კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქეიფი და დროსტარება პედაგოგების ხელფასების ხარჯზე

27 ოქტომბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ბაკურციხის აგრარულ - სამრეწველო კოლეჯის 35 პედაგოგი მეორე წელია 2006 წლის აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეების ხელფასებს უშედეგოდ ითხოვს. ოფიციალური ინფორმაციით, პედაგოგები უხელფასოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე დარჩნენ. საკრებულომ ბაკურციხის კოლეჯს დაფინანსება შეუმცირა და ბიუჯეტში სასწავლებლის ხარჯები 49 100 ლარის ნაცვლად 33 600 ლარით განსაზღვრა. სამაგიეროდ, ამავე საკრებულოს სხდომაზე გაიზარდა გამგეობის ოფისის ხარჯები სტუმრების მომსახურებისათვის. ეს თანხები გურჯაანის მაშინდელი გამგებლის და ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, აკაკი სიხარულიძის, გურჯაანის რესტორანში ქეიფსა და დროსტარებას მოხმარდა.

პედაგოგებს დავალიანების გასტუმრებას, რომელიც სულ 12 659 ლარს შეადგენს, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ არაერთხელ დაპირდნენ, მაგრამ კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით, პედაგოგებსა და მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება.

"სასამართლოში სარჩელის შეტანამდე არაერთხელ მივმართეთ კოლეჯის დირექციას და საკითხის გარკვევა მოვითხოვეთ. დირექციამ გვიპასუხა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, კოლეჯის დაფინანსება იყო 49 100 ლარი, ხოლო 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით დაფინანსება შეამცირეს და დარჩა 33 600 ლარი, რაც კოლეჯის დირექციას არ აძლევდა საშუალებას, აენაზღაურებინა სახელფასო დავალიანება. დირექციამ ასევე განგვიმარტა, რომ მათ მიერ არაერთხელ იქნა გაგზავნილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წერილი, მაგრამ პრობლემა ვერ გადაიჭრა. ჩვენი შრომითი ურთიერთობა არ ყოფილა არც შეწყვეტილი და არც შეჩერებული. 2007 სასწავლო წლის დაწყებისთანავე გავაგრძელეთ მუშაობა, რადგან ჩვენი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ხელფასის მიუღებლობის გამო მუშაობის შეწყვეტა სასწავლო პროცესს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა. ამასთან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ ყოფილა არანაირი განკარგულება ან რაიმე დოკუმენტი მიღებული იმის შესახებ, რომ ჩვენ მუშაობა არ უნდა გაგვეგრძელებინა", - აცხადებენ პედაგოგები ავთანდილ ჩახვაშვილი, რუსუდან ზარდიაშვილი, ნანული სხირტლაძე და სხვები.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პედაგოგების სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ სასამართლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის დავალიანების გადახდა დაეკისრებინა, არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს სხდომაზე გამგეობის წარმომადგენელმა მაია უტიაშვილმა განაცხადა, რომ მოსარჩელეები გურჯაანის გამგეობასთან შრომით ურთიერთობაში არ ყოფილან და შესაბამისად, მათ გამგეობის მიმართ ხელფასის მოთხოვნის საფუძველი არ გააჩნიათ.

"მოსარჩელე პედაგოგები შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან ბაკურციხის აგრარულ – სამრეწველო კოლეჯთან, რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს და მათ ხელფასი უნდა მიიღონ სამუშაო ადგილზე, ხოლო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, ხელფასის დაკისრების თაობაზე, მათ მოთხოვნის უფლება არ აქვთ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს", - ნათქვამია გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა და საქმე განსახილველად რაიონულ სასამართლოს დაუბრუნა.

პედაგოგების ადვოკატის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის ლია ხუროშვილის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე - 4 ნაწილის თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა ხელფასის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების შემცირების საფუძველი. "აქედან გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია მოსარჩელე პედაგოგებს სახელფასო დავალიანება დაუფაროს", - ამბობს იურისტი.

ახალი ამბები