კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყველაფერი სულელურ ამბიციებს შეეწირა“

5 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

გეგმა შეიცვალა, 7 წლის ლევან ოთხვანი გენწვიშის სკოლაში ვეღარ ივლის. მისი სოფელი რუსულმა ბომბდამშენებმა 10 აგვისტოს, შუადღისას დაბომბეს. ოთხვანების ხუთსულიანი ოჯახი ბოლო იყო, ვინც სოფლიდან, უკვე დევნილის სტატუსით, იმერეთისკენ გამოემგზავრა.

„10-ში, დილით ქათმებს საჭმელი დავუყარე. სამარისებული სიჩუმე ცუდად მენიშნა. სოფელში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. საქმე ხელიდან გავაგდე და ეზოდან გავედი. ვიფიქრე, გავიგებ რა ხდება-მეთქი. ქალების და ბავშვების ჭაჭანება არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ბიჭი შევნიშნე, რომლებიც ხმადაბლა, გაურკვევლად საუბრობდნენ. ამასობაში ჩვენი ეზოს თავში ჭურვი ჩამოვარდა. მაშინ მივხვდი, რომ იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. სოფელს ჩქარა უნდა გავცლოდით. გული იმაზე მწყდება, რომ გვატყუებდნენ. ყოველ წუთას გვიმეორებდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. სამხედროები ისე გაიქცნენ, უკან არ მოუხედავთ. ჩვენ იქ, წამოსვლისას ერთი სამხედრო აღარ დაგვინახავს. წავიდნენ და ჩვენ სასიკვდილოდ გაგვწირეს“, - იხსენებს კოდორელი ფატმან ოთხვანი.

61 წლის ქალბატონი ქუთაისის ავტომექანიკური კოლეჯის ერთ პატარა ოთახში მეუღლესთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათ გარდა შენობაში, სადაც ჩაჟანგული კარ-ფანჯრების წყალობით, აუტანელი დახუთულობაა, 60 ადამიანია თავშეფარებული. ბოლო დღეებამდე 300 იყვნენ...

დარჩენილებს, სხვებისგან განსხვავებით, წასასვლელი არსად აქვთ, თორემ ძნელი მისახვედრი არაა, რომ აქ ყოფნა გმირობის ტოლფასია. კოდორიდან აყრილ სვანებს მტკიცებულებების ჩამოთვლა არც ჭირდებათ - ერთი შეხედვით ჩანს, რომ ამ პირობებში ცხოვრება იოლი არ უნდა იყოს. ხის ყუთები, რომლებიც ერთ დროს, სავარაუდოდ, ნაგვის ყუთის ფუნქციას ასრულებდა, დღეს სკამისა და საწოლის მაგივრობას ერთდროულად წევს. ეს ნივთი დევნილებისთვის ყველაზე ძვირფასია. ცემენტის იატაკზე წოლას, ისევ ყუთზე ჯდომა სჯობს.

„გვეუბნებიან, აქედან უნდა წაგიყვანოთ, საწოლები ამიტომაც არ მოგვაქვსო. არავინ ამბობს, სად გვიპირებენ წაყვანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს გვეკითხება. რადგან ვითმენთ, ჰგონიათ, რომ ასეთ პირობებს ნაჩვევი ვართ. ასე არ არის. ჩვენს კუთხეში ტკბილად და ბედნიერად ვცხოვრობდით. 15 წელი კბილებით ვიცავდით კოდორს და ორ წელიწადში დავკარგეთ. ყველაფერი ვიღაცის სულელურ ამბიციებს შეეწირა. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი მალხაზ აქიშბაია კოდორში არ გვეკარებოდა, აქედან, თბილისიდან ვაგვარებ საქმეებსო. რუსი კი არა, ჩიტი ვერ შემოფრინდება ხეობაშიო. საყვედური რომ ვთქვით, კრიტიკულ მომენტში გაიქეცით, ჩვენ კი სასიკვდილოთ გაგვიმეტეთ- მეთქი, აქიშბაიამ თავი იმართლა, გამგებლებს უნდა გაეფრთხილებინეთ, სოფლები დაგეტოვებინათო. ახლა საყვედურის თქმას რაღა აზრი აქვს. ახლა ჩვენ მხოლოდ ყურადღება და მოხედვა გვჭირდება. ბოლოსდაბოლოს, სულიერები ვართ“, - ამბობს ფატმან ოთხვანი.

შვილმკვდარი დედა, მას შემდეგ, რაც ჩანთაში შვილის სურათები ჩაალაგა, დიდხანს ეხვეწებოდა მეუღლეს, სოფლიდან გაქცეულიყვნენ. მოხუცი სვანი არ გატყდა. დღეს კი, გვარწმუნებს, რომ საკუთარ კერაში საკუთარი ხელით კარის გამოხურვა იოლი არაა.

„მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება. არ მეგონა, ასე თუ დავთმობდით მიწა-წყალს. საჰაერო დაბომბვა რომ არ ყოფილიყო, გავუძლებდით და ხეობას გადავარჩენდით. 15 წლის ნალოლიავები უცებ ქარს გავატანეთ. ახლა მის დაბრუნებაზე ფიქრიც ზედმეტია. თუ დავიბრუნებთ, სოხუმთან ერთად უნდა დავიბრუნოთ. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია“, - ვაჟა ოთხვანს თვალზე ცრემლი ადგება.

აქ დღეს ყველა წარსულ დროში ლაპარაკობს. ბავშვებიც, რომელთაგან ყველაზე უმცროსის წარსული მხოლოდ 2 წელს ითვლის. „მდიდარი ხეობა იყო... ხე-ტყე გვქონდა, წყლები...“

დღეს კი, აღარაფერი აქვთ. მხოლოდ დახეული ტანსაცმელი, რომლის გორა შენობის დერეფანში შესვლისთანავე შეინიშნება. ჩასაცმელად უვარგისი „ქონება“ ზამთარში საწვავ მასალად თუ გამოდგება. აქვთ გამშრალი ონკანები, საიდანაც წყალი ალბათ წლებია არ წამოსულა და მოშლილი კანალიზაცია. დაკეტილი კარიდან გამოღწეული სუნი ისედაც გაღიზიანებულ ხალხს მოსვენებას უკარგავს.

„წყალს ქუჩიდან ვეზიდებით. იქაც ორ დღეში ერთხელ მოდის. დღეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცარიელი ბიდონებით დავბრუნდით. ნეტავ, ოდესმე მოვიდოდეს...“

დევნილები კოდორიდან დღეს წყლის და მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაზე ერთნაირად ოცნებობენ. ამბობენ, თუ მოვლენ და მოსმენას მოისურვებენ, გასაჭირზე დაწვრილებით მოუყვებიან.

„ტელევიზორში აცხადებენ, რომ ნორმალურ პირობებში ვართ, რომ მთავრობა ყველანაირად ცდილობს, გასაჭირი შეგვიმსუბუქოს. ყველაფერი ტყუილია. აქიშბაია მოვიდა და შეკრული პაკეტი დაგვიტოვა. „კრეკერი“ და ,,სუხარი“ იყო. მის წასვლამდე რომ გამეხსნა, ფეხებში მივაყრიდი და ვეტყოდი, რომ გაჭირვებული ადამიანი მასხრად არ უნდა აიგდოს. ყველა ღმერთის შვილები ვართ და არ ვიცით, ხვალ რა მოგველის“, - გაბრაზებული ფატმან ოთხვანი კარადიდან შეკვრას იღებს. ყუთში საპონი, სავარცხელი, შამპუნი და ერთი ცალი სარეცხის ფხვნილი დევს. ეს უკანასკნელი ორმა ოჯახმა უნდა გაიყოს - ასეთია „ბრძანება ზევიდან.“

   

ახალი ამბები