კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

10 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

„არც შუქი გვაქვს, არც გზა, ბუნებრივ აირზე ოცნებაც ხომ ზედმეტია. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ზამთარში ან წყალდიდობების დროს ვართ. ერთადერთი გზა, რომელიც სოფელს რაიონთან აკავშირებს, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჭერემის ხევს მიაქვს და საერთოდ იზოლირებულები ვრჩებით. ამიტომ პურის ფქვილს და სხვა სურსათს ზაფხულში ვიმარაგებთ, რომ ზამთარში შიმშილით არ გავწყდეთ“, - ამბობს სოფელ ჭერემის მკვიდრი თამარ იაგანაშვილი.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, 16 წელია ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები. სოფელში არც მაღაზია და არც სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო კი საჭიროების შემთხვევაში ჭერემში ასვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახერხებს. მობილური ტელეფონით კავშირის დამყარებაც მხოლოდ დასახლებული ტერიტორიიდან დიდი მანძილით დაშორებული ამაღლებული ადგილიდან არის შესაძლებელი. პრობლემების მოგვარებას ჭერემელებს არაერთხელ დაპირდნენ, ძირითადად წინასაარჩევნოდ, მაგრამ უშედეგოდ. გაუსაძლისი პირობების გამო ჭერემში დარჩენილი 14 ოჯახიდან უმეტესობა იძულებულია სოფელი დატოვოს.

სოფელი ჭერემი მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრეს დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. ჭერემში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც.

სოფლის ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის მიუხედავად, ჭერემში მოსახლეობას გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება. სოფელში მდგარი 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდან, 90 მიტოვებულია.

„არც შუქი გვაქვს, არც გზა, ბუნებრივ აირზე ოცნებაც ხომ ზედმეტია. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ზამთარში ან წყალდიდობების დროს ვართ. ერთადერთი გზა, რომელიც სოფელს რაიონთან აკავშირებს, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჭერემის ხევს მიაქვს და საერთოდ იზოლირებულები ვრჩებით. ამიტომ პურის ფქვილს და სხვა სურსათს ზაფხულში ვიმარაგებთ, რომ ზამთარში შიმშილით არ გავწყდეთ“, - ამბობს სოფელ ჭერემის მკვიდრი თამარ იაგანაშვილი.

მისივე თქმით, უკიდურესად დაზიანებული გზის გამო აუცილებლობის შემთხვევაში სოფელში ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ადის. „სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურთან დაკავშირებაც პრობლემაა, რადგან მობილური ტელეფონით სარგებლობა მხოლოდ ერთი ადგილიდან არის შესაძლებელი, რომელიც დასახლებული ტერიტორიიდან დიდი მანძილითაა დაშორებული“, - აღნიშნავს ჭერემის მკვიდრი.

სოფლის მცხოვრებთა თქმით, პრობლემების მოგვარებას მათ არაერთხელ დაპირდნენ, მათ შორის კახეთის ამჟამინდელი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილიც, ჯერ კიდევ სამი თვის წინ, როცა ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში, მაგრამ უშედეგოდ.

გიორგი სიბაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე: „ჩვენ ვიცნობთ სოფელ ჭერემში არსებულ პრობლემებს. მიმაჩნია, რომ არა მარტო ამ მაღალმთიან სოფელს, არამედ სხვა სოფლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

- რატომ ვერ მოხერხდა 16 წლის მანძილზე სოფელ ჭერემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება?

- გარწმუნებთ, რთველის დასრულებისთანავე რეგიონის ხელისუფლების პრიორიტეტი იქნება სოფლებში გადაწყდეს ელექტროენერგიის და სხვა პრობლემები. ამისათვის მივალთ თითოეულ სოფელში და ადგილზე გავეცნობით იქ არსებულ მდგომარეობას.

- ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, რამდენიმე თვის წინ ღვინიაშვილი ჭერემის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა, მაგრამ ადგილობრივებს ამ დრომდე უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

- გიორგი ღვინიაშვილი კახეთის გუბერნატორად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა და სულ რამდენიმე დღეში რეგიონში რთველიც დაიწყო, რომლის ჩატარებაზეც ხელისუფლება მუშაობს. რთველი რამდენიმე დღეში დამთავრდება და როგორც უკვე გითხარით, აუცილებლად მოვიძიებთ ფინანსურ რესურსებს, რითაც ამ პრობლემებს გადავჭრით.

სახელმწიფო დაწესებულებებიდან სოფელ ჭერემს ამ დრომდე მხოლოდ სკოლა შემორჩა, სადაც 4 მოსწავლე სწავლობს.

ახალი ამბები