კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ცხინვალი ომამდე ერთი თვით ადრე იყო მოსახლეობისგან დაცლილი“

17 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„შეიძლება ითქვას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ ეს იგივეა, რაც შენ 20 დღის განმავლობაში სახეში მაფურთხო და ბოლოს მე სახეში შემოგარტყა,  შენ კიდე მითხრა, რა გავაკეთე ისეთი, მხოლოდ 20-ჯერ სახეში შემოგაფურთხე...მე ხომ არ დამირტამს, არა“.

„საქართველოს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. შეიძლება საქართველო იდეალურად არ იქცეოდა, მაგრამ ქართველები მკვლელები არ არიან“ - ასე დაასრულა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე მნაცაკანიანმა საუბარი საქართველო-რუსეთის ომის შესახებ. ომის შემდგომ პერიოდში ალექსანდრე მნაცაკანიანი  კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდა, როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარეს. ის 12 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ მედიაკლუბის პრეზენტაციაზე სწორედ იმ ყველაფრის შესახებ ყვებოდა, რაც  საკუთარი თვალით დაინახა.

ცხინვალი

ცხინვალში ალექსანდრე მნაცაკანიანი და მისი ორი კოლეგა 12 აგვისტოს,  საღამოს ჩავიდნენ. იქამდე, 10-ში ვლადიკავკაზში იმყოფებოდნენ. 11-ში და 12-ის დღის პირველ ნახევარში გახდნენ თვითმხილველები იმისა, თუ რა ხდებოდა თამარაშენში, ზემო და ქვემო აჩაბეთში, ქურთასა და კეხვში.

ალექსანდრე მნაცაკანიანი: „ცხინვალში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ვიყავი. ის ცარიელი იყო. მამაკაცების ორი მესამედი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი დადიოდა. ამიტომ, იმის თქმა, რომ ის მშვიდობიანი ქალაქი იყო, ძნელია. ქალაქში მხოლოდ  მოხუცები იყვნენ დარჩენილი.  ბავშვებს და ახალგაზრდებს იქ ვერ ნახავდით.  ჩვეულებრივი ქალაქური ცხოვრება არ იგრძნობოდა. ქუჩაში მოხუც ქალბატონებს ვკითხე, ეუთოს მისია სად არის. ბებიებმა კი მიმასწავლეს, მაგრამ ქალაქის სასწრაფოდ დატოვება მირჩიეს.
 
რაც შეეხება თავად სამხედრო ოპერაციას, ტაქტიკური თვალსაზრისით, ყველაფერი იდეალურად გაკეთდა: ქალაქი გრადის დანადგარებით „იწმინდება“. ხალხი სარდაფებში ჩადის, ქალაქს სამხედრო ნაწილები იკავებენ. როდესაც მოსახლეობა სარდაფებიდან გამოდის, მას ახალი მმართველობა ხვდება. რუსეთი ამ საქმეში რომ არ ჩარეულიყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ზუსტად ასეთი მეთოდით  რუსეთის არმია გროზნოში მოქმედებდა. რუსეთმა პანიკა ატეხა, ეს ეთნოწმენდა და გენოციდიაო. შეიძლება ასეც იყოს (თუმცა მე ამას არ ვეთანხმები), მაგრამ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა გროზნოს და, მით უმეტეს, სოფელ კომსომოლსკის გაუკეთა, რომელიც დღეს აღარ არსებობს, რუსეთს არ აქვს უფლება საერთოდ გამოიყენოს სიტყვა „გენოციდი“.

მართალია, ცხინვალი  დაზიანდა: სახლების 10-15 პროცენტი სერიოზულად არის დანგრეულია, 15-25 პროცენტი სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს, ყველა დანარჩენ შენობას კოსმეტიკური შეკეთებაც ეყოფა. ეს ჩემი მონაცემები არ არის. ეს „სპეცმშენის“ მონაცემებია, რომელიც ნახევრად სამოქალაქო, ნახევრად სამხედრო ორგანიზაციაა და შენობების აღდგენით არის დაკავებული. ცხინვალი რომ დავინახე, ვთქვი, ხალხნო, თქვენ გროზნო არ გინახავთ, ასე რომ გაჩერდით. კომსომოლსკისგან მხოლოდ სარდაფები დარჩა. კი ვხვდები, რომ ყოველი სახლის დანგრევა, ადამიანის დაღუპვა, ტრაგედიაა, მაგრამ ეს რუსეთის სალაპარაკო არ არის. თან დანგრეული შენობების უმრავლესობა, ეს ან სახელმწიფო შენობებია ან დიდი ობიექტები, სადაც სამხედრო ძალები იყვნენ განლაგებულნი.

