კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რას უნდა ველოდოთ ჰააგის ტრიბუნალისგან

8 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი

8 - 10 სექტემბერს გაეროს საერთაშორისო სასამართლო (ჰააგის ტრიბუნალი) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს. ამის შესახებ მხარეებს სასამართლოს თავმჯდომარემ როზალინ ჰიგინსმა ოფიციალურად შეატყობინა. საქართველო მოითხოვს, საერთაშორისო სასამართლომ ყველა ზომა მიიღოს, რათა რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების დისკრიმინაცია და ეთნიკური წმენდა, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა, ქალაქებისა და სოფლების მასობრივი ძარცვა, სეპარატიზმის მხარდაჭერა, გალის რეგიონისა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველებზე ზეწოლა - მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ პირველივე სხდომაზე დააკმაყოფილოს საქართველოს მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო რუსეთს მშვიდობის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედების განხორციელებას აუკრძალავს.

საქართველომ ჰააგის სასამართლოში განაცხადი 12 აგვისტოს, საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაითს ვოტჩის" განცხადებაზე დაყრდნობით შეიტანა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ადასტურებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების წინააღმდეგ ეთნიკურ წმენდას ახორციელებს. ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის, ჰოლი კარტნერის თქმით, ამით რუსეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აღებულ ვალდებულებებს არღვევს.

,,ჰუმან რაითს ვოტჩი" ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 12 აგვისტოს გორის ცენტრში აფეთქება ქალაქის ადმინისტრაციის წინ მოხდა, სადაც საკვები პროდუქტების მისაღებად ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი. "გადარჩენილების თქმით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის ჰოლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა. რუსი სამხედროები თავდაპირველად უარყოფდნენ, რომ გორის რაიონში ოპერაციებს ახორციელებდნენ, მაგრამ, 13 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ეს ფაქტი დაადასტურა. 9-12 აგვისტოს ქალაქზე კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში განხორციელდა, რომელიც მხოლოდ რუსულ ავიაციას შეეძლო მიეტანა", - იუწყება საერთაშორისო ორგანიზაცია.

,,ჰუმან რაითს ვოტჩმა" აკრძალული იარაღით დანგრეული და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები ცხინვალშიც აღმოაჩინა. სროლის კვალი  დაფიქსირდა სარდაფებზეც, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს. ორგანიზაცია ცხინვალის საავადმყოფოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 6-12 აგვისტოს საავადმყოფოში 273 დაჭრილი მიიყვანეს და 44 ცხედარი მიიტანეს.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს ქართულ სოფლებში მოროდიორობისა და სახლების გადაწვის ფაქტებზე.
როგორც ორგანიზაციას ოსური კონტრდაზვერვის თანამშრომელმა განუცხადა, ქართველების სახლები ოსურმა მხარემ განგებ გადაწვა.

"ეს სახლები ჩვენ დავწვით. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ქართველები დაბრუნებას ვერ შეძლებენ", - აცხადებს კონტრდაზვერვის თანამშრომელი.
მისივე თქმით, სოფელ თამარაშენში ოსურმა მხარემ ერთი ქართველი მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დახვრიტა, რომ მოეჩვენა, თითქოს იგი "რაღაცაში იყო გარეული".

საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის, დაჭრისა და მათი ქონების განადგურების ფაქტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც განიხილავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო პირველად ჩაერია კონფლიქტში და მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, ე.წ. დროებითი ღონისძიება და მისცა მითითება რუსეთს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ღონისძიებისაგან, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოს მიერ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთის მოქალაქეების განცხადებები შედის.

სამინისტროს ცნობით, განმცხადებლები, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საერთაშორისო დანაშაულებების ჩადენის გამო საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.

რა რეაგირება შეიძლება მოჰყვეს საქართველოს სარჩელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან? არის თუ არა ვალდებული რუსეთის ფედერაცია, აღასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და უარის თქმის შემთხვევაში რა ზომებს მიმართავს ტრიბუნალი? ამ კითხვებით მივმართეთ საერთაშორისო სამართლის ადვოკატს, ლია მუხაშავრიას.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახელმწიფომ ჰააგის სასამართლოს მიმართა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ეთნიკური წმენდის, სეპარატიზმის მხარდაჭერის და სხვა ფაქტების გამოძიების გარდა, ისიც მოითხოვა, რომ დაუშვებლად გამოცხადდეს რუსეთის და ნებისმიერი სხვა მხარის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ცნობა. აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო დანაშაულის, ეთნიკური წმენდის აღიარებას, რაც თავის მხრივ საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია.

 - ქალბატონო ლია, რამდენად ვალდებულია რუსეთის ფედერაცია, შეასრულოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები?

- ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 1993 წელს რომის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ინსტიტუტია, რომელიც გულისხმობს კოლექტიური ძალისხმევით მშვიდობისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. ამ ხელშეკრულებაზე ევროპის ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან რუსეთსაც აქვს ხელი მოწერილი. ხელმომწერი ქვეყნები ვალდებულები არიან, ყველანაირი საშუალებით ხელი შეუწყონ საგამოძიებო მოქმედებებს და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავე სასამართლოს გადასცენ.

- თუ რუსეთი არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებას, ისევე როგორც მას არ აღუსრულებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რა რეაგირებას მოახდენს ჰააგის სასამართლო?

- რომის საერთაშორისო ხელშეკრულების მთავარი პრინციპი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაა. ამისათვის, სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე, წინასწარ იღებს პრევენციულ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი თვითონაც არის მომჩივანი. გარდა ამისა, ჰააგის სასამართლოს უფლება აქვს, საკუთარი შეაიარაღებული სპეცბრიგადების, ინტერპოლისა და საერთაშორისო ანტიკრიმინალური ორგანიზაციების მეშვეობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება.

ახალი ამბები