კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლეკები საქართველოში გამორბიან

4 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაღესტნიდან კახეთში ათობით ლეკი ჩამოვიდა. ისინი თავს ყვარლის რაიონის ლეკურ სოფლებში მცხოვრებ ნათესავებს და ნაცნობებს აფარებენ. ჩრდილოკავკასიელი ლტოლვილების განცხადებით, დაღესტანში, კერძოდ კი მახაჩკალის რაიონში უაღრესად დაძაბული ვითარებაა. სამხედრო ხელისუფლების ბრძანებით, ადგილობრივი სამართალდამცავები 18-დან 38 წლამდე მამაკაცებს შეიარაღებულ ძალებში მასობრივად იწვევენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აკავებენ.

მაგამედ ხაიბულაევის თქმით, მასობრივი გაწვევის შესახებ მოსახლეობისთვის განმარტება არავის მიუცია. დაღესტანში მცხოვრები მოსახლეობა მამაკაცების შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევას რუსეთ–საქართველოს შორის არსებულ დაპირისპირებას და ინგუშეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკავშირებენ. 

„სავალდებულო გაწვევა 20 ოქტომბერს დაიწყეს. ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები პირდაპირ საცხოვრებელ სახლებში დაგვადგნენ. სამხედრო სამსახურის ბრძანება გვაქვსო გვითხრეს და შეიარაღებულ ძალებში წასვლისათვის მოსამზადებლად ერთი დღე მოგვცეს. როგორც გავიგეთ, დაღესტანშივე ხდება საბრძოლო ჯგუფების ჩამოყალიბება. ნაწილს ცხინვალის რეგიონში აგზავნიან, ნაწილს კი ვინც სამხედრო სამსახურშიც ნამყოფია და საბრძოლო გამოცდილებაც აქვს, ინგუშეთში უშვებენ. მამაკაცების დიდი ნაწილი შეიარაღებულ ძალებში წასვლაზე უარს ვაცხადებთ. ვინც საქართველოს საზღვარი ვერ გადმოკვეთა, დაღესტანშივე იმალება. მოსახლეობა სახლებიდან ტყეშია გახიზნული“, - აღნიშნავს ხაიბულოევი.

კიდევ ერთი ჩამოსულის ცნობით, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ ისურვა, მისმა ძმამ, 29 წლის ა. მ-მა სახლიდან წასვლა ვერ მოასწრო და პოლიციელებმა ის შეიარაღებულ ძალებში იძულებით წაიყვანეს. „ჩემმა ძმამ და მისმა ორმა მეგობარმა მახაჩკალის სამხედრო კომისარიატიდან გაქცევა მოახერხეს. ბოლოს დედაჩემს ტელეფონით რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მითხრა, რომ უკვე ერთ კვირაზე მეტია ტყეში იმალებიან. პოლიციას დაუმორჩილებლობის გამო მათზე სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს“, - განაცხადა მახაჩკალის მკვიდრმა.

ჩამოსულებს შორის საქართველოში დაბადებული ახალგაზრდებიც არიან. რამდენიმე მათგანი რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეცაა.

ლეკები ყვარლის რაიონის სამ სოფელში, თივში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში ცხოვრობენ.

ახალი ამბები