვით, აფხაზეთს მონატრებული ადამიანების  თავშეყრის და შეხვედრის ადგილი.

ყველაფერი დანელიების მიერ რესტორნის ტერიტორიაზე შადრევნის აშენების სურვილით დაიწყო. 2003 წელს მათ რესტორნის გალამაზება გადაწყვიტეს, რისთვისაც  მათ 15 000 დოლარი დასჭირდათ.  იმის გამო, რომ „სოხუმი“ სეზონური რესტორანი იყო, რამდენიმე ბანკი რისკს მოერიდა და მათ ამ რაოდენიბის სესხზე უარი განუცხადა. სწორედ ამ დროს დანელიები ახლობელს, ზურაბ შავიშვილს დაუკავშირდნენ, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა და „თი-ბი-სი ბანკში“ საკრედიტო ხაზიც ჰქონდა გახსნილი. მას ასევე შეეძლო ახალი საკრედიტო ხაზი გაეხსნა და „დაგის“ სახელით ესარგებლა იმ პირობით, რომ „დაგის“ უძრავი ქონება - ანუ რესტორანი სესხის უზრუნველყოფის სახით იპოთეკით დაიტვირთებოდა. ასეც მოხდა. „დაგიმ“ 15 000 დოლარი მიიღო შავიშვილისგან, რაც „სოხუმის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს მოხმარდა კიდეც. შეთანხმებით, საკრედიტო ხაზი 5 წლიანი იყო და ყოველთვიურად 1500 დოლარზე გადახდილი პროცენტი უნდა გადაეხადათ.

2004 წელს შავიშვილმა ძმებს აცნობა, რომ „სახალხო ბანკი“ მას უკეთეს პირობებს სთავაზობდა და საკრედიტო ხაზის „სახალხოში“ გადატანა სურდა. მართლაც,  2004 წლის 16 აგვისტოს სახალხო ბანკთან დაიდო საკრედიტო ხელსეკრულება #160804/01, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 348 175 ლარით (მაშინდელი კურსით 190 000 დოლარი). ამ კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ისევ „დაგის“ ქონება. შავიშვილის მიერ ამ თანხის სრულად გამოტანის შესახებ დანელიებმა არაფერი იცოდნენ. ეს ყველაფერი დოკუმენტალურად დამოწმდა ნოტარისუს ნ. ბიგვავას მიერ 16.08.2004  წელს და ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 18 თვე. სესხი უნდა დაფარულიყო არაუგვიანეს 2006 წლის 16 თებერვლისა. 

2003 წლის ივნისიდან მოყოლებული 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით, დანელიები შავიშვილს 15 000 დოლარზე დარიცხულ პროცენტს - 300 დოლარს უხდიდნენ. 2005 წლის დეკემბერში შავიშვილმა მათ განუცხადა, რომ პროცენტს ისინი აღარ გადაიხდიდნენ და რომ ბანკთან ურთიერთობას მალე გაარკვევდა და ქონებასაც იპოთეკას ახსნიდა.

2006 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით დანელიებმა რესტორანი გააჩერეს  და ისევ განაახლეს მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

მოულოდნელად, ამავე წლის მაისში რესტორანში ძმებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გ. ქომეთიანი და „სახალხო ბანკის“ წარმომადგენელი გიორგი ჩახნაშვილი დაადგნენ და წარუდგინეს სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც თ. კაჭკაჭიშვილის (შავიშვილის ბიზნესის მენეჯერი, მხარე საკრედიტო ხელშეკრულებაში, ის კარგა ხანია შავიშვილთან აღარ მუშაობს) მიერ აღებული კრედიტის გადაუხდელობის გამო „დაგის“ ქონებას იძულებით აუქციონზე გატანა ემუწრებოდა. აღმოჩნდა, რომ ბანკსა და თეა კაჭკაჭიშვილს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგებით ისე დასრულებულა, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე საქმეში მხარედ საერთოდ არ ყოფილა ჩაბმული. სანამ ისინი რესტორანს არემონტებდნენ, მათი ქონებაზე სასამართლო დავა მათ გარეშე მიმდინარეობდა.

