კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარალელები - რა საერთო აქვთ ცხინვალის 2004 წლის და 2008 წლის მოვლენებს ერთმანეთთან?

7 აგვისტო, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი მამუკა ყურაშვილი მზადაა სეპარატისტებს ,,შეაკვდეს". მართალია, ქართველების გენერალი სიტყვებს საქმით ადასტურებს, რადგან ოსებისგან ნასროლ 82 მმ ნაღმტყორცნებს 100 მმ ნაღმტყორცნების სროლით პასუხობს, მაგრამ მთლიანობაში ეს საქმეს ვერ შველის. საბოლოოდ, მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ საჭიროა ორმხრივი მოლაპარაკება. ქართული და სხვათა შორის, რუსული მხარეც ადასტურებს, რომ დაპირისპირებული მხარეები 7 აგვისტოს მრგვალ მაგიდასთან შეხვდებიან.

ქართველი გენერლისგან განსხვავებით, რუსი მშვიდობისმყოფელი მარატ კულახმეტოვი ოფიციალურ ანგარიშს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 1-2 აგვისტოს მომხდარ სროლებს ეხება. კულახმეტოვის თქმით, ქართულ მხარეს დაზარალებულების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ვიდრე ქართველი გენერლის მამუკა ყურაშვილის ,,ლექსიკას" შევეხებით, მანამდე მისი კოლეგა - კულახმეტოვის ანგარიში ვნახოთ:

ამონაწერი კულახმეტოვის ცნობიდან: „გაცნობებთ, რომ 2008 წლის 2-3 აგვისტოს სამხედრო დამკვირვებლების სამმხრივი ჯგუფისა და ეუთო-ს მისიის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა მონიტორინგი კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ ა.წ. 1-დან 2 აგვისტოს ღამით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგებზე. ზემო ნიქოზში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე აღმოჩენილია სხვადასხვა კალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გამოსროლილი ჭურვების კვალი, გახვრეტილია სახურავები, სავარაუდოდ, ჭურვების მოხვედრის შედეგად. პოლიციის საგუშაგოებზე, რომლებიც განლაგებულია დასახლებული პუნქტის გარეთ, აღმოჩენილია 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნის ჭურვისგან დატოვებული ძაბრის ფორმის ჩაღრმავებები. ქვემო ნიქოზის საცხოვრებელ სახლებზე და შენობებზე, ასევე დასახლებული პუნქტის განაპირა მხარეს აღმოჩენილია ნატყვიარები და ავტომატური ყუმბარმტყორცნისგან დატოვებული კვალი. ქართული მხარის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიჭრა ჩამოვარდნილი ჭურვების ნამსხვრევებით. დასახლებულ პუნქტებში -  ნულში, ერედვსა და ზემო ფრისში დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 82 მმ-იანი ყუმბარმტყორცნის ჭურვებით დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და შენობები. რუსული სამშვიდობო ბატალიონის მიერ ადგილზე იქნა განადგურებული აუფეთქებელი ჭურვები. ქართულმა მხარემ დაზარალებულთა შესახებ მონაცემები არ წარადგინა. შერეული საკონტროლო კომისიის სამხედრო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია საქართველოს სამშვიდობო ძალების საგუშაგო "სარაბუკის" მიმართულებით სროლები 120 მმ-იანი ყუმბარმტყორცნის ნაღმითა და ერთი 100 მმ-იანი კალიბრის ჭურვით. შერეული საკონტროლო კომისიის სარდლობა თქვენს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1-დან 2 აგვისტოს ღამეს მხარეებმა გამოიყენს იარაღი, რომლის კალიბრიც 100 მმ-ზე მეტი იყო, არსებული შეთანხმების საფუძველზე კი მხარეებს არ აქვთ უფლება, კონფლიქტის ზონაში ჰქონდეთ მსგავსი მძიმე შეიარაღება. კოფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბულობის ესკალაცია ორივე მხარეს გაუმართლებელ მსხვერპლამდე მიიყვანს. მოლაპარაკებების პროცესის შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს მხარეებს შორის ღია შეიარაღებულ დაპირისპირებას. არსებული სიტუაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს შერეული საკონტროლო კომისიის თანათავჯდომარეების შეხვედრის აუცილებლობას სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დაძაბულობის შემცირებას და მოლაპარაკებათა პროცესის განახლებას მხარეებს შორის. პატივისცემით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი".

