კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასაკოვანი მასწავლებლები ქუჩაში

18 სექტემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს საჯარო სკოლების დირექტორებს, რომ "სასურველია, საპენსიო ასაკის პედაგოგები პენსიაზე გავიდნენ". ეს განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. სკოლების დირექტორებმა მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ასაკოვანი პედაგოგები უკვე გააფრთხილეს.

"შეიძლება თუ არა საპენსიო ასაკის პედაგოგმა მუშაობა გააგრძელოს საჯარო სკოლაში?", - ვებ პორტალის მეშვეობით, ამ შეკითხვით მიმართა ერთ-ერთმა რესპონდენტმა განათლების სამინისტროს. 'სასურველია საპენსიო ასაკის პედაგოგი გავიდეს პენსიაზე. ამ საკითხს უშუალოდ წყვეტს სკოლის დირექტორი", - უპასუხეს შეკითხვის ავტორს სამინისტროდან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საჯარო სკოლების დირექტორებმა ასაკოვანი მასწავლებლები მოსალოდნელი გათავისუფლებების შესახებ გააფრთხილეს.

"სკოლის ხელმძღვანელობას დიდი ხანია სურს საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების გათავისუფლება. ამისათვის სხვადასხვა დროს არაერთხელ მოგვცეს შენიშვნა, რომ გაკვეთილებს ვეღარ ვატარებთ ისე, როგორც ამას ახალგაზრდა მასწავლებლები შეძლებდნენ, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს ფეხს ვერ ვუწყობთ და ა.შ. დირექტორს ჩემი გათავისუფლება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდეც უნდოდა, მაგრამ წინააღმდეგობა გავუწიე. ვუთხარი, რომ თუ ის ასაკის გამო შრომით ხელშეკრულებას აღარ გამიგრძელებდა, მის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებდი. სამშაბათს ასაკოვან პედაგოგებს განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია გადმოგვცეს და ზეპირად გაგვაფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ. გვითხრეს, რომ დასაქმებას ახალგაზრდა, ენერგიული მასწავლებლები ითხოვენ", - აღნიშნავს ყვარლის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი მარიამ ზურიაშვილი.

რატომ არის სასურველი, რომ ასაკოვანი პედაგოგები სკოლაში არ ასწავლიდნენ, ამის გარკვევას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შევეცადეთ. "რაღაც გაუგებრობაა. სამსახურს, რომელიც ვებგვერდის განახლებას ახდენს, უკვე მიეცა მითითება, რომ ეს ინფორმაცია ამოიღოს", - განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთი ჩხობაძემ და კითხვაზე ვრცელი პასუხის მისაღებად იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან, თამარ ებრალიძესთან გადაგვამისამართა. "ეს არ არის ჩემი პასუხი. სამინისტროს რომელმა თანამშრომელმა გააკეთა ეს განცხადება, ვერ გეტყვით", - აღნიშნა ებრალიძემ.

განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციას აპროტესტებს პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელი მანანა ღურჭუმელიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ასაკოვანი მასწავლებლების დევნა დაიწყო. "საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი და საერთაშორისო კანონმდებლობა ასაკის გამო კრძალავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორებს მსგავს წინადადებას აძლევს. ამავე დროს, სამინისტრო ამბობს, რომ ეს საითხი მას არ ეხება და დირექტორების გადასაწყვეტია. იმ ფონზე, როცა შრომის კანონთა კოდექსით საერთოდ დაუცველია დასაქმებულის უფლებები და დამქირავებელს უფლება აქვს დაქირავებულს კონტრაქტი ისე შეუწყვიტოს, რომ მიზეზიც არ აუხსნას, სამინისტროს ეს განცხადება დაქირავებულ ასაკოვან პედაგოგებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. შრომის კოდექსის ფილოსოფია დემოკრატიულ ქვეყნებში დამქირავებლისგან დაქირავებულის უფლებების დაცვაა, საქართველოში კი პირიქით არის. დაქირავებული მონურ მდგომარეობაშია ჩაყენებული", - აცხადებს მანანა ღურჭუმელიძე.

გუშინ მასწავლებელთა პროფკავშირების თავმჯდომარე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიმბოლურად თოკით ხელებშეკრული მივიდა და შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.

ღურჭუმელიძე 24 სექტემბრიდან პედაგოგებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ შიმშილობის აქციის გამართვას გეგმავს.

ახალი ამბები