დავით და გიორგი დანელიებმა მაშინვე სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას მიმართეს და 2005 წლის 31 დეკემბრის მორიგების განჩინების ასლი გამოითხოვეს. სწორედ მაშინ გაიგეს, რომ კაჭკაჭიშვილს ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. ბანკმა თავის მხრივ, სასამართლოს მიმართა და მოვალეს 1 031 469,16 ლარის გადახდა დააკისრა. დანელიებისთვის ისიც აღმოჩენა იყო, რომ თურმე, კაჭკაჭიშვილს „სახალხო ბანკთან“ სხვა საკრედიტო ხელშეკრულებებიც ჰქონია: კერძოდ:
1) 2004 წლის 1 ივლისის # 010704/04 საკრედიტო ხელშეკრულება
2) 2004 წლის 2 ივლისის # 020704/06 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება
3) 2004 წლის 13 ივლისის  # 130704/02 ხელშეკრულება
4) 2004 წლის 17 სექტემბრის # 170904/01 საკრედიტო ხელშეკრულება.

თუ კაჭკაჭიშვილი ბანკს შეთანხმებული გრაფიკით დაუფარავდა დავალიანებას, ბანკი 814 000 ლარამდე შეუმცირებდა ვალს.  საინტერესო ის იყო, რომ მთელი ამ ამბის მანძილზე უძრავი და მოძრავი ქონების მესაკუთრეები, რომელთა ქონებაც იყო დატვირთული იყო იპოთეკით, მხარეებად არავის ჩაურთავს და მათთვის ამ პროცესების შესახებ არც არავის შეუტყობინებია.

„დაგი“ სასამართლოში მორიგების თაობაზე გამოტანილი განჩინების გაბათილების მოთხოვნით სწორედ ამ მოტივით წავიდა. 2006 წლის 13 ივლისის სხდომა 25 ივლისისთვის გადაიდო „სახალხი ბანკის“ წარმოამდგენლის, გიორგი ჩახნაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე მხარეთა შორის მორიგების მიზნით. ამასთან დანელიებთან კვლავ მივიდა ზურაბ შავიშვილი, რომელმაც მათ განუცხადა, რომ თავის ქონებას -  „ვოლვოს სერვის ცენტრს“ ყიდდა ფიჭურ კომპანია „ბილაინზე“ და ამ ფულით კაჭკაჭიშვილის დავალიანებას დაფარავდა. ლოგიკურად, „დაგის“ ქონებასაც იპოთეკა აეხსნებოდა. ამ იმედით დანელიებმა დავა აღარ განაგრძეს. შავიშვილს კი გარიგება ჩაეშალა.

რადგან რესტორანს აუქციონზე გაყიდვის საშიშროება ელოდა, დანელიები იძულებულები გახდნენ მოლაპარაკებაზე წასულიყვნენ ბანკთან, კერძოდ იმის შესახებ, რომ „დაგი“ დაფარავდა იმ დავალიანებებს, რომლებიც წარმოიშვა 2004 წლის 16 აგვისტოს #160804/01 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით.  ამაზე ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა გიორგი კარანაძემ მათ განუმარტა, რომ თუ დანელიები დავას გააგრძელებდნენ, მათ ხელახლა დაუანგარიშებდნენ საკრედიტო ხელსეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რომლის მიხედვით მათ 1 300 000 ლარის გადახდა დაეკისრებოდათ. ამ თანხის გადახდა „დაგის“ მესაკუთრეებს არც შეეძლოთ და არც ევალებოდათ (აქ იგულისხმება  კაჭკაჭიშვილის ყველა საკრედიტო ხელშეკრულების დავალიანების დაფარვა).

ამასობაში შავიშვილმა „ვოლვოს ცენტრი“ გაყიდა და დანელიებს 250 000 დოლარი მიუტანა, რომელიც 2006 წლის 30 ნოემბერს შეიტანეს კაჭკაჭიშვილის საკრედიტო ანგარიშზე, რომელიც მათ გიორგი ჩახნაშვილმა („სახალხო ბანკის“ იურისტი) მიაწოდა თან განუმარტა, რომ დანარჩენი 135 000 დოლარიც  მალე მიეტანათ (საბოლოოდ „დაგის“ მიერ გადასახდელ დავალიანებად განისაზღვრა 385 000 დოლარი). 2007 წლის 23 თებერვალს ზურაბ შავიშვილმა დარჩენილი ვალის ნაწილის სანაცვლოდ გია დანელიას კეკელიძის # 19-ში მდებარე 230 000 ლარად ღირებული ოთხოთახიანი სახლი გადასცა. კარანაძეს ეს ხელშეკრულება მიუტანეს, რომ იპოთეკით მისი ჩანაცვლება მომხდარიყო,  მან ამაზე უკვე უარი განაცხადა და მოსთხოვა, თავად გაეყიდათ ბინა, ფული მიეტანათ და დავალიანება მხოლოდ ამის შემდეგ დაზუსტდებოდა საბოლოოდ. დანელიებმა მართლაც სასწრაფოდ დაიწყეს ბინის კლიენტის ძებნა. მაგრამ 2007 წლის მარტში მათ გაიგეს, რომ კარანაძე დააპატიმრეს..

