კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტების სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას

22 ოქტომბერი, 2008

საბა წიწიკაშვილი, გორი

,,სეპარატისტი ოსები"... „აგრესორი რუსები"...  „მძარცველი და მაიმუნი ჩრდილოელი მტრები"... ასეთი ტერმინები ხშირია ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებში, მომზადებულ რადიო ან ტელე-სიუჟეტებში. ამ ტენდენციას ქართველი ექპერტები მიზანშეუწონლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტების საქმიანობა კონფლიქტის არა თუ გაღვივების, არამედ პრევენციის ხელმშემწყობი უნდა იყოს.

,,სიძულვილის ენა ქართულ მედიაში" - ეს იყო ერთ-ერთი თემა სიღნაღში შეკრებილი კახელი და ქართლელი ჟურნალისტების საუბრისა. როგორც გაირკვა, რუსეთის მედიის განწყობას არ ჩამოუვარდებოდა ქართული მედია-კომპანიების და რამდენიმე ჟურნალ-გაზეთის პოლიტიკაც.

სიღნაღში ჟურნალისტების შეკრების ორგანიზება საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საზოგადოებრივი ინფორმაციის დეპარტამენტმა უზრუნველყო. ტრენინგი ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა.

ექსპერტებად მიწვეულნი იყვნენ - ვლადლენ სტეფანოვი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში; ია ანთაძე, ჟურნალისტი, რადიო თავისუფლება/სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საბჭოს წევრი. გიორგი ტუღუში, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრი; ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი; მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი, კოორდინატორი კომუნიკაციის საკითხებში. თამარ საბედაშვილი, გაეროს ქალთა ფონდი, მრჩეველი გენდერულ საკითხებში.

ვიდრე დისკუსიის მონაწილენი „სიძულვილის ენაზე“ ისაუბრებდნენ, ასევე სტერეოტიპებზე და ომის თემატიკაზე, მანამდე ჟურნალისტებს აფრიკის ქვეყნის - რუანდაში განხორციელებული ეთნოწმენდის შესახებ გადაღებული მხატვრული ფილმი უჩვენეს. ფილმი დოკუმენტურ მასალებზეა აგებული და იქ რუანდის რადიო-მაუწყებლობის მიერ გავრცელებული მოწოდებები და სიუჟეტებია გამოყენებული. ფილმის გარჩევისას აშკარად გამოიკვეთა, რომ რუანდაში ეთნოწმენდას ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულმა მასალებმა და რადიო-ეთერით გადაცემულმა მოწოდებებმა შეუწყო ხელი.

ია ანთაძემ განაცხადა, რომ ქართულ მედიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ სად გადის ეთიკური ჟურნალისტიკის ზღვარი? ან კიდევ რომელი ინფორმაცია განეკუთვნება საზოგადოებრივი ინტერესს და რა ინფორმაცია საზოგადოებისათვის საინტერესო?

ია ანთაძე: ,,დღეს უკვე დგას დრო იმისა, რომ ჩვენ ეს კითხვები დავსვათ. იმ დროს, როდესაც ქართული მედია უმძიმეს დღეშია, ცენტრალური ელექტრონული მედია-საშუალებები ხელისუფლების კონტროლს განიცდიან და მხოლოდ რამდენიმე ჟურნალი ახერხებს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მიმაჩნია, რომ ასეთი კითხვების დასმა რეგიონულ მედიით უნდა დავიწყოთ. რეგიონული მედია, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,  წარმოადგენს ოაზისს ქართულ მედიაში. თუ სადმე რამე ღირებული მარცვალი დევს, ეს რეგიონული მედიაა. აბსოლუტურ თავისუფლებას დღეს რეგიონული მედიის ჟურნალისტები და მათი მფლობელები განიცდიან. საუბარი მაქვს ჯერჯერობით გაზეთების ჟურნალისტების და მათი რედაქტორების შესახებ. რაც შეეხება რეგიონული ტელევიზიების მფლობელებს, მათთან საბედნიეროდ კარგი ურთიერთობები გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ისინიც შეძლებენ დამოუკიდებლობის და პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ხარისხის დაცვას."

ექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ქართულ მედიაში გარკვეულწილად დამკვიდრებული სტერეოტიპები განხილვას საჭიროებს. მან ყურადღება მიაქცია ქართველი ჟურნალისტების მიერ ოსი და რუსი ეროვნების მოქალაქეებისადმი გამოთქმული მიმართვის ფორმებს - ,,სეპარატისტი, მარადიორი ოსები"...,,მძარცველი რუსი ოკუპანტები"... და ა.შ.

ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ აგვისტოს მოვლენებამდე ქართულია მედია, ზოგადად, ანტიოსურ კამპანიას ეწეოდა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი ანტიოსური კამპანია ანტირუსულ კამპანიაში გადაიზარდა. ,,ჩვენ ის კი არ უნდა ვეცადოთ, რომ რუსეთის მედიას ლანძღვაში ვაჯობოთ, თუ რა საზიზღარია ესა თუ ის მხარე, სადაც ყოველთვის ვადანაშაულებთ ეროვნებას, როგორც ასეთს, არამედ უნდა ვცადოთ ფაქტების სიზუსტის დადგენა. თვით ის საკითხი მოითხოვს განხილვას, რამდენად სანდოა რომელიმე ფაქტის თვითმხილველი ჟურნალისტი.

თეა თედლიაშვილი: (,,ქართლის ხმის" ჟურნალისტი) - ,,როდესაც წლების წინ შეერთებულ შტატებში ,,ნიუ-ოირკ თაიმსის" რედაქცია დაიწვა, ამავე გაზეთის ჟურნალისტებმა სტატია დაწერეს მხოლოდ თვითმხილველი მოქალაქეებისა და პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ,,ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტებმა შესძლეს სხვადასხვა ადამიანების მოწმედ მოყვანა, რადგან მათ მიერ გადაცემული ახალი ამბავი დამაჯარებელი ყოფილიყო. სხვათა შორის ხანძრის თვითმხილველი ამავე გაზეთის ჟურნალისტების ნახევარზე მეტი იყო, თუმცა სტატიაში არც ერთი მათგანი იყო მოხსენიებული. ამ მაგალითით კარგად ჩანს, რომ ჟურნალისტი, მის მიერ მოყვანილი ფაქტის დასადასტურებლად მაქსიმალურად უნდა ეცადოს რაც შეიძლება მეტი მტკიცებულება შეაგროვოს. აგვისტოს მოვლენების დროს ხშირი იყო ,,თვითმხილველი" ჟურნალისტების ჩართვა, რომლებიც გამუდმებით ამცნობდნენ საზოგადოებას, რომ მათ პირადად ნახეს ოსი მარადიორები, მძარცველი და ყაჩაღი რუსები და ა.შ.. მე მაგალითად, ასეთ ,,თვითმხილველ" ჟურნალისტს მაშინ დავუჯერებდი, თუ ორ ან სამზე მეტი სანდო თვითმხილველი ადამიანის კომენტარს მომასმენინებდა."

კახეთში მომუშავე ჟურნალისტმა ეკა კუპატაძემ აღნიშნა, რომ სტერეოტიპი - ჩვენ ქართველები ვართ და რაც შეიძლება მეტი უნდა ვწეროთ ოსებსა და რუსებზე ცუდი, ხოლო ქართულ ხელისუფლებაზე კარგი, - დასანგრევია. სწორედ ამ მომენტს იყენებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტების გასაჩუმებლად, რომ ამ საომარ სიტუაციაში თურმე არ შეიძლება ხელისუფლების კრიტიკა და ეს ოსების და რუსების წისქვილზე ასხამს წყალს.

,,მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტმა ასეთ ,,პატრიოტობაზე" უარი უნდა თქვას და საზოგადოებას რეალური ინფორმაცია მიაწოდოს. სწორედ ეს იქნება პატრიოტიზმიც და ჭეშმარიტებაც" - გვითხრა ეკა კუპატაძემ.

,,საბედნიეროდ უცხოურ მედიაში აგვისტოს მოვლენების შესახებ საკმაოდ ბევრი დაიწერა და ითქვა. არც ერთ უცხოელ ჟურნალისტს ოსი, ქართველი და რუსული მხარე არ მოუხსენებია სეპერატისტებად, აგრესორებად, მძარცველებად, ყაჩაღებად და ა.შ. მაგალითად ბრიტანული გაზეთი ,,გარდიანი" რუსების ხსენებისას  ყოველთვის იყენებდა ტერმინს - რუსის ჯარისკაცი, ან კიდევ რუსული არმია, ოსი ეროვნების მოქალაქე და ასე შემდეგ. უცხოელ ჟურნალისტებს არასოდეს უთქვამთ, რომ საქართველოს შეესია რუსი აგრესორი ან კიდევ თემურ-ლენგის შთამომავალი რუსი. საერთაშორისო სტანდარტი და ჟურნალისტური პასუხისმგებლობა ხაზს ეტნიკურ წარმომავლობას არასოდეს უსვამს. ჩვენ ქართველი ჟურნალისტები კი ხშირად ისე ვიხსენებთ ოსებს სეპარატისტებად, რომ ქარტულ სოფლებში მაცხოვრებელი და ხშირად ჩვენი მეზობელი ოსი ეროვნების მოქალაქეები გვავიწყდება" - ითქვა შეხვედრაზე

რეგიონული ჟურნალისტები შეხვედრას ნოემბრის დასაწყისშიც გეგმავენ.

 

 

ახალი ამბები