კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკრაინის მოქალაქე ქართველ პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს

13 ოქტომბერი, 2008

 

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

 

კიეველი ორესტ ბოხონკო სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. უკრაინის მოქალაქე ქართველმა პოლიციელებმა 27 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაშია ბრალდებული. სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მტკიცებით ნარკოტიკი „მეტადონი“ ბოხონკოს ანალური ხვრელიდან ამოიღეს. უკრაინის მოქალაქე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მისი ადვოკატი, შორენა კალანდია კი იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც ბრალდებულის დაკავებას ახლდა.

„ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს?!“ - ამ სიტყვებს ორესტ ბოხონკო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყველაზე ხშირად იმეორებდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამის თქმის საფუძველს პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტები აძლევდა.

საქართველოში უკრაინის კონსულის, ვლადიმირ ბონდარენკოს მისამართით გაგზავნილ წერილში ორესტ ბოხონკო დეტალურად ჰყვება იმ ისტორიას, რომელიც მას საქართველოში პირველად ჩამოსვლისთანავე თავს გადახდა.

როგორც ირკვევა, 37 წლის უკრაინის მოქალაქე 27 სექტემბერს, საღამოს 11 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. იგი საქართველოში კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა. ბოხონკო აღნიშნავს, რომ იგი სენაკში მეგობარ ზაზა სამინავასთან სტუმრობას გეგმავდა, რომელიც მას აეროპორტში უნდა დახვედროდა. გასასვლელში მას უცხო პირი ხვდება, რომელიც სამინავას ნახევარი საათით დაგვიანებას ატყობინებს და აეროპორტის შენობის ერთ-ერთი ოთახისკენ აცილებს. დაახლოებით 20 წუთში ქართველი მასპინძელი ჩნდება და ისინი ავტომანქანით გასვლას აპირებენ. ამ დროს სტუმარ-მასპინძელს 10-მდე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი უახლოვდება და ორივეს ძალის გამოყენებით მიწაზე აწვენს.

ორესტ ბოხონკო: „მხოლოდ მე წამომაყენეს და მკითხეს, სად ინახავ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონსო“. მე გაოგნებული ვპასუხობდი, რომ მას არაფერი აქვს და რაღაც გაუგებრობაა-მეთქი. ჩემი პასუხი არ მოეწონათ და ცემა დამიწყეს, მუცელში მირტყამდნენ. შემდეგ აეროპორტის შენობაში დამაბრუნეს. მე ვუხსნიდი, რომ უკრაინის მოქალაქე ვიყავი და ვალდებული იყვნენ საელჩოსთვის ეცნობებინათ. ისინი ჩემს მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდნენ და „მეტადონს~ კვლავ მოითხოვდნენ. მე აეროპორტის ადმინისტრაციისა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლების მოწვევასაც მოვითხოვდი, მაგრამ უკვე 10 კაცი ერთდროულად, ყველა მხრიდან მირტყამდა“

ბოხონკოს მოთხოვნებს პოლიციელები თურმე იმ მიზეზით არ აკმაყოფილებდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით ხანგრძლივ პროცედურას საჭიროებდა და დილამდე გასტანდა. ამიტომაც ურჩიეს ეჭვმიტანილს მოწმეების გარეშე ხელი მოეწერა ოქმისთვის, სადაც ნარკოტიკების არქონას დაადასტურებდა. ბოხონკომ ხელი კი მოაწერა ქართულენოვან დოცუმენტს, თუმცა შინაარსი მისთვის უცნობი იყო.

ორესტ ბოხონკო: „პირადი ნივთების ჩხრეკის შემდეგ გაშიშვლება მიბრძანეს, მერე ბუქნის გაკეთება... როგორც შემდეგ გავარკვიე, ამ პროცედურით თუ ანალურ ხვრელში ნარკოტიკი იყო, უნდა გამომძვრალიყო. ამ ყველაფერს ვიდეოკამერით იღებდნენ. თითქმის ყველა პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებდა ჩემს შიშველ სხეულს და ჩემთვის გაუგებარი ენის მიუხედავად ვხვდებოდი, რომ მამცირებდნენ და დამცინოდნენ.

ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც ამ „სპეცოპერაციას“ ხელმძღვანელობდა, მიბრძანა გადაიხარეო. შევეწინააღმდეგე, მაგრამ ძალის გამოყენებით მაიძულეს. იმ ხელმძღვანელმა, სავარაუდოდ კოხტა კოდუამ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და ანალური ხვრელის შემოწმება დამიწყო... 20 წუთი ასე მაწამეს. ძებნა რომ უშედეგო აღმოჩნდა, შემეშვნენ. ამის შემდეგ ოთახიდან რამდენიმე თანამშრომელი გავიდა. დანარჩენები მათ გამოჩენამდე ნახევარი სააათის განმავლობაში სრულიად შიშველს კამერით მიღებდნენ, დამცინოდნენ და მცემდნენ.

მას შემდეგ, რაც ოთახიდან გასული პოლიციელები დაბრუნდნენ, რამდენიმე ყელში მწვდა, რამდენიმე სხეულს მიმაგრებდა. ის ერთი კი ანალური ხვრელის გასინჯვას კვლავ განაგრძობდა. აუტანელი ტკივილების შედეგად გონება დავკარგე. არ ვიცი რამდენი ხნით, მაგრამ გონს რომ მოვეგე მაგიდაზე ყვითელი რეზინის ბუშტი იდო. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ეს „მეტადონი“ იყო და ჩემი სხეულიდან გამოიტანეს...“

ორესტ ბოხონკო თბილისიდან ზუგდიდში სამხარეო პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ წალენჯიხის პოლიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს. ბრალდებულის განმარტებით იქ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ბოხონკომ მაღალი არტერიული წნევასა და შიმშილში 2 დღე გაატარა. სავარაუდოდ მას ნეკნების მოტეხილობაც აქვს, თუმცა გამოძიებამ ბოხონკოს ადვოკატს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე სიტყვიერი უარი განუცხადა.

ორესტ ბოხონკოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ჯეირან მორგოშიამ აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იგი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გაასამართლეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უკრაინის მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. იგი ზუგდიდის #4 საპყრობილეშია მოთავსებული. დაკავებულია ასევე ზაზა სამინავა, რომელსაც ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ უკანონო შეძენა-შენახვა. პოლიციის მტკიცებით სენაკში, სამინავას ბინის ჩხრეკისას 0,007 გრამი „ჰეროინი“ აღმოჩნდა.

დაცვის მხარის განმარტებით ბოხონკოს საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უკვე გასაჩივრდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პროცესუალური დარღვევებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება და ამის შედეგად ამოღებული მტკიცებულება დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.

შორენა კალანდია, ადვოკატი: „დაკავებულს არ ჰყავდა ადვოკატი. მას არავინ განუმარტა, რომ გასაჩივრების ვადა, 72 საათი ჰქონდა. პოლიციელებმა არ შეატყობინეს უკრაინის საელჩოსა და საკონსულოს, მაშინ როდესაც ეს მოქმედება დაკავებიდან არაუგვიანეს  5 საათის განმავლობაში უნდა განეხორციელებინათ. ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ დღის შემდეგ გაიგზავნა. ბრალდებული ხელს არ აწერს არც ერთ დოკუმენტს, რადგან მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შედგენილი.

რაც შეეხება ანალური ხვრელის შემოწმებას – იგი სრული კანონდარღვევით მოხდა. არ არსებობს გამომძიებლის ან პროკურორის შესაბამისი დადგენილება, რომელსაც წინასწარ უნდა გასცნობოდა დაკავებული. ამ პროცედურას სამედიცინო დაწესებულებაში წერილობითი მიმართვის საფუძველზე ატარებს სპეციალისტი, ექიმი და არა პოლიციელი. ეს არ გაკეთებულა. სამაგიეროდ ეს გააკეთა ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელმა კოხტა კოდუამ, რომელმაც დაკავებულის მიმართ წარმოუდგენელი სისასტიკე გამოიჩინა და ამას მალავენ. ოპერატიული ინფორმაციის ავტორიც ის არის და ამასაც მალავენ, ამ დოკუმენტის ასლიც აღარ გადმომცეს. ჩხრეკის ოქმში არ არის მითითებული ის, რომ გადაღებას ტექნიკური საშუალებით აწარმოებდნენ“

დაცვის მხარისათვის ცნობილია ოპერატიული ჯგუფის მხოლოდ იმ რამდენიმე წევრის ვინაობა, რომლებიც ბოხონკოს ცემაში მონაწილეობდნენ. გიორგი ლომაია, ჯუმბერ აბლოთია, გიორგი ჯანაშია და გიორგი სამუშია-ნაცმოძრაობის აქტივისტი, რომელიც ოპოზიციის წევრების ცემაში თავად იყო ბრალდებული და ადმინისტრაციულ სახდელსაც იხდიდა.

უკრაინიდან ზუგდიდში უკვე ჩამოვიდა დაკავებულის ძმა, რომან ბოხონკო, რომელიც მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

რომან ბოხონკო: „ჩემი ძმის დაპატიმრებას ვერაფერს ვუკავშირებ. თავდაპირველად ოჯახის წევრებს გვეგონა, რომ ორესტის გაუჩინარება კრიმინალებს უკავშირდებოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ფულის გამოძალვის მიზნით იყო გატაცებული და გამოსასყიდი თანხის მოთხოვნას ველოდით. ჩემს ძმას ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება არასდროს ჰქონია. ამაზრზენია ის მოქმედებები, რომელიც მედიკოსების გარეშე ჩატარდა. ამას თქვენთან პოლიციელები აკეთებენ?! ასეთი თეთრი ძაფებით კერავს საქმეებს ქართული პოლიცია?!“

ორესტ ბოხონკოს შეტყობინების შემდეგ ბათუმიდან ზუგდიდიში უკრაინის კონსული, ვლადიმერ ბონდარენკო ჩავიდა. იგი პატიმარს რამდენჯერმე შეხვდა. ბონდარენკო სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორს, სამხარეო პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელებსაც შეხვდა, თუმცა უცნობია საუბრის დეტალები. „მე თვალყურს ვადევნებ გამოძიების პროცესს, ველოდები ქართველი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას. მე საქმის კურსში ვარ და ჩემთვის უკვე ცნობილია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომელსაც ბოხონკოს დაკავების დროს ადგილი ჰქონდა. ჩემი კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში შევეცდები მაქსიმალურად დავიცვა თანამემამულის ღირსება და ადამიანური უფლებები“,- აცხადებს უკრაინის კონსული.

 

 

ახალი ამბები