კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი ტყე გასხვისდა

23 ოქტომბერი, 2008
გულო კოხოძე, ახალციხე

სამცხე-ჯავახეთის წინუბნის სატყეოზე ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზია გაიცა. მოსახლეობა აღშფოთებულია. გარემოს დაცვის ორგანიზაციები და საპარლამენტო უმცირესობა გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემისას კანონმდებლობის სრულ დაცვას მოითხოვენ.
                             
შვიდ ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის აუქციონი გაიმართა: სამცხე –ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს ახალციხის სატყეო უბნის, წინუბნის სატყეოში, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით. საწყისი ფასი  - 60 000 ლარი იყო.
აღნიშნულ ლოტზე აუქციონში მონაწილეობდა შპს ,ტაო”, შპს ,,ფათათი”, ფ/პ ტარიელ ფერაძე, ი/მ მარინე ზაზაშვილი, შპს ,,ახალციხის განძელის გამჟღენთი საწარმო”, ი/მ ვეფხვია შუბითიძე, ფ/პ ზვიად ძაბირაძე და შპს ,,საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)”. 

აუქციონზე საბოლოო თანხა – 126 000 ლარი დაფიქსირდა და გამარჯვებულად გამოცხადდა ი/მ ვეფხვია შუბითიძე.
საქართველოს ტყის კოდექსისს 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაწყვეტილების მიმღებმა უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული საზოგადოების, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობა, მათთგან წინადადების მიღება და განხილვა. ამ უფლებას ასევე უზრუნველყოფს გაეროს ორხუსიის კონვენცია.

წინუბნისა და მისი მიმდებარე სოფლების: აგარის, საყუნეთის, ზიკილიას, ფერსას, მუგარეთის, გურკელის, გიორგიწმინდას მოსახლეობამ   გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე არაფერი იცის.
 
,,რა ლიცენზია, ვის მისცეს?, ხალხს ვინ რა გვკითხა!” - ამბობს ხალხი.
,,ტყეს სოფელი უვლის. როცა ხანძარი იყო, სოფლიდან ქუდზე კაცი გამოვიდა. ყველა ფეხზე იდგა. კვირაობით და თვეობით ტყეში იყვნენ გადახვეწილები. მგონია, სოფლისთვისაც რაღაც უნდა ეკითხათ”, - მიაჩნია სოფელ წინუბნის მკვიდრ ნაირა გოგოლაძეს.

„მწვანე ალტერნატივას“ პროგრამა „ბიომრავალფეროვნების“ კოორდინატორის     ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით,  „თუ ჟენევის კონვენციის თანახმად რუს ოკოპანტებს ვედავებით რატომ გადაწვეს ჩვენი ტყეები, ჩვენივე ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ასეთივე მნიშვნელობის გაეროს კონვენციები, მათ შორის  ბიომრავალფეროვნებისა და ორხუსიის კონვენცია“.

შვიდ ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ აუქციონს უკმაყოფილება მარტო მოსახლეობის მხრიდან არ მოჰყოლია.

ამავე დღეს საქართველოს პარლამენტის პლენალურ სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია ,,ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ პარლამენტში ეკონომიკური განვითარების მინისტრის, ეკატერინე შარაშიძის მოწვევა ითხოვა და მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონი დაასახელა. მისი თქმით, დაუშვებელია ტყეების ინვენტარიზაციის ჩატარებამდე აუქციონის გამართვა.

,,მოვითხოვ, შეჩერდეს აუქციონი სანამ არ მოვა ეკონომიკის მინისტრი და ახსნა-განმარტებებს არ მოგვცემს,” -  განაცხადა გია თორთლაძემ.

მოთხოვნა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ბობოხიძემაც გაიზიარა და აღნიშნა, რომ  გია თორთლაძის შენიშვნა სრულიად სამართლიანია და ოპოზიციის წარმომადგენლებს გარემოს დაცვის კომიტეტთან აქტიურად თანამშრომლობა ურჩია.

მიუხედავად ამისა,  საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის აუქციონი მაინც ჩატარდა. თუმცა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო სამმართველოს ტყის მართვის განყოფილების უფროსი სიმონ პარუნაშვილი ადასტურებს. რომ "წინუბნის სატყეოში ტყის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა“.

ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა, რომელსაც გააჩნია ტყითსარგებლობის ლიცენზია, ტყეში ხეების ჭრის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს და ადგილობრივ სატყეო სამსახურთან შეათანხმოს ტყის ათვისების ტექნოლოგიური რუკა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფართობის, რელიეფის, ნიადაგის, ჭრის ფორმის, მორის თრევის სახეების, ხე-ტყის ზედა საწყობის ადგილის, დასატვირთი მოედნის, ხე-ტყის საზიდი გზების განლაგების შესახებ.
 
,,ჯერჯერობით არავინ შეგვხმიანებია”, - გვითხრა სიმონ პარუნაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს რომ ტყითსარგებლობის ლიცენზიის გაცემა კონკრეტულ პიროვნებაზე, მათ ყოფას კიდევ უფრო გააუარესებს. 
,,ნახევარ სოფელს მესერი არ გააჩნია. მიცვალებულისთვის კიდე ოთხი ფიცარი ვერ გვინახია. აქამდე ვერ შევდიოდით ტყეში და აწია რა უფლება გვექნება. ჩვენც ცოდოები ვართ, გლეხებსაც ხომ გვაქვს ჩვენი უფლება?”, - კითხულობს სოფელ საყუნეთის მკვიდრი მამაკაცი, რომელიც ვინაობის დასახელებისაგან თავი იკავებს.

,,მოითბობენ თვითონ ხელს და ხალხი აღარც მოვაგონდებით”, - მიაჩნიათ ადგილობრივებს.

ახალი ამბები