კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება ბოსელში - დაბრუნებულ სოფლებს მიხედვა სჭირდება

22 ოქტომბერი, 2008

ეკა ქევანიშვილი

თბილისი-ნიქოზი-თბილისი

სპეციალური რეპორტაჟი

სოფელ ტყვიავში, გიგუაშვილების დანგრეულ და გადამწვარ სახლთან ოჯახის უფროსი დგას და ცეცხლისგან გამურულ კედლებს შეჰყურებს. მისი მეუღლე, რძალი და ბავშვი სახელდახელოდ გაწმენდილ საქონლის სადგომში გვხდებიან. ბოსელში შვიდლარიანი ქურაა ჩართული. დიასახლისი მჭადს აცხობს. დამწვარი სახლიდან  გადარჩენილ ერთადერთ ნივთზე - პატარა დივანზე შვიდიოდე წლის ბიჭი ზის. „აქ ზამთარში გავიყინებით“, - ჩუმად ამბობს ნათია გიგუაშვილი. ეზოში წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის მოტანილი შეშა ყრია, დაახლოებით სამი კვირის სამყოფი. 


გორის რაიონის სოფლებში ქართული მოსახლეობა ათიოდე დღის წინ დაბრუნდა. თბილისის თუ სხვა ქალაქების ბაღებსა და სკოლებში, ასევე კარვების ქალაქებში შესახლებული დევნილების ნაწილი საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლებიდან გადმოხვეწილი ხალხი ჯერ ისევ უსახლკაროდაა. მათთვის წეროვანსა და გორში სახლები შენდება. დაბრუნებულების ნაწილს სახლები ან გაძარცვული დახვდათ, ან ბოლომდე დამწვარი. რუსების და ოსების კვალი სოფლებს კიდევ დიდხანს დაეტყობა.

კარალეთში, ტყვიავში, ერგნეთსა და ნიქოზში ომისა და მშვიდობის გაშუქების ბრიტანული ინსტიტუტის დახმარებით შევედით. ეს ერთგვარი ჟურნალისტური მისია IWPR-მა ამ სოფლებში არსებული რეალური ვითარების გაცნობის მიზნით დაგეგმა. გორიდან ამ სოფლებამდე ქართული პოლიცია გვაცილებდა. გზაზე წითელი ჯვრის ავტომობილების გარდა, მანქანა არ შეგვხვედრია. ადგილობრივი მოსახლეობაც იშვიათად გვხვდება. ბავშვები პოლიციის ავტომობილს ხელს უქნევენ.

კარალეთი

კარალეთში წვიმს. აქ ახლა ნამდვილი შემოდგომაა.  აქა-იქ მოსახლეობას პატარა ურმებით თივა და შეშა გადააქვს. პირველი, ვისაც კარალეთში ვხვდებით, მეხუთეკლასელი გიორგი ბაშარულია. ქუჩის განაპირას მორბის. ვაჩერებთ.
„აი, ეხლა მივდივარ სკოლაში. აქ კარგია. აქ სახლია“, - გვეუბნება.

აქაურები თავისით გვიახლოვდებიან. მოსაყოლი ბევრი დაუგროვდათ. სოფლის ცენტრში საცხოვრებელი კორპუსის დიდი ნაწილი დამწვარია. დამწვარი ფანჯრებიდან ქალის მზერას ვაწყდებით. ხელში ცოცხი უჭირავს. აქ ყველა უცნობ ახლადჩასულს ყურადღებით აკვირდებიან. სოფლის მოსახლეობაც იქვეა შეკრებილი. ათასჯერ მოყოლილ ამბებს თავიდან ყვებიან. ამ ამბების  ხელახლა გახსენება არც ჟურნალისტებთან ეზარებათ.

ნოდარ თუშიშვილი 73 წლისა. მას სოფელი ერთი დღითაც არ დაუტოვებია. მხოლოდ შვილები და შვილიშვილები გახიზნა სოფლიდან: „შიშის ქვეშ ვიყავით, მაგრამ მოხუცებისთვის რა უნდა დაეშავებინათ, მოგვკლავდნენ და რა მერე? ამაზე უარესი მინახავს, სამამულო ომის დროს...“. ნოდარ თუშიშვილი ამბობს, რომ კარალეთში 25 ბინა მაინც იქნება დამწვარი და დანგრეული. მისი სახლი გადარჩენილია. ამბობს იმასაც, რომ ამ სოფელში ჰუმანიტარული დახმარება ნაკლებია. ყურადღებას უფრო მეტად დაზარალებულ სოფლების მოსახლეობას აქცევენო.