ბანკში მისული დანელიები მაშინდელმა დირექტორმა  და ახლანდელმა პარლამენტარმა გიორგი გოგუაძემ არ მიიღო. კარანაძეზე უთხრეს, შვებულებაშიაო. მაისის ბოლოს კარანაძე თავად დაუკავშირდა მათ და 500 000 ლარის სასწრაფოდ მიტანა მოსთხოვა. დანელიებმა ისევ ბინის გაყიდვაზე დაიწყეს ზრუნვა, რეალური მყიდველიც გამოჩნდა, მაგრამ კარანაძე ისევ დაიკარგა. ის დანელიებს აღარც მობილურ ტელეფონზე პასუხობდა დ აღარც პირადად იღებდა. და ლოგიკურადაც - ამ დროს ხომ „სოხუმი“ „დაგის“ აღარ ეკუთვნოდა.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერიდან, რომელიც ძმებმა 2007 წლის 25 ივნისს მიიღეს, მათ შოკის მომგვრელი ინფორმაცია გაიგეს: აღმასრულებელ გელა ქომეთიანის 2006 წლის 14 ნოემბრის განმეორებითი აუქციონის ოქმის მიხედვით, რესტორან „სოხუმის“ მესაკუთრე გამხდარა საქართველოს სახალხო ბანკი“.

2007 წლის 28 ივნისს „სახალხო ბანკმა“ დანელიებს გამოსახლების ორკვირიანი ვადა მისცა..

მაგრამ ასე ადვილად ეს საქმე არ დასრულებულა. ამავე წლის 6 ივლისს დანელიებმა ისევ ამოიღეს ამონაწერი რეესტრიდან, საეჭვო ინფორმაციით. იქ „სოხუმის“ მესაკუთრედ უკვე მითითებული იყო არა „სახალხო ბანკი“, არამედ შპს: „მ.ტ.ბ. დაიმონდი“. ამ უკანასკნელმა ქონება განვადებით შეიძინა. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მას 150 000 დოლარი უნდა გადაეხადა საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ორ საბანკო დღეში (27.06.2007წ), ხოლო დანარჩენი 446 000 დოლარი პირველი ჩარიცხვის განხორციელებიდან სამი კვირის ვადაში.

დანელიები აცხადებენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არის თვალთმაქცურად და თაღლითურად დადებული გარიგება, რითაც ბანკმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება ფორმალურად გადამალა უცხოური იურიდიული პირის საკუთრებად ანუ ამ გზით შეეცადა კეთილსინდისიერი შემძენის შექმნას/შენიღბვას.

ამ ფირმის გამოჩენა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ დანელიებმა მისი საქმიანობის შესწავლა გადაწყვიტეს. ფირმის იურიდიული მისამართი საჯარო რეესტრისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტებში განსხვავდება. ერთგან  „მ.ტ.ბ. დაიმონდი“ რეგისტრირებულია ისრაელში, თელავივში,  ჟაბოტინსკის ქ.#3-ში, ხოლო მეორეგან  - რამათ გან, 3 ჰა - იეთრიზას ქუჩაზე. დამფუძნებლები არიან: მურმან ხიხინაშვილი - 60%
ბორის კრიხელი - 30%
ბესიკ კრიხელი - 10%
ძირითადი საქმიანობა - ბრილიანტების წარმოება და გაყიდვა.

