კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოჩვენებების ქალაქი...

22 აგვისტო, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

დაცარიელებულ ქალაქში ოდნავი ცხოვრება დილის 10 საათიდან 6 საათამდე შეიმჩნევა. მანამდე და მერე ცენტრალურ ქუჩებში რუსის ჯარისკაცები დაბორიალებენ. საცხოვრებელი სახლების სარდაფებში დამალული მოსახლეობა პატარა ხმაურზეც რეაგირებს. დღის საათებში კი გორის ქუჩებში ალაგ-ალაგ ჩქარი ნაბიჯებით მოსიარულე მოხუცს ან ასაკოვან ქალს ან კაცს დაინახავ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში რუსის ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას აღარაფერს უშავებდნენ, ხალხისთვის შუა ქუჩაში მოსიარულე ჯარისკაცები მაინც არასასამიამოვნოდ აღიქმებოდა.

ერთადერთი სამხედრო ბაზა, რომელიც დაბომბვას და გაძარცვას გადაურჩა, სოფელ უფლისციხის ბაზაა. ადგილობრივ მოსახლეობას დღემდე უკვირს, რამ გადაარჩინა ის. 9 აგვისტოს ღამის 4 საათზე სამხედრო პოლიციამ მთელი სოფელი ფეხზე დააყენა. ,,სასწრაფოდ დაცალეთ სოფელი... მოსალოდნელია დაბომბვა" - სკანდირებდნენ ჯარისკაცები.

ლოგინებიდან წამოშლილი ნამძინარევი ქალი და კაცი, ბავშვი და მოხუცი სოფლის ბაღებისკენ გაიქცა. უკუნეთ ღამეს ნათურების გამორთვაც დაემატა. დიდი ,,პროჟექტორები" გამორთეს, თვითმფრინავების ადვილი სამიზნე არ გავხდეთო.  ის ღამე უფლისციხელებისთვის კოშმარი იყო. ვინ სად მიდიოდა არ იცოდა. უფლისციხელების უმრავლესობამ ღამე მინდვრებში გაატარა. ჩაბნელებული სოფლის თავზე საბედნიეროდ არც ერთი თვითმფრინავი არ გამოჩენილა.

მიუხედავად ამისა, სოფელში ტრაგედია მაინც დატრიალდა. გაბინაშვილების ოჯახში ოჯახის დიასახლისი გულის შეტევით გარდაიცვალა.

სოფელი დაიცალა. მხოლოდ რამდენიმე მეზობელი შეესწრო ნათელა გაბინაშვილის გარდაცვალებას. ჯერ პატრულში დარეკეს, უთხრეს, რომ გზები უფლისციხისკენ გადაკეტილია და ვერ შესძლებდნენ წამოსვლას. შემდეგ ,,03"-შიც დარეკეს, თუმცა იქ განუცხადეს - ყველა ბრიგადა შემთხვევის ადგილზეა გასულიო. ამასობაში ჯარისკაცის დედა გარდაიცვალა ისე, რომ თავისი შვილის კარგად ყოფნის ამბავი ვერ გაიგო.

ზუსტად იმ ღამეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის პრესკონფერენციას აჩვენებდნენ პირდაპირ ეთერში. უფლისციხის მინდვრებში გახიზნულმა მოსახლეობამ არ იცოდა, რომ ლავროვმა უფლისციხეც ახსენა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა ლავროვს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის ფაქტი შეახსენა, რანაირი მშვიდობისმყოფელები ხართო? ამაზე ლავროვმა შემდეგნაირად დაახლოებით ასე მიუგო:

,,ჩვენ გავანადგურეთ სამხედრო ბაზები, მხოლოდ ორი სამხედრო ბაზა არ გაგვინადგურებია, ესენია სკრის და უფლისციხის ბაზები. ეს იმიტომ, რომ იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს" - თქვა ლავროვმა.

ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთმა მართლაც იმიტომ არ დაბომბა უფლისციხის ბაზები, რომ შემდეგ სალაპარაკო ჰქონდეთ - მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაგვიბომბიაო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უფლისიციხის ბაზაში რუსი არ შესულა. პირიქით, სამხედრო პოლიციამ იქ რამდენიმე ქართველი მაროდიორი დააკავა, რომლებიც დაცარიელებულ ბაზაში სამხედრო ტექნიკას ძარცვავდნენ.

უფლისციხელები და ასევე სხვა სოფლის მაცხოვრებლები ქვახვრელის და დოესის გავლით კასპში ჩავიდნენ. 10 აგვისტოს ღამეს კი კასპი დაბომბეს. საკმაოდ შემზარავი სანახავი იყო მტკვრის ხეობის აღნიშნული მონაკვეთის სოფლები. მოსახლეობამ არ იცოდა სად წასულიყო. ნაწილმა ტყეს შეაფარა თავი, ნაწილმა კი გამთენიისას თბილისისკენ აიღო გეზი.

გორიდან თბილისის მიმართულებით ორი გზა მიდის - ერთი ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც რუსებმა ჩაიგდეს ხელთ, ხოლო მეორე - გზა, რომელიც მტკვრის ხეობას და რკინიგზის გზას მიუყვება კასპის გავლით. ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვის შემდეგ დევნილთა ნაკადმა სწორედ ამ მეორე შემოვლით გზას მიაშურა.

დიდი რაოდენობის დევნილების გამოჩენამ კასპის რაიონის მოსახლეობაშიც დიდი პანიკა გამოიწვია. იმ დროს როდესაც ქართველი ჯარისკაცები ნელ-ნელა პოსტებს ტოვებდნენ და დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, სოფლებიდან გამოხიზნულ მოსახლეობას ქართველების ტანკები რუსები ეგონათ და ყველგან პანიკას თესავდნენ, რუსი უკან მოგვდევსო. ამას კი მშვიდ სოფლებშიც მოსდევდა პანიკა.

პანიკას საინფორმაციო ვაკუუმი ამძაფრებდა. რუსებმა სატელევიზიო ანძა ააფეთქეს გორში, რომელიც სხვადასხვა არხების ,,რეტრანსლაციას" ახდენდა და მისი მეშვეობით ხდებოდა ქართული არხების ჩვენება გორის რაიონში. მოსახლეობას არავითარი ინფორმაცია გააჩნდა, თუ სად იმყოფებოდა რუსის ჯარი და რას აკეთებდა. მოგვიანებით, სოფელ ქვახვრელში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ასეთ ხერხს მიმართეს - ე.წ. ზედაველის მაღლობზე გორიდან მომავალი გზის გაკონტროლება დაიწყეს, იმ შემთხვევაში თუკი რუსის ჯარი გამოჩნდებოდა, სოფელს შეატყობინებდნენ. ამან გარკვეული შედეგი გამოიღო, რადგან პანიკა ჩააცხრო.

ორი ღამე სოფელს მშვიდად ეძინა. მესამე დილით სანახიროზე გასულმა მოსახლეობამ დაინახა კასპიდან მომავალი რუსული ტანკების კოლონა. კოლონაში უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაიაც შეამჩნიეს. ამან ცოტა დაამშვიდა მოსახლეობა, რადგან იფიქრეს, შემოვლაზე არიანო. კვერნაკის ქედზე რამდენიმე ტანკმა პოზიციები დაიკავა. ამ ქედიდან მტკვრის ხეობა კასპამდე გაკონტროლდა. რუსის ტანკები პირდაპირ მაღლიდან აკონტროლებდნენ სიტუაციას. საეჭვო ვითარების შემჩნევისთანავე ზევიდანვე მოხდებოდა ქართული სოფლების დაბომბვა.

კვერნაკის ქედზე მდგარი რუსული ჯარი მენახირეებს დაუახლოვდნენ. ისე დაუახლოვდნენ, რომ პურსაც ერთად ჭამდნენ, ერთად მღეროდნენ და ცეკვავდნენ. პირველ დღეს რუსებმა მწყემსებს რძე მოსთხოვეს. მწყემსმა გ. სადაღაშვილმა მეორე დილით 600 მანეთის ღირებულების რძე აუტანა. მომდევნო დღეს კალბასი და კონსერვები მოინდომეს. მწყემსებს სოფელში დაბრუნებისას თანხას ატანდნენ, ხოლო დილით ყველაფერი აჰქონდათ.

