10:24, Tuesday, 16.09.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„კავკასუს ონლაინსა“ და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის ომს მომხმარებლთა უფლებები ეწირება

24.10.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

უკვე რამდენიმე დღეა „კავკასუს ონლაინის“ აბონეტები ინტერნეტის გარეშე არიან დარჩენილი. მიზეზად თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გასული კვირიდან კომპანიის კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელის დემონტაჟი სახელდება. მერიის სამსახურში აცხადებენ, რომ  დემონტაჟი იმ მიზეზით დაიწყო, რომ „კავკასუს ონლაინს“ კორპუსის ერთი სახურავიდან მეორეზე კაბელის გადაყვანის ნებართვა არ გააჩნია. კომპანიაში კი მიაჩნიათ, რომ მათი ქსელის დემონტაჟს სხვა მიზეზი აქვს, რომელიც მათსა და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება და მიზნად კომპანიის დანგრევას ისახავს. ყველა ვარიანტში „კავკასუს ონლაინის“ აბონენტები ზარალდებიან. შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტმომხმარებელთა უფლებები დაცული არ არის.

„კავკასუს ონლაინი“ თავის აბონეტებს ინტერნეტს „გაერთიანებული ტელეკომის“ საკაბელო წყვილების და ატეესების გამოყენებით აწვდის. როგორც „კავკასუს ონლაინის“ იურისტი, ვახტანგ ცეცხლაძე აღნიშნავს, დავა ამ ორ კომპანიას შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც „ელექტროკავშირი“ უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს და ერთ-ერთ დარგად ინტერნეტმომსახურება განსაზღვრეს. იქამდე მხოლოდ სატელეფონო მომსახურებას ახორციელებდნენ. მას შემდეგ კი, რაც „გაერთიანებული ტელეკომი“ „კავკასუს ონლაინის“ კონკურენტი გახდა, მის წინააღმდეგ ღია ბრძოლა დაიწყო.

ვახტანგ ცეცხლაძე, კავკასუს ონლაინის იურისტი: „ეს იმაში გამოიხატება, რომ უკანონოდ გვითიშავს აბონენტებს, არ გვაძლევს უფლებას, რომ ახალი აბონენტები დავიმატოთ, წარმოგვიდგენს ისეთ პირობებს, რომლის შესაბამისად კვირაში მხოლოდ 150 აბონენტის ჩართვის უფლება გვაქვს. გაგვიზარდეს ტარიფი DSL-ის მომსახურებისთვის საჭირო სპილენძის წყვილზე, რომლის მეშვეობითაც ინტერნეტსიგნალი აბონეტთან სახლში მიდის. სწორედ ამ წყვილის გამოყენებაზე ადრე თუ 3.5 ლარს ვიხდიდით, ახლა 11,  68 ლარს ვიხდით. ანუ ფასმა სამჯერ იმატა. ადრე ფართის იჯარას კვადრატულ მეტრში 50 დოლარს გვახდევინებდნენ, ეხლა 600 ლარი გვაქვს გადასახდელი.
გამოაქვეყნეს შეთავაზება,  სადაც წერია, რომ მათ ატეესებში შესვლა მხოლოდ სამუშაო საათებში შეგვიძლია,. იქ კი ჩვენი აპარატურაა განთავსებული და იჯარაში ფულს ვიხდით. არადა ძაბვის ვარდნის და სხვა მიზეზების გამო ამ აპარატურასთან მუდმივი კავშირია საჭირო.

„გაერთიანებულ ტელეკომში“ დაპირისპირების სხვა მიზეზებზე საუბრობენ: „კავკასუს ონლაინის“ დავალიანებასა (რომელიც დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს) და ხელშეკრულების არარსებობაზე.

„გაერთიანებული ტელეკომის“ იურისტის, ლევან გიორგაძის თქმით, ყველა ტარიფი, რომელიც მათ მიერ არის დადგენილი სადაო არ არის და მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ არის დადასტურებული. „გაერთიანებულ ტელეკომს“ არ აქვს ისეთი მაღალი ტარიფი, რომელიც კანონმდებლობასთან არის შეუსაბამო.

„ერთადერთი სადაო ლოკაციის ტარიფია, რომელზეც ამბობენ, რომ ძალიან მაღალია, მაგრამ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და გავანახევრეთ პირველი ვარიანტი“.

„კავკასუს ონლაინში“ კი ირწმუნებიან, რომ 3 მილიონ ლარიანი დავალიანება არარეალურია.

ვახტანგ ცეცხლაძე: „ ეს დავალიანება წყვილების იჯარის თანხიდან მოდის. მიმდინარე გადასახადს ვიხდით. უბრალოდ, მათ მიერ გამოგზავნილ აქტში მითითებული ციფრი განსხვავდება ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისგან. ჩვენი  გამოთვლებით, დავალიანება  878 295 ლარს შეადგენს. „ტელეკომს“ ორჯერ გავუგზავნეთ წერილი და ერთხელ შევხვდით. ვუთხარით, რომ ამ დავალიანებას დღესვე გადავიხდით, მაგრამ ვთხოვეთ გამოეგზავნათ გაშიფრული სია, რამდენ წყვილს ვიყენებთ, ვიფიქრეთ, შევადარებთ ჩვენს მონაცემებს და იმ თანხას, რომელიც გამოვიდოდა, გადავიხდით.  დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოსულიყო“.

