08:36, Thursday, 28.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

"ნათხოვარი" საფლავების "მათხოვარი" ქართველები

07.11.2008
ნანა ფაჟავა,ზუგდიდი

ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრის თითქმის მთელი პერიმეტრი გადათხრილია. რუსული საჯარისო ნაწილები გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში სამხედრო ობიექტების მშენებლობას, ბლოკ-საგუშაგოების განლაგებასა და სანგრების თხრას დღემდე განაგრძობენ. მოსახლეობა თითქოს შეეგუა ოკუპანტებისა და სეპარატისტების გაძლიერებულ თარეშს ქართველებით დასახლებულ სოფლებში, მაგრამ წინაპართა ძვლების ხელყოფის მცდელობას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. სასანგრედ გამიზნული ქართველთა საფლავები გადათხრას გადაურჩა, რუსებმა უკან დაიხიეს... ქართველთა საფლავების გათხრის მცდელობა რუსეთის საჯარისო ნაწილების ხელმძღვანელობას გალის რაიონის სამ სოფელში, ფიჩორში, ნაბაკევსა და ზემო-ბარღებში ჰქონდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ის ფოტოებიც მოიპოვა, სადაც სოფელ ფიჩორისა და გაგიდის ის ტერიტორიებია ასახული, რომლებიც რუსი ჯარისკაცების სამალავებად იქცა.

სოფელ ფიჩორის მკვიდრი დეტალურად იხსენებს იმ დღეს, როცა სოფლის სასაფლაოზე შეკრებილი ქართველები წინაპართა საფლავებს დიდი ძალისხმევით იცავდნენ. რესპოდენტმა გასაგები მიზეზების გამო ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„სოფლის სასაფლაო ფიჩორის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. იმ დღეს მეზობლის ქალმა შეგვატყობინა, რომ რუსების ორი ბეტეერი სასაფლაოს მოადგა და საფლავების გადათხრას აპირებსო. დაახლოებით 5 დღით ადრე რუსებმა მართლაც შემოგვითვალეს, რომ საფლავები  სხვაგან გადაგვეტანა, რადგან იქ სანგრების გათხრას გეგმავდნენ, მაგრამ თუ ამას მართლაც დააპირებდნენ არ გვეგონა.

თხუთმეტამდე ადამიანი შევიკრიბეთ და სასაფლაოზე გავედით. იქ ექვსი რუსი ჯარისკაცი დაგვხვდა. მათ შორის ერთი ალბათ მეთაური იყო, ის გვპასუხობდა. ჩვენ მათ ვთხოვდით უარი ეთქვათ ამ განზრახვაზე, რადგან ისინიც ჩვენსავით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და ამიტომაც ვცდილობდით აგვეხსნა, თუ რას ნიშნავდა საფლავების ხელყოფა. საბედნიეროდ გადაიფიქრეს. ალბათ იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ხალხის ყველაზე დიდი გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტს მოჰყვებოდა.“

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის სასაფლაოები წლების განმავლობაში მუდმივად იძარცვებოდა და რკინის ღობეები საფლავებიდან ქრებოდა, მოსახლეობა მის შემოკავებას მაინც ახერხებდა. ამ სასაფლაოზე არამარტო ფიჩორელები, არამედ აფხაზეთის სხვა რაიონების მკვიდრებიც იკრძალება. და მხოლოდ იმიტომ, რომ დევნილები მიცვალებულის მიწაში მიბარებას ოჩამჩირეში, გუდაუთასა თუ სოხუმში ვეღარ ახერხებენ.იმედი აქვთ, „ნათხოვარ“ მიწაზე ( ნათესავების საგვარეულო სასაფლაოზე) დროებით დასაფლავებული ახლობლის ოდესმე გადასვენებას შესძლებენ.

 „ნათხოვარი“  საფლავები დანარჩენ საქართველოშიც ითხრება...

რუსების სამხედრო დანიშნულების გათხრების ქვეშ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები, სახნავ-სათესი მიწები და თხილნარიც მოექცა. ფიჩორის ცენტრალურ ტერიტორიაზე კი ბლოკ-პოსტები განლაგდა. ფიჩორელი ქალი ამ ფაქტებზეც დეტალურად ყვება.

