00:12, Thursday, 04.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პროფესორები რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ფინანსურ მაქინაციებში ადანაშაულებენ

17.10.2008
რას და ვის ინტერესებს ეწირებიან პროფესორები?!

ნანა ფაჟავა, ზუგდიდი

ორხელისუფლებიანობა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში რექტორატსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის არსებულმა ხანგრძლივმა დაპირისპირებამ გამოიწვია. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეონა ხუფენიას განკარგულებით უფლებამოსილება 23-მდე აკადემიურ პერსონალს შეუწყდა. აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს გათავისუფლებული წევრები ხუფენიას გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ და მას თვითნებობაში ადანაშაულებენ. რექტორის  მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა. პროფესორ-მასწავლებლები რექტორატის ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც ხედავენ და გამოძიების მოთხოვნით ფინანსური პოლიციის რეგიონალურ სამმართველოსაც მიმართეს. თეონა ხუფენია ყველა ბრალდებას უარყოფს და მის აბსოლუტურ უფლებამოსილებაზე საუბრობს.

ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტში მორიგი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 სექტემბერს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინება მიიღეს. გათავისუფლებულია 18 პროფესორი, აკადემიური საბჭოს 3 და წარმომადგენლობითი საბჭოს 6 წევრი. უფლებამოსილება შეუჩერდა ასევე ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს.

გონელი არახამია, აკადემიური საბჭოს წევრი: "რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ის ადამიანები გაათავისუფლა, რომელიც პროფესურამ კანონის სრული დაცვით მიმდინარე წლის 18 ივლისს აირჩია. რექტორის არჩევნები კი 27 ოქტომბრისთვის დაინიშნა. თეონა ხუფენიამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში ვერცერთი ხმა ვერ მიიღო. ამის შემდეგ მან უცებ აღმოაჩინა, რომ მისთვის არასასურველი 18 პროფესორის სამწლიანი შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა ვადები 2009 წლის 16 ოქტომბერს იწურება, თურმე 2008 წლის 20 სექტემბერს შეწყდა. ამ ქმედებით იგი შეუდგა თავისი ავანტურისტული გეგმის განხორციელებას _ ხელახალი არჩევნების დანიშვნას. ამ გზით ხუფენია აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გამოკლებული წევრების ადგილების დაკომპლექტებას მისთვის სასურველი პირებით შეეცდება".

გათავისუფლებული აკადემიური პერსონალი მიიჩნევს, რომ ხუფენიას კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ძირითადი მოტივაცია უკანონო გზით ხმების მოპოვება და რექტორის არჩევნებში გამარჯვებაა, რადგან იგი გამჭვირვალე და კონკურენტულ არჩევნებში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უკმაყოფილო პროფესორებისაგან განსხვავებით სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და არგუმენტების გასამყარებლად განათლების შესახებ კანონს იშველიებს.

თეონა ხუფენია: "აკადემიური პერსონალი არანაირი ბრძანებით არ გათავისუფლებულა, უბრალოდ ერთწლიანი ვადიანი ხელშეკრულება ამოიწურა. ხოლო კანონში განათლების შესახებ მითითებულია, რომ თუ აკადემიურ პერსონალს უწყდება სტატუსი, შესაბამისად აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების უფლებამოსილებაც წყდება. იგივე ვრცელდება ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსზე. ამ შემთხვევაშიც არ არსებობს არანაირი ბრძანება. მათ პირდაპირ კანონი ათავისუფლებს."

გონელი არახამია: "შარშან, 20 ოქტომბერს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა აკადემიური საბჭოს წევრებს მოტყუებით მოაწერინა ხელი ერთწლიან ხელშეკრულებებზე და განუმარტა, რომ სამწლიანი ხელშეკრულება ძალაში რჩება, მაგრამ ერთწლიანი არის მისი ნაწილი და იგი მომავალ წელს განახლდება. ყველა შემთხვევაში მართვის ორგანოების არჩევის შემდეგ ხუფენიას არა აქვს უფლება გააფორმოს ან გააუქმოს შრომითი ხელშეკრულებები, წარმომადგენლობითი საბჭოს დადგენილებები".