იმ პრობლემების გამო, რომლებიც „კავკასუს ონლაინის“ აბონენტებს შეექმნათ, კომპანიამ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის საფუძველზეც „გაერთიანებულ ტელეკომს“ აეკრძალა „კავკასუს ონლაინის“ მომსახურების ნაწილობრივი და სრული შაწყვეტა. ანუ იმ აბონენტებს, რომლებიც „გაერთიანებული ტელეკომის“ რესურსის გავლით იღებდნენ „კავკასუს ონლაინის“ მომახურებას, ინტერნეტი აღარ გაეთიშებათ. ყოველ გათიშვაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

„გაერთიანებული ტელეკომის“ იურისტს, ლევან გიორგაძეს, მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორი და უკანონოა. ტელეკომმა უკვე გაასაჩივრა ეს განჩინება. „როგორც კი ეს განჩინება გაუქმდება, თუ მანამდე ჩვენ შორის ურთიერთობები არ დარეგულირდა, ვიფიქრებთ, რომ საერთოდ შევუწყვიტოთ მომსახურება. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ აბონენტთა ინტერესების შელახვა ჩვენს ინტერესებში არ შედის“.

„კავკასუს ონლაინის“ იურისტი დარწმუნებულია, რომ ეს კონფლიქტი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც „კავკასუს ონლაინში“ სერიოზული ინვესტიციები შემოვიდა და ახალი ქსელის მშენებლობა დაიწყო. იმის გამო, რომ „გაერთიანებული ტელეკომი“ „კავკასუსს“ არ აძლევდა ნორმალურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას, ამ უკანასკნელმა მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქში თავისი ქსელი აეგო, რომლის მეშვეობითაც ყველა მომხმარებელს გაცილებით იაფი და უფრო მაღალი ხარისხის ინტერნეტის შესაძლებლობა ექნებოდა. 

ვახტანგ ცეცხლაძე: „ჯელინკი“ წელიწადზე მეტია წარმატებით მუშაობს. ახლა ვიღაცას უცებ გაახსენდა, რომ ამისთვის ნებართვაა საჭირო. ყველა საჭირო ნებართვა, რომელიც ამ საქმეს სჭირდება, ჩვენს კომპანიას გააჩნია. არ არის ნებართვები სახურავიდან სახურავზე გადამსვლელ კაბელებზე. საქმე იმაშია, რომ ამას ნებართვა არ სჭირდება. თუ მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არის ხაზოვანი ნაგებობა, მაშინ უნდა დაგვისაბუთონ, რომელი კანონის ან ბრძანების საფუძველზე ამბობენ ამას. თუ ამას ნებართვა სჭირდება, მაშინ შესაბამისი ნებართვა ყველა კაბელს სჭირდება, მაგ, სახლიდან ავტოფარეხამდე. უკვე რამდენიმე წელია კომპანიებს, მათ შორის, ელექტროკავშირსაც, ასეთი ტიპის კაბელები აქვთ გაყვანილი, თუმცა ნებართვა არც ერთს ჰქონდა. ამას დარწმუნებით ვამბობ, მერიიდან ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ ასეთი სახის ინფორმაცია, ბუნებრივია, ჩვენამდე არ მოსულა, რადგან არ არსებობს“.

ვახტანგ ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებით თბილისის მერია „გაერთიენებულ ტელეკომს“ „კავკასუს ონლაინის“ ქსელის მოშლაში ეხმარება. „ვიდეოგადაღება გვაქვს, სადაც მერიის და გაერთიანებული ტელეკომის თანამშრომლები ერთად უკანონოდ ჭრიან კაბელებს“.

ის, რომ მერია ამ კონფლიქტში არც ერთ მხარეს წარმოადგენს და მხოლოდ კანონის დაცვის მიზნით მოქმედებს, ამაში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე, დავით ავალიანი გვარწმუნებს.
„ამ დავასთან ჩვენ არანაირი შეხება გვაქვს. ის, რომ ინტერნეტიც კავშირგაბმულობის ხაზია, მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 140-ე დადგენილებაში წერია.

მეორე მუხლს „ვ“ ქვეპუნქტში განმარტებულია: ხაზობრივი ნაგებობა - საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემები და კავშირგაბმულობის ხაზები. ინტერნეტიც კავშირგაბმულობის ხაზია. ანუ ინტერნეტის კაბელებიც ხაზობრივ ნაგებობად ითვლება. “ი” ქვეპუნქტი  „სანებართვო ობიექტი-სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ები),(მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;"

გადავიდეთ მესამე პუნქტზე, სადაც ჩამოთვლილია ის, მშენებლობები, რომლებიც არ ნებართვას საჭიროებენ. აქ არიას 12 ქვეპუნქტიანი ჩამონათვალი. აქ არსად წერია, რომ ხაზობრივ ნაგებობას მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება.  მათ წარმოადგინეს ჩვენთან შეთანხმება მიწის სამუშაოებზე. სხვა საბუთები არ წარმოუდგენიათ.

ვახტანგ ცეცხლაძე:  „ჯელინკის ქსელის ასაწყობად „კავკასუს ონლაინი“ კორპუსების სახურავებს იყენებს, რომლებიც პრივატიზებულია ამხანაგობისა თუ კერძო პირების მიერ და რომლებთანაც კომპანიას პირადი ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული. ხელშეკრულება ადასტურებს კორპუსში მცხოვრებთა თანხმობას ჯელინკის ქსელით ინტერნეტ-მომსახურების თაობაზე. აღნიშნულ ხელშეკრულებებს კარგად იცნობენ მერიის კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებშიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ათასობით აბონენტს ინტერნეტს უთიშავენ.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, რომ „თუ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია ასეთი ტიპის მშენებლობას გაუკეთოს დემონტაჟი, რატომ მაინცდამაინც დღეს და არა გუშინ?“

 „კავკასუს ონლაინსა“ და „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის არსებული კონფლიქტის გამო საბოლოოდ ყველაზე მეტად ინტერნეტის რიგითი მომხმარებელი ზარალდება. არსებულმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებები დაუცველია. ამაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაშიც საუბრობენ.  კომისიაში ამბობენ, რომ „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელთა უფლებები ამავე კომპანიის მიერ დაირღვა. კომპანიამ ეს დავა სამჯერ განიხილა. კომისიის იურისტი კახი ყურაშვილი ხაზს უსვამს, რომ ისინი მხოლოდ ფაქტობრივ მასალას აქცევენ ყურადღებას და არა პიარ ომს, რომელიც ამ კომპანიებს შორის არის გაჩაღებული.

კახი ყურაშვილი, მარეგულირებელი კომისიის იურისტი: „ამ შემთხვევაში „კავკასუს ონლაინის“ მომხმარებელთა უფლებები დაირღვა. მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ „კავკასუსი“ მათ ინტერნეტს შეუფერხებლად მიაწოდებს. მხოლოდ ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეთ ან შეეზღუდოთ მომსახურების მიწოდება. ანუ ომის გამო რომ შეეწყვიტათ მომსახურების მიწოდება, ეს მისი ბრალი არ იქნებოდა და არავინ შეედავებოდა. მაგრამ როდესაც საუბარია მეორე კომპანიასთან დავალიანებაზე, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობები არ აქვს  დარეგულირებული „კავკასუსს“ „ტელეკომთან“, ეს ფორსმაჟორული გარემოება ნამდვილად არ არის. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ  შემთხვევაში მომხმარებელთან ხელშეკრულებით გაფორმებულ პირობებს არღვევს „კავკასუს ონლაინი“ მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ვადები დააწესა, რომ ამ ორ კომპანიას კონტრაქტი გაეფორმებინათ, ხელშეკრულება დღემდე არ დაიდო“.

მარეგულირებელში მიაჩნიათ, რომ „კავკასუს ონლაინმა“ მომსახურებაზე იმდენი უნდა გადაიხადოს, რამდენსაც მას ტელეკომი სთხოვს, რადგან მომსახურებაზე გადასახადის ზედა ზღვარი კომისიის მიერ არის დანიშნული და „გაერთიანებული ტელეკომი“ ამ ტარიფს არ სცილდება.

ერთადერთი ბერკეტი, რომელიც კომისიას მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გააჩნია, ჯარიმაა, მაგრამ ამ ბერკეტის გამოყენება, კახი ყურაშვილის აზრით, სიტუაციას არ უშველის.

„მომხმარებელმა რომ მოგვმართოს საჩივრით „კავკასუს ონლაინის“ მიმართ, ერთადერთი, რის გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლება „კავკასუს ონლაინს“ ძალიან დიდ ჯარიმა დავადოთ, რაც მისი წლიური შემოსავლის 0.5 პროცენტს შეადგენს, მაგრამ გამოსწორდება სიტუაცია? რომ დავაჯარიმოთ ორივე მხარე ხელშეკრულების გაუფორმობლის გამო, გააფორმებენ? მე არ მჯერა, რადგან სხვა დროსაც ერთიც და მეორეც გვყავდა დაჯარიმებული. ზოგჯერ აქვს ამ ჯარიმებს ეფექტი. ამ შემთხვევაში ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ იმდენად არის აგრესიულად განწყობილი, რომ ბოლოს, ალბათ, რეალურად დაჯარიმებზე გადავალთ“.    

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Cayle
2011-08-23 05:31
None can doubt the vraecity of this article.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC