კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაღუპულია 215, დაჭრილია 1 469 ადამიანი

24 აგვისტო, 2008

გელა მთივლიშვილი

საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია 215 ადამიანი, დაჭრილია 1 469 მოქალაქე, 70 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ეს მონაცემები ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. საომარი მოქმედებების თვითმხილველების თქმით კი, მსხვერპლი უფრო დიდია.

თარგამაძის ინფორმაციით, 1 469 დაჭრილიდან 1 023 ადამიანი უკვე გაწერილია საავადმყოფოდან და სტაციონარულ მკურნალობას 446 გადის. მისივე თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება დაზარალებულებისა და დაღუპულების რაოდენობას მშვიდობიან მოქალაქეებში, თარგამაძის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეებიდან მკურნალობას 61 დაჭრილი გადის, გარდაცვლილია 69 მშვიდობიანი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებაში დაჭრილია 209 ადამიანი, მათგან 24 სტაციონარულ მკურნალობას გადის, გარდაცვლილია 13 ადამიანი.

თავდაცვის სამინისტროს რიგებიდან დაღუპულია 133 ადამიანი, რომელთაგან 7 ამოუცნობია. დაჭრილია 1199 ადამიანი, აქედან მკურნალობას ამჟამად 361 გადის, დაკარგული კი 70 ადამიანია. თავდაცვის სამინისტროს რიგებში დაღუპული 133 ადამიანიდან 4 რეზერვისტია.

საომარი მოქმედებების თვითმხილველთა და დევნილი მოსახლეობის ცნობით, ოფიციალური მონაცემები რეალურისგან განსხვავდება და მსხვერპლი უფრო დიდია.
 
გორში დარჩენილი მოქალაქეების ჯამბულ ქამუშაძის და ალექსანდრე გიუნაშვილის ინფორმაციით, ქალაქის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობიდან, დაახლოებით, 100 ადამიანი მაინც დაიღუპა.

როგორც ჩვენთან საუბარში სამხრეთ ოსეთში მყოფმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა განაცხადა, საომარი მოქმედებების გამო იგი 12 აგვისტოს დაიჭრა. "რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად 12 აგვისტომდეც ბევრი ჯარისკაცი დაიჭრა. დაჭრილებს ვეღარ ვეხმარებოდით, ვერც მათ ტრანსპორტირებას ვახერხებდით, რადგან რუსული ბომდამშენები ბომბებს პირდაპირ ჩვენი მისამართით აფეთქებდნენ. არაერთხელ კასეტური ბომბებიც ჩამოყარეს, რომლის დროსაც კიდევ უფრო მეტი დაჭრილი გვყვავდა. ადგილზე, დაახლოებით 150 – მდე გარდაცვლილი ჯარისკაცი მაინც ვნახე. მძიმედ დაჭრილებს, როგორც უკვე გითხარით, ვეღარ ვითვლიდით", - აღნიშნა ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა.

მსხვერპლის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს არც შიდა ქართლიდან და ცხინვალიდან დევნილები ეთანხმებიან. "ცხინვალის შემოგარენში მდებარე ქართული სოფლები საერთოდ აღარ არსებობს. რუსმა ჯარისკაცებმა ყველაფერი გაძარცვეს და დაანგრიეს. საომარი მოქმედებების დაწყებამდე სოფლებიდან გახიზვნა ბევრმა ვერ მოასწრო. სროლების დროს მოვრბოდით და შეიარაღებული პირები ფეხდაფეხ მოგვდევდნენ, გვესროდნენ. ათობით ადამიანი გაქცევისას გზაში დაგვეღუპა. რამდენიმე მძიმედ დაჭრილი კი გორში გარდაიცვალა", - გვითხრა სოფელ აჩაბეთის მკვიდრმა გურამ ოთინაშვილმა.

დევნილი მოსახლეობის ცნობით, ათობით ადამიანი ემსხვერპლა ქართულ სოფლებში რუსული არმიის ნაწილებისა და ადგილობრივი ბანდფორმირებების მიერ ქართველების სახლების დაცხრილვასა და გადაწვას.

"ტყვიავში და მის ზედა სოფლებში ისინი ჯერ ავტომატით ცხრილავდნენ საცხოვრებელ სახლებს, ხოლო შემდეგ ცეცხლს უკიდებდნენ. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაცხრილეს და დაწვეს ჩვენი სახლები და ვინც მოვასწარით, იძულებულები ვიყავით სოფლები მიგვეტოვებინა.
იგივე მდგომარეობა იყო გორის რაიონის სოფლებში - ბელოთში, ვანათსა და საცხენეთში. მშვიდობიანი მოსახლეობა თავს სარდაფებს აფარებდა, მაგრამ რუსეთის არმიის ნაწილები და ადგილობრივი ბანდფორმირებები იქაც შევიდნენ. ვანათში, შეიარაღებულმა პირებმა სახლის წინ დახვრიტეს შეუიარაღებელი 65 წლის ვლადიმერ ჯაოშვილი. სოფელ ტყვიავის ერთ-ერთ მცხოვრებს ყელი გამოსჭრეს, დანარჩენი მძიმედ და სასიკვდილოდ დაჭრეს", - ამბობს გიორგი ხაბაზიშვილი.

რუსმა ჯარისკაცებმა განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს და ააოხრეს სოფელი კარალეთიც.

კონფლიქტის ზონაში ამ დრომდე მყოფი პირების ინფორმაციით, 18 აგვისტოს, რუსეთმა ცხინვალის რეგიონში სანიტარული ბატალიონი შეიყვანა. ბატალიონის წევრებმა რამდენიმე ადგილას საომარი მოქმედებების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების დიდი ოდენობით გვამების ნაწილი დაწვეს, ნაწილი კი მძიმე ტექნიკის დახმარებით დამარხეს.

20 აგვისტოს დაღუპულთა რაოდენობა დააკონკრეტა სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობამაც. არაღიარებული სახელმწიფოს ინფორმაციისა და ბეჭდვის კომიტეტის უფროსის, ირინა გაგლოევას განცხადებით, ქართული ჯარების მიერ სამხრეთ ოსეთის შტურმის შედეგად, ცხინვალსა და მის შემოგარენში 1 492 ადამიანი დაიღუპა.

ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ სამხრეთ ოსეთში 1 600 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ცხინვალში დაიღუპა არა ათასი, არამედ მხოლოდ ათობით ადამიანი.

"ჩვენ არ ვადასტურებთ ოფიციალური რიცხვს. ვვარაუდობთ, რომ საუბარია ათობით და არა ათასობით დაღუპულზე", - განაცხადა "Human Rights Watch"-ის წარმომადგენელმა ანა ნეისტატმა, რომელიც სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.

ნეისტატის თქმით, ეს პირველადი მონაცემები სამართალდამცველებმა ყველაზე დაზარალებულ რაიონებში ჰოსპიტალის მონაცემებისა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით გააკეთეს. მათი მონაცემებით, პირველ რიგში ეს არის ქალაქ ცხინვალის სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალურ ნაწილი. 

ახალი ამბები