კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ჩვენ ვინაობა აღარ გვაქვს. ჩვენ ყველას დევნილები გვქვია'

18 აგვისტო, 2008
სპეციალური რეპორტაჟი
ეკა ქევანიშვილი, თბილისი

ქალი სკოლის შესასვლელში, ფოიეში ზის და სიას წერს. ასეთი სია დღეს თბილისის თითქმის ყველა სკოლის და ბაგა-ბაღის შესასვლელში იწერება. ცხინვალის რეგიონიდან გამოქცეული დევნილების დიდი ნაწილი სწორედ იქაა დროებით შეხიზნული. ერთმანეთს “აღრიცხავენ” ეძებენ, აჯგუფებენ, ყოფენ. სწავლა ჯერ არ დაწყებულა, სკოლები და ბაღები კი სავსეა – საკლასო ოთახებზე ცარცით ზუსტად ისეთივე წარწერები გაჩნდა, როგორც თექვსმეტი წლის წინ: დაკავებულია, დაკავებულია, დაკავებულია..

დევნილების ახალი ნაკადის ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არავინ არაფერი იცის. მათი აღრიცხვა ახლა მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით მათმა რიცხვმა 23 000-სს გადააჭარბა. თითო ხელი სახლის ტანსაცმლით გამოქცეული ხალხი დაწოლასაც ვერსად ახერხებს. მერხზე ძილი ძნელია. იატაკზეც, ულეიბოდ, უსაწოლოდ, მაგრამ ახლა ისინი ყველაფრისთვის მზად არიან: “ერთი საბანი რომ მოგვცა, გავიფენდით და დავწვებოდით როგორმე”.

სიას ხან აკლდება ვინმე, ხან ემატება. სოფელ ნიქოზიდან დევნილი ქალი, რომელიც იმდენადაა შეშინებული, ფოტოკამერის დანახვაზე სახეს მალავს, გვეუბნება, რომ ზოგს პატრონი გამოუჩნდა, ზოგი ნათესავებს შეეფარა დროებით. 161-ე სკოლის შენობა ნახევრად ცარიელია. საკლასო ოთახების ყველა კარი კი შემტვრეული.

საღამომდე სკოლას დირექტორი დარაჯობს. მერე მიდის.

_ რამდენი დევნილია სულ თქვენთან?
_ დაახლოებით ასი, მაგრამ ახლა ზოგი წასულია.

სიის შემდგენელი ქალი დროდადრო ტირის. სახლის ფლოსტები აცვია. ძირს წყლის ცარიელი ბოთლები ყრია. ამ სკოლაში რემონტია. ყველაფერი ნახევრად მინგრეულ-მონგრეული. მაგრამ ყველა კარზე წარწერაა: “დაკავებულია”
მეტი დაცულობისთვის დაკავებულ ოთახებს სკამები ან მერხები აქვს მიდგმული – სხვა რომ არავინ შევიდეს. ზოგ კარს გვარიც აქვს მიწერილი. ზოგსაც – სოფელი: “ნიქოზი, არავინ შევა”, “დაკავებულია”, ან:

“საქმეზე ვარ გასული და ეს ოთახი თავისუფალი იყოს”

“ეს ოთახი სანამ თქვენ მოხვიდოდით, მე მქონდა დაკავებული
ასე რომ არ გაბედო შესვლა!

ერედვის მამასახლისი”. და ა.შ.

მეორე სართულზე მერხზე ბიჭს სძინავს. მოკუნტულს. ფეხზე არაფერი აცვია. ყველა დაღლილია, დამტვერილი, მოსავლელი, მშიერი.

- ყველაზე მეტად რა გჭირდებათ ახლა?

რამდენიმე წუთი ფიქრობენ, რა თქვან და:

- ყველაფერი. საერთოდ არაფერი გვაქვს.

ფიზიკის კაბინეტში მერხზე ერთი პური დევს. ბარგი არსად ჩანს, არც პირადი ნივთები. რაც აქვთ, ზედ აცვიათ.
მესამე სართულზე დედას ერთი წლის ბავშვი უჭირავს. სძინავს, ჩუმად გველაპარაკება. მეორეს, ხუთი წლის ბიჭს იქვე მერხზე სძინავს ტანსაცმლიანს. მესამე შვილი, ექვსი წლის გოგო არ ჩანს. აქვე გავიდა, ბავშვებთანო, დედა გვეუბნება.

“ჯერ ტაქსით წამოვედით. ერთ სოფლამდე, მერე ძლივს მეორე სოფლამდე. ამ ბავშვის ტანსაცმელი ჩავყარე და ეგ არის. მეტი არაფერი წამოგვიღია. მერიასთან იყო მისული ჩემი მეუღლე, არ ვიცი ვინ სად გაანაწილეს,  ხალხი აქეთ წამოვიდა და ჩვენც გამოვყევით და ამ სკოლაში შემოვედით”.

სიის შემდგენელი ქალი ვინაობას არ ასახელებს – ეშინია:
“ორი დღის წინ გამოვედით ნიქოზიდან. ყველაფერს ვუძლებდით, ტანკებს, სროლას, მაგრამ დაბომბვის შეგვეშინდა, ბომბს სად დავემალებოდით? სარდაფებში ვაფარებდით თავს, მაგრამ რომ აღარ დასრულდა, ავდექით და წამოვედით ფეხით. აი, რაც მაცვია ასე. მთელი სოფელი დაიცალა. მოხუცები დარჩნენ აქა-იქ. ორი შვილი მყავს, რძალი ფეხმძიმედაა.
სოფელში დაღუპულებიც არიან და დამმარხავიც არავინ დარჩა. ერთი 26 წლის ბიჭი მოგვიკლეს, მეზობლის “პადვალში” ასვენიაო და არც ვიცით ვინ დამარხავს”.

