კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო რუსეთს ეკოციდში ადანაშაულებს

19 სექტემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

საქართველო-რუსეთის ხანმოკლე ომმა საქართველოს ბუნებას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 10 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ ანგარიში  წარადგინა, რომელშიც საუბარი სწორედ ამ ზიანზე იყო. 

„რუსი ოკუპანტების მიერ გაჩენილი ხანძარი ბოლო პერიოდში საქართველოს ისტორიაში ტყის ყველაზე მასშტაბურ ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის რაიონის მიმდებარე განაშენიანებაში მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივია განადგურებული.

ზღვაში 50-ტონამდე ნავთობპროდუქტი დაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში დაიღვარა 720 ტონა ნედლი ნავთობი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიწვა, მაგრამ 100 ტონამდე ნიადაგში მაინც ჩაიღვარა. ცალკე გამოკვლევას საჭიროებს ნიადაგის ეროზიის საშიშროების შესაძლო მატება. კიდევ უფრო გამოკვლევით შეფასებას მოითხოვს ბოიმრავალფეროვნების მდგომარეობა,თუმცა ამ კუთხით მიყენებული ზარალის შეფასება შეუძლებელია“. 

სამინისტროს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ბორჯომის ხეობის განადგურებით საქართველო მილიარდ ლარზე მეტით დაზარალდა.  თუმცა, ეს რიცხვი, საბოლოო არ არის და კიდევ გაიზრდება.
 
რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებულ ქმედებებს მინისტრი ეკოციდს უწოდებს.

ეკოციდზე „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძეც საუბრობს.

„ეკოციდი“ საერთაშორისო იურიდიული ტერმინია. თუ გენოციდი ადამიანების მასობრივ განადგურებას ეხება, ეკოციდი - ბუნების მკვლელობას ნიშნავს. ოფიციალური  განმარტებით, ეს არის ატმოსფეროს, მიწის, წყლის რესურსების მოწამლვა, ცხოველთა და მცენარეული სამყაროს მასობრივ განადგურება ან სხვა სახის ქმედება, რომელსაც ეკოლოგიური კატასტროფის გამოწვევა შეუძლია“.

გიორგი გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ რუსების მიერ განხორციელებულ ეკოციდს ადამიანის მსხვერპლის გამოწვევაც შეუძლია.

„საქართველოში ტყეები, განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში, ციცაბო ფერდობებზე მდებარეობს და მას ეკოლოგიური დაცვის ფუნქცია გააჩნია. იქ, სადაც ტყის მასივი ნადგურდება, საშინელი ეკოლოგიური პროცესები ვითარდება. მეწყერების, ეროზიების, ღვარცოფების საფრთხე იზრდება“.

გიორგი გაჩეჩილაძე იმ ზიანზეც საუბრობს, რომელიც ტყეების დაწვის შემდეგ  ცხოველთა სამყაროზე აისახება.

„ბორჯომის ხეობა არის უნიკალური, როგორც ცხოველთა, ასევე მცენარეთა სამყაროს თვალსაზრისით. ტყუილად არ არის შექმნილი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი. ის არის ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონი. იქ ცხოველთა სამყაროს ისეთი ერთეულები ბინადრობენ, როგორიც არის დათვი, ფოცხვერი და ა.შ. ამ ცხოველებიდან უამრავი წითელ წიგნშია შეყვანილი, რადგან გადაშენების პირას არიან მისული. ცხოველთა სამყაროს თავისი წესები აქვს, საბინადრო ადგილები, მიგრაციის გზები, რომლებითაც ისინი საკვებად და გასამრავლებლად დადიან. ხანძრის შედეგად ეს ყველაფერი მოისპო. ამიტომ ის ცხოველები, რომლებიც იმ ადგილებში ბინადრობდნენ, იძულებულნი გახდებიან სხვა ტერიტორიებზე გადავიდნენ. შეიძლება სხვა ქვეყნებშიც კი. ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას“.

მწვანეთა პარტიის ლიდერი კონფერენციაზე საუბრობდა იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელთა მიხედვითაც საქართველომ უნდა იმოქმედოს.

„რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში არის 358-ე მუხლი, რომელსაც ეკოციდი ჰქვია. ის ჯგუფი ან პიროვნებები, რომლებიც  ეკოციდს ჩაიდენენ, პატიმრობით ისჯებიან. მსგავსი მუხლი საქართველოს კანონმდებლობაშიც დევს. სისხლის სამართლის 409-ე მუხლს ასევე ეკოციდი ჰქვია. ის იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს, რასაც რუსეთის კანონმდებლობა, მაგრამ ჩვენთან არის დამატებით კიდევ ერთი პუნქტი. მასში ნათქვამია, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ეკოციდი თავისუფლების აღკვეთით ისჯება ვადით14-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ მუხლის მიხედვით ჯერ საქართველოს სასამართლოში უნდა აღძრას ეკოციდთან დაკავშირებული სარჩელი. ამასთან დაკავშირებით სასამართლო განაჩენი უნდა შედგეს და ოფიციალური დოკუმენტის სახით დაიდოს“.

