კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღელებს საცხოვრებელ სახლებსაც ართმევენ

9 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ქალაქ სიღნაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან ერთად, მესაკუთრეებს არა მხოლოდ კომერციული ფართები, არამედ საცხოვრებელი სახლებიც წაართვეს. მანანა მაჭარაშვილის, თამარ თარაშვილის და გელა ბეჟაშვილის შემდეგ, საკუთრების უფლებების დარღვევებზე ბაადურ მილაშვილიც საუბრობს. იგი აიძულეს, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი სახელმწიფოსთვის გადაეცა. მილაშვილი ამტკიცებს, რომ იძულების გარეშე ის ასეთ რამეს არ გააკეთებდა.

ბადურ მილაშვილი 2006 წლის 14 დეკემბრამდე იყო ქ. სიღნაღში, ივ. ლოლაშვილის ქ #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის (საერთო ფართი 535 კვ. მ) მესაკუთრე, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. 2006 წლის 14 დეკემბერს მოქალაქე ბადურ მილაშვილსა და სახელმწიფოს (სიღნაღის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილება) შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბადურ მილაშვილმა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დროს, ჩუქების ხელშეკრულებები იძულებით დაიდო რამდენიმე პირთან, მათ შორის გელა ბეჟაშვილთან, რომლის საქმეც არაერთხელ აისახა საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებებში. (ბეჟაშვილმა სახელმწიფოს ჩუქების სახით უსასყიდლოდ გადასცა მის საკუთრებაში არსებული, ქ. სიღნაღში ერეკლე ІІ #1 ა-ში მდებარე ტერიტორია, საერთო ფართით 720 კვ.მ)

"2006 წლის 13 დეკემბერს, ღამით, უცნობმა ადამიანებმა წამომიყვანეს სოფელ ბოდბისხევიდან ქ. წნორში და დამემუქრნენ, რომ თუ ჩემს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს სახელმწიფოს არ ვაჩუქებდი, მე და ჩემს ოჯახს პრობლემები შეგვექმნებოდა. დამაპატიმრებდნენ ან ჩემი ოჯახის წევრებს ჯიბეში ნარკოტიკებს აღმოუჩენდნენ", - აღნიშნავს ბადურ მილაშვილი და დასძენს, რომ მას შეეშინდა და მუქარიდან მეორე დღესვე ანუ 14 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

სახელმწიფოსთვის ქონების მუქარის შედეგად ჩუქების თაობაზე, ბადურ მილაშვილმა საჯაროდ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მანამდე ის მომხდარის შესახებ არაფერს ამბობდა.

ბადურ მილაშვილის საქმე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა. სახალხო დამცვველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მილაშვილსა და სახელმწიფოს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

"დადასტურებულია და ეჭვს არ იწვევს, რომ ბადურ მილაშვილი ნამდვილად იყო ქ. სიღნაღში ივ. ლოლაშვილის ქ. #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, რაც ვლინდება საჯარო რეესტრის ამონაწერიდანაც და 2006 წლის 14 დეკემბრის სანოტარო აქტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის І ნაწილის თანახმად, "რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.“ სწორედ იმ ფაქტს, რომ ამ მონაცემების უზუსტობის დამადასტურებელი დოკუმენტი არავის წარმოუდგენია, ამოწმებს ნოტარიუსი გიორგი ლომაშვილი ზემოხსენებულ სანოტარო აქტში. ამდენად 2006 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით, ქ. სიღნაღში ივ. ლოლაშვილის ქ. #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (საერთო ფართი 535 კვ.მ) იყო ბადურ მილაშვილის საკუთრება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, "გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.“ გარიგების განმარტებისას კანონმდებელი აღნიშნული მუხლის კომენტარში ეყრდნობა ნების გამოვლენის თეორიას და მიუთითებს, რომ გარიგება არის კერძო ნების გამოვლენა. სრულიად შესაძლებელია, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, ეს კი არის საფუძველი ნების გამოვლენის ბათილობისა. შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება ინტერესის საგანი ხდება მაშინ, როდესაც მათ შორის არსებობს კონფლიქტი. მოცემულ შემთხვევაში, ბადურ მილაშვილის მიერ გამოვლენილი ნება არსებითად ეწინააღმდეგება მის შინაგან ნებას, ვინაიდან იგი განმარტავს, რომ მან იძულებით გამოხატა ასეთი ნება.