აკადემიური საბჭოს წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მისამართით გაგზავნილ წერილში ღიად მიუთითებენ თეონა ხუფენიას არაკომპეტენტურობასა და კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფაზე. დასაქმებულთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს ისინი დეტალურად აღწერენ და აღნიშნავენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ შესწევს უნარი ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სწორი, სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებები მიიღოს, რამაც ინსტიტუტს დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა.

გონელი არახამია: "ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დაწესებულებას პროფესორების უკანონოდ გათავისუფლებისათვის 4 480 ლარის გადახდა დაეკისრა. ერთ-ერთი თანამშრომელი კი სამუშაოზე აღადგინა. იმავე სასამართლოს 2008 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებისთვის ინსტიტუტს 18 817 ლარის გადახდა მოუწევს. იგივე განმეორდა 2008 წლის 13 სექტემბერს, როცა ინსტიტუტმა 20 664 ლარით იზარალა. საერთო ჯამში ფინანსური ზარალი 43 261 ლარს შეადგენს."

თეონა ხუფენია: "7 პროფესორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის ზუგდიდის ფილიალის გაუქმების შემდეგ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებად გარდაქმნილ ინსტიტუტში არ არსებობდა ის მიმართულებები, რასაც ის პროფესორები ადრე უძღვებოდნენ. შესაბამისად სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით ისინი პირვანდელ თანამდებობებზე ვერ აღადგინა, თუმცა ინსტიტუტეს მათი სახელფასო დავალიანების სახით თანხების გადახდა მაინც დააკისრა. დააკისრა და მე გავასაჩივრე, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. რადგან ასე მოხდა, ჩვენ უნდა ჩავრთოთ ყველა სტრუქტურა იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ".

რა სტრუქტურებზე საუბრობს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და რა ბერკეტებით აპირებს უზენაეს სასამართლოზე ზემოქმედებას, უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ზუგდიდის შ.მესხიას სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში ფინანსური პოლიცია უკვე შევიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აკადემიური საბჭოს წევრებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის სამმართველოს განცხადებით მიმართეს,  საბიუჯეტო და სპეციალური სახსრების ხარჯვითი ნაწილის შემოწმება მოითხოვეს.

გონელი არახამია: "აკადემიური საბჭოს განცხადებაში ხუფენიას მიერ ჩადენილი მხოლოდ ის ფინანსური დარღვევები მივუთითეთ, რომელიც ჩვენთვის იყო ცნობილი. ეს არის ათეულათასობით ლარი, რომლის უკანონო გახარჯვა და მითვისება მოხდა. უნდა გამოვლინდეს ყველა დანაშაულებრივი ფაქტი და ინსტიტუტში ორხელისუფლებიანობაც უნდა დასრულდეს."

ინსტიტუტის პროფესურამ, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სრულმა შემადგენლობამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გია ნოდიას შექმნილი ვითარების გათვალისწინებით თხოვნით უკვე მიმართეს და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების შეწყვეტა დაუყონებლივ მოითხოვეს.

ინსტიტუტში არსებული დაპირისპირების შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს, მაგრამ რესპოდენტებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაპირისპირება პირველ რიგში რექტორად გახდომის სურვილს უკავშირდება, რომ პროფესურა ორ ბანაკად არის დაყოფილი - ხუფენიას და არახამიას მხარდამჭერებად. ხუფენიას ლობისტად გუბერნატორ გოროზიას მიიჩნევენ, არახამიას კი ზურგს პარლამენტის ვიცე სპიკერი და ზუგდიდის მაჟორიტარი, ფრიდონ თოდუა უმაგრებს. თუმცა ამ უკანასკნელის სახელს უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტის არსებობა და მისი რჩეულიც უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში, ვიდრე პრეზიდენტის რწმუნებულის. თეონა ხუფენია კი უარყოფს გუბერნატორის ამ საკითხით დაინტერესებას, მაგრამ გოროზიას კაბინეტში მისი ხშირი ვიზიტები და ხანგრძლივი საუბრები არავის გამოპარვია.

არავინ იცის რით დასრულდება დიდი სახელისუფლებო დაპირისპირება, მაგრამ ინსტიტუტის 200-მდე სტუდენტი მშვიდი სასწავლო პროცესის მოლოდინშია.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC