კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონფლიქტის ზონაში დაბრუნებული დევნილების უსაფრთხოება დღემდე არ არის დაცული

31 ოქტომბერი, 2008

დაბრუნების იძულება თუ საკუთარი სურვილი?

ნონა სუვარიანი, თბილისი

მოროდიორობის, ადამიანების ცემისა და წამების ფაქტების, ეზოებსა და ბაღებში დატოვებული ნაღმების მიუხედავად, 38 ათასი დევნილი კონფლიქტის ზონაში, საკუთარ სოფლებში მაინც დაბრუნდა. ბევრ მათგანს ბოსლებში ან მეზობლებთან უწევს ცხოვრება, რადგან მათი სახლები დამწვარია. მთავრობა ირწმუნება, რომ დევნილები სოფლებში საკუთარი სურვილით ბრუნდებიან. მათ კი, ვისაც  დაბრუნების ეშინია ან სახლი აქვთ დანგრეული, ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობენ. თუმცა ექსპერტები, რომლებიც ასევე უშუალოდ დევნილებთან მუშაობენ, დაბრუნების სხვა მიზეზებზე საუბრობენ.

„კონფლიქტის რეგიონში ეთნიკური წმენდა ისევ გრძელდება.  ქართულ-ოსურ სოფელ დისევში ვიყავი და ეს საკუთარი თვალით ვნახე. სოფლის სახლების   მესამედი გადამწვარია. ზოგი სახლი ჩვენი  იქ ყოფნის დროსაც იწვოდა. თითქოს ქართული მოსახლეობის დასჯის გეგმაც არსებობს. სოფელში ყოფნის დროს მოსახლეებმა გვითხრეს, რომ ოსები დიდი მანქანებით იყვნენ ჩასულები. მოროდიორობა იმ პერიოდშიც იყო, როდესაც ჩვენ სოფელში ვიმყოფებოდით” - , მოგვითხრობს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენელი, ოგე ბორჩგრევინკი.

20 ოქტომბერს კონფლიქტის ზონაში მასთან ერთად „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, სოსო პაპუაშვილიც იმყოფებოდა. მათ მოახერხეს იმ სოფელში შეპარვა, რომელსაც რუსები და ოსები აკონტროლებენ. ის იხსენებს, რომ როდესაც სოფელ დისევში შედიოდნენ, ადგილობრივი მოსახლეობა მათ უკან დაბრუნებას ურჩევდა, რადგან დიდი შანსი იყო, რომ მათი იქ ყოფნის შესახებ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდგარ  ოსებს შეეტყოთ.

„იქ ოსური ბანდფორმირებები თარეშობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ სოფლებში იმიტომ ბრუნდებიან, რომ ამის აუცილებლობაზე ხელისუფლება მიუთითებთ. თუმცა, ბევრს სადღაც ცხოვრებას საკუთარ დანაღმულ ეზოში ცხოვრება ურჩევნია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარზეა. მე თავად ვნახე, როგორ გადმოდიან ოსები და წვავენ სახლებს. პოლიციელები იძულებულები არიან იცხოვრონ იმ სოფლებში, რომლებიც ამ ე.წ. საზღვარს ესაზღვრება. ბევრი ადამიანი ტოვებს კიდეც საკუთარ სახლს. ასევე არის ქართული მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ოსების მიერ კონტროლირებად ქართულ სოფლებში დღემდე რჩება. ძირითადად, მოხუცები. მათზე ძალადობა და ზეწოლა გრძელდება”.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, შალვა ტრამაგიძე ამტკიცებს, რომ ყველგან, სადაც ქართული პოლიცია დგას, სიტუაციას კონტროლირებადია.  რაც არ ითქმის სოფელ დისევზე. იქ ქართული პოლიცია არ დგას.

„გორის რაიონის სოფლებში ნორმალური მდგომარეობაა. თითქმის ყველა სოფელს ვაკონტროლებთ. იქ, სადაც ოსებმა ე.წ. საზღვარი დააწესეს, ზედ იმ საზღვარზე ვდგავართ. ასე რომ ჩვენს უკან სოფლები დაცულია“.

შალვა ტრამაგიძე ირწმუნებოდა, რომ ორი კვირის განმავლობაში მოროდიორობის ან ცემის ფაქტი არ ყოფილა. თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ოსების მიერ მოროდიორობის და ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი გადმოსვლის ფაქტები სულ იყო და იქნება.

„ორი კვირის განმავლობაში ასეთი 4 ფაქტი მოხდა. ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. დამნაშავეები დაკავებულები არიან და პასუხს საქართველოს კანონის წინაშე აგებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი განაღმვითი სამუშაოები დასრულებულია, ცალკეულ ნაღმებს ეზოებსა თუ ბაღებში დღესაც პოულობენ. გარდა ამისა, მოსახლეობაზე თავდასხმები დღემდე გრძელდება. ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლის ინფორმაციით,  კონფლიქტის დასრულების შემდეგ მომხდარი 16 მკვლელობა ჯერაც არ არის გამოძიებული. ასეთი მძიმე ვითარების მიუხედავად, მოსახლეობა თავიანთ დანაღმულ  ეზოებში მაინც ბრუნდება.
 
