კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გათავისუფლებული პედაგოგები აქციებით იმუქრებიან

2 ოქტომბერი, 2008

ეკა ქევანიშვილი, თბილისი

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი თბილისის 149-ე და დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლებიდან მასწავლებელთა დათხოვნის ფაქტს კვლავ აპროტესტებს. იმ შემთხვევაში, თუ მოტივაციის გარეშე გათავისუფლებულ პედაგოგებს სამუშაო ადგილებზე არ აღადგენენ, პროფკავშირი ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას გეგმავს.

149-ე სკოლიდან 7 პედაგოგი სასწავლო წლის დასრულების ბოლო დღეს გაანთავისუფლეს, დედოფლისწყაროში კი სექტემბრის დასაწყისში. ორივე სკოლის დირექტორმა მათი განთავისუფლების მოტივად შესაბამის ბრძანებაში შრომის კოდექსის 37 მუხლის "დ" პუნქტი მიუთითა, რომელიც არანაირ ახსნა-განმარტებას არ შეიცავს, თუ რატომ თავისუფლდება თანამშრომელი სამსახურიდან.

თავისუფალი პროფკავშირის იურისტი,  მაია ლიპარტელიანი ამბობს: „149-ე სკოლაში, 2008 წლის 27 ივნისს, სწორედ იმ დროს, როდესაც მასწავლებლები გადიან  შვებულებაში, სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ 7 მასწავლებელს სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოუცხადა. გამოცემული ბრძანებები ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. მან გაათავისუფლა ის ადამიანები, ვისაც სკოლაში სიტყვა ეთქმოდა და რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ითხოვდნენ არაკომპეტენტური დირექტორის სკოლიდან წასვლას და რაც მთავრია, მისი საქმიანობის შესწავლას.
 უხეშად რომ ვთქვათ, ამ დირექტორმა შრომის კოდექსის 37 მუხლის "დ" პუნქტის საფუძველზე ანგარიში გაუსწორა ამ მასწავლებლებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ისინი  ულუკმაპუროდ დატოვა.
ანალოგიური ფაქტი 2-3 სექტემბერს დედოფლისწყაროშიც განმეორდა. იქ, დირექტორმა მაია ლაპიაშვილმა  17 მასწავლებელი გაუშვა და მხოლოდ ნაწილი აღადგინა პირობით. ნაწილს კი გამოუცხადა, რომ აღდგენილები იყვნენ,  მაგრამ საათობრივი დატვირთვა არ მისცა.

მსგავსი ფაქტები მოხდა ლაგოდეხში, ბოლნისში. საოცარია, რომ  ყველა დირექტორს ერთდროულად მოუვიდა აზრად, რომ ამ მუხლის საფუძველზე  გაენთავისუფლებინა პედაგოგები.  37 მუხლის “დ” პუნქტი  არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შრომითი ხელსეკრულების მოშლის საფუძველზე. და  არსად არის განმარტებული შრომითი ხელშეკრულება რა შემთხვევაში უნდა მოიშალოს. არ შეიცავს ახსნა-განმარტებას იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები ვინმემ წინასწარ უნდა გააფრთხილოს. სკოლის დირექტორები გვერდს უვლიან ზოგადი განათლების შესახებ კანონს და მინისტრის ბრძანებულებებსაც, სადაც მითითებულია, რომ დირექტორებმა გარკვეული პროცედურა უნდა დაიცვან მასწავლებლების გათავისუფლების შემთხვევაში. დასაბუთებული პრეტენზია ჩააბარონ, ვადა მისცენ გამოსასწორებელ და ა.შ.”

მაია ლიპარტელიანის შეფასებით, ამ მაგალითებმა აჩვენა, რომ დირექტორებს სამეურვეო საბჭოს შიში აქვთ. საბჭოსი, რომელსაც თავის მხრივ შეუძლია დირექტორის საქმიანობის შემოწმება:  “როგორც კი დაიწყებს სამეურვეო საბჭო თავისი ფუნქციის შესრულებას, საჯარო ინფორმაციას მოითხოვს, ფინანსებში ჩაიხედავს, დირექტორი ადგება და ათავისუფლებს სამეურვეო საბჭოს წევრებს. ეს ფაქტია. დედოფლისწყაროში სწორედ მას შემდეგ მოხდა პედაგოგების სამსახურიდან დათხოვნა, რაც დირექტორმა გაიგო, რომ სამეურვეო საბჭო აპირებდა მისი გათავისუფლების საკითხის დაყენებას.
შრომის კოდექსის აღნიშნული  მუხლი  ადამიანის დისკრიმინაციას უწყობს ხელს და დღემდე ეს კანონი საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი.

თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძე თვლის, რომ ასეთი შედეგები სკოლებში საზოგადოებამ სწორედ იმ გულგრილობის გამო მიიღო, რაც შრომის კოდექსის განხილვისა და მიღების დროს გამოიჩინა.

