კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში დევნილები შიმშილის ზღვარზე არიან

3 ოქტომბერი, 2008

სად დაიხარჯა ბიზნესმენებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი?

გელა მთივლიშვილი, კახეთი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანგარიში ჩააბარა. საუბარი არ შეხებია კახეთში ამ დრომდე მყოფ დევნილებს, რომელთა უმრავლესობაც გაუსაძლის პირობებში იმყოფება. დევნილების დიდ ნაწილს, მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების საგნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საკვებად პურიც არ ჰყოფნით. იძულებით გადაადგილებულებს დღეისათვის მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მიეწოდებათ, ისიც დაგვიანებით. უცნობია, რაში დახარჯეს მუნიციპალიტეტების გამგეობებმა რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი.

ოფიციალური მონაცემებით, კახეთში დევნილთა რაოდენობა 25 აგვისტოსთვის 10 ათასს აღწევდა, 6 სექტემბრისთვის კი 2 ათასს არ აღემატებოდა. ამ დროისთვის რეგიონში სულ 645 დევნილი რჩება, აქედან 117 ადამიანი საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მდებარე ბანაკში კომპაქტურად არის ჩასახლებული, 18 ადამიანი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბის ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობაში ცხოვრობს და 21 დევნილი თელავის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონის შენობაშია შესახლებული. დანარჩენი დევნილები სხვადასხვა რაიონში კერძო საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ.

დევნილებს საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით და პირველადი მოხმარების საგნებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნები, საქართველოს მთავრობა და კერძო კომპანიებიც ამარაგებდნენ, თუმცა მათი დახმარების მიზნით, 137 800 ლარი კახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ადგილობრივი ბიუჯეტებიდანაც გამოყვეს. ამასთან ერთად, როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოთხოვნით, დევნილთა დახმარების მოტივით, თანხები შეგროვდა სახელმწიფო და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში, თუმცა მიღებული თანხების აღრიცხვა ოფიციალურად არ მომხდარა, ისევე როგორც უცნობია, რეგიონის გუბერნატორის ზეპირი განკარგულებით, რა ოდენობის თანხა შეაგროვეს ბიზნესმენებმა და რაში დაიხარჯა ეს ფული. ბიზნესმენების თქმით, შეგროვილი თანხა მათ მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადასცეს, თუმცა თანხის ოდენობის და მისი გახარჯვის შესახებ ინფორმაციას საჯაროს მხოლოდ საგარეჯოს და თელავის მუნიციპალიტეტების გამგებლები ხდიან.

"დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეთა მიერ შექმნილმა მზრუნველთა საბჭომ, შემოწირულობის სახით შეაგროვა 17 135 ლარი. აღნიშნული თანხა სურსათის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამეურნეო საქონლის, მედიკამენტების, პირადი ჰიგიენის და სხვა საგნების შესაძენად დაიხარჯა", - აღნიშნავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ჩალათაშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზურაბ ბუცხრიკიძის ცნობით, ადგილობრივი მეწარმეების მიერ საომარი მოქმედებების შედეგად დევნილთა დასახმარებლად, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საერთო ჯამში 20 ათას ლარამდე თანხის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სურსათი და სხვა ნივთები გადაეცა. თელავის გამგებლის განმარტებით, მიღებული დახმარება დევნილებზე მიზნობრივად განაწილდა.

ამჟამად, კახეთში მცხოვრებ დევნილებს, როგორც თავად ირწმუნებიან, მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მიეწოდებათ, ერთ ადამიანზე ყოველ 10 დღეში ერთხელ 100 გრამი შაქრის ფხვნილის, 350 გრამი ზეთის, 400 გრამი პურის ფქვილის და 0,50 გრამი მარილის ოდენობით. დევნილების თქმით, დახმარება იმდენად ცოტაა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მშივრები არიან და საკვებად პურიც არ აქვთ.

უკვე მე-15 დღეა არავითარი დახმარება არ მიუღია გორის რაიონის სოფელ კარალეთიდან დევნილ ნათია ჭეჭელაშვილს, რომელიც სამ მცირეწლოვან ბავშვთან და მეუღლესთან ერთად თავს გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში, მიტოვებულ სახლს აფარებს. საცხოვრებელი სახლი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა, ჭერი ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. ამიტომ დევნილი ოჯახი ძირითადად გარეთ, ეზოში იყო განთავსებული, თუმცა მას შემდეგ რაც აცივდა, ისინი იძულებულები გახდნენ, სახლში შესულიყვნენ.

"დახმარება გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსს დავით მაჭარაშვილს არაერთხელ ვთხოვე, ამ უკანასკნელმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მე-15 დღეა არავითარი დახმარება არ მიმიღია და ბავშვებს ცარიელ დაობებულ პურს ვაჭმევ, რომელიც ერთ – ერთი საცხობის დარაჯმა მაჩუქა", - აღნიშნავს კარალეთიდან დევნილი.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ალექსანდრე იმერლიშვილის ინფორმაციით, გამგეობა ჭეჭელაშვილს დევნილობის პირველ დღეებში შეძლებისდაგვარად დაეხმარა, ამ ეტაპზე კი, მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების საშუალება არ აქვს.

კახეთში დევნილების დახმარების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ ადგილობრივი გამგეობის სოციალური სამსახურის მიერ ბიზნესმენებისთვის და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლებისთვის გამორთმეული ათიათასობით ლარი არამიზნობრივად არის გახარჯული, თანხის დიდი ნაწილის ხარჯვის შესახებ კი ინფორმაცია ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

დევნილებისთვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დამადასტურებელი მასალების მიწოდებას ითხოვს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, "ამ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამინისტრო მზად არის ფაქტობრივი მასალის მიღების შემთხვევაში სასწრაფო რეაგირება მოახდინოს".

თავის მხრივ, "ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, რომ შს სამინისტროს თუ ნამდვილად აინტერესებს კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის დახმარებისათვის განკუთვნილი თანხების არამიზნობრივად გახარჯვის ფაქტები, მონიტორინგის დასრულებისთანავე მზად არიან მოკვლეული მასალები სამინისტროს გადასცენ, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ლია ხუროშვილის თქმით, რამდენად მიზნობრივად გაიხარჯა თანხები, ამით სამინისტრო თვითონ თუ დაინტერესდება, კარგი იქნება. "ჩვენგან განსხვავებით შსს-ს საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება და მასალებს სრულად მოიკვლევენ", - ამბობს იურისტი.

ახალი ამბები