კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობა ოსების და ქართველების გაძარცვულ სახლებში ბრუნდება

10 ოქტომბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

გუშინ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ქვედანაყოფები ქართულ სოფლებში ზარ-ზეიმით შევიდა. შინდისის, ნიქოზის, ფხვენისის, ერგნეთის, ბროწლეთის და ა.შ. სოფლების მაცხოვრებლები ქართულ პოლიციის გამოჩენას დიდი სიხარულით შეხვდნენ. სამხარეო პოლიციის უფროსს ვოვა ჯუღელს რუსმა მშვიდობისმყოფელმა მარატ კულახმეტოვმა ,,ნაბლოკსპოსტარი" ადგილები  ჩააბარა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც აღიარა, რომ რუსების მიერ კონტროლირებადი გორის რაიონის ,,ბუფერული ზონის" სოფლები უკვე თავისუფალია. დიდი და პატარა ლიახვის ქართულ სოფლებს კი კვლავ რუსები აკონტროლებენ.

ფაქტობრივად, გორის რაიონის ტერიტორიიდან რუსების გასვლამ მხოლოდ ადგილობრივი პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების შეზღუდული კონტროლი გააფართოვა.

გათავისუფლებული სოფლების მაცხოვრებლები გაძარცვულ, ზოგიც ნახევრად დამწვარ სახლებში იცხოვრებს. ადგილობრივ ძალოვან უწყებებს იმის გარკვევაც მოუწევთ, მონაწილეობდნენ თუ არა ქართველები ქართული ოჯახების გაძარცვაში. უკან დაბრუნებული მოსახლეობა აცხადებს, რომ ბევრი სახლი ბოლო ხანებში ქართველების მიერ გაიძარცვა.

,,სახლებს კარგად ეტყობა ქართველების მიერაა გაძარცვული თუ ოსების. ოსი მაროდიორები ძარცვისას ე.წ. ,,ქურდულ წესებს" არ იცავდნენ. ისინი პირდაპირ იჭრებოდნენ სახლში, ფეხით ანგრევდნენ კარებს, ესროდნენ კედლებს, ამტვრევდნენ ფანჯრებს ჩარჩოებინად. მათ ეშინოდათ იმისა, რომ სახლში ვინმე ქართველი არ ყოფილიყო დამალული. ოსების ნახელავი ადვილი მისახვედრია. სამაგიეროდ ქართველების გაძარცვულ სახლებსაც ეტყობათ გაძარცვის ნიშნები. ქართველები იპარებოდნენ ჩუმად, ისინი ხმაურით არ შედიოდნენ სახლში. მათ იცოდნენ, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა და ამიტომ არ სჭირდებოდათ კარის შენგრევა და ფანჯრების ლეწვა" - ამბობს სოფელ ბროწლეთში მაცხოვრებელი გ. ბუჟღულაშვილი.

სოფელ ერგნეთში ორი დღის წინ ინციდენტიც მოხდა. კასრაძეების ოჯახს ოსი მოროდიორები დაესხნენ თავს. ინციდენტი ჩხუბში გადაიზარდა. ნაცემი კასრაძე გორის საავადმყოფოშია მოთასებული. ოსური მხარის განცხადებით, ერგნეთში რამდენიმე ოსი მორადიორი დაიღუპა. არის თუ არა კავშირი ამ ორ ინციდენტს შორის, უცნობია.

მხარის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი მოსახლეობას სთხოვს, რომ ჯერ ნუ დაბრუნდებიან საკუთარ სოფლებში. გორის კარვების ქალაქში, დაახლოებით 100 კარავში, ერგნეთიდან, ბროწლეთიდან, კარალეთიდან, ნიქოზიდან, შინდისიდან და ქარელის რაიონის სოფლებიდან დევნილები ცხოვრობენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ურჩევნიათ თავიანთ გაძარცვულ და დამწვარ სახლში იცხოვრონ, ვიდრე სიცივესა და შიმშილში და სველ კარვებში.

გორის საბავშვო ბაღებში განთავსებული დევნილებიც ტოვებენ შენობებს. ფხვენისის მოსახლეობას უთანხმოებაც კი მოუვიდა საბავშვო ბაღის ადმინისტრაციასთან. ფხვენისელებს გასაშლელი საწოლების წაღება უნდოდათ, მაგრამ საბავშვო ბაღის გამგემ ამის საშუალება მათ არ მისცა. სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის პედაგოგი ციური ეშმაკურაშვილი აღშფოთებულია გორის გამგეობის თანამშრომლების ცინიზმით და ქმედებით:

