კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები ჰიგიენური კატასტროფის წინაშე

10 სექტემბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორიდან

გორის კარვებში განთავსებული დევნილები ჰიგიენულ კრიზისზე საუბრობენ. არც საპონი, არც შამპუნი, არც ცხელი წყალი... ტყვიებს გადარჩენილი ხალხი ახლა  ეპიდემიის საფრთხის წინაშე დგას.

,,კარვების ქალაქში" ცენტრალურ შესასვლელთან პოლონელ მედიკოსებს ცალკე კარავი აქვთ გაშლილი. სხვადასხვა სპეციალობის სამი ექიმი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს უტარებს.

,,ძალიან ბევრი დევნილი კუჭ-ნაწლავის დაავადებებს უჩივის, განსაკუთრებით  ბავშვები. არ არის გამორიცხული, ეს საკვებით ან წყლით იყოს გამოწვეული, თუმცა მიგვაჩნია, რომ უფრო დარღვეული კვების რეჟიმის ბრალია. ბევრი გაციებული ადამიანი გვაკითხავს, რადგანაც  ღამე კარვებში ცივა", - გვითხრა  ერთ-ერთმა ექიმმა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“  მოსახლეობასაც გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ისინი გაუთავებელი ჩაწერებით და ერთი და იგივეს ლაპარაკით დაიღალნენ.

,,რამდენჯერ უნდა მოხვიდეთ და ჩაგვწეროთ? რა გააჭირეთ ამ ჟურნალისტებმა საქმე? წადით და ჰკითხეთ, რატომ არ მაძლევენ ,,ტაშტს" და ვედროს. აღარ არისო. რას ჰქვია, აღარ არის?! წამიყვანონ ჩემს სახლში და იმდენ ,,ტაშტსა“ და ვედროს გამოვატან, ყველას ეყოფა. ეს რა ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, ,,ტაშტი“ და ვედრო ენანებათ. სულ 2 ლარი ღირს, ბოლო-ბოლო, ვერ უყიდიათ?! თან ხომ არ წავიღებ, დავუტოვებ, როცა წავალ", - ცხარობდა სოფელ ერგნეთის მკვიდრი ქალბატონი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ძალზედ გაღიზიანებული დაბრუნდა გრძელი რიგებიდან.

,,მრავალეროვანი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არინა თავაქარაშვილი ამბობს, რომ კარავში ძალიან ბევრი ადამიანი ჰიგიენური საშუალებების ნაკლელობას განიცდის. ,,რაც შეგვიძლია ვეხმარებით, მაგრამ აქ  ბევრი ხალხი ცხოვრობს და შეუძლებელია ჩვენნაირმა მცირე ჯგუფებმა მთლიანად მოიცვას დევნილები", - გვითხრა მან.

ჩვენ რამდენიმე საბავშვო ბაღიც მოვინახულეთ. გორის მე-10 საბავშვო ბაღში დვანიდან, ნიქოზიდან, მეღვრეკისიდან, შერთულიდან და ა.შ. სოფლებიდან დევნილი პირები ცხოვრობენ.

მანანა გოგოლაძე, დევნილი სოფელ დვანიდან:  ,,აქ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვარ, მეუღლე ისედაც დაღუპული მყავდა. ჩემი მეზობლები ავიდნენ ორი დღის წინ სოფელში და ნახეს, რა მდგომარეობაცაა იქ.  სახლები გაძარცვულია,  რამდენიმე  - დამწვარი. მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ. ვისაც საქონელი შემორჩა, ყიდის, ვინც ვერ ასწრებს გაყიდვას, ღამე ოსები შემოდიან და მიჰყავთ.

ჩემი ბავშვებით იქ ვერ ვიცხოვრებ. ავტობუსი მხოლოდ სოფელ ტახტისძირამდე ადის და იმის მერე ფეხით უნდა იარო. მეც ვიყავი ასული ჩემს სახლში და სასწრაფოდ უკან წამოვედი. აქ კი პირობები ნელ-ნელა უარესდება. ბაღს ფანჯრები არა აქვს, დაბომბვისგან ჩაილეწა. ღამე ცივა. რაც შეეხება ჰიგიენურ საშუალებებს, საპონი არ გაგვაჩნია, რომ ხელები მაინც დავიბანოთ. სხვა ჰიგიენურ პირობებზე ხომ საუბარიც ზედმეტია".

იმედი კაპანაძე, (სოფელი ნიქოზი): ,,ძირითადად  პური და იტალიური სამზარეულო (ცხელი საკვები) შემოაქვთ. ეს დღეში ერთხელ ხდება. ამასწინათ საპატრიარქომ გამოგვიგზავნა პური, კარტოფილი და წიწიბურა. თურქული, შეფუთული მაკარონიც მოგვიტანეს. კვების მხრივ ყურადღებას კი ვგრძნობთ, მაგრამ  უკვე ერთი თვე გავიდა, რა ტანსაცმლითაც წამოვედით, ისევ ის გვაცვია. არანაირი ჰიგიენური პირობები არ გვაქვს. ქვაბი რომ ქვაბია, ის მაინც მოგვიტანონ. წარმოიდგინეთ, ბაღის ბავშვების პატარა ჯამებით ვჭამთ საჭმელს“.

ახალი ამბები