კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოკლული ჯარისკაცის ოჯახს ემუქრებიან

11 ნოემბერი, 2008
მაკა მალაყმაძე, ბათუმი

წამებით მოკლული ჯარისკაცის, როინ შავაძის ოჯახს გაჩუმების სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან, რომ ოჯახის წევრებს ნარკოტიკს ან იარაღს ჩაუდებენ, ან კიდევ უბედური შემთხვევის მსხვერპლი აღმოჩნდებიან. გარდაცვლილის მეუღლე ციცინო შავაძემ და მისმა ძმამ, მუქარის შესახებ აჭარის პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს. ოჯახი, გუშინ, სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც მოინახულა.

როგორც შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძე იხსენებს, პირველად აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი 29 აგვისტოს საკუთარ კაბინეტში დაემუქრა, შემდეგ იყო სხვა პიროვნებები, რომლებიც გაჩუმებას სთხოვდნენ და სანაცვლოდ, თანხას სთავაზობდნენ: „მაღაზიაში ვიყავი გასული და უცხო პირმა შემაჩერა, რომ ჩემთან საქმე ჰქონდა. მითხრა, რომ თუ არ გავჩერდებოდი, ჩემს ოჯახზე ზეწოლა იქნებოდა. მითხრა, რომ ეს ზემოდან მოდის. შემომთავაზეს თანხა - 15 ათასი ლარი და რომ ასევე დაიფარებოდა ყველა კრედიტი. სანაცვლოდ, უნდა გავჩუმებულიყავი. თუ არა, ჩემი ოჯახით იმუქრებიან, ძმებით და დებით. ჩაუდებენ ნარკოტიკს, ან იარაღს, ან ქუჩაში გასულს მანქანით გაიტანენ და ეს იქნება უბედური შემთხვევა. ისიც მითხრეს, რომ დღეს სუბარი თუ გიცავთ, ხვალ გადაიყვანენ სხვა ადგილას და ვეღარ დამიცავს“.
გარდაცვლილის მეუღლე გაჩერებას არ აპირებს: „სანამ ცოცხალი ვარ, მინდა რომ რომას სიმართლე დავამტკიცო. მე სიმართლე მჭირდება. ჩვენი სისხლი და ხორცი არ იყიდება, მე მხოლოდ სამართალს მოვითხოვ. მოვითხოვ, ყველა იმის დასჯას, ვინც აწამა ჩემი მეუღლე.“

მუქარა ციცინოს ოჯახის წევრებზეც იყო. სწორედ, ამიტომ გუშინ, 10 ნოემბერს მათ აჭარის პროკურატურას აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართეს. „პროფილაქტიკაში მომაკითხა ორმა უცნობმა პიროვნებამ და მითხრა, რომ თუ ფულს არ ავიღებდით და არ გავჩუმდებოდით, ნარკოტიკი, იარაღი აღმომაჩდებოდა. ვინაობა არ უთქვამთ“, - აცხადებს ამირან კონცელიძე.

შავაძის მიმართ, თავდაპირველად სამშობლოს ღალატის ბრალდება გაჟღერდა. სწორედ, ასე გაიძახოდნენ, ის სპეცრაზმელები, რომლებმაც 16 აგვისტოს, ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ოქროს ბირჟასთან როინ შავაძე დააკავეს და სცემდნენ.  თვითმხილველთა განცხადებით, „20 შეიარაღებული ნიღბიანი პიროვნება შავაძეს ქუჩაში თავს დაესხა, წააქციეს და სასტიკად სცემდნენ, თან გაიძახოდნენ, რომ სამშობლოს მოღალატეა“.

თუმცა, ოფიციალურად, ბათუმელ სერჟანტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა წაუყენეს ბრალად. ასევე ოფიციალური ვერსიით, მისი ლიკვიდაცია გაქცევის მცდელობის გამო მოხდა, რომელზედაც სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით - განზრახ მკვლელობით აღიძრა საქმე. თუმცა, ოჯახი დაზარალებულად დღემდე არ უცნიათ.

შავაძის დამცველის რამინ პაპიძის თქმით, ეს განზრახ ხდება, რათა საქმის მასალებს არ გააცნონ. საქმეში ჩართვასა და მასალების გაცნობასთან დაკავშირებით, პაპიძემ უკვე რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას: „თავდაპირველ, საქმის მასალების გაცნობაზე რომ მიმართვა გავაკეთეთ, უარი მივიღეთ იმ მოტივით, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ ჰქონდათ მიღებული. ახლა, თავიდან მივმართეთ მასალების გაცნობაზე. 10 დღე გასულია, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ ამის გასაჩივრებას ვაპირებთ“.

ადვოკატის ინფორმაციით, როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა უკვე აჭარის პროკურატურაში დევს.

სახალხო დამცველმა შავაძის მკვლელობასა და გირგვლიანის მკვლელობას შორის პარალერი გაავლო: „როინ შავაძის მკვლელობა არის განმეორება გირგვლიანის მკვლელობისა, ერთი განსხვავებით. აქ არის გაცილებით მეტი ცინიზმი, ვიდრე გირგვლიანის შემთხვევაში. იმიტომ, რომ იქ საზოგადოებრივი აზრის გამო ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე მაინც წავიდა, რომ ზოგიერთი დამნაშავე მაინც დასჯილიყო. აქ, არათუ არავინ ისჯება, ყოველდღე გრძელდება ოჯახზე ზეწოლა. ჯერ კიდევ პროკურორი როინიშვილი დაემუქრა ოჯახს დისკრედიტაციით და დღეს, უკვე ემუქრებიან განადგურებით და სთავაზობენ თანხას, რომელიც იზრდება 15 ათასიდან უკვე 50 ათასამდე. ეუბნებიან რომ მკვდარი გაცვალონ ფულზე და გაჩუმდნონ.
ეს არის წარმოუდგენელი ცინიზმი და შანტაჟი საქმეზე, რომლის შესახებაც იცის მთელმა მსოფლიომ. და ეს არ იცის მხოლოდ  საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც  სინამდვილეში ყველაფერი ძალიან კარგად იცის; ეს არ იცის მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც როინ შავაძის შესახებ სრულიად შეგნებულად არასწორი ინფორმაცია გაავრცელა“.


ახალი ამბები