2007 წლის 9 ივლისს გასხვისებულ „სოხუმში“ შპს „ბიზნესის დაცვის სააგენტოს“ თანამშრომლები მივიდნენ - სახალხო ბანკთან დადებული ხელშეკრულებით. და ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, სადაც მესაკუთრედ ბანკია მითითებული. დანელიებს  კი ახალი, სულ სხვა დოკუმენტი ეჭირათ ხელში - რომ ქონების მესაკუთრე „სახალხო ბანკი“ კი არა, ზემოთ ხსენებული ფირმაა. მოგვიანებით იგივე ხალხი ისევ მივიდა რესტორანში  და განაცხადა, რომ ბანკის უფლებამოსილება რესტორნის დაცვაზე გამომდინარეობს მასსა და შპს „მ.ტ.ბ. დაიმონდს“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.  ამას მოგვიანებით ამ უკანასკნელის მიერ ფაქსით გადმოგზავნილი წერილიც დაემატა (საიდანაც გაირკვა მათი ზუსტი მისამართი და არა ის, რომელიც საჯარო რეესტრში იყო მითითებული), სადაც კვლავ ითხოვდნენ რესტორნის დაცვას. თუმცა, დანელიებს ხელში ეჭირათ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით „მ.ტ.ბ. დაიმონდს“ ნასყიდობის თანხა გადახდილი არ ჰქონდა.
დანელიების ადვოკატმა „დაიმონდი“ წერილით გააფრთხილა, რომ არ გადაეხადა დარჩენილი თანხა, რადგან ბანკი არ იყო ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე, რომ ქონება სადაო იყო. დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ მათ წერილი მიიღეს - დანელიების არქივშია.

„დაგი“-ს მფლობელები ვარაუდობენ, რომ სახალხო ბანკის გენერალური დირექტორი - გიორგი გოგუაძე, ასევე წარმომადგენლები - გიორგი ჩახნაშვილი და გიორგი კარანაძე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გელა ქომეთიანის უშუალო  ხელშეწყობით, მოქმედებდნენ წინასწარი შეთანხმებით და ანგარებით უკანონოდ ჩაიგდეს ხელში შპს „დაგის“ ქონება. სერიოზულია ეჭვები იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობიდან გამომდინარე, „დაიმონდზე“ ამ ქონების გასხვისებით, უბრალოდ შეინიღბა საკუთრების უფლება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით).

მიუხედავად გაფრთხილებისა, შპს „მ.ტ.ბ. დაიმონდმა“ დარჩენილი ნაწილი თანხისა გადაიხადა 2008 წლის 16 აპრილს. იმ დროს, როცა თბილისის სააპელაციო სასამართლო სადავო ქონებაზე სასამართლოს მიერ დადებული ყადაღის ახსნის საკითხს განიხილავდა.
 
ამჟამად საქმე აღძრულია აღმასრულებელ ქომეთიანის მიერ ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე.

მიმდინარე წლის აპრილში დანელიებმა კითხვით თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურსაც მიმართეს,  „სოხუმის“ ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო თუ არა რამე პროექტი, რაზეც მათ უპასუხეს, რომ ამ საკითხზე მათთვის არავის მიუმართავს.

საინტერესოა, რომ „მ.ტ.ბ. დაიმონდის“ დირექტორი აქეთ ჩივის ზარალზე  და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს განცხადებით, სადაც წერს, რომ: : აპირებდა მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას, კერძოდ, მრავალსართულიანი ბიზნეს-ცენტრის მშენებლობას და ამ მიზნით 2007 წლის 15 აგვისტოს თანაინვესტორთან - კომპანია „ASHDAR”-თან დადო ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრა 17 450 000 ევროს ოდენობით. მათ პროექტის განხორციელება 2007 წლის ოქტომბრიდან უნდა დაეწყოთ (ამ დროს პროექტი შეთანხმებული არსად იყო), მაგრამ ქონებაზე ყადაღის დადების გამო შეჩერდნენ. ამავე განაცხადში წერია, რომ კონტრაქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ მიადგებათ  2 000 000 ევროზე მეტი ზარალი.

დღეს, უხეში გაანგარიშებით „დაგის“ უძრავი ქონების ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.
ობიექტზე ყადაღა უკვე მოხსნილია, ასე რომ „მტბ დაიმონდს“ მისი გაყიდვა თავისუფლად შეუძლია და თუ ის ამას გააკეთებს, ამ შემთხვევაში „დაგი“ „სოხუმს“ საბოლოოდ დაკარგავს.
მაგრამ ახლა ეს პროცესი დროებით შეჩერებულია, რადგან დანელიები არ გაჩერებულან და ადვოკატი ისრაელში გააგზავნეს. მათ ეჭვი აქვთ, რომ „დაიმონდის“ მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება ტყუილი იყო, რომ არავითარი ხელსეკრულებები სხვა ფირმებტან არ არსებობს და რომ სასამართლო შეცდომაშია შეყვანილი. დანელიების ინფორმაციით, ამ ფირმას საერთოდ არა აქვს საქართველოში შეძენილი ქონება ლეგალიზებული, მას არც წარმომადგენლობა გააჩნია საქართველოში.

2007 წლის ივლისიდან დაწყებული, დღემდე რესტორან „სოხუმის“ ირგვლივ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავა. პროცესები გახსნილია ისრაელის ტერიტორიაზეც, კერძოდ, „დაიმონდის“ მიმართ შპს დაგის განცხადების საფუძველზე დაწყებულის სისხლის სამართალწარმოება და ასევე ადმინისტრაციული წარმოება იმ ნოტარიუსის მიმართ, რომელიც მას ყალბ დოკუმენტებს უმოწმებს.

აუდიტ გოჩა გარუჩავას დასკვნის მიხედვით „დაგის“ ვალის ნაწილი იმ მილიონებიდან შეადგენდა 459 478 ლარს.

ამ თემაზე ზურაბ შავიშვილი, რომელსაც დანელიები ენდნენ,  კომენტარს არ აკეთებს.

თეა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ის ამ კომპანიაში აღარ მუშაობს უკვე დიდი ხანია, და რომ ის თავის დროზე უბრალო შემსრულებელი იყო და აკეთებდა იმას, რასაც ავალებდნენ.

აღმასრულებელი გელა ქომეთიანი ამ თემაზე ასევე არ აკეთებს კომენტარს. ჩვენს კითხვაზე, რატომ მოხდა ისე, რომ დანელიები საქმეში მესამე მხარედ არ იყვნენ ჩართული და რატომ არავინ დაინტერესდა, ვისი ქონება იყიდებოდა, ქომეთიანი გაღიზიანებული გვპასუხობს და გვეუბნება, რომ მას მოქალაქეები ელოდებიან, ინტერვიუს არ მოგვცემს და რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს, გვირჩევს ჩავიხედოთ ამ გადაწყვეტილებაში...

„სახალხო ბანკმა“ შეხვედრაზე უარი განაცხადა, ამიტომ მათ ოფიცილური წერილით მივმართეთ. ჩვენ მათ ამ კითხვებით მივმართეთ:

„დაგი“-ს მფლობელები ვარაუდობენ და ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ „სახალხო ბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი - გიორგი გოგუაძე, ასევე წარმომადგენლები - გიორგი ჩახნაშვილი და გიორგი კარანაძე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ გ. ქომეთიანის უშუალო  ხელშეწყობით, მოქმედებდით წინასწარი შეთანხმებით და ანგარებით უკანონოდ ჩაიგდეთ ხელში შპს „დაგის“ ქონება. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ სერიოზულია ეჭვები იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ფასის გადაუხდელობიდან გამომდინარე, „დაიმონდზე“ ამ ქონების გასხვისებით, „სახალხო ბანკის“ მხრიდან უბრალოდ შეინიღბა საკუთრების უფლება (დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით). თქვენი კომენტარი.

რატომ არ ჩართეს „დაგი“ ამ დავის დროს საქმეში მესამე მხარედ და რატომ მოხდა მისი უძრავი ქონების გასხვისება ისე, რომ არც ერთმა სხვა მხარემ მას ამის შესახებ არ შეატყობინა?

აუდიტის დასკვნის მიხედვით „დაგის“ წილი საერთო ვალიდან მხოლოდ 500 000-მდე ლარი იყო. რატომ დაეწერა თეა კაჭკაჭიშვილის სახელზე არსებული სხვა დავალიანებებიც მთლიანად „დაგის“?

პასუხად მიღებულ წერილს უკომენტაროდ გთავაზობთ. სამწუხაროდ, ამ ფორმატის ურთიერთობის გამო ჩვენ ვეღარ შევძელით შემხვედრი კითხვების დასმა, რადგან ეს ისევ ბიუროკრატიულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და დრო მიაქვს. „სახალხო ბანკის“ ახლანდელი ხელმძღვანელი, ზურაბ წულაია გვწერს:

„ჩვენთვის უცნობია და ნაკლებად საინტერესოა თუ რას ვარაუდობენ „დაგის“ მფლობელები.
შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ისინი ცრუობენ, როდესაც საუბრობენ ბანკის წარმომადგენლების მიერ ანგარებითა და წინასწარი შეთანხმებით მოქმედებაზე და თუ თქვენ დაადასტურებთ სათანადო ორგანოებთან თქვენს განცხადებაში მოყვანილ მათ გამონათქვამებს ჩვენ შევიტანთ საჩივარს გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვთ ცილისწამებისათვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „დაგის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ისინი ასევე ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ „დაიმონდმა“ ნასყიდობის ფასი არ გადაიხადა და ამით შეინიღბა საკუთრების უფლება. განგიმარტავთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, „დაიმონდი“ მოვალე იყო განვადებით გადაეხადა ნასყიდობის ფასი და მან ეს შეასრულა.