9 აგვისტოს კომბინატის დასახლებაში 11 წლის ბაშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. დილის 11 საათზე მოულოდნელად თვითმფრინავების ხმა გაისმა. იგივე ხმა იყო, რაც წინა დღეს, ზუსტად იგივე დრო. ხმას რამდენიმე წამში აფეთქება მოხდა და კომბინატის დასახლება კვამლში გაეხვა.

,,ბავშვები სტადიონის ჯაჭვებს მიენარცხნენ. შენობებიდან ხალხი ცვიოდა. გარეთ დაჭრილების ყვირილი ისმოდა... ის რაც ვნახე, საშინელება იყო" - უყვებოდნენ კომბინატიდან გამოქცეული ცოლ-ქმარი გზადმიმავალი მანქანის მძღოლს, სასწრაფოდ უფლისციხეში ჩაგვიყვანეო...

ამ დროს გორში წმინდაწყლის დასახლებაში ვიყავი, ე.წ. მორგთან. ჩემთან ერთად ტელეკომპანია ,,იმედის" ჟურნალისტი გიორგი მოლოდინი ოპერატორთან ერთად იყო. თვიმფრინავის ხმის გაგონებისთანავე კოლეგებს ვუთხარი - მიწაზე დაწექით მეთქი. გაქცევას ასეთ დროს აზრი არა აქვს. 

მორგთან სოფელ კეხვის მაცხოვრებლები იდგნენ. ,,ჩემი და ასვენია აქ. გუშინ ხეობიდან მოვდიოდით და ეგრევე შემოვლით გზაზე დაგვცხრილეს. ეგრევე ყრია მკვდრები. პატრონი არავინაა. ბალზამი გვინდა გავუკეთოთ, ხომ უნდა წავიყვანოთ ჩვენი მკვდარი." - ჩიოდა ქალბატონი.

სწორედ ამ დროს გაისმა თვითმფრინავის ხმა, რომელმაც ბომბები კომბინატის დასახლებაში ჩამოყარა.

ქალები შენობებს და ხეებს ამოეფარნენ. აფეთქების შემდეგ მანქანით ქალაქის ცენტრისკენ წამოვედით. პირველი აფეთქებიდან ზუსტად 10 წუთში მორიგი აფეთქებების ხმა გაისმა. თითქოს თავზე დაგეცეს ან კიდევ სადღაც გვერდზე აფეთქებულიყოს, ისეთი ხმით, შეუძლებელი იყო იმის გარჩევა მარჯვნივ თუ მარცხნივ აფეთქდა. ჩვენგან ხელმარხცნივ როდესაც გავიხედეთ ვერხვების დასახლებიდან ხუთი დიდი შავი კვამლი ამოდიოდა. ხუთი კვამლიდან ყველაზე მასშტაბური შუა კვამლი იყო.

,,სატანკო ბატალიონი დაბომბეს" - გავიფიქრეთ იმ წუთში.

9 აგვისტოს დაბომბვების დროს კომბინატის და ვერხვების დასახლების შუაში, წმინდაწყალზე ვიყავი. ამასობაში მედია-ცენტრს მივუახლოვდით და ჟურნალისტები სასწრაფოდ ვერხვების დასახლებაში წავედით. ის ვინც კომბინატის დასახლებაში იყო, ისინიც ვერხვების დასახლებაში გაიქცნენ. მაღალსართულიან სახლებს ცეცხლი ეკიდა. ყველაფერი კვამლში იყო გახვეული.

ტ/კ ,,თრიალეთის" ოფისში გახსნილი მედია-ცენტრი უფუნქციოდ დარჩა. გორის მასიურმა დაბომბვებმა ჟურნალისტთა დიდი ნაწილი აიძულა ქალაქი დაეტოვებინა. ყოველგვარი ჟილეტებისა და სხვა დამცავი საშუალებების გარეშე მყოფი ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები იძულებულნი იყვნენ ქალაქი დაბომბილი ვერხვების დასახლების გადაღების შემდეგ დაეტოვებინათ. მის მერე გორი მოჩვენებების ქალაქი გახდა.

გზას ვამბობ თორემ რა გზაა...

6-7 აგვისტოს პირველი შეტაკებები როდესაც დაიწყო, ის ქართული სოფლები მაგალითად: ნიქოზი და ერედვი მშვიდობიანი მოსახლეობით იყო სავსე. ვერავის წარმოედგინა, რომ ორ დღეში რუსების აურაცხელი ტანკი, უთვალავი ჯარისკაცი და ჰაერსაწინააღმდეგო თვითმფრინავები ამ სოფლებს მიწასთან გაასწორებდა.