ლტოლვილთა და განსახლეობის მინისტრის მოადგილე, ვალერი კოპალეიშვილი ირწმუნება, რომ მოსახლეობა კონფლიქტის ზონაში საკუთარი სურვილით ჩადის.
 
„არავის ვაიძულებთ, ყველა თავისი ნებით ბრუნდება. კარვების ქალაქში ადგილების საკმარისი რაოდენობა იყო. ყველას, ვინც მთავრობას მიმართა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი შესთავაზეს.  თუ ადამიანს დაბრუნების ეშინია ან მისი კარ-მიდამო დანაღმულია, ან სახლი დანგრეული აქვს, მას თბილისში ან სხვა რეგიონში ანაწილებენ. როდესაც მისი სახლი აღდგება ან ის ტერიტორია გაინაღმება, ის დაბრუნდება“, - აცხადებს კოპალეიშვილი.

თუმცა მამუკა არეშიძე იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების განსხვავებულ  მიზეზებზეც საუბრობს:

„ჩემი ინფორმაციით, რომელიც სხვადასხვა წყარომ მომაწოდა (დიდი ხანია ვმუშაობ ამ თემატიკაზე და ვიცნობ ადამიანებს), ადამიანების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, იმ სოფლებიდან, რომლებიც ბლოკ-პოსტთან ახლოს მდებარეობს, ერთ დღეს გააფრთხილეს, რომ ორ-სამ დღეში უნდა დაბრუნდნენ და თითქმის ძალით გამოყარეს სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან. ემუქრებოდნენ, თუ არ დაბრუნდებიან, მაგალითად, მის  ქმარს დაიჭერენ და ა.შ. ასე გაყარეს მინდორში, სადაც წყალი არ იყო, ელექტროენერგია არ იყო (თუმცა ზოგ ადგილას უკვე გაიყვანეს). ყველაფერი დანგრეულია, ადმინისტრაციის თანამშრომლები კი ცინიკურად პასუხობენ, სახლი თუ დანგრეული გაქვს, მეზობელთან იცხოვრეო. გარდა ამისა, იქ ყველაფერი დანაღმულია, გამნაღმველები კი მუშაობენ, მაგრამ ხომ შეიძლება ჯერ დაამთავრონ ეს პროცესი და შემდეგ შეასახლონ ადამიანები. ერთ-ერთ სოფელში ჩავედი და გლეხმა აუფეთქებელი ნაღმი გამომიტანა, ეზოში ვიპოვეო. ხომ შეიძლებოდა ის აფეთქებულიყო?”

მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ვიღაცას აზრად  მოუვიდა, რომ დევნილები შესაძლოა, 7 ნოემბერს მიტინგზე გასულიყვნენ და ამიტომ მათა მოშორება გადაწყვიტა. „კიდევ ერთი მიზეზი, ეს პიარია, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „როგორი სანახავია, როდესაც დამკვირვებლები ჩამოდიან და ხედავენ, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი მიწურებში. ამიტომ გაყავთ ყველა კარვების ქალაქში, საბავშვო ბაღში აღარავინ მიჰყავთ“.

დევნილებს შორის არსებულ შიშზე „კავკასიის ქალთა ქსელის“ ხელმძღვანელი, ნინო ციხისთავიც საუბრობს. მისი თქმით, ეს შიში, პირველ რიგში, უსაფრთხო დაბრუნებას უკავშირდება. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევებში, ისინი თავს იკავებენ, რომ ღიად ისაუბრონ მათ დღევანდელ ყოფით პრობლემებზე.

“მეტწილად ეს განაპირობა იმან, რომ დევნილებთან მიმართებაში აქტიურ როლს შსს ასრულებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ რამდენიმე კვირის წინ შსს-მ განაცხადა, რომ არა მხოლოდ სახლების მშენებლობის საკითხს გააკონტროლებს, არამედ დევნილებში საჭიროების კვლევის აღრიცხვასაც. სწორედ აქედან გამომდინარე, დევნილები გვეუბნებიან, რომ არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას დაელაპარაკებიან, არც ჟურნალისტებთან სურთ საუბარი და თუ რამეს ამბობენ, სთხოვენ, რომ მათი სახელი და გვარი არ ახსენონ”.

თუმცა, მამუკა არეშიძისგან განსხვავებით, ხელისუფლების მხრიდან დევნილებზე გარკვეული კონტროლის დაწესებას,  ნინო ციხისთავი მომავალ 7 ნოემბერს არ უკავშირებს. უბრალოდ, ხელისუფლებას არ აწყობს ფიზიკურად ერთად მყოფი კონკრეტული რაოდენობის ხალხის მხრიდან მათ მდგომარეობაზე თავისუფლად საუბარი.  ნინო ციხისთავი შიშის გამომწვევ სხვა ფაქტორებზეც საუბრობს.

„შიში განპირობებულია იმ შოკური მდგომარეობითაც, რომელშიც ისინი არიან. ამ მიმართულებითაც ხელისუფლების მხრიდან ცოტა ნაბიჯია გადადგმული. კიდევ ის, რომ დევნილები თავად არ მონაწილეობენ თავისი ბედის გადაწყვეტილების განხილვისას. მათ ბედს სხვადასხვა სტრუქტურა წყვეტს“.

ახალი ამბები