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართველი ჯარისკაცები  ხალხს სახლების დაცლას ურჩევენ. მოსახლეობის განცხადებით, ჯარისკაცებს წინასწარ სცოდნიათ, რომ შუაღამით სოფელი კვლავ დაიბომბებოდა. სოფელ ნიქოზს ბავშვები და ქალები უკვე ტოვებენ. კონფლიქტის ზონაში ძირითადად ღამით ისვრიან.

გორის რაიონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გადააგილება დიდი ხანია აღარავის უკვირს. გორის სატანკო და საინჟინრო ბატალიონების ახლომდებარე მაცხოვრებლები დიდი ხანია მიეჩვივნენ მძიმე ტექნიკის მოძრაობით გამოწვეულ ხმაურს. ხალხი ხმის ამოღებას მხოლოდ ერთმანეთში ახერხებენ. ქალაქში ცხოვრება აუტანელი გახდა. ამას ემატება გორის ქუჩების ცენტრალურ მაგისტრალად ქცევა, რადგან ცენტრალური მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით მოძრავი კოლონები ქალაქში შემოდის.

4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბული სიტუაცია მიწყნარდა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაპირისპირებული სუბიექტებიდან ბევრი სამხედრო პოლიტიკურ არენას ჩამოშორდა. მაგალითად, კოკოითის ხელისუფლებას ოქრუაშვილი და მისი ჯარისკაცები წვერიახოს მთიდან აღარ აშინებენ. სამაგიეროდ, ოსურ მხარეს ქართული სამშვიდობო ბატალიონის ხელმძღვანელი მამუკა ყურაშვილი მუქარას-მუქარაზე უთვლის. ,,შევასკდები ზედ... დეგენერატები... უტვინოები... და ა.შ." ეს ის ლექსიკონია, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს სეპარატისტული მთავრობის წინააღმდეგ იყენებდა.

დღესაც გამოუცნობ საკითხად რჩება, თუ რა მოხდა 2004 წელს, როდესაც 16 ჯარისკაცი დაკარგა ქართულმა მხარემ. მაშინაც იფიცებოდა ქართული მხარე მსხვერპლი არ გვყავსო, მაგრამ ჩვენი თვალით ვხედავდით გორის საავადმყოფოში ზეწარგადაფარებულ დაღუპულ ჯარისკაცებს.

ისევე როგორც ახლა, მაშინაც 2004 წელს ესკალაციის დაწყებამდე ქართული საინფორმაციო საშუალებები გააქტიურდნენ. ცენტრალური არხები დიდი ხანია მთავარ საინფორმაციო გადაცემებს კონფლიქტის ზონაში არსებული მდგომარეობის გაშუქებით იწყებენ. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში შეინიშნა. კულმინაციას 21 მაისს მიაღწია, როდესაც ხურჩის ინციდენტი მოხდა. საერთაშორისო საზოგადოებას ხურჩის ინციდენტის შესახებ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვერსიაში, თითქოს ქართულ მოსახლეობას ცეცხლი აფხაზმა სეპარატისტებმა გაუხსნეს, ეჭვი დღემდე ეპარება. თუმცა ამ ეჭვების გასაბათილებლად ქართულ მხარეს არცერთი  მტკიცებულება წარმოუდგენია.

