კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პერევში სამხედრო ბაზის მშენებლობა იგეგმება

13 ნოემბერი, 2008

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

სოფელი პერევი მოსახლეობისგან ნელნელა იცლება. რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა ზემო იმერეთის სოფელში გახსნილ ბლოკპოსტებზე რუსულთან ერთად ოსური დროშაც ააფრიალეს. ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახლ-კარს ტოვებენ.

პერევში, რომელიც საჩხერის რაიონიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ოსურ სოფლებს ესაზღვრება, რუსი ოკუპანტები აგვისტოს მოვლენების პირველივე დღეებში გამოჩნდნენ. ადგილობრივები დაწვრილებით იხსენებენ დაუპატიჟებელი სტუმრები სოფლიდან სოფელში მანქანებით როგორ გადაადგილდებოდნენ და მოსახლეობას არათუ არ ერჩოდნენ, უბრალოდ, არც ეკონტაქტებოდნენ.

„შეკითხვაც რომ დაგესვა, არ გიპასუხებდნენ, ისე იყვნენ თავიანთი საქმით დაკავებული. ცუდად მოქცევაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. უხმოდ მიდიოდნენ და მოდიოდნენ. მერე ნელნელა მოიწყვეს საგუშაგოები და საბოლოოდ დაფუძნდნენ. ჩვენ ეჭვი უფრო იმაზე გვქონდა, რომ ესენი სოფელ კალვათას შეუქმნიდნენ პრობლემებს, რადგან ამ სოფელში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამთო-სამხედრო დაწესებულება ფუნქციონირებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ ერთი დღითაც არ დარჩნენ“, - ამბობს საჩხერელი ნანა შუკაკიძე.

როგორც ჩანს, რუსმა ოკუპანტებმა ოსური სოფლების მოსაზღვრე პერევი თავიდანვე გაცილებით პერსპექტიულ ადგილსამყოფელად ჩათვალეს. დადგენილი ვადების მოუხედავად, ისინი იმერეთის სოფელში დღემდე რჩებიან და ბლოკპოსტებს ამაგრებენ.

„ორი დღის წინ  საგუშაგოებზე რუსული დროშა ააფრიალეს. ბუნებრივია, მოსახლეობა შეშინებულია და სოფელს ტოვებს. ძირითადად ბავშვები და მოხუცები გაჰყავთ. დღემდე არ განახლებულა სწავლა პერევის საჯარო სკოლაშიც. წინასწარ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აცხადებს საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე.

თუ აქამდე პერევში მხოლოდ რუსი სამხედროები იყვნენ მობილიზებული, ბოლო დღეებში ოსებიც გამოჩნდნენ. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რუსებისგან განსხვავებით, ისინი აგრესიულობით გამოირჩევიან.

„რუსი თავისთვის იყო, არ გვერჩოდა. ერთი კილო ლობოი რომ წაეღო, იმაში ფულს იხდიდა. ოსები პირდაპირ იერიშზე გადადიან და ხალხს პროდუქტებს ძალით ართმევენ. თუ დასჭირდათ, იპარავენ. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელი. სამი დღეა ევროკავშირის მანქანებს სოფელში არ უშვებენ. უცხოელებს სერიოზელ წინააღმდეგობას უწევენ, რომ ადგილზე ხალხს არ შეხვდნენ. რამდენადაც გავიგეთ, რუსები პერევში უკვე საზღვრებს ზომავენ, სადაც სამხედრო ბაზის მოწყობა იგეგმება. ასევე, აპირებენ აეროპორტის მშენებლობას“, - ამბობენ ადგილობრივები.

ფაქტია, პერევს დღეს რუსები სრულიად აკონტროლებენ. ევროკავშირის წარმომადგენლობა სოფელში შესვლას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. მოსახლეობა, რომელიც ოჯახს ძირითადად მეცხოველეობითა და მიწათმოქმედებით არჩენს, თავს დაუცველად გრძნობს და საკუთარ კერას ტოვებს. სოფელში, სადაც რუსულ აგრესიამდე 200 კომლი (667 სული) ცხოვრობდა, დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი რჩება. ამბობენ, რომ ერთადერთი, რის გამოც ვერ მიდიან, წასასვლელის არქონაა.

ახალი ამბები