მანანა ღურჭუმელიძე: “თავის დროზე ჩვენ აქტიურად გამოვდიოდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას, როცა შრომის კოდექსში შედიოდა ცვლილებები, მაგრამ საფრთხე ვერავინ გათვალა. თავიდან თითქოს ეს 37-ე მუხლი არ მუშაობდა, მაგრამ ამ ბოლო დროს დამსაქმებლებმა ძალიან აქტიურად აამოქმედეს ის. თითქოს ვიღაცამ მისცა მითითება, რომ ეს მუხლი კოდექსში ტყუილად არ დევს. შედეგად კი რაც მივიღეთ – ნათელია. ეს პროცესი სკოლებიდან სხვა დაწესებულებებშიც გადაინაცვლებს.

წინააღმდეგობრივი ამბავია - ჩვენ სამეურვეო საბჭოებს მივეცით სკოლის მართვის უფლება - მაგრამ ამავე დროს, დირექტორებს მივეცით  ამ საბჭოს წევრი პედაგოგების  ერთი ხელის მოსმით გათავისუფლების უფლებაც. გაქვთ ილუზია, რომ სამეურვეო საბჭოში მყოფი მასწავლებელი, რომელსაც მუდმივი შიში აქვს, რომ დირექტორი მას როცა უნდა მაშინ  გაანთავისუფლებს, ის შეძლებს დირექტორის გაკონტროლებას?”, - კითხულობს ღურჭუმელიძე

თავად მასწავლებლები სკოლის ნაცვლად ახლა სასამართლოსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტში დადიან, რომ საკუთარი უფლებები დაიცვან. მათი არგუმენტები  დირექტორების მისამართით ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება:

მაყვალა მაძღარაშვილი, დედოფლისწყაროს პირველი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:  “ჩვენს სკოლაში დირექტორი ძალიან თავნებად იქცევა, მისმა ქმედებამ იმდენად გააღიზიანა პედკოლექტივი, რომ დღეს სწავლა ჩვენს სკოლაში არის ფსევდოსწავლა. ყველა  გაღიზიანებული და დაძაბულია, არის სწავლისთვის არაჯანსაღი გარემო. დირექტორი ყველას მტრად გადაეკიდა. მას უნდა ერთმმართველობა, ვერ იტანს თანამშრომლობას, ვერ იტანს რჩევებს და ა.შ. და ჰგონია, რომ სხვები  უარს ამბობენ  სიახლეების დანერგვაზე. ის პედაგოგებს აბუჩად იგდებს. სწორედ ამის გამო  მოვითხოვეთ მისი გადადგომა, მან კი წინა დღით გააფორმა ჩვენი განთავისუფლების ბრძანებები”.

ირმა მასხულია, 149-ე  სკოლის პედაგოგი:  "ჩვენი დირექტორი 11-ვე ხმით აირჩა სამეურვეო საბჭოს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ, მან ეს ვერ დააფასა, და ასეთი შეკრული კოლექტივი, როგორც 149-ე  სკოლას ჰყავდა, გადაჰკიდა ერთმანეთს.  არ გვთვლის სრულფასოვან პიროვნებებად. მას სჭირდება არა თანამშრომლები, არამედ  მონები. მთელი წელი იყო დაძაბულობა. თქვენ მომავალ წელს სკოლაში აღარ იქნებითო, სულ დაგვძახოდა. თუ ჩვენ აღვდგებით სამსახურში, სამეურვეო საბჭო უნდა მიხვდეს, რომ ამ ქალის იქ გაჩერება არ შეიძლება”.

ამის პასუხად 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მან გადაწყვეტილება ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ მიიღო და რომ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს. დღეს მას სხვა მიზეზებზე საუბარი არ სურს.

ამ დავაში განათლების სამინისტროც ჩაერთო. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი,  ვასილ გედევანიშვილი:
“განათლების სამინისტრო  განიხილავს იმ ადმინისტრაიული აქტების სისწორეს, რომლებიც დირექტორის მიერაა გამოცემული. ამ შემთხვევაში ჩვენ გავბათილეთ ის ბრძანებები, რომელიც 149-3 სკოლის დირექტორმა გამოსცა. საამისოდ  ჩვენი მოტივაცია ის იყო, რომ ეს ბრძანება გამოცემული იყო ზოგადადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით. მას სამოტივაციო ნაწილში, ერთი მხრივ,  მითითებული ჰქონდა, რომ ეს პედაგოგები არღვევდნენ შრომის შინაგანააწესს  და მეორე მხრივ, უთითებდა მუხლს, რომელიც ითვალისწინებს დათხოვნას და ერთი თვის კომპენსაციის გადახდას, თუ რამე დარღვევა იყო და გადაცდომა. მაშინ მას აღარ უნდა ესარგებლა 37 მუხლით და მითუმეტეს, არ უნდა გადაეხადა კომპენსაცია, და უნდა გამოეყენებინა სხვა მუხლი. ამიტომ გამოცხადდა ეს აქტი უკანონოდ, მაგრამ არ მოხდა პედაგოგების აღდგენა, რადგან აღნიშნული დირექტორმა შემდეგ  მთავრობაში გაასაჩივრა და დღემდე მიდის ამ საკითხის განხილვა კანცელარიაში.  პედაგოგებიც სასამართლოში ჩივიან და ახლა უკვე ბოლო სიტყვა სწორედ სასამართლოზეა”.

ახალი ამბები