მივდივარ ქალაქში და კაცი მხვდება. „ქართველები ბარბაროსები არიან, ასე ჰიტლერიც არ იქცეოდაო, როგორ დაბომბეს ტანკით ბაღიო“. შევდივარ ბაღში და ვხედავ, რომ იქ უამრავი გილზა ყრია. ამ დროს იგივე კაცი მეუბნება, „ბიჭებმა აქ შტაბი მოაწყვესო“... მაშინ როგორღა არის ეს საბავშვო ბაღი, თუკი აქ სამხედროები იყვნენ განლაგებული. „აი, აბრაზე ხომ წერიაო, „საბავშვო ბაღი“. კი, მაგრამ ბავშვები სად არიან?.. ბავშვები ვლადიკავკაზში არიან... პროტესტი იმის გამო, რომ ბაღი სამხედრო შტაბად გადააქციეს, არ მაქვს, მაგრამ, როდესაც ამით მანიპულირებას იწყებენ, თუ რატომ დაბომბეს ეს ბაღი, ამის გამო პროტესტი ნამდვილად მიჩნდება. თუ ბაღის შენობას სამხედრო შტაბად გადააქცევ, მაშინ პასუხი უნდა აგო, როგორც სამხედრო დანიშნულების პუნქტზე. იგივე ქართულ ჯარს ეხება. თუ რომელიმე სოფელში ქართველებმა ჯარი განალაგეს, მაშინ აღარ უნდა წუწუნებდნენ იმის გამო, რომ რუსებმა მშვიდობიანი სოფელი დაბომბეს.

რაც შეეხება მსხვერპლს. პირდაპირ გეტყვით, არ ვიცი რამდენი ადამიანი დაიღუპა ოსეთის მხარეს. საუბარი მხოლოდ იმ ციფრებზე შემიძლია, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო.

ცხინვალში რომც არ ჩავსულიყავი, ცხელ წერტილებში ჩემი მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება საკმარისი იყო, რომ მცოდნოდა,  ცხინვალში 2 ათასი მსხვერპლი ვერ იქნებოდა.  სხვათაშორის, პუტინს არანაირი ციფრი არ დაუსახელებია. 2 ათასი მხვერპლი ცხივნვალისთვის იმას ნიშნავს, რომ ყოველ კუთხეში გვამი უნდა იყოს... როგორ უნდა დაანგრიო 7 ათასი შენობა 3 დღეში? წარმოუდგენელია, რადგან ცხინვალში სულ 7-დან 7.5 ათას შენობამდეა. ამის გაკეთება რუსეთის არმიამ გროზნოშიც ვერ მოახერხა.

შევედით ცხინვალის საავადმყოფოში. მივედით ექიმებთან და ვეკითხებით, რამდენი დაღუპული გყავთ. მორიგე ექიმმა გვიპასუხა, 44... ვეკითხებით, ეს მშვიდობიანი მოსახლეობაა? არა, ბოევიკები, სამხედროები და მშვიდობიანები ერთადო. კოლეგას გაოგნებული ვუყურებდი. რამდენი დაჭრილია? სულ 273 დაჭრილი გვყავსო. ჟურნალი გვაჩვენეს, სადაც ეს ყველაფერი წერია. მოგვიანებით იტარ-ტასის კორესპონდენტი შემხვდა. მეუბნება, იცი რამდენი გვამია? რამდენი-მეთქი. ყურში ჩამჩურჩულა - 69. საიდან იცი-მეთქი. რუსეთის ფედერაციის პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტიდან. კომიტეტში ეს ინფორმაცია დაგვიდასტურეს, მაგრამ ჯერ სრულად არ დაგვითვლიაო.  ერთი კვირის წინ, როდესაც რუსეთიდან მოვდიოდი, პროკურატურასთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა ომში დაღუპული 134 ადამიანი გამოაცხადა (ოსურ მხარეს). ეს ციფრი მშვიდობიან მოსახლეობას, ბოევიკებს, აფხაზეთის ჯარებს, მვდ-ეს, ფსბ-ეს, და ა.შ. გულისხმობდა. რუსეთის ჯარის და სამშვიდობოების გამონაკლებით..