სოფლის ცენტრში  თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ქვედანაყოფს ვხვდებით. მათ მანქანას ადგილობრივი მოსახლეობა ეხვევა. საბარგულში სოფელში ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობები უწყვიათ. მეთაური მალხაზი, რომელიც გვარს არ გვეუბნება და ამბობს, რომ ის უბრალოდ სამხედრო პირია, გვეუბნება, რომ გორის მიმდებარე სოფლებში დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობებია ჩამოყრილი. განაღმვითი სამუშაოები დღემდე გრძელდება. დაახლოებით 30 სოფელია გასასუფთავებელი. მათგან მხოლოდ ნაწილი გაიწმინდა, მაგრამ ბოლომდე ჯერ არც  ისინია სუფთა. ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის გარდა სოფლის მოსახლეობაცაა ჩართული. ხალხი გაფრთხილებულია, რომ უცხო საგნის პოვნის შემთხვევაში სასწრაფოდ საინჟინრო ქვედანაყოფს აცნობონ და ხელი არ ახლონ. იწმინდება სახლები,  ეზოები, გზები, ბაღები. მაგრამ რა დროს დასჭირდება ამ სამუშაოების დასრულებას, ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს.

დამწვარ კორპუსთან შეკრებილ ხალხს მოხუცი ქალი გამოეყო. ეს ოსი ეროვნების ანასტასია ბოსიკოვაა. ომის დროს მას ჰქონდა „ჩაბარებული“  ეს უბანი: „ტყვიების ქარ-ცეცხლში ვიყავი, მაგრამ არ მეშინოდა.  ხან რომელ ოსს დავეძგერებოდი, არ მოკლათ არავინ მეთქი, ხან რომელს. მე მესროლეთ მეთქი, ვყვიროდი, ჩემი სახლი დაწვეს. ყველაფერს ძარცვავდნენ. საქონელი მიყავდათ“ (სტილი დაცულია).
შემდეგ გია გოგიაშვილი გვიახლოვდება. მან სოფელი მხოლოდ ხუთი დღით დატოვა. მისი სახლი არ დანგრეულა, მხოლოდ შუშებია ჩამტვრეული და  საოჯახო ნივთები წაღებული.
კარალეთს ვტოვებთ, წინ ტყვიავია. გვეუბნებიან, რომ ეს სოფელი ომის დროს კიდევ უფრო დაზიანდა.

ტყვიავი

გადამწვარი სახლების რაოდენობა აქ მეტია. ქუჩები აქაც ცარიელი.
ერთ-ერთ სახლთან ვჩერდებით. პატრონი ჭიშკართან გვხვდება. სახლი აღარც დგას, მხოლოდ ჩამოქცეული, გამურული კედლებია. დამწვარი ავეჯი, დამსხვრეული ჭურჭელი, ნახევრად გადარჩენილი ველოსიპედი - ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი.

     
 
ოჯახის უფროსს საუბარი უჭირს. მათი მეზობელი და ახლობელი ვაჟა მარადიშვილი გვიახლოვდება. მას დღემდე თვალწინ უდგას, როგორ მოვარდნენ ოსები მანქანებით, „მხეცებივით გადმოცვივდნენ და სახლს ცეცხლი წაუკიდეს“. ვაჟა მარადიშვილი  55 წლისაა. ამბობს, რომ მთელი ომის განმავლობაში ბაღებში იმალებოდა მეზობელ კაცებთან ერთად:
„როცა დაბომბვა იწყებოდა, გავრბოდით. ისე კი ერთი წუთით არ დამიტოვებია უბანი. 40 დღე ასე გაგრძელდა - ხან ბაღებში გავრბოდით, ხან სახლში ვიმალებოდით. რაც გვქონდა იმით ვიკვებებოდით. პამიდორი, პური, ყველი, წიწაკა... ჩემი სახლი არ დაწვეს, მაგრამ გაძარცვეს, წაიღეს  ტელევიზორი, ვიდეო, დივიდი... ეგ არაფერი, მაგას გავუძლებთ, მაგრამ  შიშმა უკვე დამიპყრო. მაშინ ასე არ მეშინოდა, ახლა თითქოს უფრო მეშინია“.

