კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზუგდიდში სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი გაუჩინარდა

8 სექტემბერი, 2008

 ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

შსს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომელი, 45 წლის პაატა ქარდავა, 27 აგვისტოს  დილის 11 საათზე საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. კოკი-ხურჩის დამაკავშირებელ ხიდთან ნაპოვნია მხოლოდ "მერსედესის" მარკის ავტომანქანა, რომელსაც ქარდავა მართავდა. ქარდავას გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა სამართალდამცავებმა და ახლობლებმა მის ადგილსამყოფელს დღემდე ვერ მიაკვლიეს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ქართველი პოლიციელი სოხუმის უშიშროების იზოლატორში იმყოფება და მის დაკითხვას რუსეთის ფსბ-ეს წარმომადგენლები აწარმოებენ.

პაატა ქარდავა ბოლოს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, საპატრულო სამსახურის თანამშრომელმა ნახა. გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქარდავამ მეგობარი სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის უკან დატოვა, თვითონ კი გეზი ზუგდიდის ცენტრალური ბაზრისკენ აიღო, სადაც მას  ქალიშვილი ელოდებოდა.

ლაშა ქარდავა, პაატა ქარდავას ბიძაშვილი: "მას შემდეგ, რაც პაატამ მეგობარი გუბერნიასთან დატოვა და გოგონასთან გაემართა, დაახლოებით 10 წუთში მასთან სატელეფონო კავშირი გაწყდა. ამ წუთების შუალედში მას ქალიშვილმა დაურეკა და ჰკითხა, როდის მიაკითხავდა ბაზართან. პაატას უთქვამს, შვილო, საქმე გამომიჩნდა, უნდა გავიდე და შენ შინ ტაქსით დაბრუნდიო. გოგონა ამბობს, მამა შეშფოთებული იყო და ხმა უკანკალებდაო. რამდენიმე წუთში მამისთვის ისევ დაურეკავს, მაგრამ  უკვე სამივე ტელეფონი გამორთული ჰქონდა".

ოჯახის წევრები და ახლობლები მის სამივე ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ რეკავდნენ.

ხვიჩა ქარდავა, პაატა ქარდავას ძმა: "პაატა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან დღეში ათჯერ მაინც რეკავდა. ამიტომაც ვხვდებოდით, რომ იგი გასაჭირში იყო. მას შემდეგ, რაც მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ შევძელით, გადავწყვიტეთ, მოგვეძებნა. თავდაპირველად პაატას ხელმძღვანელებს დავუკავშირდით, მაგრამ  მის შესახებ არაფერი იცოდნენ. შემდეგ ძებნა ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან გავაგრძელეთ. დარჩელის პოლიციის ქვეგანყოფილებაში გვითხრეს, რომ კოკი-ხურჩის ხიდთან ნაპოვნია ავტომანქანა, რომელიც ჩემი ძმის აღმოჩნდა. პაატას უკლებლივ ყველა დოკუმენტი ადგილზე იყო, მისი შეძენილი პროდუქტებიც ხელუხლებელი ეწყო".

პაატა ქარდავას კუთვნილი ავტომანქანა მის ოფისთან ახლაც დგას. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ ადგილზე ყოველდღიურად იკრიბებიან, იმ იმედით, რომ  გაუჩინარების შესახებ რამე ცნობას  მიიღებენ, მაგრამ უშედეგოდ. ჯერჯერობით არ არსებობენ თვითმხილველები, რომლებსაც შესაძლოა თუნდაც ავტომანქანის გადაადგილება შეენიშნათ.

ხვიჩა ქარდავა: "პაატას პირადი მტერი არ ჰყავდა, თუმცა გამორიცხული არც ესაა. მაინც ვფიქრობთ, რომ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვა სამსახურეობრივ საქმეს უკავშირდება. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ადამიანი, რომელიც დაზვერვის სამსახურში მუშაობს, მარტო არ გავიდოდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რამდენიმე მეტრში უკვე აფხაზები აკონტროლებენ. შესაძლოა იგი კოკი-ხურჩის ხიდამდე იარაღის მუქარით გაიყვანეს. გამორიცხული არც ისაა, რომ ეს ყველაფერი კვალის ასარევად მოეხდინათ, სინამდვილეში კი ზუგდიდის ტერიტორიაზე ჰყავდეთ გადამალული".