2004 წლის მოვლენები ერთ-ერთ არხზე სწორედ სკანდალური სიუჟეტით დაიწყო. სიუჟეტის მიხედვით, ქალაქ ცხინვალის უნივერსიტეტის ოსი სტუდენტები ცხინვალიდან გამოიქცნენ იმის გამო, რომ იქ ოსური ორგანიზაცია ,,ფაგუ" დაარსეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გოგონები სინამდვილეში გორის რაიონის სოფელ ტირძნისის მაცხოვრებლები, გორში არსებული დევნილი უნივერსიტეტის სტუდენტები,  მარი იველაშვილი და ლელა ბუჩუკური იყვნენ. მათ თავის დროზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრს" დაუდასტურეს ის ფაქტი, რომ სიუჟეტი სოფელ ტირძნისში ერთ-ერთი მაცხოვრების ეზოში ჩაწერეს, რა დროსაც თავზე მაშინდელი რწმუნებული მიხეილ ქარელი ადგათ და ის კარნახობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ.

როგორც კი ქართული სოფლების დაბომბვა ხდება, ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები საშენი მასალებით და პროდუქტით ჩნდებიან. 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებით, ,,ჰუმანიტარული შტურმი" მაშინ უფრო მასშტაბური იყო. დღეს ყველაზე მეტად სამხედრო ქვედანაყოფები ზარალდება.. ქართული სოფლების მასობრივი დაბომბვით 2004 წელი გამოირჩეოდა, თუმცა დღესაც არ გამორიცხავენ დაბომბვების გაგრძელებას.

სოფელ ნიქოზის მაცხოვრებლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ სოფელში დისლოცირებული შეიარაღებული ქვედანაყოფების ჯარისკაცები საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევენ. ,,ახლაც გვითხრეს, დატოვეთ სოფელი, რაღას აკეთებთო. ამაღამაც დაიბომბება სოფელიო, გვითხრეს ჯარისკაცებმა. ცოტა ადრე მაინც გავეფრთხილებინეთ, ამ საღამოს სადღა წავიდეთ. აუცილებლად სამშვიდობოს წავალთ", - აცხადებდა მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ცხინვალის მხარესთან მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობს, მაშინ როდესაც ქართული მხარის მეორე წარმომადგენელი - მამუკა ყურაშვილი მუშტი-კრივზე აკეტებს აქცენტს და იარაღზე იყურება.

ანალოგიური მოვლენები  ხდებოდა 2004 წელს. სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა თითქმის ყოველდღე ცხინვალში შედიოდა მოსალაპარაკებლად. ცხინვალიდან გამოსული არ იყო, რომ გზაში დაბომბვების დაწყების ამბავს აწევდნენ.

კონფლიქტის დაწყებამდე შემოვლით გზაზე დიმიტრი სანაკოევი ააფეთქეს. სანაკოევის მანქანამ რამდენიმე წუთით გაასწრო აფეთქების ადგილს, თორემ სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, სანაკოევის ლიკვიდაცია გარდაუვალი იყო. აღნიშნულ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა ქართული მხარე, რომელმაც გამოაცხადა, რომ კოკოითს სანაკოევის მთავრობა ნერვებს უშლისო.

სანაკოევის ადმინისტრაცია ფაქტობრივად, კოკოითის რეჟიმს ისეთ საფრთხეს არ უქმნის, როგორსაც ერგნეთის საგუშაგოსთან განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონი და მისი მეთაური. ექსპერტების თქმით, სანაკოევი უფრო დიპლომატიურია შეფასებებში, ვიდრე ქართული მხარე.

ანალოგიურად, 2004 წელს საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ესკორტის დაცხრილვა ბევრისთვის გაუგებარი იყო, რადგან აწ განსვენებული პრემიერი მოლაპარაკების პროცესში კოკოითის ადმინისტრაციისთვის ყველაზე მისაღები ფიგურა იყო. ჟვანიას ცხინვალში შესვლაზეც არასდროს ჰქონია პრობლემა.

ახალი ამბები