კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოპოზიციამ 7 ნოემბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა

10 ნოემბერი, 2008

ნონა სუვარიანი, თბილისი

საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2009 წლის გაზაფხულზე, სიტყვის თავისუფლება, “იმედის” დაბრუნა კანონიერ მესაკუთრესთან 23 ნოემბრამდე და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – 2008 წლის 7 ნოემბერს ოპოზიცია ახალი აქციით და მოთხოვნებით ხვდება. აქცია, რომელზეც რამდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა, პარლამენტთან დაიწყო და მოგვიანებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვალა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2007 წლის 7 ნოემბრის წლის თავის “აღნიშვნა”  დღის 14 საათზე დაიწყო. სწორედ ერთი წლის წინ სპეცრაზმმა მოშიმშილეები და მშვიდობიანი აქციის სხვა მონაწილეები ჯერ პარლამენტის წინ, ხოლო შემდეგ რიყეზე დაარბია. იგივე ბედი მოგვიანებით ტელეკომპანია “იმედს”-ის თანამშრომლებს ეწია. მოქალაქეებს რეზინის ხელკეტებით სცემდნენ, დემონსტრანტები წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს.

სწორედ ამიტომ მემარჯვენე ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მანანა ნაჭყებიას მიაჩნია, რომ 7 ნოემბერი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე არის და ყველა ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო არ უნდა შეურიგდეს ძალადოებას და არ უნდა იყოს დამონებულ მდგომარეობაში, მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს და აქციას შეუერთდეს. 

აქციაში მონაწილეობდენ კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიების წევრები, მოძრაობა “ერთიანი საქართველოსათვის”, სახალხო პარტია და “ახალი მემარჯვენეები”. აქციაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღატურია გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია აქციის ორგანიზატორი არ იყო, მისი წევრები მომიტინგეთა რიგებში მაინც იდგნენ. 

დავით გამყრელიძე (“ახალი მემარჯვენეები”): “ყველასთვის, ვისთვისაც სულ ერთი არ არის საქართველოს მომავალი და ვინც არ ეგუება იმ ძალადობას, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მთელი ამ წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ვინც გაბედა გარეთ გამოსვლა, ყველა აქ არის. შეიძლება აქ არ არის მოსული ასობით ათასი ადამიანი, მაგრამ აქ ყველაზე თამამი ადამიანები არიან, რომლებმაც თავისი პროტესტის გამოხატვა ასეთი ფორმით გადაწყვიტეს. საჭიროა, რომ მთელი საზოგადოება მართლაც ერთიანი იყოს, ერთიანი ამ მოთხოვნაში, რომ საქართველოში მოვიდეს სიტყვის თავისუფლება, რომ ძალადობა შეწყდეს და არჩევნები გაყალბების გარეშე ჩატარდეს”.

როგორც “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ აღნიშნა, ეს არის პირველი აქცია, რომელსაც პერმანენტულად სხვა აქციებიც მიყვებიან.

“23 ნოემბერს პიკეტირება ტელეკომპანია “იმედთან” მოხდება. ამ დღემდე ტელეკომპანიის წინ აქციას არ მოვაწყობთ, უნდა მივცეთ ვადა, რომ ტელეკომპანია დაუბრუნდეს თავის კანონიერ მესაკუთრეს. გარდა ამისა, იქნება დიდი აქციები დეკემბერში, იანვარში და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.”

აქციაზე საკუთარი მოსაზრებები არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ  რიგითმა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს.  

ნინო მიქაბერიძე, 34 წლის: “აქ ვარ იმიტომ, რომ უკეთესი მომავალი მინდა ჩემი შვილებისთვის. ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება მინდა, სადაც უკეთესი განათლება, საზოგადოება და კერძო საკუთრება დაცული იქნება”.

ციცო კირვალიძე, 64 წლის: “არ მომწონს ჩვენი პრეზიდენტის საქციელი. ის არის სამშობლოს მოღალატე. ის უნდა წავიდეს ქვეყნიდან. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ახალგაზრდობას ბუჩქებისკენ მოუწოდებს, მეცნიერებას და განათლებას სპობს”.

ნელი: “აქ ვარ იმიტომ, რომ პროტესტს ვაცხადებ ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რასაც ეს მთავრობა აკეთებს. თქვენ მოგწონთ ეს ცხოვრება? მე-არა. მხოლოდ ის ცხოვრობს კარგად, ვინც “ნაციონალია”, სხვა ყველანაირად იჩაგრება”.

“აქ მოვედი იმიტომ, რომ დავაფიქსირო ჩემი პროტესტი იმ უკანონო ქმედებებზე და უბედურ მოვლენებზე, რაც საქართველოში ვითარდებოდა და რომლებმაც პიკს 2007 წლის 7 ნოემბერს და 2008 წლის აგვისტოში მიაღწიეს. ერთი მოთხოვნაც რომ არ დაკმაყოფილდეს, ადამიანებს პროტესტი უნდა უჩნდებოდეთ ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება საკუთარი ხალხს უკეთებს. მჯერა, რომ ყველანაირ ბრძოლას თავისი შედეგი აქვს”, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.   

7 ნოემბერს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ტელეკომპანია “იმედთან” გაიმართა. აქციას “ტელეიმედის” ყოფილი ჟურნალისტები და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები (ერთი წლის წინ არნიშნული პოლიტიკოსები ასევე “იმედი”-ს ჟურნალისტები იყვნენ) ესწრებოდნენ. ისინი იხსენებდნენ, როგორ შემოიჭრნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ტელეკომპანიის შენობაში. საპროტესტო აქციას ტელეკომპანია “იმედის” ამჟამინდელი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ.

ახალი ამბები