„თავდაპიორველად რუსებმა სოფლის ცენტრი გააძლიერეს. ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან განლაგებული, 60-მდე ჯარისკაცი იქნება. ირგვლივ სანგრები გათხარეს. ამ ადგილიდან 50 მეტრში ქართული სკოლაა, 150 ბავშვი სწავლობს. ჯერჯერობით მათ არავინ ერჩის, მაგრამ მოსწავლეც და მასწავლებელიც დათრგუნულია. შიშის ქვეშ განათლების მიღება კი ცხადია, ძნელია, მაგრამ უძლებენ.
მეორე ბანაკი ზღვის სანაპიროზე აქვთ. იქ რუსებთან ერთად აფხაზებიც არიან. ამ ტერიტორიაზე ისეთ უზარმაზარ სიღრმეზე  გათხარეს,  რომ  ტანკების მხოლოდ  ლულები ჩანს. დაახლოებით 20-მდე ჯარისკაცია. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს დაერივნენ და ერთი აფხაზი ჯარისკაცი დაჭრეს. ამის შემდეგ, როგორც შევიტყვეთ, აფხაზები იმ ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამბობენ, მხოლოდ ერთი აფხაზი დატოვესო. სანგრებს იქ ახლაც თხრიან.“

გალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თორნიკე კილანავა, რუსი სამხედრო პირების მიერ სასაფლაოების გადათხრის  მცდელობას ვანდალურ ჩანაფიქრად აფასებს. მისი განცხადებით რუსები "თეთრი მტრედის" როლის გათამაშებას ცდილობენ.

თორნიკე კილანავა: „ის, რომ ქართველთა საფლავები არ შეურაცხყვეს, მათი  მხრიდან კეთილი ნების გამოჩენას და ჩვენი ეროვნული ტრადიციების  გათვალისწინებას არ ნიშნავს. ამ ვითარებაში, რუსებს ადგილობრივი მოსახლეობის რისხვის, მართლაც შეეშინდათ, მითუმეტეს ისინი ახლა განსაკუთრებულად ცდილობენ ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას, მშვიდობისმყოფელებად თავის მოჩვენებას. რუსები მუდმივად ცდილობენ გალელების დარწმუნებას იმაში, რომ ისინი არა დამპყრობლები, არამედ მათი უსაფრთხოების გარანტები არიან.“

თორნიკე კილანავა გალში დამატებითი ძალების შეყვანის ფაქტებსაც ადასტურებს, მაგრამ უარყოფს ქართული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას „ბაგრამიანის ბატალიონის“ არსებობის შესახებ.  გალის ქართულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ,გალის ტერიტორიაზე ორი ავტობუსით სოხუმიდან გადმოსროლილი შეიარაღებული პირები, ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლები იყვნენ, რომელთა შორის სომხური წარმოშობის პირები მართლაც მრავლად არიან.

თორნიკე კილანავა: „ანტიტერორისტულ ცენტრს იური ანუა ხელმძღვანელობს, თუმცა სახელწოდებიდან გამომდინარე გალის რაიონში მათი ფუნქცია გაურკვეველია. ისინი ქართული მხრიდან მუდმივად ტერორისტებს ელიან, მაგრამ მათი ძირითადი ფუნქცია მხოლოდ ადგილობრივი, ქართული მოსახლეობის დაწიოკება, ბიზნესის გადანაწილება, წილების მიღება და ხარკის აღება გახდა. ასეთ კრიმინალურ დაპირისპირებებს შეეწირნენ ის პირები, რომლებიც იქ ბოლო პერიოდში მოკლეს.“

თორნიკე კილანავას მიერ ქართული მედიასაშუალებებით გაკეთებული ამ შინაარსის განცხადებები გახდა სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენელთა გაღიზიანების მიზეზი. 5 ნოემბერს კი აფხაზურ საიტზე კილანავას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები გამოჩნდა. გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან არშბა ქართულ მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ბესლან არშბა: „ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსი სამხედროები სასაფლაოს ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების განლაგებას გეგმავენ, სისულელეა, ასეთი რამ არასოდეს მოხდება. ღირსების გრძნობა უცხოა ისეთისთვის, როგორიც თორნიკე კილანავაა, რომელიც შურისძიების ისტორიებს იგონებს და შემდეგ მის ტირაჟირებას მისნაირი ჟურნალისტების საშუალებით ახდენს.“

გალის აფხაზური მილიციის უფროსი, ლაურენს კოღონია სეპარატისტული მთავრობის უშიშროებისა და შსს სამსახურების დამატებითი ძალების შეყვანას გალის რაიონში ადასტურებს. ამის აუცილებლობას კი ქართული მხრიდან მოსალოდნელი დივერსიული ჯგუფების გააქტიურებით ხსნის. ამავე მიზეზს უკავშირდება 28 ოქტომბრიდან მოსახლეობისთვის   ენგურის ცენტრალური ხიდის ჩაკეტვა.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC