კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსებთან და აფხაზებთან დიალოგის შანსი დღეს ნულის ტოლია

8 ოქტომბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

„საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია მოსთხოვოს რუსეთის მიერ აღიარებულ ქვეყნებს კოდორის ან ახალგორის რაიონების ჩვენი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება, რადგან არ ცნობს მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად. დე-ფაქტო აფხაზეთი და დე-ფაქტო ოსეთი ევროპისთვის არ არსებობს, ამიტომ რუსეთს ელაპარაკებიან. რუსეთი ამბობს, მე ნუ მელაპარაკებით, მათ ელაპარაკეთო. რუსეთი ცდილობს, რომ ამ პროცესის შედეგად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებების ლეგიტიმაცია მოახდინოს, რომ ევროპამ მათთან მოლაპარაკება დაიწყოს და არენაზე გამოიყვანოს“, - აცხადებს კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი.

1 ოქტომბრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ე.წ. უსაფრთხოების ზონებში პატრულირება დაიწყო. მისიის წევრები ახალგორის რაიონში რამდენიმე სოფელში პატრულირებენ.  ისინი ზნაურის რაიონშიც შევიდნენ, თუმცა მათივე თქმით, პატრულირების უფლება მხოლოდ 12 კილომეტრიან ზონაში აქვთ, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცასა და ქვემო ოქონას შორის მანძილს მოიცავს. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ პატრულირება სამეგრელოს რაიონშიც დაიწყო. დამკვირვებელები განმუხურში, ხურჩასა და ჩხოროწყუში მოძრაობენ.

რუსმა ოკუპანტებმა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების თანახმად საქართველოს ტერიტორია 10 ოქტომბრამდე უნდა დატოვონ. თუმცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. მეტიც, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოიკიდებელ ქვეყნებად გამოაცხადა, ხოლო ამ უკანასკნელებმა დამატებით სხვა ტერიტორიებიც შეიერთეს.

მიუხედავად იმისა, რომ  3 ოქტომბრის ევროსაბჭოს რეზოლუციაში ევროპამ ცალსახად დააფიქსრა თავისი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, აუცილებელია ერთმანეთისგან კარგად გაიმიჯნოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ამ ტერიტორიების დე-იურე და დე-ფაქტო მდგომარეობა.

გიორგი ხუციშვილი: „დე-ფაქტო, ეს ტერიტორიები ახლა ისეთი ძალის ხელშია, რომელსაც საერთაშორისო სამართალი ვერაფერს უშვება. რუსეთი იმ არგუმენტს იყენებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიები აღიარებული აქვს, მათთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას აპირებს ხოლო სამხედრო ურთიერთობების შესახებ გეგმა უკვე არსებობს. ამ ტერიტორიებზე რუსეთი ამ  გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე მოქმედებს. ანუ ის თვლის, რომ მას საერთაშორისო სამართალში არაფერში უპირისპირდება და ამ ფანჯრით სარგებლობს“.

გიორგი ხუციშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ასეთი მოქმედების აღკვეთას საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ამჯერად არ არსებობს. მხოლოდ სიტყვები „ჩვენ არ ვცნობთ ამ ტერიტორიებს“ უკვე საკმარისი არ არის.

„რომ გადავხედოთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  გადაწყვეტილებას, რომელიც 3 ოქტომბერს იყო მიღებული, ვნახავთ, რომ იქ რუსეთისთვის არავითარი საფრთხე არ არსებობს. მაგალითად, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა იგნორირება გაუწია ევროპის მოთხოვნებს და ა.შ. ვინაიდან ეს მექანიზმები არ არის ჩადებული, ყველაფერი აღიქმება, როგორც მხოლოდ  ფორმალური გაფრთხილება, სანქციების გარეშე. რეალურად, ევროპა არ რეაგირებს ადეკვატურად რუსეთის ქმედებებზე, პირიქით, განსხვავებულ რაღაცებზე მიდის საუბარი, მაგალითად, არ მოვაქციოთ რუსეთი იზოლაციაში, რუსეთთან ჩვენი მოლაპარაკებები და ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულებები საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ. რუსეთი ამით სარგებლობს და პრობლემებს ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიასაც უქმნის“.

