კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომი, რომელიც ადამიანების გონებაში მუდამ გაგრძელდება

21 აგვისტო, 2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავარი შესასვლელის მხრიდან რომ შეხედავ, უცნაურს ვერაფერს შეამჩნევ, ვერც იმას იფიქრებ, რომ საქართველოში ომია. მოუარეთ და გვერდიდან შედით. აი იქიდან, “მიმღები” რომ აწერია. იქ სხვა სურათი დაგხვდებათ. ხალხი პატარ-პატარა ჯგუფებად დგას. ადამიანები ერთმანეთს უყურებენ და დაძაბულად დუმან. ზოგი შესასვლეთან გაკრულ დაჭრილთა სიებს აკვირდება, ეძებს... ომის ანაბეჭდი ყველა სახეზე იკითხება. ტირილის ხმასაც გაიგებთ. ჩვენც გავიგეთ... ახალგაზრდა ბიჭი “ბარდიურზე” იჯდა და ბეტონის ბოძს მიფარებული ხმამაღლა ქვითინებდა... შესვლა გვიჭირს, გვეშინია... განა რამე გვითქვამს ერთმანეთისთვის, ისედაც გასაგები იყო, ერთმანეთს გადავხედეთ და შევედით.

გაწკრიალებულ დერეფნებში ექიმები დადიან. პაციენტების უჩვეულო სიმრავლე საავადმყოფოს შესასვლელშივე იგრძნობა.

პალატა ნომერი რვა. ოთახში ორი ახალგაზრდა ბიჭი წევს. ისევე, როგორც საავადმყოფოს პაციენტთა უმრავლესობა ამ ომში დაიჭრნენ. ერთ-ერთი მათგანი, ომარ მელიქაძე ომის დაწყებამდე ქუთაისის ბრიგადაში მსახურობდა. 9-ში ის ცხინვალში წაიყვანეს. თუმცა მისმა ბატალიონმა ცხინვალამდე მისვლა ვეღარ მოახერხა. საავიაციო დაბომბვის შედეგად ცხინვალსა და ერგნეთს შორის დაიჭრა.

“თავიდან ჩვენ ვესროდით, შემდეგ მათმა ავიაციამ დაგვიშინა. გამოსვლის დროს დავიჭერი. სანამ ცხინვალში შევიდოდით, ძევერაშიც დაგვბომბეს. ჩვენ მთლიანი ბატალიონი ვიყავით. სროლის დროს ვიფანტებოდით. სიკვდილს ვებრძოდით. ვინც გადარჩებოდა, ის გადარჩებოდა. ერთმანეთს მხარში ვედექით...”

ამას რომ ყვებოდა, ოთახში ინვალიდის ეტლით კიდევ ერთი ახალგაზრდა შემოვიდა მხიარული შეძახილით, “სტუმარს მიიღებთ?!” “ესეც ჩემს გვერდით იბრძოდაო”, - აგვიხსნა ომარმა. ომარის თანამებრძოლმა კამერის დანახვაზე სახე დამალა და სასტიკად გაგვაფრთიხილა, არ გადამიღოთო. ერთი ფეხი მუხლს ქვემოთ მოკვეთილი ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ისევე, როგორც ჩვენს მოსაუბრეს. გაოგნებულები ვიყავით. განა იმიტომ, რომ ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და არ ემჩნეოდა. უბრალოდ რაღაცნაირად საუბრობდა, არც სინანულის გრძნობა, არც სასოწარკვეთა ემჩნეოდა. ამიტომაც სულ დაგვავიწყდა, რომ ამ ბიჭებისთვის ეს სერიოზული დანაკარგია. ამიტომაც ეს სულელური შეკითხა დავუსვით: “ომის შემდეგ რამე შეიცვალა შენს ცხოვრებაში?” პასუხად: “თითი რომ მოგკვეთონ, შეიცვლება რამე შენს ცხოვრებაში?”

კიდევ ერთი პალატა და ისევ ორი ახალგაზრდა  ბიჭი. ინტერვიუს ერთ-ერთის დედაც ესწრებოდა. გიორგი ფილაურისთვის ეს არ იყო პირველი ომი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, კოსოვოც და ერაყიც მოვლილი აქვს. “ომში კი ვარ ნამყოფი, თუმცა ასეთ სიტუაციაში – არასდროს”. როგორც აღნიშნავს, ამ ომებში ბრძოლა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. “აქ გრძნობ იმას, რომ შენი სამშობლოსთვის იბრძვი. იქ შენს თავს ეკითხები, ვის ებრძვი. მოსახლეობამ, რომ გკითხოს, რატომ იბრძვი, რა უნდა ვუთხრა? რა მინდა ქართველ კაცს ერაყში?”

გიორგი 9-ში დილით ცხინვალის შესასვლელთან დაიჭრა. ნამსხვრევი მხარში მოხვდა. უკვე მერამდენე ღამეა დამამშვიდებელი წამლების გარეშე ვერ იძინებს. როგორც ამბობს, ეს ომი მის თაობას ყოველთვის ემახსოვრება.

