კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური წმენდა თელავის უნივერსიტეტში

3 ნოემბერი, 2008

 

 არჩილ ჯორჯაძე

გელა მთივლიშვილი, კახეთი

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას პედაგოგების მიმართ თანასწორ მოპყრობას ავალდებულებს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. ამის მიუხედავად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი გოცირიძე უარს ამბობს სამსახურში აღადგინოს არჩილ ჯორჯაძე, რომელიც  უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნითა და კანონის დარღვევით გაათავისუფლეს. „არ აღვადგენ და მორჩა. ამ ადამიანმა ძალიან დამღალა. მისი სამსახურში დაბრუნებაც რომ მინდოდეს, ადგილი არ მაქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორის თანამდებობა გაუქმდა“, -აცხადებს უნივერსიტეტის რექტორი. სამაგიეროდ, მან უნივერსიტეტში დაასაქმა თავისი ნათესავები და პედაგოგების განცხადებით, რექტორი ერთგულებისა და მორჩილების მიხედვით განსაზღვრავს თანამშრომლების ხელფასის ოდენობას.

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორი არჩილ ჯორჯაძე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჰამლეტ რაზმაძემ სამსახურიდან 2008 წლის 22 მაისს, ანუ საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს გაათავისუფლა. რაზმაძის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯორჯაძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

არჩილ ჯორჯაძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განცხადებით 2008 წლის 13 მაისს მიმართა. „ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების კამპანია სასტიკი პოლიტიკური ტერორისა და რეპრესიების ქვეშ მიმდინარეობს. ირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ფეხქვეშ ითელება ადამიანის პატივი და ღირსება. აღარ არსებობს პიროვნების თავისუფალი განვითარების საშუალება. ჩემს მიმართ, როგორც „გაერთიანებული ოპოზიცია-ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ საარჩევნო შტაბის წევრისა და იურისტის წინააღმდეგ, ხორციელდება მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რათა ჩემი უნივერსიტეტში ყოფნით საფრთხე არ შევუქმნა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ზოგადად უნივერსიტეტს“, -აღნიშნავს ჯორჯაძე.

იმავე დღეს უნივერსიტეტის რექტორს გიორგი გოცირიძეს განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რექტორის აპარატის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა. განცხადებაში ცქიტიშვილიც პოლიტიკური მოტივით დევნაზე მიუთითებს.

იურისტების განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ორივე განცხადება წარმოადგენდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს, რაც განცხადებაში აღნიშნული საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევას გულისხმობს.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებული იყო შეესწავლა თუ რა სახის პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა არჩილ ჯორჯაძესა და ნელი ცქიტიშვილის მიმართ. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს თანასწორ მოპყრობას განურჩევლად პირის პოლიტიკური შეხედულებისა. პოლიტიკური ნიშნით პირის იძულება, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან, წარმოადგენს დევნას, დანაშაულს, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით. აქედან გამომდინარე, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილი არ იყო ჯორჯაძე და ცქიტიშვილი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამშრომლებისათვის უნდა მოეთხოვა დამატებითი მტკიცებულების წარდგენა თუ ვინ ახორციელებდა მათზე ზეწოლას და შეესწავლა რამდენად თავისუფალი იყო მათი ნება შეეწყვიტათ შრომითი ურთიერთობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან. დამატებითი მასალების არარსებობის შემთხვევაში, განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველად, ხოლო პოლიტიკური მოტივით დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალდებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეზე წინასწარი გამოძიების დასაწყებად მასალები გადაეგზავნა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსათვის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო,” მოცემულია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე მოამზადეს.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „არ არსებობდა ნელი ცქიტიშვილის გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. ცქიტიშვილი წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, რადგან იგი შეყვანილი იყო ცენტრალური სააარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკის, „გაერთიანებული ოპოზიცია-ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში. საარჩევნო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე პარლამენტის წევრობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიის დროს მიეცემა უხელფასო შვებულება და ამ დროის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლებულია. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებითი შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით ანაზღაურების გარეშე შვებულება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს. შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერებისას დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების მოშლა. ამგვარად, ნელი ცქიტიშვილი უფლებამოსილი არ იყო, მოეთხოვა იმ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც მისი მოთხოვნის დროს იყო შეჩერებული. არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ნელი ცქიტიშვილის განცხადება. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა შესაძლებელია შვებულების დასრულების შემდეგ. ნელი ცქიტიშვილის განცხადება 2008 წლის 8 მაისით არის დათარიღებული; იმ დროს საარჩევნო კამპანია კვლავ მიმდინარეობდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი კვლავ უხელფასო შვებულებით სარგებლობდა“.

ეს დოკუმენტი სახალხო დამცველს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის უნდა გაეგზავნა, თუმცა ომბუდსმენს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ჯორჯაძის და ცქიტიშვილის სამსახურში აღდგენის თხოვნით აღარ მიუმართავს.

არჩილ ჯორჯაძე ამის მიზეზად სოზარ სუბარსა და გიორგი გოცირიძეს შორის ახლო ურთიერთობას ასახელებს. ჯორჯაძის განცხადებით, წარსულში სახალხო დამცველი და თელავის უნივერსიტეტის რექტორი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტში“ ერთად მუშაობდნენ.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველოს უფროსის, ნინო ერემაშვილის ცნობით, ამ საქმეზე სახალხო დამცველის აპარატში რეკომენდაცია მართლაც მომზადდა, მაგრამ საბოლოოდ სახალხო დამცველმა გადაწყვიტა განცხადებები რეაგირებისათვის პროკურატურისთვის გადაეგზავნა. რეკომენდაციის მომზადებიდან დღემდე 5 თვე გავიდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჯორჯაძის და ცქიტიშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას სახალხო დამცველის აპარატიდან მასალები არ მიუღია.

2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯორჯაძეს უნვერისტეტის ადმინისტრაციამ დაწინაურება შესთავაზა, თუ ის ჩამოშორდებოდა „გაერთიანებული ოპოზიცია – მემარჯვენეების“ თელავის მუნიციპალიტეტის დეპუტატობის  მაჟორიტარი კანდიდატის ფიქრია ჩიხრაძის წინასაარჩევნო კამპანიას. შეთავაზებებზე ჯორჯაძემ უარი თქვა, ზეწოლის შესახებ კი საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, თუმცა, მომხდარით პროკურატურა არ დაინტერესდა.

კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის მიუხედავად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამ დრომდე უარს ამბობს არჩილ ჯორჯაძის სამსახურში აღდგენაზე. „არ აღვადგენ და მორჩა, ამ ადამიანმა ძალიან დამღალა. მისი სამსახურში დაბრუნება რომც მინდოდეს, ადგილი არ მაქვს. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კოორდინატორის თანამდებობა გაუქმდა“,- აცხადებს გოცირიძე. მისი თქმით, ჯორჯაძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და ხელფასის დავალიანების გადახდის შესახებ არც თელავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკლუტეტის კოორდინატორობიდან არჩილ  ჯორჯაძის გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა, მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა სამოქალაქო წესით განიხილა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე არ იმსჯელა.

სამაგიეროდ, გიორგი გოცირიძე უნივერსიტეტში ასაქმებს და აწინაურებს თავის ნათესავებს. მისი ძმა, პაატა გოცირიძე უნივერსიტეტში იურისტის თანამდებობაზე დაინიშნა. რექტორმა საწყობის გამგის თანამდებობა თავის ახლო ნათესავს, ვახო ზუროშვილს უბოძა. რექტორის მეუღლეს, ქეთი გიგაშვილს, ასოცირებული პროფესორის სტატუსი მიენიჭა და უნივერსიტეტის სამეცნიერო – კვლევითი დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

პროფესორთა ერთი ნაწილის თქმით, რომელთაც ამ ეტაპზე ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურთ, უნივერსიტეტის რექტორი ერთგულების და მორჩილების მიხედვით განსაზღვრავს თანამშრომლების ხელფასის ოდენობასაც. პედაგოგების განცხადებით, გოცირიძემ შრომითი ანაზღაურება მხოლოდ ნდობით აღჭურვილ პირებს გაუზარდა.

ამ საკითხზე კომენტარისთვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაციის მისაღებად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გადაგვამისამართა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ხელფასის ოდენობის შესახებ. შედეგად ასეთი პასუხი მივიღეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისაგან: „თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა მოითხოვს მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას, რის გამოც აღნიშნულ ინფორმაციას მიიღებთ არა უგვიანეს ათი დღისა“.

ახალი ამბები