კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამაშვილების სახლი აჭარის ხელისუფლებამ დაიკანონა

10 სექტემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ქობულეთელი ალექსანდრე ადამაშვილი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის დაკანონებას 2005 წლიდან ითხოვს. მას ქონება არც პროექტ „რაც შენია შენიას“ ფარგლებში დაურეგისტრირდა. 2007 წელს ადამაშვილების ხის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში აღმოჩნდა.
 
სოფელ ციხისძირის ზღვისპირა ზოლში, აბაშიძის ქუჩის #94-ში მცხოვრებმა ალექსანდრე ადამაშვილმა სამი წლის წინ, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს თავისი ქონების დასარეგისტრირებლად მიმართა. მაშინ მას არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო უარი უთხრეს. ამიტომაც, ადამაშვილებმა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს მიაკითხეს. თუმცა სასამართლომ მათი საქმე მხოლოდ ამა წლის, აგვისტოს დასაწყისში განიხილა. მოსამართლე ზურაბ სურმანიძემ ადამაშვილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ ვითხოვდით ადამაშვილების საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სახლის საკუთრებაში აღიარებას. ადამაშვილები ამ ტერიტორიაზე 1955 წლიდან ცხოვრობენ, აქვთ საბინაო წიგნიც. ჩვენ არა გვაქვს მასალა იმისა, თუ რის საფუძველზე დაარეგისტრირა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ადამაშვილების საცხოვრებელი სამინისტროს საკუთრებაში. რა თქმა უნდა, სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, მითუმეტეს იმ ტერიტორიასთან დაკავშირებით, სადაც სახლია“, -  აცხადებს ადამაშვილების ადვოკატი თენგიზ კონცელიძე.

ციხისძირის სასოფლო საბჭოს საარქივო ცნობების მიხედვით, „1961-1963 წლებში საკომლო წიგნში ალექსანდრე ადამაშვილი არის ოჯახის უფროსი, ოჯახს აწერია საცხოვრებელი სახლი, აგებული 1955 წელს“. თუმცა, ადამაშვილის ოჯახს არ მოეპოვება დოკუმენტაცია მიწის სარგებლობის შესახებ.

რაც შეეხება ხის სახლს (72 კვ.მეტრი), რომლის ადამაშვილების კუთვნილებაში არსებობა საკომლო წიგნითაც მტკიცდება, ის მაინც აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს საკუთრებაშია.

2008 წლის მარტში, პროექტის „რაც შენია, შენიას“ იმედით ადამაშვილებმა ქონების დარეგისტრირებაზე საკუთრების აღიარების კომისიას კიდევ ერთხელ მიმართეს. სწორედ, მაშინ გაიგეს, რომ „შენობა-ნაგებობები საერთო სასარგებლო ფართით 212,2 კვ.მეტრი აბაშიძის ქუჩაზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, მესაკუთრე - სახელმწიფოა“.

2007 წლის 21 აგვისტოს, ქობულეთის საჯარო რეესტრისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიუმართავს და ყოფილი ტუნგოს საშრობის შენობისა და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება მოუთხოვია. სწორედ, ამ შენობასთანაა ადამაშვილების ხის სახლიც. ამჟამად, ეს სახლიცა და ადამაშვილების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიც სამინისტროს საკუთრებაშია.

ადამაშვილები 4 000 კვ.მეტრამდე მიწის ფართს ამუშავებდნენ. მათგან ნაწილზე მრავალწლიანი ხეხილის ბაღი იყო გაშენებული. „ნახევარ საუკუნეზე მეტია, აქ ვცხოვრობთ. ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ ეს სახლი და მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა, მხოლოდ გაფორმება რომ მოვითხოვეთ, მაშინ გავიგეთ. მიმტკიცებენ, ყოფილ ტუნგოს საშრობს ხარ მიწერილიო. ტუნგოს საშრობი 40 წელია აღარ მუშაობს, ეს რატომ არ ჩაწერეს არც ერთ საბუთში?“ -  კითხულობს ადამაშვილის მეუღლე შორენა კახიძე.

„პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბერის ბრძანებულების თანახმად, მიწის ნაკვეთი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფოზე, როგორც არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში აღიარებას არ ექვემდებარება. ის რომ ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაკვეთი თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა ამ წესს ეწინააღმდეგება. თუმცა საცხოვრებელი სახლი რომ ადამაშვილების საკუთრებაა   მტკიცდება და ეს უნდა აღიარონ“, - აღნიშნავს ადამაშვილების ადვოკატი. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის, ჰენრი სანიკიძის განცხადებით, „ადამაშვილების ტერიტორია აღიარებას არ ექვემდებარება, რადგან ის სახელმწიფო შენობაზე მიმაგრებული ფართია“. რაც შეეხება იმას, გამოუყოფენ თუ არა ადამაშვილებს  სხვა ფართს, სანიკიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ამჟამად  იურისტები მუშაობენ. ,,თუ დადასტურდება ნაკვეთზე საკუთრება, მაშინ  დავეხმარებით“, - თქვა მან.

ადამაშვილების კიდევ ერთი იმედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, რომლის სახელზეც წერილი უკვე თვეებია გაგზავნილი აქვთ, თუმცა მისგან პასუხი ჯერაც არ მოსულა.

ახალი ამბები