“ის ბიჭები გამახსენდებიან, ყოველთვის გვერდზე რომ მყავდნენ და აღარ მეყოლებიან. ის ხმა გამახსენდება, რომელიც მე დაჭრამდე გავიგე. ის დაჭრილი ბიჭებიც გამახსენდებიან, რომლებიც ჩემს გარშემოდ ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ. ჩვენ, ჯარისკაცებმა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო...”

თუმცა იმასაც ამბობს, რომ თუ საჭიროა იქნება, ომში ისევ წავა, აუცილებლად.
ამ დროს დედამ ვეღარ მოითმონა და საუბარში ჩაერთო: “სად წახვალ?! სად გაგიშვებ?!”

“რძალმა მითხრა, გიორგი გორში წაიყვანესო. მივხვდი, რომ პირველ ხაზზე, ცხინვალში გაუშვებდნენ, რადგან კომანდოსში მსახურობდა. ტელევიზორთან ვიჯექი და ველოდებოდი ზარს, ხმა რომ გამეგო. მერე დამირეკა,  საავადმყოფოში ვწევარ, დაჭრილი ვარო. კი გამიხარდა, რომ დამირეკა და ხმა გავიგე. მაგრამ ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. ძნელი გადასატანი იყო. მოვედი გადავხადე ზეწარი, დავათვალიერე, ხელ-ფეხი თუ ჰქონდა. მე კი გადავრჩი, მაგრამ ბევრი დედა გამწარებულია. რა გამართლება აქვს ამ ომს. ეს სასაკლაო იყო”...

ყველაზე ძნელი რეანიმაციაში ყოფნაა. ყველაზე მძიმე დაჭრილები სწორედ აქ იმყოფებიან. რენტგენის სურათებზე ასახულია დამსხვრეული ნეკნები. სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვია, რომელიც გაიჭედა სადღაც ფილტვებში. მოსაუბრეც არავიან არის. ხალხი ან გათიშულია ან ძალიან დასუსტებული. აქაც უცხოელი ჟურნალისტები დარბიან და აქტიურად ცდილობენ ყველაფერი საკუთარ ვიდეოფირებზე აღბეჭდონ. 

რეანიმაციაში მშვიდობიანი მოსახლეობაც იწვა. ძირითადად მოხუცები. 68 წლის  სონია ჩიტიშვილი გორის ცენტრში მაშინ დაიჭრა, როდესაც დახმარების ასაღებად მივიდა.

“ავად ვიყავი. ცოტა უკეთ რომ გავხდი, მითხრეს, “გრეჩიხას” და რაღაცებს არიგებენო. არაფერი იშოვებოდა ქალაქში. მივედი თუ არა, აფეთქება მოხდა. ბევრი დაიხოცა. მე გონება დავკარგე. სასწრაფოდ გორის საავადმყოფოში წამიყვანეს, მაგრამ იქ არაფერი ჰქონდათ. ამიტომ თბილისში გადმომიყვანეს”.

დავტოვეთ რეანიმაცია და გავუყევით რესპუბლიკურის ლაბირინთებს.  შევდივართ სამკურნალო  ფიზკულტურის კაბინეტში. უამრავი საწოლია, უფრო ზუსტად, ვარჯისისთვის გათვლილი “მოწყობილობები”. სამი კაცი ერთმანეთის მოშორებით წევს. ერთი ჯარისკაცი და ორი გორის რაიონის მკვიდრი. ყველა დუმს.

მიხეილ ღონღაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 აგვისტოს მოიყვანეს. ის საავიაციო დაბომბვის შედეგად დაიჭრა, როდესაც გორის მიმართულებით ერთ-ერთი სოფლიდან მოდიოდა. თუმცა იქამდეც მას ბევრის გადატანა მოუწია.

“11-ი ღამე გორში ვერ გავძელი და უკან სოფელში ფხვენისში ვბრუნდებოდი. სამშვიდობოებმა ვარიანის მახლობლად დამაკავეს. ასფალტზე ვიწექი მთელი ღამე. თავი არ ამიწევია. ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ. აქეთ-იქეთ მიმავალ მანქანებს ესროდნენ და ასე ხოცავდნენ ხალხს. ცოცხალ ადამიანებზე იყო ნადირობა. ამბობდნენ “Мы не такие звери как ваши”, თან ამას აკეთებდნენ. ამბობდნენ, “мирных жителей не трогаем”, მაგრამ უდანაშაულო ხალხს მაინც ესროდნენ. როგორც მე არ ვიცოდი გზაზე რა ხდებოდა. ვერ გავიგე, რატომ არ მესროლეს. გათენებისას სამი მანქანა ჩაცხრილეს.  ბაღებში, მარჯვნივ და მარცხნივ ხახლები იყო და მათზეც ნადირობდნენ”.

მიხეილ ღონღაძემ დღემდე არ იცის, რა დაემართა მის სახლს.