დამწვარ სახლის ერთ-ერთი პატრონი ნათია გიგუაშვილი საქონლის სადგომში გვხდება: „რა გვექნა, ბოსელი გავწმინდეთ და აქ ვართ“. ღამით აქ ოჯახის უფროსს სძინავს. ბავშვები და ქალები მეზობელთან აფარებენ თავს. რამდენიმე ჯამი და თეფში, ერთი გადარჩენილი დივანი, ძველი საწოლი - სულ ესაა. აქ არათუ ზამთარში, ზაფხულშიც კი წარმოუდგენელია ცხოვრება.  ამბობენ, რომ მთავრობიდან ჯერ არავინ მისულა მათთან.

ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ სახლში 10 ოქტომბერს დაბრუნდნენ.
„რაც ცხოვრებაში გიწვალია,  ერთ საათში რომ ჩაიწვება, როგორია.  დევნილობის დროს  ლეიბები და გადასაფარებლები მოგვცეს და ეგ გვაქვს, მეტი არაფერი. არც ჭურჭელი, არაფერი. ფულიც არ გვაქვს“.

დანგრეულ სახლში შევდივართ. დიასახლისს საუბარი უჭირს, ტირილს არაფერი უკლია, ისე გვიყვება:
„აქ იდგა საკიდი, საკიდზე კი გვარდიის ფორმა ეკიდა. მეგობარმა აჩუქა ჩემს შვილს და ეტყობა, ეს რომ დაინახეს, მაგიტომ გადაწვეს სახლიც. ეგონათ, ჯარში მსახურობდნენ ჩვენი კაცები.. აქაურობის გაწმენდას აზრი არა აქვს. თქვენც ხომ ხედავთ რა დღეშია. აქ მისაღები იყო, ტელევიზორი, მაგიდა, სამეული გვედგა. ნამცხვრის საცხობი წაუღიათ და ტელევიზორიც. აქ „კედელი: გვედგა. რბილი სკამები, ხალიჩა. იქეთ კიდევ ორი საძინებელი იყო. ბულგარული საძინებელი გვქონდა. აქეთ კომოდი იდგა. იქეთ სამზარეულო. ჩვენ 8 აგვისტოს წავედით პირველად სოფლიდან. 10-ში ისევ ჩამოვედით და ერთ საათში, კვლავ დაბომბვა რომ დაიწყო, უკან  გავბრუნდით. სოფელში  40-ზე მეტი სახლიაო დამწვარი“.

ქუჩის გადაღმა  ღია ჭიშკარში მოხუცი ქალი დგას. რუსუდან ჩიხლაძე - გვეცნობა. ჯოხზეა დაყრნობილი. ტყვიებით დახვრეტილ სახლზე უთითებს: „აქაურობას არ მოვშორებივარ. კართან ვიდექი. რუსებს ხელს ვუწევდი, რომ გაეგოთ, ქართველებიც ხალხი არიან მეთქი. თვითონაც ხელს მიწევდნენ. ოსები კი ხალხს უვარდებოდნენ სახლებში. რაც უნდოდათ მიჰქონდათ. აქ ჩაუვარდათ მანქანა, ჩემს ჭიშკართან.  იხედებოდნენ, მანქანა თუ მყავდა და თუ მომთხოვდნენ,  ამ ხელის ურემზე უნდა მიმეთითებინა და მეთქვა, ეგ არის ჩემი მანქანა მეთქი“.
 
ბოლომდეა დაწვარი ტრისტან ქასაბიშვილის სახლიც. კაცებს ლაპარაკი უჭირთ. ძირითადად ქალები აქტიურობენ. მისი მეუღლე, ნელი ამბობს, რომ ხალხი მთავრობიდანაც იყო მოსული და არასამთავრობო სექტორიდანაც. სახლს ფოტოები გადაუღეს,  მეხუთე კატეგორიას მიაკუთვნეს და წავიდნენ.  მეტი არაფერი იცის. მათაც ერთი ნივთიც კი ვერ გადაარჩინეს. 600-მდე წიგნი, ჭურჭელი, ავეჯი. ამ ყველაფერს, როგორც ნელი ამბობს, ვეღარასოდეს იყიდიან თავიდან.

ჭიშკარს ნატყვიარები ეტყობა. ზუსტად იმ ადგილას, სადაც ბავშვებმა ომამდე ფერადი ცარცით მზე და ყვავილები დახატეს.

