კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსს არ ანიჭებს

12 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი, კახეთი

აგვისტოს მოვლენების შედეგად შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალ პირებს გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მდებარე კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იძულებით გადაადგილებულებისათვის დევნილის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ ტერიტორიულ ორგანოებში დევნილის სტატუსის მაძიებლებს აგდებით პასუხობენ და განცხადებების რეგისტრაციაზე უარს ეუბნებიან. შესაბამისად, დაზარალებულები კანონით დადგენილი მიზნობრივი სოციალური დახმარებით და სხვა შემწეობებით ვერ სარგებლობენ.

საქართველოს კანონმდებლობაში ძირითადი სამართლებრივი აქტი, რომელიც დევნილთა სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს განსაზღვრავს, არის 1996 წელს მიღებული კანონი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ.

ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. ამ მიზეზით, სამი თვის წინ შიდა ქართლის და ცხინვალის რეგიონები ათიათასობით ადამიანმა დატოვა. რუსეთ–საქართველოს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, მუდმივ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაწილი დაუბრუნდა, თუმცა 24 ათასამდე ადამიანი დღემდე დევნილობაშია. უმეტესობა თავს ქალაქ გორში, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე საბავშვო ბაღების, სკოლა – პანსიონების და საავადმყოფოების შენობებს აფარებს. საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მათი დაბრუნება ვერ ხერხდება, რადგან ცხინვალს და მის მიმდებარე ქართულ სოფლებს, თამარაშენს, კეხვს, ფრონეს და დიდი და პატარა ლიახვის ხეობებს ისევ რუსი ჯარისკაცები და ოსი შეაიარაღებული პირები აკონტროლებენ. დაზარალებულების, სურსათით, ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით მომარაგებაზე ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციები ზრუნავენ. საქართველოს ფულადი დახმარება არაერთმა ქვეყანამ გაუწია, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიზნობრივი სოციალური დახმარება არ ეძლევათ.

კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებთაგან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით არაერთმა დაზარალებულმა მიმართა და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. იძულებით ადგილნაცვალ პირებს სამინისტროში განცხადებებების რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

"ერთი კვირა ზედიზედ დავდიოდი სამინისტროში. დევნილთა დეპარტამენტიდან კანცელარიაში გადამამისამრთეს, კანცელარიიდან ისევ დევნილთა დეპარტამენტში, მერე რამდენიმე საათი მალოდინეს, გავარკვევთო, ბოლოს განცხადების რეგისტრაციაზე, რომლითაც დევნილის სტატუსის მინიჭებას ვითხოვდი, უარი განმიცხადეს. აგდებით მითხრეს, რა დახმარებასაც იღებთ, რით ვერ გყოფნით, გაუმაძღრები ხართ. მაინცდამაინც თქვენც როცა დაბრუნება მოგიწევთ, ავტობუსები უნდა დატვირთოთ სურსათით, თეთრეულით, სხვა ნივთებით და სახლში ისე უნდა წახვიდეთო?" - ამბობს ფრონის ხეობის მკვიდრი თამარ მახათაძე.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებებს რომ არ არეგისტრირებს მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ, ამას ადვოკატი ლია მუხაშავრიაც ადასტურებს. მისი თქმით, დახმარებისათვის მას არაერთმა დაზარალებულმა მიმართა. "სროლების და დაბომბვების დროს ადამიანები კონფლიქტის ზონის სოფლებიდან ისე გამოიქცნენ, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღებაც ვერ მოასწრეს. დროებით თავშესაფრებში მათი მოთავსების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ იძულებით ადგილნაცვალი პირების რეგისტრაცია განახორციელა, მაგრამ ამ აღწერის საფუძველზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კანონით გათვალისწინებული დევნილის მოწმობები არ გაუცია, არადა მხოლოდ ეს დოკუმენტი ადასტურებს პირის დევნილად ცნობასა და მისთვის სტატუსის მინიჭებას. დევნილის სტატუსის მიღების მიზნით, ბევრმა მოქალაქემ თვითონ მიმართა სამინისტროს, სადაც დევნილის სტატუსის მაძიებლების განცხადებების რეისტრაციაზე უარი განაცხადეს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირს არ აქვს დევნილის სტატუსი და ამის დამადასტურებელი მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობით ის ვერ სარგებლობს და არც აქვს უფლება ისარგებლოს მიზნობრივი სოციალური დახმარებითა და კანონით დადგენილი სხვა შემწეობებით", - აღნიშნავს ლია მუხაშავრია.

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველ მუხლში განსაზღვრული მიზეზების გამო, მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ. მიუხედავად ამისა, იურისტების შეფასებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არ უზრუნველყოფს დევნილების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვას.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება და შესაბამისი მოწმობების გაცემა, თავად დაზარალებულებმა შეაფერხეს. "ისინი მუდმივად გადაადგილდებიან. ბევრი მათგანი საკუთარ საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდა, ნაწილი ამ დროისთვის ბრუნდება. მიგრაციული პროცესების დასრულებისთანავე გადაწყდება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხი. ამასთან ერთად, რამდენადაც სამინისტროს გვაქვს ინფორმაცია, დევნილებთან დაკავშირებით, მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რაც სტატუსის მინიჭების პროცესს ასევე აფერხებს. რაც შეეხება დევნილის სტატუსის მაძიებლების განცხადებების რეაგისტრაციაზე უარის თქმას, ამაზე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელმა მაია რაზმაძემ.

რატომ არ მიანიჭეს სამი თვის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსი, ამ კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილსაც მივმართეთ, მაგრამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ინფორმირებული არც ამ საკითხზე აღმოჩნდა.

სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოში არ არსებობს გააზრებული პოლიტიკა იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში. “დევნილებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა და პრობლემების მოგვარება სტიქიურად და სპონტანურად ხდება”, - აცხადებს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი.

ახალი ამბები