ძველ, გასარემონტებელ ოთახებში ისეთივე მებრძოლები წვანან, როგორც დაბლა სართულებზე. თუმცა ესენი ნაკლები პრივილეგიით სარგებლობენ. არ ვიცი, რატომ, შეიძლება ამიტომაც მათი დამოკიდებულება განსხვავებულია. ის ბიჭები, რომლებსაც დაბლა ვესაუბრებოდით მოვლენებს თითქოს სხვაგვარად აფასებდნენ. ბევრ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებდნენ. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ  სახელს და გვარს არ ამბობენ, სამაგიეროდ, მათი შეფასებაც საკმაოდ მწვავეა.  

ერთ-ერთ პალატაში, რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, ახალდაქორწინებული წყვილი ცხოვრობს. არ შემშლია, ზუსტადაც ცხოვრობს. რამდენიმე დღეა, რაც ომში დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი საავადმყოფოდან გაიწერა, თუმცა წასასვლელი არსად აქვს. ექიმებმაც ეს პალატა დაუთმეს. ერგნეთის მკვიდრს სოფელში აღარაფერი ეგულება. ალალი ძმა ხელში მოუკვდა. საბუთებიც აღარ დარჩა. შემოფლეთილ სამხედრო ფორმის ჯიბეში ჰქონდა. გახადეს და დაუკარგეს.   

“საავადმყოფოდან გაწერილები ვართ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს და ისევ აქ გვიწევს დარჩენა. დაჭრილი სკოლაში როგორ დავაწვინო იატაკზე.
ყურადღებას არავინ გვაქცევს. წავედი რეგისტრაციაზე, მითხრეს, აღარ არისო რეგისტრაცია, წადი მერიაშიო. მერიამ, სამინისტროში წადიო,”- ამბობს 27 წლის დაჭრილი მეომრის მეუღლე.

“ყურადღებას აქცევენო. ყურადღება ისაა, რომ ამერიკიდან და ევროპიდან გამოგზავნილ რაღაცებს არიგებენ? მეორადებიდან ავურჩიეთ ტანსაცმელი, ტრუსების გარეშე იყო”, – ვერ მოითმინა ერთ-ერთი პაციენტის ახლობელმა.

კიდევ ერთი მეომარი, რომელიც ჩვენ ამ სართულზე გავიცანით, 19 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახელს ასევე არ გვიმხელდა.

“კოდორიდან ღამით ჩამოგვიყვანეს. 40 დღე იქ ვიყავით. მერე ცხინვალში წამიყვანეს. ცხინვალში 8-ზე უნდა შევსულვიყავით. პირველ ცდაზე ვერ შევედით. არ გაგვიშვეს. მეორეზე შევედით. ჩვენ 32 კაცი პირველები შეგვიშვეს. უკან თავდაცვის სამინისტროს ჯარი მოგვყვებოდა. 11-ის ნახევარი იყო ცხინვალში გამგეობასთან რომ დამჭრეს.
 
აქ ისევ ვერ მოითმინა მისმა ნათესავმა და საუბარში ჩაერთო. 

“ველაპარაკე და ერთ საათში ცხინვალში წაიყვანეს. 19 წლის ბავშვებს რა ფსიქიკა უნდა ჰქონდეთ პირველ ხაზზე რომ გაუშვებენ. სპეცრაზმის ბიჭები მეტრა 85-ს ზემოთ ვინც იყო, ისინი აარჩიეს. ბავშვები მიყარ-მოყარეს. იქ არც მეთაური და არც არავინ იყო. თავად გაიგდო მეთაური წინ რტყმევა-რტყმევით, გამყევი წინო. ეს მერაბიშვილის ყურამდეც არის მისული. ერთადერთი, მედიკამენტებით სცემენ პატივს. გორიდან არის ეს ბიჭი, სახლიც აღარ დარჩა. წყნეთში ერთი ნაკვეთი აქვს გასაფორმებელი და ამაზეც უარს ეუბნებიან.”

ინტერვიუს ჩაწერისას პალატაში ერთ-ერთი ექთანი შემოვარდა. გაფითრებული, ანერვიულებული: “კასპში შესულები არიან ტანკები. დადიან სოფელ-სოფელ. შევიდნენ უფლისციხეში. ჩადგნენ, სადაც სამხედრო ბაზაა. მოსახლეობა ჯერ არ არის აწიოკებული, მაგრამ მოსალოდნელია. მეუღლე მყავს იქ. ბევრი ახლობელი და მეგობარი”. ამ ინფორმაციას სატელეფონი საუბრით არკვევდა. ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც რუსული ჯარი გორის ირგვლივ მაგრდებოდა.

ბოლო პაციენტი, რომელსაც ჩვენ ვესტუმრეთ, სოფელი ქსუისის მკვიდრი 83 წლის ირაკლი ტეხოვია. ის მას შემდეგ დაიჭრა, რაც სახლში ნაღმი შეუგდეს. თუმცა საკუთარი თავი არც აინტერესებს. ერთადერთი ვაჟი, რომელიც ცხინვალში ცხოვრობდა დღემდე არ დაკავშირებია მას. არც ის იცის, ცოცხალია თუ მკვდარი. მოხუცს თვალებიდან ცრემლები მოსდის და გვთხოვს, იქნებ რამენაირად დამაკავშიროთო...


ახალი ამბები