კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონის ციხეში ადვოკატებს არ უშვებენ

23 სექტემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შექმნილ მძიმე პირობებზე პატიმრის  ახლობლები და ადვოკატები უკვე მერამდენედ ალაპარაკდნენ. როგორც ირკვევა, რუსული აგრესიის პერიოდში ხონის ციხიდან პატიმრების გაქცევის ფაქტის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ციხეში ადვოკატებს აღარ უშვებენ. მიზეზი გაურკვეველია.

„ციხიდან პატიმრების გაქცევის შემდეგ ორჯერ მქონდა მცდელობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი მომენახულებინა. ერთხელაც ვერ მოვახერხე. პირველი შემთხვევის დროს მიზეზად ვერაფერი დამისახელეს. სასწრაფოდ იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე გადავრეკე და მითხრეს, ალბათ, დირექტორი საქმეზეა და დაელოდეთ, ადგილზე გაიგეთ, როდის დაბრუნდებაო.  ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, არ ვიცით, როდის მოვა, მისი ნებართვის გარეშე ვერ შეგიშვებთო. რა თქმა უნდა, ციხის ადმინისტრაციაში  დირექტორის ნომერი არ მომცეს. თვითონ მოვიძიე და როცა დავურეკე, მითხრა, სტომატოლოგთან ვარ, მერე სხვა ექიმთან უნდა წავიდე და არ ვიცი, როდის მოვალო. ანუ, პასუხი იყო არასერიოზული, რაც ნიშნავდა - არ დამელოდოთო. სხვა დროს წინასწარ დამირეკეთ და მერე მოდითო. მე პატიმრის მონახულების დროს დირექტორს რატომ უნდა დავურეკო, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - ამბობს ადვოკატი ანა ჩაფიძე.

ჩაფიძის განმარტებით: „სხვა გზა პრაქტიკულად აღარ დამრჩა და დავურეკე ციხის დირექტორს. დღევანდელ დღეზე ვიყავით შეთანხმებული, უნდა შევსულიყავი.  გაირკვა, რომ კვლავ არ შემიშვეს. ამჯერად ის მოიმიზეზეს, რომ პატიმრის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში  ადვოკატად არ ვარ მითითებული. მე პირველ ინსტანციაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ვიცავდი და ბუნებრივია, განაჩენშიც არ ვიქნებოდი. თუმცა, სხვა დროს, პატიმრების გაქცევამდე ორი თვით ადრე, მე შევხვდი ამ პატიმარს და ციხეზე ორდერიც დატოვებული მაქვს. იმ დროისთვის არანაირი პრობლემა შესვლასთან დაკავშირებით არ მქონია. კონკრეტული მიზეზი, რატომ არ მიშვებენ ციხეზე, ბუნდოვანია და ამ ყველაფრით იზღუდება ჩემი, როგორც ადვოკატის უფლება, განვახორციელო დაცვა. ასევე, იზღუდება პატიმრის უფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციის 42-ე მუხლით.“

როგორც ირკვევა, ხონის ციხეში შესვლის პრობლემა სხვა ადვოკატებსაც აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ თუ აქამდე მცირე ბარიერების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფ პატიმართან შესვლას, ასე თუ ისე, მაინც ახერხებდნენ, ბოლო დროს ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. 

„იქ შესვლამდე ციხის დირექტორის მხრიდან „დაკითხვა“, რატომ შევდიოდი, რაზე უნდა მესაუბრა პატიმართან, რა შემქონდა მასთან და ა. შ. ყოველთვის იყო. თუმცა, ახლა რომ ხდება, ასეთი არასდროს ყოფილა. მე პარასკევს ჩავედი ხონში და მითხრეს, დღევანდელი დღეა, როცა ადვოკატს დირექტორის ნებართვის გარეშე ვერ ვუშვებთო. ალბათ, ხუთშაბათს რომ მივსულიყავი, იგივეს მეტყოდნენ. ეს არის უბრალოდ მიზეზი. მე რამდენიმე დღეში ისევ ვაპირებ იქ მისვლას და თუ იგივე გამეორდა, მერე შესაბამის ზომებს მივიღებ“, - ამბობს ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი.

ხონის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს ლევან ფაჩულიას კი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე სულ რაღაც ერთი თვის დანიშნულია, შეკითხვაზე, რატომ არ უშვებენ ციხეში ადვოკატებს მისი ნებართვის გარეშე,  პასუხის გაცემა არ სურს. იგი სტუმრიანობას იმიზეზებს და ტელეფონს თიშავს.

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მადონა ბასილაძის განმარტებით: „არც ფაჩულიას და არც არავის აქვს უფლება, ადვოკატი ციხეზე არ შეუშვას. საქართველოს კანონით პატიმრობის შესახებ  ადვოკატთან შეხვედრის უფლება შეუზღუდავია.“

ადვოკატით სარგებლობის უფლება უზრუნველყოფილია როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც.  რეალობა კი, აბსოლუტურად სხვაა, რაც ადვოკატებს საფუძველს აძლევს იფიქრონ, რომ ციხეში პატიმართა მდგომარეობა გაუარესებულია. მეტიც, შესაძლოა რამდენიმე მათგანი მძიმედაა ნაცემი.

ახალი ამბები