ციური ეშმაკურაშვილი - ,,საბავშვო ბაღის გამგემ გამოგვიცხადა, რომ ჩვენთვის დარიგებული ჭურჭელი და საწოლები უნდა დაგვეტოვებინა, ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდებაო, რადგან ბაღის საკუთრებაში არსებული ჭურჭელი დაგვემტვრაო... ვითარების გასარკვევად გამგეობაში გადავედი და უნდა გვენახა ვინმე ზურაბ ჩხეიძე, რომელის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსია. თურმე იგი ყოფილა ჩვენი კურატორი. ჩხეიძე ვერ ვნახეთ, იქ მისაღებში პატარა გოგოები ისხდნენ, მასხარად ამიგდეს, პედაგოგი ქალი ხარ, არ იცი, რომ რასაც იყენებდი, სახელმწიფო საკუთრებააო. მიუხედავად ამისა, მაინც წამოვიღე ყველაფერი სახლში და ამჟამად უკვე სოფელში ვარ, ფხვენისში, რომელიც ნიქოზს ესაზღვრება".

ციური ეშმაკურაშვილი დღეს დილით სკოლაში წავიდა. მისი თქმით, სწავლის დაწყება უახლოეს ხანებში შესაძლებელია, რადგან სკოლას მხოლოდ ფანჯრები აქვს ჩასასმელი. მისი მეუღლე ომის დროს დაიჭრა, ხოლო მამამთილს კასეტური ბომბი აუფეთქდა.

,,ქალებმა ცოტა ადრე დავტოვეთ სოფელი, უკვე იგოეთში ვიყავით, როდესაც ჩემი მეუღლე თანასოფლელების მანქანით წამოვიდა სოფლიდან. ვარიანთან ოსები გადაეყარნენ და მანქანა დაცხრილეს. დაიღუპა მანქანის მძღოლი, ჩემი მეუღლე კი დაიჭრა. იძულებული გახდა სოფელში დარჩენილიყო, რადგან წამოსვლა ვეღარ შეძლო. დაჭრილმა კაცმა მთელი 45 დღე სოფელში ისე გაატარა, რომ ჭრილობები წამლის გარეშე მოიშუშა. ელემენტარულად გამაყუჩებელიც კი არ ჰქონდა, რომ ტკივილები მოეშუშებინა. აი, ასე გადაიტანა ჩემმა მეუღლემ ოკუპაციის პერიოდი. ამას მეორე უბედურება დაემატა. ჩემმა მამამთილმა ნაკვეთში რაღაც რკინის საგანი იპოვა. როგორც კი ხელი მოჰკიდა, აფეთქდა და ადგილზე დაიღუპა. სოფელში იმ დროს 35 კაცი იყო დარჩენილი და როგორც მოახერხეს, ეზოში დაკრძალეს. სოფელში დანგრეული სახლები არ გვაქვს, უბრალოდ უმეტესობას ფანჯრები აქვს დაზიანებული, ისე რომ მთლად წყალწაღებულები არ ვართ. აი ასეთი ტანჯვა გამოვიარეთ და გუშინ ისეთი აღელვებული და გაბრაზებული ვიყავი, პირდაპირ თქვენ დაგიკავშირდით. მე ხომ არ ვიცოდი, ჩემი სახლი რა მდგომარეობაში იყო." - გვითხრა ქალბატონმა ციურიმ.

სოფელი ყელქცეული ასევე ერთ-ერთი ის სოფელია, სადაც ძირითადად მოხუცები დარჩნენ. ამავე სოფელში მცხოვრები დარეჯან ტარუაშვილი იხსენებს, რომ თვენახევრის განმავლობაში სოფელში არავინ შესულა.

,,ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან არავინ ყოფილა, არც ხელისუფლებიდან და არც ჟურნალისტები. ერთხელ იყვნენ ნაციონალები და რაღაც საჭმელი მოიტანეს. ჟურნალისტები კიდევ ჯიპებით რომ მოდიან ხოლმე და აცხადებენ, რუსები და ოსები არ გვიშვებენო, წამოსულიყვნენ ავტობუსით. ხომ იციან, რომ ,,ჯიპით“ სოფელში არავინ შემოუშვებდა? ამდენი ხანია სოფელში ავტობუსი დადის უკვე და ერთხელ მაინც გამოჰყოლოდნენ ხალხს და ენახათ ჩვენი მდგომარეობა. ჩვენი ძალებით შევინახეთ ჩვენი თავი. რუსები გაგიჟებულები იყვნენ იმით, ეს რა კარგი ხალხი ყოფილხართ, ჩვენ სულ სხვა წარმოდგენა გვქონდა თქვენზეო. ძალიან გახარებულები ვართ იმის გამო, რომ ქართული პოლიცია შემოვა ჩვენთან. რა თქმა უნდა არავინ ვიყავით დაზღვეული ოსი ყაჩაღებისგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩვენი თავი ჩვენ თვითონვე შევინახეთ." - გვითხრა დარეჯან ტარუაშვილმა.

ახალი ამბები