კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილებს თბილისშიც დევნიან

29 აგვისტო, 2008

უვარგისი საკვები და გაუთავებელი მუქარები

ნონა სუვარიანი,თბილისი

48-ე საშუალო სკოლაში დევნილები აუტანელ პირობებში ცხოვრობენ.  მათ არც წყალი აქვთ, არც საკვები. ამასთან გაურკვეველი პირები აიძულებენ, შენობა დაცალონ და საცხოვრებლად გორში გადავიდნენ. დევნილები უკან დაბრუნების წინააღმდეგნი არიან, რადგან  იქ აღარც სახლები აქვთ და  არც მათი უსაფრთხოებაა დაცული. 

სკოლაში შესახლებული 100-ზე მეტი დევნილიდან აბსოლუტური უმრავლესობა დიდი ლიახვის ხეობიდანაა. საკუთარი თვალით ხედავდნენ, როგორ შედიოდნენ მათ სახლებში მოროდიორები და წლების მანძილზე მოგროვილ დოვლათს ერთი ხელის მოსმით ანადგურებდნენ. შემდეგ კი კარგად ნაცნობი სცენარით გაძარცულ სახლებს მოსახლეობის თვალწინ წვავდნენ.    

ასე იხსენებს იმ მოვლენებს სოფელ ქურთაში მცხოვრები ქალბატონი, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს:

,,ჩვენი სოფელი ჯავასა და ცხინვალს შორის მდებარეობს. რუსები ტანკებიდნაც გვესროდნენ, თვითმფრინავებითაც გვბომბავდნენ. „პადვალში“ ვიმალებოდით. წყლის ონკანთან მისვლაც არ შეგვეძლო. ვუყურებდი, როგორ წვავდნენ მეზობლების სახლებს იქ ჩარჩენილ მკვდრებთან ერთად. დახოცილი საქონელი გარეთ ეყარა. ყარდა იქაურობა. მოხუცი მამამთილის გამო დავრჩი. არ მეგონა, რომ რუსი შემოვიდოდა.

რომ შემოვიდნენ, მაგიდასთან ვისხედით. მაშინვე ხელები ავწიეთ. ვუთხარი, რომ ქართველი ვარ. მკითხეს, ,,ბოევიკები“ სად გყავსო? არ მყავს-მეთქი. შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. შემდეგ ნაირ-ნაირები ხალხი მოდიოდა. პირდაპირ სახლში გვივარდებოდნენ, გვიყვიროდნენ, ჩემს თვალწინ წაიღეს ყველაფერი, საქონელიც კი გარეკეს. თან გვემუქრებოდნენ, დატოვეთ აქაურობა, თორემ დაგწვავთო. მოხუცს, რომელთან ერთადაც დავრჩი, წვავდნენ, შენ წადი თუ გაასწრებ, თორემ შენც მოგაყოლებთო. ვეკითხებოდით, სად წავიდეთ? გზა ვიცოდით, მაგრამ გვეუბნებდნენ, რომ იქით საშიში იყო. ღამე ისევ დაგვბომბეს.

გაგვიმართლა, დილით წითელმა ჯვარმა მოგვაკითხა. ყურებს ვერ ვუჯერებდით, როდესაც ხმა გავიგეთ, ვისაც წასვლა სურს წავიყვანთო. ვფიქრობდით, ხომ არ გვიტყუებდნენ. მეოთხედ რომ ჩამოიარეს, გავბედეთ, გარეთ გამოვედით და გამოვყევით. გავედი თუ არა, მაშინვე ჩემს სახლში შევიდნენ და რაც იყო დარჩენილი, იმის გაზიდვაც დაიწყეს. სახლს დაწვას უპირებდნენ”.

ხეობელი ქალბატონის თქმით, დღეს მისთვის აზრი აღარაფერს აქვს: ,,რა ცხოვრებაც მქონდა, იმას ვეღარ ავღვადგენ“.

ეს სოფელი, ისივე როგორც თითქმის ყველგან, მამაკაცებმა ოკუპანტების შემოსევამდე დატოვეს.

