კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

''რუსული კვალი'' იმერეთში

9 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ომის შედეგად იმერეთს დიდი ზიანი არ მიდგომია. მართალია, დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, მაგრამ ამჟამად მის რეაბილიტაციაზე მუშაობენ. აეროპორტი თვის ბოლომდე ამოქმედდება.

„9 აგვისტოს, გამთენიისას აფეთქების საშინელმა ხმამ გამაღვიძა. მეგონა, სახლი თავზე ჩამომენგრა. აზრზე ვერ მოვედი, რა იყო. რამდენიმე წამში ხმა ისევ განმეორდა. თან იმდენად ახლოს იყო, ვიფიქრე, აქვე, ჩემს ეზოში მოხდა რაღაც. ამასობაში მეზობლებიც შეიკრიბნენ და მოგვიანებით ყველამ ერთად გავიგეთ, რომ კოპიტნარის აეროპორტი იბომბებოდა“, - ასე იხსენებს რუსი აგრესორების პირველ შეტევას იმერეთზე სოფელ ფარცხანაყანების მკვიდრი აკაკი ნიქაბაძე.

9 აგვისტოს რუსებმა საჰაერო იერიში კოპიტნარის აეროპორტსა და  ხონის სამხედრო ბაზაზე ერთდროულად მიიტანეს. პარალელურად იბომბებოდა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტიც. საქართველოზე მიყენებული რუსული იერიშის შედეგად წარმოქმნილ ზარალს ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები დღემდე ითვლიან. წინასწარი მონაცემებით ირკვევა, რომ იმერეთი აგვისტოს ამბებმა, დანარჩენი რეგიონებისგან განსხვავებით, ნაკლებად დააზარალა.

„ციფრებში ამ ზარალის გადმოცემა არ შემიძლია. თუმცა, გეტყვით, რომ რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის აეროპორტში დაახლოებით 60 ბომბი ჩამოაგდო. ახლა განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, სულ რამდენიმე ჭურვი დარჩა. დაახლოებით 12 ბომბი  უშუალოდ ასაფრენ ზოლს მოხვდა და ორგან სერიოზულად დააზიანა. დანარჩენი ბომბები მიწაშია აფეთქებული და ამიტომ იქ არაფერი დაზიანებულა“, - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

ჩოგოვაძის თქმითვე, კოპიტნარის აეროპორტი სექტემბრის ბოლოსთვის თვითმფრინავების მიღებას შესძლებს. რაც შეეხება დანარჩენ ზარალს, როგორც ირკვევა, ის არცთუ საგანგაშოა.

„იმერეთში ობიექტები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულან, მათ შორის, არც საჩხერეში. უბრალოდ, რუსები პერევში დგანან და იქ პიკეტი აქვთ მოწყობილი“, - ამბობს მიხეილ ჩოგოვაძე. თუმცა, იმის გათვალისწინებითვე, რომ რუსი სამშვიდობოები დღემდე რჩებიან  სოფელ პერევში, თვითონ საჩხერლები თავს მშვიდად ვერ გრძნობებ.

„არაფერს გვიშავებენ, თავისთვის არიან, მაგრამ მშვიდად მაინც ვერ ვართ. ან როგორ ვიქნებით, როცა ირგვლივ კბილებამდე შეიარაღებული რუსები დგანან. თან ისე არიან გამაგრებულნი, რომ ფაქტია, წასვლას არ ჩქარობენ. ჯერ ღია ცის ქვეშ იყვნენ, ახლა კი, საგუშაგოები მოიწყვეს... ჩვენ დღეს საკუთარ კუთხეში სტუმარივით ვართ. ჩაცმულებს გვძინავს, რამე რომ იყოს, სწრაფად გავიქცეთ“, - განაცხადა  საჩხერის მკვიდრმა.   

„რუსები ერთ სოფელში, პერევის შესასვლელში დგანან და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ იძლევიან. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ადმინისტრაცია მოსახლეობასთან კონტაქტს არ წყვეტს. ამ დღეებში მიღწეული შეთანხმებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ძალისხმევით, იქ მცხოვრებ ოჯახებს სურსათით  დავეხმარებით“, - ამბობს ჩოგოვაძე.

რაც შეეხება ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის, გორის  რეაბილიტაციის პროგრამაში იმერეთის ჩართვას, გუბერნატორის განცხადებით, არსებობს გარკვეული გეგმა, რომელიც ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთანავე, უახლოეს მომავალში გაცხადდება.

ახალი ამბები