მწვანეთა პარტიაში საუბრობენ გაეროს ჟენევის 1977 წლის კონვენციაზე, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს პირდაპირ ეხება. „სამხედრო ან სხვა ნებისმიერი მტრული მიზნით გარემოზე ზემოქმედებების საშუალებების აკრძალვის კონვენცია“ 75 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული, 17-ს კი ხელი აქვს მოწერილი და რატიფიკაციას ელოდება. ამ კონვენციის რატიფიკაცია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირმა მოახდინა, რომლის სამართლამემკვიდრე რუსეთი გახლავთ. კონვენციის ყველა მონაწილე მხარე იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს სხვა სახელმწიფოს მიმართ ნებისმიერი მტრული მიზნით გარემოზე ზემოქმედებების საშუალებები, რომლებსაც გააჩნიათ ფართო, ხანგრძლივი ან  სერიოზული შედეგი.

„გამოდის, რომ რუსეთმა, როგორც მხარემ, ეს ვალდებულება დაარღვია. ამ კონვენციით, მომჩივან მხარეს, ამ შემთხვევაში საქართველოს, შეუძლია შეიტანოს ოფიციალური სარჩელი გაეროში და გაერო ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში  შექმნას საერთაშორისო ექსპერტების კომიტეტი, რომელიც ამ ფაქტებს  დაადგენს, შექმნის საქმეს და მას მსვლელობას მისცემს. გარდა ამისა, ამ კონვენციის მეხუთე მუხლში წერია, რომ მომჩივან მხარეს სარჩელის შეტანა განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოშიც შეუძლია. ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 15 ოქტომბერს დანიშნულია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები უნდა განიხილონ. და ჩვენ თუ იმ დროისთვის გვექნება შესაბამისი დოკუმენტი, ეს ჩვენთვის სასარგებლო იქნება“.

თუმცა არსებობს ერთი პრობლემა. საქართველო არ არის მიერთებული ამ კონვენციასთან. ამიტომ მწვანეთა პარტია კატეგორიულად მოითხოვს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განსაზღვრული პროცედურებით სასწრაფოდ შეიტანოს პარლამენტში ეს კონვენცია რატიფიკაციაზე. ამ შემთხვევაში საქართველო გახდება მხარე, რომლის საფუძველზეც ის უშიშროების საბჭოში ამ საქმეს აღძრავს“.

რუსული აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შესახებ, დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტების და საქართველოს სახელმწიფო კომისიის შუალედური დასკვნა ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გამოქვეყნდება.

შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველო საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ეკოციდის მოწყობის ბრალდებით სარჩელს შეიტანს. სამინისტრომ მწვანეთა პარტიის მოთხოვნა გაითვალისწინა და სარჩელის შეტანას გაეროს უშიშროების საბჭოშიც გეგმავს.

„საერთაშორისო სასამართლოს გარდა, საქართველოში მოწყობილი ეკოციდის გამო, სარჩელის შეტანას ვაპირებთ გაერო-ს უშიშროების საბჭოშიც. ამაზე უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, შევუერთდეთ ჟენევის 1977 წლის 18 მაისის კონვენციას, რომლის წევრიც 1977 წლიდან არის რუსეთი. ამ კონვენციის წევრი ნებისმიერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას საომარი მოქმედების დროსაც კი გარემოს არ მიაყენოს ზიანი. რამდენიმე დღის წინ „მწვანეთა პარტია“ გამოვიდა  ამ კონვენციაზე მიერთების ინიციატივით.  მივესალმები მწვანეთა პარტიის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთ აქტიურობას გარემოს დაცვის საკითხში და მიმაჩნია, რომ ამ სფეროში  მათი კავშირები საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული კონვენციის საკითხი და კიდევ რამდენიმე კონვენციასთან დაკავშირებით, გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ამ საკითხზე მუშაობა და უახლოეს მომავალში შევუერთდებით ჟენევის 1977 წლის 19 მაისის კონვენციას, რაც საშუალებას მოგვცემს გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ ეკოციდის მოწყობის ბრალდებით“, _ განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ირაკლი ღვალაძემ.

ახალი ამბები