კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახელი მევენახეები ხელისუფლებას ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ

6 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

პრემიერ მინისტრის, სოფლის მეურნეობის მინისტრის და კახეთის გუბერნატორის მიერ მედიით გავრცელებულ განცხადებებს, რომ კახეთში  რთველი წარმატებით ჩატარდა, კახელი მევენახეები სიცრუეს უწოდებენ. რეგიონში ღვინის ქარხნებთან, სადაც ყურძენს იბარებენ, დღისითაც და ღამითაც მოსავლით სავსე სატვირთო მანქანების იმდენად გრძელი რიგები დგას, რომ თვალს ვერ გააწვდენ. ყვარელშიც, გურჯაანშიც, საგარეჯოშიც, თელავშიც და სიღნაღშიც გლეხები ტირიან, რომ უკვე ორი, სამი და რამდენიმე მათგანი მეხუთე დღეა რაც ყურძნის ჩაბარებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. ღვინის ქარხნები ყურძენს ძირითადად მხოლოდ ნაცნობობით იღებენ.

ასეთმა ფაქტებმა მევენახეების ხმაურიანი პროტესტი არაერთხელ გამოიწვია. აღელვებულ გლეხებს შეიარაღებული სამართალდამცავები მიუჩინეს, ერთ-ერთი კონკრეტული ფაქტის დროს კი მათ დასაწყნარებლად გურჯაანის გამგებლის თანაშემწეს გიორგი ჯაჯანაშვილს, რომელსაც მისი ხელმძღვანელების დავალებით ღვინის ქარხანაში გავლენიანი პირების მანქანები ურიგოდ შეჰყავდა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინეს.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები მევენახეები ამ დრომდე ვერ ახერხებენ რომელიმე ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობისგან სიტყვიერი თანხმობის მიღებას, რომ მათ მიერ მოკრეფილ ყურძენს ჩაიბარებენ, არადა ალაზნისპირა სოფლებში სამთაწყაროში, ფიროსმანსა და საბათლოში, ყურძენი ყველაზე ადრე იწევა და ადგილობრივების ცნობით, 10 სექტემბერს აქ რთველი უკვე დამთავრებულია ხოლმე.

„100 ტონამდე საფერავი ჯერ ისევ დასაკრეფი გვაქვს. რაიონის გამგეობის,  კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  წარმომადგენლები დახმარებას არაერთხელ დაგვპირდნენ, მაგრამ ცხელ ხაზზე რომ ვრეკავთ, ვერ გვპასუხობენ ყურძენი რომ დავკრიფოთ, ჩასაბარებლად რომელ ღვინის ქარხანაში მივიტანოთ. ყურძენი ვაზზე უკვე ისე დაჭკნა, რომ აღარავინ იყიდის“, - ამბობს სამთაწყაროს მკვიდრი ნიკო საკანელაშვილი.

მისივე თქმით, დედოფლისწყაროს რაიონის ტერიტორიაზე არცერთი ღვინის ქარხანა არ ფუნქციონირებს. „სატვირთო მანქანის დაქირავება, რომლითაც ყურძენი ღვინის ქარხანაში უნდა მივიტანოთ, ძალიან ძვირი ღირს. თუ არ გვეცოდინება კონკრეტული საწარმო, თუნდაც კახეთის სხვა რაიონში, რომელიც მოსავალს მიიღებს, სხვა მევენახეების მსგავსად ოთხი ან ხუთი დღე ქარხნიდან ქარხანაში რომ გვატარონ, ყურძნის ფული მანქანის ქირასაც არ ეყოფა“, - აღნიშნა სამთაწყაროელმა მევენახემ.

ყურძნის გაყიდვას ვერ ახერხებენ ვერც დედოფლისწყაროელი ფერმერები. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, ღვინის ქარხნები მათგან ყურძენს არ იბარებენ და ამის მიზეზად ხელისუფლებისგან მიღებულ მითითებებს ასახელებენ.

„ორი კვირაა ყურძნის ჩასაბარებლად 15-ზე მეტ ქარხანას მაინც მივაკითხეთ, მაგრამ მოსავლის გაყიდვას ვერ ვახერხებთ. იგებენ თუ არა, რომ ყურძნის ოდენობა 20 ტონას აღემატება, მის მიღებაზე უარს გვეუბნებიან. ღვინის ქარხნების მეპატრონეებმა პირად საუბარში გვითხრეს, რომ ხელისუფლებისგან დავალება აქვთ, ყურძენი გლეხებისგან მიიღონ, რადგან სახელმწიფო სუბსიდია ფერმერებისთვის არ არის გათვალისწინებული“, - აღნიშნეს ფერმერებმა.