„ორჯონიკიძედან გზავნილი მომივიდა, რომ ჯარი ჩვენსკენ მოდიოდა და კაცები იქაურობას უნდა გარიდებოდნენ, თორემ დახოცავდნენ. არ ვიცოდი, სოფელში ვინ იყო დარჩენილი და მარტო გამოვიქეცი. მესროდნენ. როგორც ჩანს, ,,გაუბიცა“ იყო. ბოლოს აჩაბეთის ხიდთან მესროლეს. ტყემდე ავედი და იქ უკვე ბევრი დევნილი შემხვდა. უმარავი მოხუცი იყო. რაც მე იქ ვნახე იმასთან შედარებით, ჭუბერი მონაგონია. ვისაც სიარული აღარ შეეძლო და ეცემოდა, მანქანაში სვამდნენ. ტყეც იბომბებოდა. წვერიახოზე ბიჭებმა თქვეს, მოდით ცალ-ცალკე ვიაროთ, წინ ჩეჩნები არიან და ერთად რომ დაგვინახავენ, არ დაგვხოცონო. უკვე ღამდებოდა, 40-მდე ჩეჩენი რომ დავინახე. მეგონა, მომკლავდნენ. „ზემლიაკ, ზემლიაკ“, - დამიძახეს. ,,კიდევ კარგი, ჩვენ ვდგავართ აქ, არ დაგხოცავთო.  სულ მამშვიდებდნენ. რომ მოვდიოდი და  მიწასთან გასწორებულ  სოფლებს, ქუჩაში დაყრილ გვამებს ვხედავდი, ჭკუაზე აღარ ვიყავი“, -  გვიყვება სოფლის ერთ-ერთი მახცოვრებელი.

ასე გამოიქცა ხეობის მოსახლეობა თბილისში, ,,თავისიანებთან”. თუმცა დედაქალაქში ჩამოსულებს, მათ პრობლემები არ მოკლებიათ. აქაც მშივრები და დაძაბულები იმის მოლოდინში არიან, თავშესაფრიდან როდის გააძევებენ.

სოფელ ხეითის მკვიდრს, ირმა კასრაძეს სანამ მანქანა შეხვდებოდა, თითქმის 15 კილომეტრის გავლა მოუწია. მანქანით ის ჯერ გორში, შემდეგ სხვა დევნილებთან ერთად, ავტობუსით, თბილისში წამოიყვენს.

ირმა კასრაძე: ,,თბილისში ჩამოვედით თუ არა, მერიასთან მივედით. 2-3 დღე ვიდექით მერიასათან. არავინ გამოსულა. მასხარად გვიგდებდნენ. ავტობუსებში გვეძინა. მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რეგისტრაცია გაიარეთო.

შემდე ამ სკოლაზე მიგვითითეს, მაგრამ არ გვიშვებდნენ. შუქი და წყალი არ არის და ვერ შემოგიშვებთო. დაპირისპირება იყო. ბoლოს ძალით შემოვედით, რადგან გამგეობაში გვითხრეს, სადაც შეგეძლებათ, შედითო. როდესაც ბიჭებმა  კარი გააღებინეს, შუქიც გამოჩნდა და წყალიც.

ვიღაცები მოდიოდნენ და სიებს ადგენდნენ. მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ადგილობრივი მოსახლეობა გვეხმარებოდა. სახელმწიფომ მხოლოდ პური მოგვაწოდა. ბოლოს მშრალი საკვები მოგვიტანეს. უპატრონოდ ვართ“.

მარინე ღვინაძე, 46-ე სკოლის პედაგოგი იხსენებს, რომ კვება არც თავიდან იყო ნორმალური.

მარინე ღვინაძე: ,,მოდიოდა ძეხვი, მაგრამ მაცივარი არ გაგვაჩნდა და სიცხის გამო ფუჭდებოდა. ახლა გვაქვს მაცივარი, მაგრამ ძეხვი აღარ გვაქვს. ამ ხალხის გამოკვება მართლაც მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც კარტოფილი, კვერცხი, წიწიბურა მოჰქონდათ. ბოლოს უკვე ეს ხალხი გაეროს მიერ გამოყოფილ კვებასა და პურზე გადაიყვანეს. დაახლოებით 5-6 დღეა მარტო ასეთი საკვები მოდის, თან 2 დღეში ერთხელ. პური ორ კაცზე ერთი ცალია. მეტის შესაძლებლობა არ გვაქვსო“.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ,,მშრალი პაიოკის” მირთმევა უბრალოდ შეუძლებელია, პროდუქტები  ყუთებით გამოიტანეს და ჩვენს თვალწინ გახსნეს. გემოს გასინჯვის სურვილი მას შემდეგ, რაც გაურკვეველი საკვების სუნი ვიგრძენით, აღარავის ჰქონდა. დევნილები აცხადებენ,  რომ შეუძლებელია ეს პროდუქტი ბავშვებს აჭამო. ერთაერთი, რასაც პატარები ამ დახმარებიდან მიირთმევენ შოკოლადი და  ნამცხვარია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

48-ე სკოლაში შესახლებულ მოხუც ცოლ-ქმარს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა. სხვებისგან განსხვავებით, ისინი სულ რამდენიმე დღის ჩამოსულები არიან. რეგისტრაციის გავლა ვერ მოახერხეს, რადგან სკოლაში ასაღწერად არავინ მოსულა, თავად კი გადაადგილება უჭირთ. აქედან გამომდინარე, საკვები, თუნდაც ასეთი სახის მათთვის არავის მოაქვს. მოხუცებს ისევ სხვა დევნილები ეხმარებიან და თავის ლუკმას უყოფენ.

შიმშილს ისიც ემატება, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დევნილებს  გაურკვეველი პირები აკითხავენ და ითხოვენ, სკოლა სასწრაფოდ დაცალონ. ამ მოთხოვნით მამასახლისს, ხვიჩა კეკელიშვილს ჩვენი თანდასწრებითაც დაურეკეს. ,,გორში კარვებია გაშლილი და იქ გადადითო. კვება აქ აღარ მოვა, გორში წავაო”.
უკვე მეორე დღეა, მათთვის პურიც არ მოუტანიათ. მეტიც, კანალიზაცია არ მუშაობს და დევნილების ნაწილს წყალიც კი გადაუკეტეს. ასე აიძულებენ, რომ   თავშესაფარი დატოვონ.

ლალი მურადაშვილი, დევნილი: „რამდენიმე წუთის წინ ძმას ვესაუბრე. კარალეთის გვერდით სოფელში, გარეჯვარში, ცხოვრობს. ვუთხარი, რომ გორში გვაგზავნიან, რადგან თბილისში სწავლა იწყება. მიპასუხა, კარალეთში რუსებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი, საბრძოლველად ემზადებიან. თვენ კი არა ჩვენც ვაპირებთ თბილისში წამოსვლასო. თურმე ზემო სოფლებში დღემდე ისვრიან. სკოლიდან კი გავალთ, მაგრამ გორში წასვლა არ გვინდა. გამოდის, რომ ისევ სასაკლაოზე მივყავართ. ზუსტად ვიცი, გორიდან ხალხი აქეთ მოდის“.

დევნილებს ხეობის გამგებელთან, ბადრი ბასიშვილთან კავშირი აქვთ და ამ პრობლემების შესახებ მას უყვებიან. გამგებელი მოსახლეობის გორში გადაყვენის სასტიკი წინააღმდეგია:  „სანამ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ ექნებათ არავის გადავიყვანთ. რამდენადაც ვიცი, ჯერ გორელების  პრობლემაც არ არის მოგვარებული, ხეობის მოსახლეობა კი 15 ათასია. კვებას რაც შეეხება, ყველგან იგივე პრობლემაა. ამერიკული რაღაცებია შემოტანილი, ჩვენი ხალხის ორგანიზმი კი ამ პროდუქტებს ვერ იღებს. მგონი, ხვალიდან ან ზეგიდან ეს ვითარება უნდა გამოსწორდეს“.

სასოწარკვეთილი მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლებში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებიან, როდესაც სამშვიდობოების მხრიდან უსაფრთხოების გარანტია მიეცემათ.

ახალი ამბები