კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის გამგეობის თანამშრომლებმა უპოვართა ჰუმანიტარული საკვები მიითვისეს

13 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

სოციალურად უკიდურესად დაუცველი ადამიანებისთვის უფასო სასადილოები თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. უპოვართა და უმწეოთა კვება ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ერთ ადამიანზე ყოველდღიური ხარჯი 1 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. ამ თანხით უმწეოებს ერთი პური და ერთი ქილა უხორცო წვნიანი ეძლევათ. არასახარბიელო მდგომარეობის გამო უპოვართა სასადილოებს ხანდახან საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ეხმარებიან, თუმცა როგორც გავარკვიეთ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰუმანიტარული ტვირთი დანიშნულების ადგილამდე არ მიაქვთ.

2006 წლის 24 მარტს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ კომპანია „ექსპოჯორჯიადან~ ჰუმანიტარული საკვები მიიღო, სულ 3450 ულუფა. საქართველოს პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის 2006 წლის 27 მარტის #18 განკარგულებით, მიღებული ჰუმანიტარული ტვირთი, რაიონებში არსებული ბენეფიციართა სასადილოებისთვის განაწილდა. თელავის მუნიციპალიტეტს 610 ულუფა გამოეყო, რაც თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა მამაცაშვილის მიერ 2006 წლის 4 აპრილს გაცემული #232 მინდობილობის საფუძველზე, გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ ფარადაშვილმა მიიღო. პრეზიდენტის რწმუნებულის განკარგულების მიხედვით, ჰუმანიტარული საკვები, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ იყო, თელავის რაიონის გამგეობას უპოვართა და უმწეოთა სასადილოსთვის უნდა გადაეცა. შესაბამისად, უნდა შემდგარიყო მიღება – ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები, თელავის რაიონის გამგეობა და უპოვართა და უმწეოთა სასადილოს ხელმძღვანელობა დაადასტურებდნენ, რომ ერთმა მხარემ გასცა და მეორე მხარემ მიიღო ჰუმანიტარული საკვები 610 ულუფას ოდენობით, მაგრამ ასეთი აქტი არ არსებობს.

„მითითებულ დროს, უპოვართა და უმწეოთა სასადილოს თელავის გამგეობისგან არავითარი ჰუმანიტარული საკვები არ მიუღია. აქედან გამომდინარე, დოკუმენტი, რომელსაც თქვენ გვთხოვთ და რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ტვირთი მივიღეთ, არ გვაქვს“, - აცხადებს უპოვართა და უმწეოთა სასადილოს ბუღალტერი ეთერ შაშვიაშვილი.

ნოდარ ფარადაშვილი: „კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებული ჰუმანიტარული საკვები თელავის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის გოჩა მამაცაშვილის დავალებით, გამგეობის შენობის პირველ სართულზე ერთ - ერთ თავისუფალ ოთახში შევინახე. შემდეგ სად წაიღეს ეს საკვები, ჩემთვის უცნობია, რადგან 2006 წლის ზაფხულში მე გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გავთავისუფლდი“.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, რამდენიმე თვის განმავლობაში უპოვართათვის განკუთვნილი საკვები თელავის გამგეობის შენობაში ინახებოდა. 2007 წლის აპრილში კი, თელავის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, აგრარულ საკითხთა და ბუნებრივი რესურსების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ენუქაშვილმა 7250 ლარის ღირებულების ჰუმანიტარული საკვები, სხვა პირებთან ერთად, ნიკო ენუქაშვილის მიერ იჯარით აღებულ ფერმაში წაიღო, მწყემსებისა და ძაღლების საკვებად.

მომხდარის შესახებ 2007 წლის ივნისში კახეთის საოლქო პროკურატურას შეატყობინეს. სისხლის სამართლის საქმე თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით აღიძრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავის რაიონის გამგეობას მიღებული ჰუმანიტარული საკვები დანიშნულებისამებრ არ გაუცია.

იურისტ ლია ხუროშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში პროკურატურას კახაბერ ენუქაშვილი და ის პირები, ვინც ჰუმანიტარული საკვების მითვისებაში მონაწილეობდნენ, შესაძლოა, თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელიც, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცა, მაგრამ ეს არ მომხდარა. კახეთის საოლქო პროკურატურას გამოვლენილ სამოხელეო დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია. სანდო წყაროს ცნობით, კახეთის საოლქო პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი არაერთ ასეთ სამოხელეო დანაშაულს მალავს.

ამ ხელშეწყობით, მას შემდეგ რაც თელავის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა მამაცაშვილი გარემოსა და ბუნებრივის რესურსების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს, კახაბერ ებუქაშვილი დასჯის ნაცვლად კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

ახალი ამბები