კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონკურსი წინასწარ დაკავებული ვაკანსიებისთვის

11 ნოემბერი, 2008
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქად გამოაცხადა. თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რათა სიტყვა საქმედ ექცია. ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ქუთაისის როლის გაზრდაზე სააკაშვილმა ცენტრალური უწყებების აღმოსავლეთიდან დასავლეთში გადმობარგება იგულისხმა. ამის შესახებ სრულიად საქართველოს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებით აუწყა და ხალხს სამუშაო ადგილებსაც დაჰპირდა. მართალია, პრეზიდენტმა გეგმა მოქმედებაში თითქმის მოიყვანა - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელი ეროვნული კომისია დღეს ქუთაისში აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ ახლა ხალხია უკმაყოფილო. ადგილობრივები „ჩაწყობილ საქმეებსა“ და „წინასწარ დაკავებულ ვაკანსიებზე“ საუბრობენ.

პირველიდან მეორე დედაქალაქში გადმოსახლებულმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელმა ეროვნულმა კომისიამ ადგილობრივებისთვის მხოლოდ 15 ვაკანტური ადგილი გაიმეტა და ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი ახალმოსახლეობისთანავე გამოაცხადა. მცირე ვაკანსიის მიუხედავად, სემეკის კომისიას დასაქმების მსურველთა არცთუ ცოტა განაცხადი დაუგროვდა. თუმცა, 600-ზე მეტი განმცხადებლიდან სემეკმა გასაუბრებაზე მხოლოდ 15 დაიბარა.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ იქ კონკურსი ან მისი მსგავსი საერთოდ ჩატარდა, ძალიან ცდება. არაფერიც არ ჩატარებულა. თავიდანვე იყო ყველაფერი დაგეგმილი და განსაზღვრული. რაღა მაინცდამაინც ის 15 კაცი დაიბარეს გასაუბრებაზე, ვინც მერე სამსახურში მიიღეს? მაგრამ სიმართლე ისაა, რომ არც იმ 15 კაცს გასაუბრებია ვინმე. ყველა პირდაპირ, წინასწარი შეთანხმებით მიიღეს. ვითომ კონკურსი კი, უბრალოდ შირმა გახლდათ. ეს იყო კონკურსის სახელით ჩატარებული ცირკი, რომლითაც ალბათ თვითონ სემეკის წარმომადგენლებმა ძალიან იხალისეს. ახლა ალბათ საგზაო დეპარტამენტისა და კონტროლის პალატის ქუთაისში გადმოსვლით მოიწონებს მთავრობა თავს. მაგრამ ამჯერად ხალხი აღარ გაბრიყვდება და მაგათ თავს არ ააგდებინებს“, - ამბობს სემეკის კონკურსანტი მანანა გოგია.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელ ეროვნულ კომისიაში კონკურსამდეც და კონკურსის შემდეგაც ამტკიცებენ, რომ ყველაფერი კანონიერად, ყოველგვარი დარღვევების გარეშე ჩატარდა, რომ აღნიშნული უწყების ქუთაისში გადმოსვლის მთავარი მოტივი სწორედ ადგილობრივების დასაქმება იყო.

„რა დასაქმება, რის დასაქმება. მასხრად აიგდეს ამდენი ხალხი. სხვა შედეგზე უბრალოდ არც მიფიქრია. თუმცა, ასე უსირცხვილოდ თუ მოიქცეოდნენ, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი. მეც ვიყავი ერთ-ერთი კონკურსანტი და საბუთები იმიტომ შევიტანე, რომ მაინტერესებდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. იქ მოხვედრას თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. უბრალოდ, ვფიქრობდი, იქნებ გასაუბრებაზე მაინც მოვხვედრილიყავი, რომ გამეგო რისი გამკეთებლები იყვნენ. რა თქმა უნდა დანებებას არ ვაპირებ. უახლოეს დღეებში გამოვითხოვ თანამდებობაზე დანიშნული თხუთმეტივე კონკურსანტის დოკუმენტაციას და ყველაფერს გავაკეთებ სიმართლეს საბოლოოდ ფარდა რომ აეხადოს“, - აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ქათამაძე.

„ეს არის განაწყენებული ადამიანების პოზიციიდან გაკეთებული განცხადებები. აქ ჩაწყობით არავინაა მიღებული. ყველა დამეთანხმება, უბრალოდ, წარმოუდგენელია 600-ზე მეტი ადამიანიდან ყველა მათგანის გასაუბრებაზე დაბარება“, - განმარტავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი.

გამოცხადებულ კონკურსში დიპლომიანი და სამუშაო გამოცდილების მქონე მოქალაქეების გარდა მონაწილეობა სტუდენტებმაც მიიღეს, რაც ეჭვის საბაბი იმთავითვე გახდა. სემეკის კომისიამ, რომელსაც კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტთა ჩამონათვალში დიპლომიც ჰქონდა მითითებული, უდიპლომოების განაცხადებებიც უპრობლემოდ ჩაიბარა.

„რა კონკურსზეა საუბარი, როცა კონკურსის მონაწილეთა შეფასების კრიტერიუმები ბოლომდე უცნობი დარჩა. გარდა ამისა, უამრავი სტუდენტის განაცხადი მიიღეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იქ ყველაფერი არასერიოზულად და მოჩვენებისთვის გაკეთდა. აღნიშნულ სამსახურში ადამიანები სრულიად უკონკურსოდ დაინიშნენ. დანიშნულების ავტობიოგრაფიები რომ გამოვითხოვეთ, არ მოგვცეს, რამაც საბოლოოდ დაამტკიცა მათი „სამართლიანი“ საქციელი. არადა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომელთა შესახებ ინფორმაცია საჯაროა და მისი დაკავების უფლება არავის აქვს. ასე რომ, არავითარი კონკურსი სემეკში არ ჩატარებულა“, - ამბობს „ადამიანის უფლებათა დაცვისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ ხურციძე.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მაკონტროლებელი ეროვნული კომისიის კონკურსის მანკიერ მხარეებზე უშუალოდ კონკურსის მონაწილეთა გარდა რიგითი ქუთაისელებიც საუბრობენ. ამბობენ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ იცრუა, როცა თქვა, რომ ცენტრალური უწყებების მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისში გადმოტანა უმუშევართა რიცხვს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის ქუთაისში გადმოსვლის შემთხვევაშიც (რაც უახლოეს მომავალში იგეგმება) იგივე სცენარი გამეორდება, უბრალოდ, იქნება მცირე შესწორება - ამ ორ უწყებაში დასაქმების მსურველთა გაცილებით ნაკლები განცხადება შევა.

ახალი ამბები