ასე გამოიქცა ხალხი ქურთადან, ერედვიდან, კეხვიდან, ნიქოზიდან... სხვა ათობით სოფლიდან. მათი ნაწილი 83-ე საბავშვო ბაღის ეზოში სანთლებით დგას. ოთახები აქაც გაინაწილეს.

“წუხელ 23 ადამიანს გვეძინა ერთ ოთახში, ნათესავთან, ჰაერი არ იყო”, - ამბობს შუახნის ქალი სოფელ ქურთადან. სახელს ვეკითხებით – “რად გინდათ სახელი, ყველა ერთნი ვართ ახლა და დევნილები გვქვია”.

ნიქოზელები ამბობენ, რომ ბომბი ეკლესიასაც დაეცა: “ტაძარიც დააზიანეს. მამაოები დარჩნენ და ახლა აღარც მათი ამბავი ვიცით. ეს კი არა, ოჯახის წევრები ვერ გვიპოვნია. სულ მგონია, ბომბივით უნდა გავსკდე. ყოველ წამს დაბომბვა მელანდება.
რას გვერჩოდნენ, ხომ ვხოვრობდით როგორც ვცხოვრობდით. ახლა როდისღა დავბრუნდებით ჩვენს სახლებში?”

ბაგა-ბაღში ადმინისტრაციის წარმომადგენელს და შემოსულ ხალხს შორის რამდენიმეწუთიანი კამათია. ორივე მხარე საშინლადაა გაღიზიანებული.
“ბაღი გავარემონტეთ და ესენი კი ამტვრევენ”.
“სად წავიდეთ, გვითხარით და წავალთ” – ნაცნობი დიალოგია.
ორივეს მხარეს თავისი არგუმენტი აქვს.
ბნელდება. ეზოში სანთლებს ანთებენ. ხალხი ლოცულობს. ხელჩანთებს მიწაზეც კი არ დებენ, ისე დგანან, დაძაბულები, თითქოს რამდენიმე საათში უკან დააბრუნებენ, სახლებში.

მე-200 საბავშვო ბაღში ეს წუთია დევნილების ახალი ნაკადი მივიდა. შესასვლელში კიბეზე სხედან. ყველა უცხო ადამიანის გამოჩენაზე ათას კითხვას სვამენ. ქალები ტირიან. კაცები ეწევიან. სიგარეტიც აღარ აქვთ. 4 წლის ბიჭი ბაღის ეზოში მიწას ჩიჩქნის. აქაც ბევრი ბავშვია, ჩვილებიც.

ნიქოზელები ამბობენ, რომ ოსებმა ქალები და ბავშვები ცხინვალიდან ჯერ კიდევ პირველ აგვისტოს გაიყვანეს სამშვიდობოს, ვლადიკავკაზში: “დაცლილი იყო ცხინვალი, მარტო კაცები იყვნენ დარჩენილები. ცარიელი ქალაქი იბომბებოდა ვინც სარდაფებში იყვნენ და დარჩნენ, ისინიც არ იქნებიან კარგ დღეში, რუსებს არც ეგენი ანაღვლებთ, მკვდრებით სავსე ქალაქში არიან ჩარჩენილები და ვერსად გადიან… არადა, როგორღაც ვცხოვრობდით, ცხინვალში ხილს ვყიდდით, მიმოსვლა გვქონდა”.

ამ სიტყვების ავტრი ქალს აღარ ახსოვს რამდენი ისხდნენ დანგრეულ “მოსკვიჩში”, როცა სოფელს ტოვებდნენ.
“ყველაზე ცუდზე ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ მკვდრებს ახლა ძაღლები და ღორები ჭამენ. ახალგაზრდა ბიჭები ძილში ბოდავენ ისეთ დღეში არიან. ვხედავდი, როგორ გასწორდა მიწასთან ჩემი სახლი, ჩემი სიმწრით აშენებული სახლი”.

სოფელ კეხვიდან კახნიაშვილი თ. ამბობს, რომ ბოსლებს გაწმენდენ და იქ იცხოვრებენ, ოღონდ სახლში დააბრუნონ მალე. ისევ თავიდან დაიწყებენ, ოღონდ დევნილობის წლები არ გაგრძელდეს. მის დას სხვისი, ერთი ზომით პატარა ქოში აცვია, ქმრის ამბავი დღემდე არ იცის, იქ ჩარჩა. წამლების სია მოაქვს: “იქნებ ეს მაინც მოგვიტანოს ვინმემ” და გვიბოდიშებს: “სხვისი ტანსაცმელი მაცვია, მაპატიეთ ასე მოშიშვლებული რომ დაგხვდით”.

ამ ბაღის შესასვლელშიც წარწერაა მიკრული: აქ ყველა ოთახი დაკავებულია”.
ჰუმანიტარული ტვირთი პირველი ნაკადი თბილისში უკვე ჩამოვიდა. ხვალიდან, წესით, ამ ადამიანებს პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები მაინც უნდა დაურიგონ.
მათ აღარაფერი გააჩნიათ.

ახალი ამბები