უძრავი ქონების იძულებით გასხვისებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ახორციელებდა სასამართლოს აღმასრულებელი. მან სრულიად დაიცვა თავისი მოვალეობანი და „დაგს“ შეატყობინა აუქციონის შესახებ. გვინდა შეგახსებოთ,. რომ „დაგის“ წარმომადგენლები (დირექტორი) და მათი ახლობლები ესწრებოდნენ აღმასრულებელის მიერე ჩატარებულ აუქციონს. (დანელიები ალბობენ, რომ ისინი მართლაც ესწრებოდნენ პირველ აუქციონს, მაგრამ მეორის შესახებ მათთვის არავის შეუტყობინებია).
აქვე გვინდა გავიხსენოთ, რომ აუქციონის ჩატარების წინა საღამოს „დაგის“ დირექტორი და მისი ძმა ბანკში ბრძანდებოდნენ და მიიღეს გარანტიები, რომ თუ ბანკი შეიძენდა აუქციონზე ქონებას, მასში გადაიხდიდა 900 000 ლარს. თუმცა დავალიანება 989 000 ლარს შეადგენდა და შესაბამისად, ბანკმა „დაგს“ აპატია 89 000 ლარი (!)

ჩვენთვის უცნობია, თუ რომელმა აუდიტორმა და რა დოკუმენტაციის საფუძველზე დაადგინა, რომ „დაგის“ ვალი არ აღემატებოდა 500 000 ლარს.
ნუთუ ფიქრობთ, რომ „დაგის“ წარმომადგენლები ისეთი გულუბრყვილოები არიან, რომ თქვენთან მომართვამდე არ მიაკითხავდნენ სხვა კომპეტენტურ ორგანოებს? მათ მოითხოვეს საქმის აღძვრა მსგავსი საფუძვლებით ფინანსურ პოლიციაში. ამ უკანასკნელმა შეისწავლა საქმე და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დახმარებით დაადგინა, რომ „დაგს“ბანკის ვალი არა 989 000 ლარი ჰქონდა, როგორც ბანკი ანგარიშობდა, არამედ დაახლოებით 1 100 000 ლარი (შესაბამისად, ბანკს „დაგისთვის“ 200 000 ლარამდე უპატიებია).

ამდენად „დაგის“ მფლობელების (თუ თქვენი?) მოსაზრება, რომ თ. კაჭკაჭიშვილის სხვა დავალიანებებიც „დაგის“ დაეწერა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მოკლე რეპლიკის სახით, „სახალხო ბანკს“ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ამ სტატიაში ავტორების აზრი არსად არის დაფიქსირებული. ჩვენ დავეყრდენით „დაგის“ მიერ, როგორც დაინტერესებული მხარის მიერ შეგროვებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას, რომელმაც ზემოთ აღნიშნული კითხვები გააჩინა, ასე რომ „სახალხო ბანკის“ რეპლიკა, რბილად რომ ვთქვათ, უადგილოდ გვეჩვენება.

www.humanrights.ge  არ არის დაინტერესებული რომელიმე მხარის დისკრედიტაციით. „დაგის“ მსგავსად ბოლო დროს არაერთ კერძო მესაკუთრეს ჩამოართვეს ქონება ხელისუფლების მითითებით ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ჩარევით. ასე რომ უჩვეულო არაფერია იმაში, ვიკითხოთ, რა დაინტერესება ჰქონდა რეალურად „სახალხო ბანკის“ ყოფილ ხელმძღვანელს, ხელისუფლებათან დაახლოებულ და ახლა უკვე ხელისუფ;ებაში თავად მოსულ გიორგი გოგუაძეს. მითუმეტეს, რომ ეჭვებს თავად დაზარალებული მხარე გამოთქვამს.
თუ „დაიმონდმა“ მოახერხა და „სოხუმი“ გაყიდა, „დაგი“ მას საბოლოოდ დაკარგავს. თუმცა, მანამდე  ვნახოთ რომელ ქვეყანაში დაიცავს „დაგი“ თავისი საკუთრების უფლებას - საქართველოში თუ ისრაელში.

     

 

ახალი ამბები