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, "ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“ მოცემულ შემთხვევაში ბადურ მილაშვილსა და სახელმწიფოს (სიღნაღის სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების განყოფილება) შორის დადებული გარიგება ბათილია კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების დარღვევით დადების გამო, ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, აქ ადგილი არა აქვს ნების ნამდვილ გამოვლენას. ამდენად, აღნიშნული მუხლის მიხედვით, იგულისხმება, როგორც ყველა ის გარიგება, რომელსაც გააჩნია როგორც ბათილობის კანონით განსაზღვრული საერთო საფუძველი, ისე ცალკეული გარიგებისათვის დამახასიათებელი სპეციალური საფუძვლები. ბადურ მილაშვილის შემთხვევაში სახეზე გვაქვს ყველა ის სპეციალური საფუძველი, რაც ახასიათებს იძულებით დადებულ გარიგებებს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, "გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან“. ამდენად, იძულების დროს ადგილი აქვს აშკარა ჩარევას ნების გამოვლენაში, რაც მიზნად ისახავს გარიგების დადებას. ჩვენ მიერ განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა ჩარევა ბადურ მილაშვილის ნების გამოვლენაში, რაც მიზნად ისახავდა ჩუქების ხელშეკრულების გზით სახელმწიფოსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ასეთი ნება არ მომდინარეობდა თავად ბადურ მილაშვილის მხრიდან, ის წაიყვანეს, დაემუქრნენ და აიძულეს, რომ გამოეთქვა ქონების გადაცემის სურვილი.

სამოქალაქო კოდექსი ადგენს აგრეთვე იძულების გამოხატვის ფორმებსა და ხასიათს. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში და მუქარაში. პირველ მათგანს მაშინ აქვს ადგილი, როცა პირს ფიზიკური იძულებით, ძალის გამოყენებით მოაწერინებენ ხელს გარიგებაზე ან მძიმე ფიზიკური ტანჯვის მიყენებით, ჰიპნოზური ძილის მდგომარეობაში არწმუნებენ, იკისროს ვალდებულება. მუქარის შემთხვევაში, პირი იძულებული ხდება, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიშით მოახდინოს სხვის მიერ ნაკარნახევი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა, რასაც ადგილი ჰქონდა მილაშვილის მიმართ, ვინაიდან მას დაემუქრნენ მისი ოჯახისათვის პრობლემების შექმნით. აღნიშნულს კი, ასევე, სამართლებრივად აწესრიგებს დასახელებული კოდექსის 87-ე მუხლი, რომლის თანახმად, `იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ - ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.“

"ამდენად, იძულება უნდა იყოს რეალური, გათვალისწინებულ უნდა იქნას, ვისგან მოდის იძულება და ვის მიმართ ხორციელდება იგი. მოცემულ შემთხვევაში, ბადურ მილაშვილი, რომელზედაც განხორციელდა იძულება, არის მოქალაქე, რომელსაც ჰყავს მეუღლე და შვილები, ხოლო გარიგების მეორე მხარე არის სახელმწიფო თავისი ძლიერი და უზარმაზარი აპარატით. მის დაქვემდებარებაში არის ქვეყნის ყველა ძალოვანი უწყება, სახელმწიფოზეა დამოკიდებული კერძო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. ერთი სიტყვით, ერთ მხარეზე დგას აშკარად ძლიერი კონტრაგენტი, რომელსაც აბსოლუტური ძალა შესწევს, განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც უარყოფითად აისახება მეორე მხარეზე ანუ რეალურად შეასრულოს მუქარა. ამდენად, ბადურ მილაშვილი განმარტავს, რომ მას ჰქონდა საფუძველი, ეფიქრა, რომ ის პირები რომლებმაც იგი 13 დეკემბერს ღამით წაიყვანეს ქ. წნორში ნამდვილად შეძლებდნენ მუქარის შესრულებას. აღსანიშნავია, აგრეთვე, მუქარის განხორციელების დრო, ადგილი და ვითარება. ბ. მილაშვილი გამიზნულად მიჰყავთ ღამით, ვინაიდან შიშის ფაქტორი ასეთ დროს გაცილებით ძლიერია. ამ სურათის წარმოდგენის შემდეგ აღარ არსებობს ეჭვი, რომ ბადურ მილაშვილმა აბსოლუტურად რეალურად აღიქვა განხორციელებული მუქარა და იმ ღამესვე მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოაწერა ჩუქების ხელშეკრულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დარღვეულია მთელი რიგი კანონთა მოთხოვნები, დარღვეულია ქვეყნის მთავარი კანონი  - კონსტიტუცია, რომლის თანახმად, საკუთრება ერთ-ერთი გარანტირებული და მყარად დაცული უფლებაა. მოცემულ შემთხვევაში, ასევე, იგნორირებულია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნების გამოხატვის თავისუფლება, რაც თავის მხრივ ადასტურებს მოქალაქე ბადურ მილაშვილის უფლებების დარღვევას. ამიტომ, მიმაჩნია, ბადურ მილაშვილსა და სახელმწიფოს შორის დადებული გარიგება ბათილად უნდა ცნონ, ბადურ მილაშვილს უნდა დაუბრუნდეს იძულებით გასხვისებული საკუთრება, ხოლო აღნიშნული ქონების ჩამორთმევით მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად ან, მორიგების შემთხვევაში, ბადურ მილაშვილს უნდა შესთავაზონ მისი ქონების ადეკვატური ღირებულების კომპენსაცია", - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

ომბუდსმენმა ეს რეკომენდაცია თავის საანგარიშო მოხსენებაში გამოაქვეყნა და მასალები შესაბამისი რეაგირებისათვის პროკურატურასაც გადაუგზავნა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობს, უსასრულოდ...

ახალი ამბები