ხეობა

მოვიარეთ სოფლები თამარაშენიდან კეხვამდე. რაც იქ ხდებოდა, ეს იყო სისტემატური და დაგეგმილი მოროდიორობა და ეთნიკური წმენდა. 12-ში იქ მხოლოდ 4 ადამიანის ნახვა შევძელით. სიმართლე გითხრათ, ორ ქალბატონთან ერთად ვიყავი და მოძრაობის მეშინოდა. ამიტომ, რაც ჩვენ ვნახეთ, ის იყო, რასაც გზად ვაკვირდებოდით. ვხედავთ, მოდის მანქანა, გამოდის მეომარი, გამოაქვს ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ბავშვის ტანსაცმელი, ველოსიპედები და სხვა ნივთები. ჯავაში ჩავედით და ადგილობრივი პარლამენტის დეპუტატები მოვინახულეთ. ვეუბნებით, გესმით მაინც იქ რაც ხდება? ერთ-ერთი დეპუტატი , ადოლფი (გვარი არ მახსოვს) მეუბნება, გესმით, ჩვენ ქართველებისგან დავზარალდით, ამიტომ სამხედრო ნადავლი გვეკუთვნისო. გვერდით ჯავის ადმინისტრაციის უფროსი უზის. ძალიან პატიოსანი ადამიანი. ფეხს ურტყამს. ადოლფმა ვერ მოითმინა და ეუბნება, რატომ მირტყამ, სიმართლეს ვამბობ, ქართველებმა  აქ არ უნდა იცხოვრონო.

სოფლები თამარაშენი, კეხვი, ზემო და ქვემო აჩაბეთი აღარ არსებობს. ყველაფერი დაიწვა. რამდენიმე მოხუცი ვნახეთ. არასოდეს დამავიწყდება ერთი დამწვარი მოხუცი ქალბატონი. ქართულად სულ ორი სიტყვა ვიცი, როგორც კი გაიგო ქართული, ჩურჩულით დამიწყო ხვეწნა, ქართულად არ ილაპარაკოო. 500 მანეთი მივეცით, ყიდვით, ვერაფერს იყიდიდა, მაგრამ მოსაკლავად თუ მიადგებოდნენ, იქნებ ამ 500 მანეთით საკუთარი სიცოცხლე მაინც შეენარჩუნებინა.

ამ სოფლებისკენ რომ მივდიოდით სახლები იდგა, დაბრუნებისას კი უკვე იწვოდა. ერთი, მეორე, მესამე, მეათე... „ნივიდან“ კადრებს ერთი მეორეს მიყოლებით ვიღებდით. ნიუ-იორკის ოფისში მეკითხებოდნენ, ეს ერთი და იგივე სახლია? არა, ეს ერთ გზაზე მდგარი სახლებია. იმედი მაქვს, რომ როდესმე რუსეთი ამაზე პასუხს აგებს. განა იმიტომ, რომ არ მიყვარს, პირიქით, რომ მიყვარს იმიტომ. თუ რუსეთი საბოლოოდ მოიგებს, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ძალიან ძნელი იქნება. 

ომი ვინ დაიწყო?

რაც შეეხება ომის დაწყებას. შეიძლება ითქვას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ ეს იგივეა, რაც შენ 20 დღის განმავლობაში სახეში მაფურთხო და ბოლოს მე სახეში შემოგარტყა,  შენ კიდე მითხრა, რა გავაკეთე ისეთი, მხოლოდ 20-ჯერ სახეში შემოგაფურთხე...მე ხომ არ დამირტამს, არა.

1994 წლის შეთანხმება პირველად რუსეთმა დაარღვია. ამ შეთანხმების თანახმად, ოსეთს მძემე ტექნიკის ქონის უფლება საკუთარ ტერიტორიაზე არ ჰქონდა. რუსეთი ამ შეთანხმების გარანტი იყო. მიუხედავად ამისა, ოსეთის ტერიტორიაზე გრადის 6 დანადგარი აღმოჩნდა. აქედან 4 ფუნქციონირებდა... გამოდის რომ რუსეთმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები.