,,მიდით, ბიჭები, მიდით... გარეკეთ სეპარატისტები" - ამხნევებდნენ ქართველ ჯარისკაცებს ქალი და კაცი. 9 აგვისტოს დილით ქართველების მიერ სეპარატისტებისგან გაწმენდილი ქალაქ ცხინვალის დაბომბვა რუსებმა დაიწყეს. რუსულმა არმიამ ცხინვალის მასიური დაბომბვა ყველა საშუალებით გააჩაღა.

,,ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს იცვლიან" - აცხადებდნენ თბილისში. გორის ჰოსპიტალში დაჭრილების მიღებას ვეღარ აუდიოდნენ. ქართველი ჯარისკაცების პოზიციების ცვლილება თბილისამდე განხორციელდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ქართველ ჯარისკაცებზე ნადირობა დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გამოაცხადა, როდესაც გორი მესამედ დაბომბა და ჭურვები ამჯერად ქალაქის ცენტრში ჩამოაგდო. სტალინის ძეგლის წინ დავარდნილმა ჭურვებმა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვი და ჟურნალისტები შეიწირა.
გორის რაიონის სოფლების უმეტესობა მშვიდობიან მოსახლეობას დატოვებული აქვს. საავიაციო დაბომბვებმა ქართული სოფლების დაცარიელება გამოიწვია. სახლებს მხოლოდ უმწეო მოხუცები ან ცოლ-შვილ გახიზნული მამაკაცები პატრონობენ.

გორის ჰოსპიტლის ეზოში ჯერ კიდევ 8 აგვისტოს დილით 10 საათზე თავჩაქინდრული გორელი კაცი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვახტან ჭანკოტაძე მოყვანილ დაჭრილებს ათვალიერებდა. ხალხით გადავსებულ ტროტუარზე ჯარისკაცებს აკვირდებოდა, იქნებ ვინმე ნაცნობი ენახა და საკუთარი შვილის ამბავი შეეტყო. მას თავისი ვაჟის, გორის საარტილერიო ბატალიონის მეთაურის დევი ჭანკოტაძის შესახებ არაფერი გაუგია.

ჩვენ რამდენიმე ადგილას გადავეყარეთ საველე ჰოსპიტალს და მის შემადგენლობას. საველე ჰოსპიტლის მთელი შემადგენლობა დღეში რამდენჯერმე ადგილსამყოფელს იცვლიდა.

ეს ის ხალხია, რომლებიც ცხინვალის მისადგომებთან გაჩაღებულ ბრძოლაში დაჭრილი და დახოცილი სამხედროები გამოჰყავდათ. ბრიგადის წევრებს არასდროს დაავიწყდებათ გადამწვარი და გადაბუგული ქართული სოფლები, ქუჩაში მიმოფანტული გვამები, დაჭრილი და თანაც მტრის ხელში ჩარჩენილი ჯარისკაცები.

ამ ბრიგადას გორთან ახლოს გადავეყარეთ, თუმცა გვთხოვეს, რომ მათ ადგილსამყოფელზე ხმა არ ამოგვეღო, რადგან ისინი დიდი ხანია რუსული ბომბდამშენების სამიზნეებს ემალებოდნენ.
 ,,რუსები ჯარისკაცებს და ქართულ ტექნიკას დასდევენ. შესაბამისად ჩვენ რახან ფორმები გვაცვია, ჩვენი განეიტრალებაც განზრახული აქვთ" - გვითხრეს არმიის მედპერსონალმა.

,,მე ერედველი კაცი ვარ... მხოლოდ ეს ტანსაცმელი მაბადია, რაც მაცვია. ძლივს გამოვასწარით ერედვიდან. ჩემი ცოლშვილი, მათ შორის 5 თვის ბავშვი სამშვიდობოს გავიყვანე და კასპში ჩავიყვანე. დაბომბვის შემდეგ ფეხით ავედი სოფელში და გადავირიე რაც ვნახე. მიწასთანაა გასწორებული სოფელი. ამჟამად იქ რუსი სამხედროები დგანან. სოფელში სამი 500 კგ-იანი ბომბი ჩამოვარდა. მკვდრები პირდაპირ ქუჩაში ყრია. არავინაა მათი დამმარხველი" - გვითხრა რამაზ ბერუაშვილმა, რომელიც საველე ჰოსპიტალის სასწრაფო მანქანის მძღოლად მუშაობს.

