კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლული ჯარისკაცის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს

6 ოქტომბერი, 2008

ადვოკატს კი საქმეში არ რთავენ

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

სპეცრაზმის მიერ მოკლული 23-ე ბატალიონის ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახი დაზარალებულად არ ცნეს. ხოლო გარდაცვლილის ადვოკატს გამოძიებაში არ რთავენ.

როინ შავაძის მკვლელობის დღიდან, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით აღიძრა. თუმცა ოჯახს დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნებიან. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, გარდაცვლილის მეუღლე ციცინო შავაძემ დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და გამოძიება ვალდებული იყო დაზარალებულად ეცნო გარდაცვლილის მეუღლე. ამის შემდეგ მე მივმართე, როგორც მისი ინტერესების დამცველმა და მივუთითე, რომ ცნობილი უნდა იქნას იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით. თუმცა უარი მივიღე. გამომძიებლის ქმედება აჭარის პროკურორთან გავასაჩივრეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. უკვე ორი კვირაა გასული“, აღნიშნავს ადვოკატი პაპიძე.

ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კუდ-მა დააკავა. მის მიმართა საქმე 260 მუხლით აღიძრა. ხოლო შემდეგ მისი თბილისში ბადრაგირებისას, შავაძეს გაქცევა უცდია, რის გამოც მოხდა მისი ლიკვიდაცია. ეს ოფიციალური ვერსიაა, თუმცა ადვოკატი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს: „შავაძეს თითქოს  ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში გაქცევა მოახერხა. სპეცრაზმელები იძულებული გახდნენ, მისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ძალოვანები შეეცდებიან ეს ვერსია მტკიცებულებებით გაამყარონ, მაგრამ საქმეში უამრავი ხარვეზია, რაც მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თუნდაც იგივე, რომ შავაძეს სიკვდილამდე მრავალგზის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მათ შორის, სხეულზე რამდენიმე ადგილის მოტეხილობა, რის გამოც გაქცევას ვერ მოახერხებდა“.

სახელმწიფო ბრალდებამ გარდაცვლილის ინტერესების დაცვაზე ადვოკატს უარი უთხრა. „ეს იმით ახსნეს, რომ შავაძის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო აღძრული, შეწყვიტეს. ბრალდებულის გარდაცვალება საქმის შეწყვეტის საფუძველი არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. ოჯახს უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რითაც შავაძის უდანაშაულობა დადგინდება და მისი რეაბილიტაცია მოხდება“, _ აცხადებს ადვოკატი. ოფიციალური დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ, წერილობით ოჯახს ჯერ არ ჩაბარებია. ოჯახი აღნიშნული დადგენილების გასაჩივრებასაც აპირებს. საქმეს ბათუმის პროკურატურის გამომძიებელ-პროკურორი დავით ხარძეიშვილი იძიებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების მიერ მისი კანონიერი უფლებები ირღვევა: „გამოძიებაში არ მრთავენ, საქმეს საერთოდ არ მაკარებენ. რა თქმა უნდა, ორდერები მაქვს ორთავე საქმისთვის. გამოძიების უკანონო ქმედება გასაჩივრებულია ზემდგომ პროკურატურაში, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“.

ბათუმელი სერჟანტი, როინ შავაძე ცხინვალის კონფლიქტში 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ის სპეცრაზმმა ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟის მიდამოებთან 16 აგვისტოს დააკავა. თვითმხილველთა განცხადებით, 20 შეირაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში თავს დაესხა, წააქციეს და სასტიკად სცემეს. შავაძეს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხიც ჯერჯერობით მზად არ არის.

ახალი ამბები