ბევრს საუბრობენ, ვინ  ისროდა გრადის დანადგარებიდან. ამის მტკიცება დანამდვილებით ჟურნალისტებისთვის ან სამართლამდამცავებისთვის ძნელია. უმრავლეს იარაღს საბჭოური წარწერები აქვს. ამის გამოძიება მხოლოდ სპეციალურ განყოფილებებს შეუძლია.ერთი რამ მაინც აღსანიშნავია, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც „გრადის“ დანადგარებიდან ისვრის, თან არამიზანმიმართულად, მაინც დასასჯელია.

„შეიძლება საქართველო იდეალურად არ იქცეოდა, მაგრამ მკვლელები ქართველები არ არიან“

ალექსანდრე მნაცაკანიანი იხსენებს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ოსებს ქართველების მიმართ, რამდენად შეშინებული იყო მოსახლეობა.

„ხეთაგუროვოში ასეთი შემთხვევა გვქონდა. შევედით სოფელში, მის სამხრეთ ნაწილში, ნიქოზთან ახლოს, და ვხედავთ, ბაბუა დგას თავის სახლთან. კედელს უზარმაზარი ხვრელი აქვს. გვიყვება, რომ ხეთაგუროვო 8 აგვისტოს ღამეს დაცხრილეს, 8-ში დილით შემოვიდნენ ქართველები, იტრიალეს, ნახეს, რომ არავინ იყო. ვიღაცა აიყვანეს და წავიდნენ. მერე რუსები მოვიდნენ და წავიდნენ. 8-დან 9-ზე  სოფელი დაბომბეს. 9-ში დილით ქართველები შემოვიდნენ. გაფართოებული თვალებით უყურებდნენ ამ ხვრელს. ბაბუა, დახმარება არ გინდაო?

ოსები ამბობდნენ, აი ეს ქართველები რა ბარბაროსები არიანო, ჩვენი ბიჭები, მშვიდობიანი მოსახლეობა, გორში წაიყვანესო. სად არიან-მეთქი. პასუხად: იმავე საღამოს დააბრუნესო, მშვიდობიანები არ გვინდაო...

ახალგორში ვიყავით, ახალგაზრდა გოგო შეგვხვდა, ეს ქართველები, ეს ცხოველები, ჩვენი მეგობარი დაიჭირეს იარაღით, იარაღი წაართვეს, სცემეს, ნეკნი გაუტეხეს და უთხრეს, წადი აქედანო... ვფიქრობდი, ეს რუსეთში რომ  ყოფილიყო, არა თუ ამ ბიჭს მოკლავდნენ, მთელ კვარტალს გაანადგურებდნენ. 

ერთ-ერთმა ოსმა „კაგებეშნიკმა“ ცხინვალში გვითხრა, წადით ერთ-ერთ ქუჩაზე, იქ ხალხს სარდაფებში ცხრილავენო. არადა ამ ქუჩაზე წინა ღამით ვიყავი და მსგავსი არაფერი იყო. ასეთ სიტუაციაში ხალხი, როგორც წესი, გაზვიადებულ ინფორმაციას გვაწვდის და აუცილებლად გვეცოდინებოდა. მაინც წავედით. ერთი ქალი შემხვდა. ვკითხე, სარდაფებში მართლა გცხრილავდნენ? კიო, არაადამიანურად გვცხრილავდნენ სარდაფებშიო. ვკითხე, ვინმე მოკვდა? არაო. დაჭრილები არიან? არაო. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს სარდაფს ცხრილავდნენ (და ეს კითხვა რამდენჯერმე დავუსვი). კი დარწმუნებული ვარო. იყავით სარდაფში? კი ვიყავითო. შევდივართ სარდაფში ფანრით. იქ ნატყვიარი არსად ჩანს. კიბეებზე ისროდნენო. ფოტოაპარატით მთელი კედელი გადავიღე. არაფერი იყო. მერე ამბობს, არ ვიცი სად ისროდნენო. ბაღში უამრავი გილზა ავკრიფეო... ამის მერე რა უნდა დავწერო? თუმცა მე ამ ქალის მესმის. ის მართლაც შეშინებული იყო. თუ ორი დღის მანძილზე გრადიდან ისვრიან, ცხადია, მეც შემეშინდებოდა. 

კარგად ჩანს, საქართველოს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. შეიძლება საქარათველო იდეალურად არ იქცეოდა, მაგრამ მკვლელები ქართველები არ არიან“...

ახალი ამბები