ეზოდან გამოსულებს ლევან გიგუაშვილი გვხდება. ის თხუთმეტი დღე იყო ცხინვალის ციხეში. ბოლო ავტობუსით გამოვიდა 27 აგვისტოს, როდესაც ტყვეები გაცვალეს. ამბავს არეულად ყვება, სვენებ-სვენებით. ხან ტირის. ხან ჩერდება და იხსენებს.
„გვაფურთხებდნენ. რას არ გვიშვებოდნენ. მკვდრებს გვამარხინებდნენ. გვამებს ცელოფანში ახვევდნენ, კუბოებში გვაწყობინებდნენ და მერე სად მიჰქონდთ არ ვიცი. ქუჩებს გვასუფთავებინებდნენ. პროდუქტს გვაცლევინებდნენ. ჩემთან ერთად 95 წლის მოხუცებიც იყვნენ. მოვიდოდნენ ხოლმე ეს ოსები,  დაგვარტყამდნენ, რომ ჩვენგანაც რამე რეაქცია ყოფილიყო. ვის ჰქონდა ამის თავი, ყველას ეშინოდა“...

ერგნეთი

ერგნეთში ქართული პოლიცია დგას. მათგან 400 მეტრში ოსები. ერთმანეთს ხედავენ. პოლიციელები ამბობენ, რომ ღამე სროლის ხმა ისევ ისმის.
„თუ აღარ გაჩერდნენ, ჩვენც ვპასუხობთ“. აქედან ცხინვალი ერთი ხელის გაწვდენაზეა. კორპუსებს ვხედავთ.
„გზაზე ნუ დადგებით, მოძრაობას შენიშნავენ და არაფერი გამოისროლონ“, - გვაფრთხილებენ პოლიციელები. ახლომდებარე სახლები სულ დაცხრილულია. ზოგიერთს სახურავი აღარ აქვს. პოლიციის პოსტიდან ცოტა მოშორებით ერგნეთის სკოლაა. მთლიანად დარბეული.
„16 ივნისი“ - შემორჩენილია წარწერა დაფაზე. და ქვემოთ - გაკვეთილების ცხრილი.
შესასვლელში კი, სხვა დაფაზე, ჯერ არავის წაუშლია წარწერა: „რასსია სილა“.
დამტვრეული კომპიუტერი იატაკზე აგდია. ძირს ყრია ქართულის, მათემატიკის სახელმძღვანელოები. პიანინო დანგრეულია. ხატებისთვის ხელი არ უხლიათ.

ერგნეთს ვტოვებთ. აქაც ხალხი ჯერ ისევ მოლოდინით ცხოვრობს. რომ ვინმე მოვა და ზამთრამდე დაეხმარება. „არ გეშინიათ?“ მაინც ეს კითხვა ჩნდება. „კი, მაგრამ სახლში გვირჩევნია“ - ყველას პასუხი ასეთია.

ნიქოზი

ნიქოზის ეკლესიას ახლა აღდგენითი სამუშაოები უტარდება. მთლიანად დანგრეულია ეპისკოპოსის სასახლე. ირგვლივ ნამსხვრევები ყრია. ტაძრის შესასვლელთან აყირავებული და დამწვარი სამხედრო მანქანა აგდია. ტაძარში დედაოები გვხვდებიან. ახლა შენობის ნანგრევებიდან ნაგავი გააქვთ. კედლის ნაწილი ამოშენებულია. იქვე ახლოს პოლიციის პოსტია. ცხინვალი აქედანაც კარგად ჩანს. 
ხალხი აქაც იმაზე ჩივის, რაზეც სხვა სოფლებში. ელიან, როდის აღადგენენ მათ დანგრეულ და გადამწვარ სახლებს. ცხოვრობენ მშვიდი დაძაბულობის ფონზე. ძილი ფხიზელია.
„ჩვენ დავბრუნდით მაინც. მათ რა ეშველებათ, ვისი სოფლებიც მიწასთან გასწორდა?“, - კითხულობენ ნიქოზელები.
ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებს, თამარაშენს, კეხვს, ქურთას და სხვებს ქართული პოლიცია ვერ აკონტროლებს.
იქაური ამბავი არ ვიცით. 
არც ის, რამდენი ხნით დაგრძელდა გზა - ამ სოფლებამდე.


 

 

ახალი ამბები