კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთხთვიანი სიბნელე

20 ოქტომბერი, 2008

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ოთხი თვის წინ ტრანსფორმატორი დაზიანდა. დაზიანებული ტრანსფორმატორის გამო, სოფლის 63 ოჯახს ელექტროენერგია  არ მიეწოდება.  მოსახლეობა შუქს და მაღალი ძაბვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.                               

,,რა გახდა ერთი ტრანსფორმატორის შეკეთება, შუქის ფულზე კარგად დადიან, ერთი დღეც რომ გადააცილო მაშინვე გამორთავენ ხოლმე. ახლა ოთხი თვე რომ ველოდებით სინათლეს და გავწამდით ხალხი, ამაზე ვინ უნდა გაგვცეს პასუხი?”, - აღშფოთებული კითხულობს სოფელ ურავლის მკვიდრი ზეინაბ კაპანაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში 250 ოჯახი ცხოვრობს. 2007 წელს სოფელში ელეტროენერგიის ტრანსფორმატორების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა და ძველ ტრანსფორმატორებს ახალი ჩაენაცვლა. ტრანსფორმატორების შეცვლა შპს „ენერგოპროჯორჯიას“ დახმარებით მოხდა. ხუთი ტრანსფორმატორიდან ერთ-ერთი მალევე გამოვიდა მწყობრიდან.

„დაზიანებული ტრანსფორმატორი მალე შეგვიცვალა ენერგოკომპანიამ. მაგრამ დაახლოებით ერთ თვეში იგივე უბანზე ხელახლა მოხდა დაზიანება”, – გვითხრა გამგებლის რწმუნებულმა ურაველში ვასილ მოდებაძემ.

ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, აუდიო და ვიდეო აპარატურა,- ეს იმ საოჯახო ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოსახლეობას დიდი ძაბვის შედეგად დაეწვა. მას შემდეგ ოთხი თვე გავიდა, თუმცა ტრანსფორმატორის ვერც შეკეთება და ვერც შეცვლა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ვასილ მოდებაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მან დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „ენერგოპროჯორჯიას”.

„ტრანსფორმატორის შეცვლას მპირდებიან, თუმცა კონკრეტულად როდის შეცვლიან არ იციან, ენერგოკომპანიაში მითხრეს რომ ბულგარეთიდან შემოაქვთ ახალი ტრანსფორმატორები და შემოტანის შემდეგ დაამონტაჟებენ”, - ამბობს ვასილ მოდებაძე.

„ენერგოპროჯორჯის” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერის განმარტებით ტრანსფორმატორები თბილისში ცენტრალურ ოფისშია და ახალციხის მომსახურების ოფისიდან მათზე მოთხოვნა უკვე გადაგზავნილია.

„მას შემდეგ, რაც ცენტრალურ ოფისში მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ტრანსფორმატორს შევცვლით”,- განმარტავს ზურა მამუკაშვილი.
 
დაზიანებული ტრანსფორმატორის გამო, სოფელის 63 ოჯახს ელექტროენერგია, ფაქტობრივად, არა აქვს. რადგან ნაწილი იმდენად მაღალ ძაბვას იღებს, რომ ყველაფერს აზიანებს, ნაწილი კი იმდენად დაბალს, რომ გამოყენება შეუძლებელია.

„ტელევიზორი დაგვეწვა, მაღალი ძაბვის გამო შუქს ვეღარ ვანთებთ ოთახში, ნათურებს გვიხეთქავს. რამდენიმე თვეა სანთლის შუქზე ვცხოვრობთ, ყურადღება და გვერდში დგომა გჭირდება რომ ნორმალურ პირობებში ვიცხოვროთ”,- ამბობს ურავლის მკვიდრი ანა ჯაოშვილი.

მაღალმა ძაბვამ დიდი ზარალი მიაყენა მოდებაძეების ოჯახსაც. ორი ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი ერთ დღეში გადაიწვა.

„ჯერ არის და გაჭირვებით ვყიდულობთ ოჯახისთვის ნივთებს, ახლა კი ეს მაღალი ძაბვა გამოგვიხტა. მხოლოდ ერთი ტელევიზორი შეკეთება მოვახერხეთ. სარეცხი მანქანისა და მაცივრის შეკეთება კი ვერ შევძელით, ახლა მეზობლიდან გადმოყვანილ დენს ვხმარობთ”, -ამბობს ზუბიტა მოდებაძე.

ურავლელები ზარალს ითვლიან და დახმარებას ენერგოკომპანიას თხოვენ. თუმცა როგორც ენერგოკომპანიაში ამბობენ დაზარალებულები კომპენსაციას არ მიიღებენ.

„არანაირი კომპენსაცია არ იქნება. ეს საკითხი ჯერ კიდევ შესასწავლია, როცა დაზიანება მოხდა მაშინ უნდა დაწერილიყო შესაბამისი ოქმი დაზიანების შედეგად გამოწვეულ ზარალზე, თუმცა ეს ასე არმოხდა”,- ამბობს შპს „ენერგოპროჯორჯიას” ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ზურა მამუკაშვილი.

დაზარალებული მოსახლეობის ნაწილს კი კომპენსაციაზე მეტად დაზიანებულის შეკეთება და აღდგენა აინტერესებს. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ახალ ტრანსფორმატორს ყოველდღე იმედით ელოდება.

ახალი ამბები