ექსპერტი ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ ვითარება თვისობრივად შეიცვალა. თუ აგვისტომდე რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, დე-ფაქტო სირთულეებს დე-იურე სირთულეებიც დაემატა და ყველაფერი „სავაჭრო“ გაგვიხდა.

“ამ აღიარების გამო გარკვეულ კაზუისტიკასთან გვაქვს საქმე. საქართველო, ევროკავშირი და რუსეთი განსხვავებულ სამართლებრივ სივრცეებში ვუდგებით იმ ტერიტორიებს, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტებმა შემოიერთეს”.

თუმცა მას მიაჩნია, რომ ევროპისგან იმაზე მეტის მოთხოვნა, ვიდრე ის საქართველოსთვის აკეთებს, უმადურებაა.

„დასავლეთის მიმართ ჩვენს მოთხოვნებში და პრეტენზიებში ცოტა ზედმეტი მოგვდის. ამისთანა რა გავუკეთეთ ევროპას, რომ ვერ ამოვიდნენ ჩვენი ვალიდან. მთელი დასავლეთი აგვისტო-სექტემბერში ჩვენს გვერდით იდგა. სარკოზი ჩამოვიდა ორჯერ, ბუშმა 17 განცხადება გააკეთა. ამხელა ჰუმანიტარული დახმარება გაგვიწიეს. ახლა დიდ ეკონომიკურ დახმარებაზეა საუბარი. 300 დამკვირვებელი ჩამოვიდა. ევროპისთვის ამ გადაწყვეტილებების მიღება ძნელი იყო. ასეთი რაღაცა ასე სწრაფად არასდროს გაუკეთებია“.

როგორც გიორგი ხუციშვილი ამბობს, საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია მოსთხოვოს რუსეთის მიერ აღიარებულ ქვეყნებს კოდორის ან ახალგორის რაიონების ჩვენი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება, რადგან არ ცნობს მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად. დე-ფაქტო აფხაზეთი და დე-ფაქტო ოსეთი ევროპისთვის არ არსებობს, ამიტომ რუსეთს ელაპარაკებიან. რუსეთი ამბობს, მე ნუ მელაპარაკებით, მათ ელაპარაკეთო. რუსეთი ცდილობს, რომ ამ პროცესის შედეგად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებისა ლეგიტიმაცია მოახდინოს, რომ ევროპამ მათთან მოლაპარაკება დაიწყოს და არენაზე გამოიყვანოს.

და ბოლოს, საერთაშორისო სამართლის უძლურობის თუ რუსეთის უსამართლობის შედეგად გვრჩება ის, რომ საქართველომ დაკარგა ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ აკონტროლებდა. ამ ტერიტორიების დაბრუნება მაშინაც ვერ მოხერხდება, როდესაც რუსეთი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში საქართველოს დატოვებს. 

გიორგი ხუციშვილი: „15 ოქტომბრამდე რუსეთი არ არის ვალდებული დატოვოს, მაგალითად, კოდორი. ეს ტერიტორია აფხაზეთმა შემოიერთა, ასე რომ აფხაზეთის შეირაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ კოდორი. ფაქტობრივად, აღდგენილი ქართული იურისდიქცია აფხაზურმა იურისდიქციამ შეცვალა. რუსები ამბობენ, ჩვენ არ გვაქვს კოდორი დაკავებული. ეს ტერიტორია აფხაზებმა დაიკავეს. აფხაზები კი ამბობენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა, სადაც მათ თავისი იურისდიქცია აღადგინეს, რადგან დამოუკიდებელი ქვეყანაა. იგივე სიტუაცია ცხინვალის რაიონშია. მთელ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც სანაკოევი აკონტროლებდა, ოლქის მთელ პერიმეტრზე კოკოითმა საკუთარი შეიარაღებული ძალები დააყენა.  

ზურაბ აბაშიძე აღნიშნავს, რომ ტერიტორიულ მთლიანობის თემაზე დიალოგის აღდგენა ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ჩვენ დიალოგის ფორმატი არც ოსებთან გვაქვს და არც აფხაზებთან. ორივესთან ყოველგვარი ურთიერთობები გაწყვეტილია. მათთვის კი დიალოგში ჩართვის უმთავრესი პირობა მათი დამოუკიდებლობის აღიარება იქნება.

ახალი ამბები