გუშინ საღამოს ყურძნით დატვირთული მანქანების დაახლოებით 2 კილომეტრიანი რიგი იდგა ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის ღვინის ქარხანასთან.

„მეოთხე დღეა აქ ვართ. გვპირდებიან, რომ დილით მიიღებენ, მერე საღამოს ამბობენ და ამასობაში ყურძენი წვენისგან დაიცალა. გუბერნატორი მოვა, გახსნიან ქარხანას, წავა და ისევ აღარ იღებენ ყურძენს. დანადგარი გაცუდდაო, იმიზეზებენ. სამაგიეროდ, ნაცნობობით შეჰყავთ ხალხი. იმას ხომ აღარ ვითხოვთ, რომ წონაში ძალიან არ მოგვატყუონ, ამ ყურძენს, რაც დავკრიფეთ, მანქანაზე მაინც ნუ დაგვილპობენ“, - ამბობს გავაზის მკვიდრი ივანე ვარადაშვილი.

რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი რეგიონში მომუშავე ბიზნესმენებს შეხვდა და მათ გლეხებისგან ყურძნის შესყიდვა მოსთხოვა.

ბიზნესმენების განცხადებით, რომელთაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ სურთ, გუბერნატორს აუხსნეს, რომ ყურძნის შესასყიდად მზად არ არიან, თუმცა პრეზიდენტის რწმუნებულმა აღნიშნული თხოვნა არ გაითვალისწინა.

„საომარმა მოქმედებებმა ბიზნესკომპანიები დააზარალა. გარდა ამისა, დევნილების დასახმარებლად სერიოზული თანხები გადავიხადეთ, რის გამოც ამ ეტაპზე ყურძნის შესყიდვის საშუალება აღარ გვაქვს. არც ჭურჭელი გვაქვს, სადაც ყურძნის ჩაწურვას შევძლებთ. გუბერნატორს ვუთხარით, რომ მზად არ ვართ, მაგრამ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს“, - გვითხრეს ბიზნესმენებმა.

რთველთან დაკავშირებით უამრავი პრობლემის და გლეხების გასაჭირის მიუხედავად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი აცხადებს, რომ კახეთში წელს რთველი წარმატებით ჩატარდა. „ამ დროისთვის გლეხებს საფერავის 95 პროცენტი და „რქაწითელი“ 50 პროცენტზე მეტი აქვთ ჩაბარებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

ბაკურ კვეზერელის ამ კომენტარის შემდეგ გურჯაანის ღვინის ქარხანასთან დაახლოებით ორკილომეტრიან რიგში მდგომ მევენახეებს კიდევ ერთხელ გავესაუბრეთ.

ნოდარ სონღულაშვილი, გურჯაანის მკვიდრი: „სხვას რას იტყოდა მინისტრი? ხომ არ გეტყოდათ, გლეხებს ყურძენი ვენახებში დაულპათ და გაუხმათო. აქ მოვიდეს და ნახოს რა სიგრძის რიგები დგას დღეც და ღამეც, მზეშიც და წვიმაშიც“.

მიხეილ ნაცვლიშვილი, გურჯაანის რაიონის სოფელი ჭანდარი: „თითქმის 15 დღე ვიარე რთველის საკოორდინაციო შტაბში და შტაბიდან ღვინის ქარხნებში. არსად ნორმალური პასუხი არ მაღირსეს. მარტო ის მითხრეს, ყურძენი დაკრიფე და მოიტანეო. დავკრიფე და მოვიტანე. მესამე დღეა ვილოდები, მაგრამ ქარხნის ეზოში არ მიშვებენ“.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, მათი მხრიდან ბიზნესმენების იძულებას, გლეხებისგან ყურძენი შეისყიდონ, უარყოფენ. „ერთი კონკრეტული ბიზნესმენის ვინაობა მაინც მითხარით ვინც ამას ამბობს. ასეთი დავალება არ გაგვიცია“, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.

ახალი ამბები