პაატა ქარდავას ახლობლებისთვის ცნობილია რამდენიმე თვითმხილველის მონათხრობი, რომლებმაც მისი ავტომანქანა გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე შენიშნეს. 27 აგვისტოს, დღის პირველის ნახევრამდე, პაატა ქარდავას ნაცრისფერი ,,მერსედესი” თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ პირველ მაისთან, რუსული ბლოკპოსტიდან 150 მეტრში შენიშნეს, სადაც იგი ნახევარი საათის განმავლობაში იდგა.

დაახლოებით ორის ნახევრისთვის პაატა ქარდავას ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა ზუგდიდიდან გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკრძალვაზე მიმავალმა ადამიანებმა შენიშნეს. ერთ-ერთი თვითმხილველი იხსენებს: ,,ხურჩის ხიდამდე 100 მეტრის მოშორებით მანქანამ სწრაფად ჩაგვიარა და მთელი ძალით დაამუხრუჭა. ამ დროს აფხაზური მხრიდან სროლის ხმა ისმოდა. ვხედავდით, როგორ გადმოვიდა მანქანიდან მაღალი, გამხდარი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სირბილით გამორბოდა და გვეუბნებოდა, სად მიდიხართ, არ გესმით სროლის ხმაო. სროლები მალევე შეწყდა და გზა გავაგრძელეთ. მანქანიდან გადმოსული მამაკაცი კი ორსანტიის მიმართულებით თხილნარისკენ გარბოდა“.

დაკრძალვაზე მიმავალმა ადამიანებმა დაახლოებით 10 წუთში ხურჩადან კოკში მომავალი რუსული ჯავშანტრანსპორტიორი შენიშნეს, რომელიც მიტოვებულ მანქანასთან შეჩერდა, ხუთი წუთი შეყოვნდა და კვლავ უკან დაბრუნდა.

თვითმხილველები დროის ამ მონაკვეთში რუსეთის საჯარისო ნაწილების მიერ ოკუპირებულ ხურჩის ტერიტორიაზე საეჭვოდ განვითარებულ მოვლენებზეც ყვებიან. პირველი საათისთვის სოფლის ცენტრში სოლიდურად ჩაცმული, წვერებიანი მამაკაცი გამოჩენილა, რომელსაც ოთხი, სამხედროფორმიანი, სავარაუდოდ დაცვის წევრები ახლდა. მას ადგილობრივი მოსახლეობისთვის განუმარტავს, რომ სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ.

ადგილობრივ მოსახლეობას ეჭვი გაუჩნდა, რომ უცხო პირებს ,,უფრო მნიშვნელოვანი“ დავალება ჰქონდათ შესასრულებელი და თითქოს ისინი ვიღაცის, ან რაღაცის მოლოდინში იყვნენ. დაახლოებით ერთ საათში ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან სოფლის მოსახლეობამ უცნაური, მელნისფერი ,,უაზის“ მარკის ავტომანქანა შენიშნა, რომელმაც ხუთივე პირი გალის მიმართულებით გადაიყვანა. პაატა ქარდავას ახლობლები ამბობენ, რომ ხურჩაში გამოჩენილ პირებს გაუჩინარებულ დაზვერვის თანამშრომელთან შესაძლოა რამე კავშირი ჰქონდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ქარდავა სოხუმის უშიშროების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც რუსეთის სპეცსამსახურები მის დაკითხავას აწარმოებდნენ. ამ ვერსიის მიხედვით ფსბ-ს აგენტურული ქსელისთვის მთავარი იყო ქართული სადაზვერვო სამსახურის თუნდაც ერთი თანამშრომლის ხელში ჩაგდება, რომ სასურველი ინფორმაცია მიეღო.

ხვიჩა ქარდავა: ,,თუ ეს ვერსია რეალობასთან მიახლოებულია, მაშინ, მთავარია, იმ პირების ვინაობის დადგენა, ვინც ჩემს ძმას გაუჩინარების დღეს, ან მანამდე თუნდაც ტელეფონით უკავშირდებიდა. იმ მამაკაცის აღნანაგობაც, რომელიც თვითმხილველებმა აღწერეს და რომელმაც ხურჩის ხიდთან ჩემი ძმის მანქანა მიატოვა და გაიქცა, პაატასგან განსხვავდება. იგი საშუალო სიმაღლის, მსუქანი, მელოტი და ცისფერთვალებაა. როგორც ვიცი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოდან შსს სამინისტროში გაიგზავნა მოთხოვნა სატელეფონო დეტალური ჩანაწერების მიღებასთან დაკავშირებით, მაგრამ 12 დღე გავიდა და პასუხი ჯერ არ ჩანს...“

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში პაატა ქარდავას გაუჩინარების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

 

 

ახალი ამბები