კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კარვების ქალაქი ომის შემდეგ

19 სექტემბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

დღის 2 საათზე კარვების ქალაქში ხალხი შეკრიბეს - ყველანი შეხვედრაზეო, სკანდირებდა თბილისელი მოხალისე. დევნილებს შესაკრებად იქ ეპატიჟებოდნენ, სადაც ონკანი დგას. გვერდზე ტუალეტები და აბანოების კოტეჯებია ჩამწკრივებული:  ,,თქვენივე საკეთილდღეოდ, მოდით, ნუ გეზარებათო... მე განა დიდ ხელფასს მიხდიან, ყოველდღე თბილისიდან იმიტომ ჩამოვდივარ, რომ თქვენ მოგემსახუროთო...“ არ ცხრებოდა თბილისელი მოხალისე და მეგაფონში ხალხს შესაკრებად კიდევ ერთხელ უხმობდა.

დაახლოებით 50 კაცი შეიკრიბა ონკანთან. უმეტესად ქალბატონები იყვნენ. შეკრებილებს საერთაშორისო დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა მანდილოსნებმა მიმართეს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წყალობით კარვების ქალაქში, საპირფარეშოები, აბანოები და ონკანები დამონტაჟდა.

,,ძალიან მეუხერხულება ამას რომ გეუბნებით, მაგრამ საპირფარეშოებს  და კარვებს ნუ გამოიყენებთ სხვა დანიშნულებისთვის“ - უთხრა დევნილებს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. ამ სიტყვამ ხალხში ცოტა დაბნეულობა გამოიწვია, რას ჰქვია სხვა დანიშნულების მიხედვით, დაგვიკონკრეტეთო.

,,კი ძალიან მეუხერხულება, მაგრამ მაგალითად, აბანოს იყენებენ საპირფარეშოდ“ - დააკონკრეტა სტუმარმა. თურმე ღამის საათებში ვისაც საპირფარეშომდე მისვლა და იქ რიგში ჩადგომა ეზარება , კარვების უკანა მხარე მშვენიერი მოფარებული ადგილი ჰგონია. სწორედ ამის გამო შუადღის საათებში და სიცხეში კარვების უკანა მხრიდან აუტანელი სუნი გამოდის.

გარდა ამისა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თბილისის მერიის მიერ დაქირავებული ახალგაზრდები დევნილებს მოუწოდებენ, რომ ნაგავი კარვების წინ არ დაყარონ. იმ დროს როდესაც მოხალისეები დევნილებს ჭკუას ასწავლიდნენ, მათ წინ მდგარი ნაგვის ბუნკერები პირამდე იყო სავსე და იქ ნაგვის დაყრას აზრი არ ჰქონდა.

საერთოდ, თბილისელი აქტივისტები ზედამხედველობენ ყველაფერს... დევნილებს, საკვებს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ასე შემდეგ. იმასაც კი აკვირდებიან, საწოლები და სკამები რამდენად სამართლიანად ნაწილდება. კარვების ქალაქში დღეის მდგომარეობით ყოველ ღამე 2133 ადამიანი იძინებს. ზედამხედველი მოხალისეების განცხადებით კი, დღის საათებში ეს რიცხვი მატულობს.

32-ე კარავში ერთი საწოლი აკლია. თურმე ღამის 12 საათზე წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს აღწერა ჩაუტარებიათ. ამ კარავში ზედმეტი საწოლი უპოვიათ. სწორედ ეს ზედმეტი საწოლი აუღიათ და ცენტრალურ კარავში წაუღიათ. 32-ე კარავში გვითხრეს, რომ იმ ღამით კარავში მოთავსებული ოჯახის წევრი მამაკაცი ნასვამი მისულა და მეუღლის საწოლზე დაუძინია. ამიტომაც წითელი ჯვრის საზოგადოების ხალხს მიუჩნევია, რომ იმ ღამით კარავში ერთი ე.წ. „ლეჟანკა“ თავისუფალი იყო და სხვა კარავში წაიღეს.

მოხალისეები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ ზოგიერთ კარავში ზედმეტი საწოლებია. ,,ეს იმიტომ ხდება, რომ ღამით ბევრი ადამიანი კარავში არ რჩება და დასაძინებლად ახლობლებთან მიდიან.“ - განგვიმარტეს მოხალისეებმა.

დევნილების განცხადებით, მოსაწესრიგებელია მედიკამენტების მიწოდების სისტემა. გართულებულია ავადმყოფის მოვლის პროცედურა. იმისათვის, რომ პაციენტმა წამალი მიიღოს  სამი დღე-ღამე სჭირდება, რაც არ უნდა მძიმე, თუ ნაკლებად მძიმე ავადმყოფი იყოს. ნაკლებად მძიმე ავადმყოფები სამი დღის შემდეგ მძიმე ავადმყოფები ხდებიან.

გორის მე-12 საბავშვო ბაღში 6 ბავშვი ვირუსით დაავადებული დაგვხვდა. ექიმმა გასინჯა ბავშვები, დიაგნოზიც დაუსვა, თუმცა წამლებით ვერ დაგეხმარებითო. ,,რად გვინდა დღეში 4 ჯერ რომ მოაქვთ საკვები, როცა ავადმყოფ ბავშვს მადა ეკარგება და სულ არა აქვს ჭამის თავი? ძალიან გთხოვთ მედიკამენტების პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმაროთ“ - გვითხრა 6 წლის სანდრო და 11 წლის თამუნა კაპანაძეების დედამ, რომელიც გორის ცენტრში მდებარე მე-12 საბავშვო ბაღის ოთახებში ცხოვრობს.

ყველაზე კარგ მდგომარეობაში პირველი ბაგა-ბაღის შენობაში მოთავსებული დევნილები დაგვხვდნენ. ამას თვითონ დევნილები აღნიშნავენ. სოფელ დისევის მაცხოვრებელი აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით არც სიცივეს და არც შიმშილს უჩივიან. ბაღის დირექტომა ლალი ბაიაძემ დევნილებს მეორე სართულიც დაუთმო, სადაც სკოლა ,,ინტელექტი“ იყო მოთავსებული. როგორც ლალი ბაიაძემ გვითხრა, ჯერ-ჯერობით სკოლა სწავლის დაწყებას არ აპირებს. ,,პირიქით, მე უკვე ვუთხარი ჩემს 40-მდე მასწავლებელს, რომ იზრუნონ სხვა სამუშაოს მოძებნისთვის, რადგან ასეთ პირობებში დევნილებს ბაღი შენობას ვერ დაატოვებინებს და ისედაც უსახლკარო ხალხს ქუჩაში არ გაუშვებს.“ - გვითხრა ლალი ბაიაძემ.

ახალი ამბები