ერედვი ეს ის სოფელია, რომელიც პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს და 16 წლის მანძილზე იგერიებდა ოს სეპარატისტებს. რამაზ ბერუაშვილს სწორედ ის სწყინდა, რომ ამდენი ხნის შენახული სოფელი განადგურდა და რუსებს ჩაუვარდათ ხელში.

,,კონფლიქტის დროს ერედვი მოსახლეობამ ოსებისგან და რუსებისგან დავიცავით. დღეს პრაქტიკულად განადგურდა სოფელი. იქ აღარ შეისვლება, გადათხრილი ორმოები, დამწვარი და დანგრეული სახლები დგას. ვის გაუგონია დასახლებულ პუნქტში ამხელა ბომბების ჩაგდება" - ამბობს რამაზ ბერუაშვილი.

ჯარისკაცი გ. ქირია, რომელსაც ჩვენ სამხედრო ჰოსპიტალის წინ ვნახეთ რამდენიმე ხნის წინ, ამბობს, რომ შეცდომა დაუშვეს, როცა მოსახლეობა ადრევე არ გახიზნეს ხეობებიდან და კონფლიქტის ზონიდან.

,,ჩვენი ხალხი ამ მასშტაბის ომს ალბათ სიზმარშიც ვერ ნახავდა... რუსის სარდლობამ ქართველ ხალხს დიდი სანახაობა აჩვენა. ჩემს თვალწინ ქალები და ბავშვები აფეთქებებისგან შუაზე იგლიჯებოდნენ. უბრალოდ ხალხი ისე იყო დაბნეული, რომ ელემენტარული ნორმა - აფეთქების დროს მიწაზე დაწოლა რომ განეხორციელებინათ, ბევრი გადარჩებოდა. მე მაგალითად სამჯერ ვარ გადარჩენილი დაღუპვას, რადგან აფეთქებების დროს მიწაზე ვწვებოდი. ეს არ იცოდა მშვიდობიანმა მოსახლეობამ. მე ეს წუთები არ დამავიწყდება, რაც ვნახე" - ამბობს ერედვში ნაბრძოლი ჯარისკაცი.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტალის მედპერსონალს. 11 აგვისტოს, როდესაც კონფლიქტის კულმინაციის ბოლო დღე იყო ალბათ, ერთ-ერთ ისტორიულ ძეგლს - უფლისციხეს და მის ეკლესიას შეაფარეს თავი. ისტორიული ძეგლის თანამშრომლებმა ცხელი წყალიც კი დაახვედრეს მძიმედღეებ გადატანილ სამხედრო ექიმებს. მათი თქმით, წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს მეოთხე ბრიგადის ჯარისკაცებმა. თითქმის გაანადგურეს რუსებმა ეგ ბატალიონიო, გვითხრეს ექიმებმა. მათი თქმით ვაზიანისა და კოჯრის ბატალიონის ჯარისკაცებიდან თითო-ოროლაღა გადარჩა.

,,გარდა ფრონტის ხაზისა, სხვადასხვა სოფლებშიც გვიწევდა გასვლა. ბევრგან ამას ვერც ვახერხებდით, რადგან მსხვერპლმა ისეთი ფართომასშტაბები მიღო, რომ ყველგან ჩვენი მისვლა შეუძლებელი იყო. მაგალითად, სოფელ კარბში სოფლის შუაგულში ბომბი ჩამოვარდა. ერთადგილზე შეკრებილი დაახლოებით 15 ადამიანი ნაკუწებად იქცა. მათი მიმხედავი არავინ იყო. მოგვიანებით მხოლოდ გვამების გამოტანა მოვახერხეთ. მთლიანად დანგრეულია სოფელი ნიქოზი. ბევრი დახოცილი დარჩა იქ." - გვითხრა სამხედრო მედდამ მარიკა გ-მა.

დაბომბილია სოფელი ტყვიავი, ვარიანი, შინდისი, ფხვენისი, ხვითი...

ახალი ამბები