03:00, Friday, 25.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბუნტი თუ პანიკა - რისთვის სჯიან ზუგდიდის ციხის პატიმრებს?!

06.10.2008
ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ზუგდიდის #4 საპყრობილის 8 პატიმარს ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმისა და დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ტუსაღობის გახანგრძლივება ელოდება. რამდენიმე პატიმარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილს კი 30 სექტემბერს ბრალი საპყრობილეშივე წაუყენეს. საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს ინციდენტს ეხება, რომლის დროსაც პატიმრებთან ერთად ბადრაგიც დაშავდა. ერთიც და მეორეც, შესაძლოა, რუსული აგრესიის მსხვერპლი გამხდარიყო. ციხეში პანიკა სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. ხელისუფლებას მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პატიმრების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია არც კი უცდია...

8 პატიმარი, რომელიც ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმისა და დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ ცნობს. თავდაპირველად მოწმის სახით დაკითხული პატიმრები ეჭვმიტანილის სტატუსით წარდგენის შემდეგ დუმილის უფლებას ირჩევენ. ყველა მათგანი ციხის ადმინისტრაციაზე თავდასხმას კატეგორიულად უარყოფს. პატიმრებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ისინი სსკ-ის 378-ე მუხლის რამდენიმე ნაწილით გაასამართლეს.

გამოძიების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხეში მომხდარი ბუნტის დროს მსუბუქად დაშავდა 13-მდე პატიმარი და საპყრობილის 10-მდე თანამშრომელი. ამავე მასალებით ციხეში არეულობა #25-ე საკანში დაწყებულმა ხმაურმა გამოიწვია. იქ მოთავსებული 18 პატიმარი ციხიდან გაქცევას ცდილობდა. საკნის კარის გახსნა კი მათ რკინა-ბეტონის მაგიდით სცადეს, რომელიც იატაკიდან აგლიჯეს. მათივე მტკიცებით, ბადრაგმა პატიმრებს წესრიგისაკენ მოუწოდა, მაგრამ მოთხოვნა არ შესრულდა. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ადმინისტრაციამ საკნის კარის გახსნა, რა დროსაც ბადრაგზე თავდასხმა მოხდა.

გამოძიება არ ინტერესდება და არ განიხილავს პატიმართა უკმაყოფილების იმ მიზეზებს, რამაც ინციდენტი გამოიწვია. საგულისხმო და ურთიერთგამომრიცხავია საქმეში ბრალდებული 8 პატიმრისა და იმავე საკანში განთავსებული მოწმის სახით დაკითხული 10 პატიმრის ჩვენება, რომლის მიხედვითაც პატიმრებმა თვითდაზიანება მიიღეს.

დარიკო თორდია, ადვოკატი: „რა გამოდის, პატიმრები თავს დაესხნენ ბადრაგს, სცემეს ისინი და შემდეგ იფიქრეს, ეს რა ჩავიდინეთო და კედლებს ახეთქეს თავი?! ეს აბსურდია! გამოძიებამ ჯერ გამომწვევ მიზეზებზე იფიქროს და მერე დასაჯოს პატიმარი. ეს იყო პანიკა და არა ბუნტი, არა გაქცევის მცდელობა. პარლამენტის თავმჯდომარე 11 აგვისტოს ზუგდიდის მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ განცხადებას აკეთებს, ფაქტობრივად ემშვიდობება სამეგრელოს მოსახლეობას და ამას ისმენს გისოსებში გამომწყვდეული პატიმარი. იგი ციხის ადმინისტრაციისაგან მხოლოდ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ითხოვს და მას ყურადღებას არ აქცევენ. სხვა რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა ამას? სხვა თუ არაფერი, თავის გადარჩენის ინსტიქტი ამოქმედდებოდა!“

ინციდენტის არაოფიციალური ვერსია ასეთია: „ხმაური ზუგდიდის #4 საპყრობილეში 11 აგვისტოს, დღის პირველი საათისთვის დაიწყო, დავით ბაქრაძის ცნობილი განცხადების დასრულებისთანავე. ხმაური პირველად არა #25-ე საკნიდან, არამედ სხვა საკნებიდან დაიწყო. ისინი დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდნენ და ამას მხოლოდ ყვირილით, კარზე ბრაგუნით გამოხატავდნენ. ბადრაგის მოთხოვნას არ ემორჩილება მხოლოდ #25-ე კამერა და ყურადღების მიპყრობას კვლავ ხმაურით ცდილობს. ადმინისტრაცია საკნის კარების გახსნის გადაწყვეტილებას იღებს. იქ შედის 15-მდე ნიღბიანი, ან საგანგებოდ გამოძახებული სპეცრაზმი, რომელიც პატიმრებს რეზინის ხელკეტებით უსწორდება.

ერთ-ერთი პატიმრის, მამუკა ხუნწარიას ადვოკატი, დარიკო თორდია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის იმ დასკვნას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფიზიკური დაზიანების ხარისხი მსუბუქად შეფასდა.

დარიკო თორდია: „პატიმართან შეხვედრის საშუალება ინციდენტიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ მომეცა. მიუხედავად ამისა, დაზიანების ხარისხი ვიზუალურად მაშინაც მძიმე იყო. მამუკა ხუნწარიას ჭრილობების ნაკვალევი სახეზეც და სხეულზეც დღესაც აღენიშნება. მას აქვს გრძივი ჭრილობები. წარბს ზევით 2 სმ-ზე მეტი სიგრძის იარა ახლაც ემჩნევა. თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის ექსპერტიზის გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის კერძო ნაწილის მიხედვით, 378-ე მუხლში მითითებულია, რომ პატიმარს, რომელსაც მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული თუნდაც ბუნტისას, მას არ წარედგინება ბრალდება. ამიტომაც შეგნებულად არ გაიცა დასკვნა მძიმე დაზიანებების არსებობაზე. ადვოკატებს იმის უფლებაც არ გვაქვს, რომ საკანი დავათვალიეროთ. გამორიცხულია საკნის კარების განგრევა, მითუმეტეს იმ შედუღებული მაგიდით, რომლის აგლეჯვაც არარეალურია“.

მოსალოდნელი რუსული აგრესიის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ზუგდიდის #4 საპყრობილეს პატიმრების ახლობლებმა დაუყოვნებლივ მეაშურეს. მათ შორის მამუკა ხუნწარიას ძმაც იყო.

კახა ხუნწარია: „წარმოუდგენელი პანიკა იყო ციხესთან. ადმინისტრაციის თანამშრომლები სამოქალაქო ტანსაცმელში და უიარაღოდ იდგნენ, თითქოს გასაქცევად ემზადებოდნენ და ვერც გაამტყუნებ. იმ წუთებში ზუგდიდი მოსახლეობისაგან იცლებოდა. პატიმრების ნათესავებს აინტერესებდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საპყრობილის ადმინისტრაცია ევაკუაციასთან დაკავშირებით... როდესაც ჩემს ძმას შევხვდი მითხრა, რომ პატიმრები შიშისაგან საწოლების ქვეშ იმალებოდნენ, ინსტინქტით მოქმედებდნენო. ვისაც ყვირილის თავი ჰქონდა ჰყვიროდა, ზოგიერთს თურმე ლაპარაკიც აღარ შეეძლო, დაბომბვას დამუნჯებული ელოდაო. მხოლოდ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ვითხოვდით. თუ ომია, ჩვენც გვაბრძოლეთ, აქ ნუ ამოგვწყვიტავთო. ნიღბიანები შემოგვივარდნენ და ხელკეტებით გვცემდნენ, არც ერთს ფორმა არ ეცვაო“.

ედუარდ ქობალია პირველი პატიმარია, რომელსაც 21 აგვისტოს სსკ-ის 378-ე მუხლის I და II ნაწილით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. იგი სასჯელს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის იხდიდა და თავისუფლებამდე ერთი კვირა რჩებოდა.

ლევან უზარაშვილს და ავთანდილ კაკაჩიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ყველაზე ბოლოს, 1 ოქტომბერს შეეფარდა. ადვოკატის, ბაჩო ყურაშვილის განცხადებით ორივე პატიმარს, რომელიც სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის, ბრალი დაუმძიმდა და მათ 10-დან 15 ჭლამდე პატიმრობა ელოდებათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებული იყო პატიმრები საპყრობილედან გაეყვანა და მათი უსაფრთხოება დაეცვა.

ნანა კაკაბაძე: „რადგან პატიმრები, როგორც ხელისუფლება აცხადებდა დიდი რისკის, საფრთხის ქვეშ იყვნენ და მათი ევაკუაცია ვერ უზრუნველყვეს, პირველ რიგში თავად აგებს პასუხს მომხდარზე. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ დაწესებულებას თავშესაფარი არა აქვს, ხელისუფლება ვალდებული იყო პატიმრები უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. ამ შემთხვევაში, როცა პატიმრები ცდილობდნენ თავი გადაერჩინათ და მათი უსაფრთხოება არავინ დაიცვა, სულ მცირე მათ მიერ ჩადენილი ქმედება უნდა შემსუბუქდეს. არ უნდა დაავიწყდეს ხელისუფლებას, რომ მათი უფლებები პატიმრის შესახებ კანონით არის დარეგულირებული და საერთაშორისო კონვენციების მიხედვით პატიმარს აქვს სიცოცხლის უფლება. თუმცა, ზოგადად ადმინისტრაციის დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ ასეთი დაუნდობელი“.                            

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC