კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილები - „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ

16 სექტემბერი, 2008

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

სოფელ განთიადში ერთსართულიანი ხის სახლი დაიწვა, სადაც სამი ოჯახი ცხოვრობდა. დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების სახით მხოლოდ ათას ლარს აძლევს. სახლის პატრონები გამოძიების დასრულებას ელოდებიან და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ.

სახლში, სადაც 13 ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ცხოვრობდა, 3 სექტემბერის ღამით დაიწვა. იმ ღამით სახლში მხოლოდ მურმან დიასამიძე და პენსიონერი დედამისი იმყოფებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაზარალებულები  ელექტროენერგიის მაღალ ძაბვას ასახელებენ.

„ელექტრიკს“ რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ძაბვა ძალიან თამაშობდა, ხშირად მაღალი იყო. ჩვენი სახლის დაწვის შემდეგაც, მეზობლებს ნათურები გადაეწვათ. ჭაღალიძეს ტელევიზორიც კი გადაუწვა“, ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ფრიდონ ბერიძე.

გადარჩენით ვერაფრის გადარჩენა შეძლეს: „სახლიდან არაფერი გამოგვიტანია, მხოლოდ ცოცხლები გადავრჩით და არავინ დაშავებულა. ყველანი შინ არ ვიყავით, თორემ ხანძარი ღამის პირველ საათზე გაჩნდა და ძილში, ალბათ, ვერაფერსაც ვერ გავიგებდით“.

დაზარალებულთა თქმით, სახანძრო დახმარება დროულად არ მივიდა. საბოლოოდ, სახანძრომ მხოლოდ ის შეძლო, რომ მეზობლების სახლები გადაარჩინა დაწვას. „გამოძახების გარდა, ნავთობტერმინალის სახანძრო სამსახურს (ტერიტორიულად დაახლოებით სამ კილომეტრშია _ ავტ.) მეზობელმა მიაკითხა კიდეც, მაგრამ უთხრეს,  ჩვენ ძვირფასი ქაფი გვაქვს და სახლზე ვერ დავხარჯავთო, ასე უპასუხეს. 00:15 წუთზე გამოვიძახეთ და 01:47 წუთზე მოვიდნენ ბათუმის სახანძრო სამსახურიდან“, - ამბობს მურმან დიასამიძე.

ბათუმის მერიის სახანძრო სამსახურის უფროსი ხუსეინ სირაბიძე კი აცხადებს, რომ გამოძახება დაგვიანებით მოხდა: „ადგილზე შვიდი სახანძრო დახმარების მანქანა იყო გასული. უბრალოდ, ჩვენები რომ მივიდნენ, სახურავი უკვე დამწვარი და ჩამონგრეული იყო“.

თუმცა, სახანძრო სამსახურში გამოძახების დროდ დაზარალებულთა მიერ დასახელებული დროა მითითებული.  ერთ-ერთმა დაზარალებულმა გვითხრა კიდეც, რომ სახანძრო დახმარების თანამშრომელი მას ოქმზე ხელმოწერას სთხოვდა, სადაც ცეცხლის ლიკვიდაციის დრო არასწორად ეწერა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულები სახანძრო სამსახურზე ჩივილს იმ მიზეზით არ აპირებენ, რომ „რიგითებს გაათავისუფლებენ და უფროსები მაინც არ დაისჯებიან“.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გიორგი სურმავამ შემთხვევის შესახებ ჩვენგან გაიგო. ქვესადგურის კონტროლიორთან სატელეფონო საუბრით გაარკვია, რომ მათი, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრალეულობა გამორიცხულია, რადგან: „აღნიშნულ ქვესადგურში, საკაბელო მეურნეობა და ტრანსფორმატორი, რომელიც დენს აძლევს მოსახლეობას, ამ შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა.  ძაბვის მომატების შემთხვევაში  ჩვენი ქვესადგურიც დაზიანდებოდა“. თუმცა „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ არც ის ფაქტი უარყვიათ, რომ იყო შემთხვევა ბათუმში, როცა ერთ-ერთ ოჯახს ტელევიზორი მაღალი ძაბვის გამო დაეწვა და ენერგო-პრო ჯორჯიას ანაზღაურება მოუხდათ.

დაზარალებული მოსახლეობა კი დარწმუნებულია რომ ხანძარი ელენერგიის ძაბვის მომატებამ გამოიწვია. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან და შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ ჩივილს აპირებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით: „უსახლკაროდ ვართ დარჩენილი. დროულად რომ დაერეგულირებინათ ძაბვა, ხანძარი ხომ არ გაჩნდებოდა. ისინი ვალდებულნი არიან კომპენსაცია გადაგვიხადონ“.

აღნიშნულ საქმეს მახინჯაურის პოლიციის განყოფილების გამომძიებელი, ემზარ ველიაძე იძიებს, რომელმაც კომენტარზე უარი განაცხადა.

სოფელი განთიადი ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტში შედის. მუნიციპალიტეტის გამგებელის, თეიმურაზ დუმბაძის განცხადებით, დაზარალებულებისთვის ბიუჯეტში მხოლოდ ათასსლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული. თუმცა დაზარალებულებს ჯერჯერობით არც ეს მიზერული დახმარება მიუღიათ: „ათასი ლარით რა გავაკეთოთ? სახურავდანგრეულსაც დაზარალებული ჰქვია და ჩვენც. იმათაც ათასს ლარს აძლევენ და ჩვენც“.
მოსახლეობას არც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის იმედი აქვთ. თუმცა, განცხადებით მაინც მიმართეს: „პასუხისთვის შემდეგ კვირაში დაგვიბარეს, მაგრამ რა იმედი უნდა გვქონდეს“.

დღესდღეობით, დაზარალებული სამი ოჯახი ცხოვრებას ისევ სოფელში აგრძელებს: დიასამიძის ოჯახი მეზობლის ჯიხურში ცხოვრობს, ფრიდონ ბერიძე მეზობელთან არის შეფარებული, ბაგრატ გოგიტიძის ოჯახი კი  ბოსლის მეორე სართულზე.

ახალი ამბები