კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლებიდან გამოსახლებული დევნილებისთვის მერია ადგილს ვერ პოულობს

9 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფომ სკოლების დევნილებისგან დაცლა დაიწყო. მერია და გამგეობები მათთვის ალტერნატიულ ფართს ეძებენ, მაგრამ შეზღუდული რესურსების გამო დევნილებს ცხოვრებისთვის გამოსადეგ პირობებს ვერ სთავაზობენ.  უკმაყოფილო დევნილები თავად ცდილობენ, ცარიელი შეჯნობები დაიკავონ, რაც ხშირად შეხლა-შემოხლით მთავრდება.

თბილისის N126-ე სკოლაში (ვაჟა ფშაველას N 71) შესახლებული დევნილები „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ 4 სექტემბერს დაუკავშირდნენ.  მათ პოლიციამ  სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის დაცლა მოსთხოვა. მათთვის  ქალაქის მერიამ ალტერნატიულ ფართის მოძებნა ვერ მოახერხა და  დევნილები შიშობდნენ, რომ  ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევდათ.

N126-ე სკოლაში მცხოვრები 22 ოჯახი ტყვიავიდან, კეხვიდან, თამარაშენიდან და სხვა სოფლებიდან არიან.  საკუთარ  სახლებში დაბრუნებას  ისინი ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. მერიის წარმომადგენლები მათ პირველად ერთი კვირის წინ დაუკავშირდნენ და გორში კარვებში გადაყვანა შესთავაზეს, რასაც დევნილები არ დათანხმდნენ.

ნელი გუგუტიშვილი, დევნილი: „ჩვენ უარი ვთქვით. აბა, როგორ წავიყვანოთ ბევშვები კარვებში?! ზამთარი მოდის, სიცივე. ერთი და ორი დღით ხომ არ მივყავართ“.

როგორც გაირკვა, დევნილების სხვა შენობებში განთავსებას გამგეობები კურირებენ. ვაკე-საბურთალოს გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა ასათიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დევნილებს სკოლის შენობებიდან მანამდე  არ გაასახლებდნენ, სანამ ალტერნატიული ფართი არ მოიძებნებოდა.

თავის მხრივ დევნილებმა განაცხადეს, რომ მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები დირექტორთან ფარულად აწარმოებენ მოლაპარაკებებს და სანდოები არ არიან. ამ მიზეზით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ალტერნატიული ფართის ძებნა თავად დაიწყეს და სანდრო ეულის N3-ში ცარიელი ადგილი აღმოაჩინეს. დევნილებმა ესაუბრნენ იქ  განთავსებული ობიექტის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ჩასახლებაზე თანხმობა მისცა. მეორე დღეს ვითარება შეიცვალა. როდესაც დევნილებმა შენობაში შესვლა გადაწყვიტეს, ობიექტის ხელმძღვანელობამ მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია.

5 სექტემბერს დევნილებმა  შენობის ერთ-ერთი თანამშრომლის თანხმობის საფუძველზე მაინც  გადაწყვიტეს შენობაში შესულიყვნენ. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  შეესწრო იმ მომენტს, როდესაც ობიექტის დირექტორი მოადგილე ოლეგ ბარამიძე დევნილებს იმ ოთახებს უჩვენებდა, სადაც მათ უნდა ეცხოვრათ.  ოთახების დათვალიერების შემდეგ დევნილები აღშფოთებულები დარჩნენ, რადგან ყველაგან ნაგავი ეყარა, ფანჯრები კი ჩალეწილი იყო. ოლეგ ბარამიძე ირწმუნებოდა, რომ 3 დღეში ეს ფართი საცხოვრებლად ვარგისი გახდებოდა, რასაც არ დაეთანხმა იქვე მყოფი თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, შენობის დირექცია მაქსიმალურად ცდილობდა, თავიდან მოეშორებინა დევნილები და არ ჩაესახლებინა ისინი  შენობის იმ სართულებზე, რომელიც შედარებით კომფორტაბელური იყო.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აქტიური ჩარევით და მერიის წარმომადგენლის დაჟინებული მოთხოვნით,  ობიექტის  დირექტორმა გივი მინდელმა დევნილებს შენობაში შესვლის ნება მისცა. სწორედ იმ დორს, როდესაც 126-ე სკოლის დევნილები ოთახებს ინაწილებდნენ, ობიექტს კომაროვის სკოლსაში მცხოვრებლებიც  მოადგნენ.  მიუხედავად იმისა, რომ მერიის წარმომადგენელი ირაკლი კვარაცხელია ირწმუნებოდა, ,,კომაროვში“ აკადემიური წელი გამოცხადდაო, შვიდმა დევნილმა ოჯახმა ტერიტორია მაინც არ დატოვა.
 
„არ წავალ აქედან. დერეფანში დავწვები!“ ,,ორი ბავშვი მყავს, გადააგდეთ ფანჯრიდან!“ ,,მშივრები ვართ სკოლაში, პურიც კი აღარ მოაქვთ!“ - ყვიროდნენ დევნილები.

საბოლოოდ ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ძალისხმევით ეს შვიდი ოჯახიც ობიექტის შენობაში დარჩა. თუმცა დღემდე ღიადაა დარჩენილი იმ ადამიანების საკითხი, რომლებმაც თბილიში ალტერნატიური საცხოვრებელი ფართი ვერ მოძებნეს.  „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ სკოლებიდან ურეკავენ და დახმარებას სთხოვენ, რათა სკოლის ტერიტორიაზე დარჩენა მოახერხონ, რაც შეუძლებელი გახდება თუ 15 სექტემბერს სწავლა მართლაც დაიწყო. თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობისთვის ყველა დევნილის ალტერნატიური ფართით დაკმაყოფილება საკმაოდ სერიოზული პრობლემა იქნება.

ახალი ამბები