კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორის დავალებით ჟურნალისტებს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში არ უშვებენ

14 ნოემბერი, 2008

გელა მთივლიშვილი გორიდან

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლების გაღიზიანება, მედიის წარმომადგენლების მოთხოვნამ გამოიწვია - განემარტათ, რატომ არ აქვთ მოქალაქეებს სამხარეო ადმინისტრაციის და გორის რაიონის გამგეობის შენობაში შესვლის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე. „ბოზიშვილებო“, „თქვენი დედა ....“, - უცენზურო სიტყვებით გინებასთან ერთად, დაცვის პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი კორესპონდენტების საცემადაც იწევდა. მან აღნიშნა, რომ დაუპატიჟებელ სტუმრებთან ამგვარად მოქცევის შესახებ დავალება, მათი გაგდების მიზნით, რეგიონის და რაიონის ხელმღვანელობისგან აქვთ მიღებული.

იმერეთის, სამცხე – ჯავახეთის, კახეთის, გურიის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები შიდა ქართლში აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პირობების გაცნობის და პრობლემების გაშუქების მიზნით ჩავედით. მთელი დღის განმავლობაში გორის რაონის სოფლებში, ერგნეთში, ხვითში, ვარიანში, თორტიზაში, ქვემო და ზემო ნიქოზში ვმუშაობდით. დღის ბოლოს მიღებული ინფორმაციები გავცვალეთ. აღმოჩნდა, რომ დევნილებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ არსებობა, განსაკუთრებით მათ, ვინც ქალაქ გორში, საბავშვო ბაღების შენობებში კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი. ადგილობრივების განცხადებით, ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლებს, მოსახლეობა ძირითადად 10 – 11 ოქტომბერს დაუბრუნდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სურსათით, შეშით და სხვა საჭირო ნივთებით დახმარებას დაპირდნენ, მაგრამ ამ დრომდე მათთვის აღარავის მიუკითხავს. საკვები პროდუქტებით საერთაშორისო ორგანიზაციები მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს ამარაგებენ.

რა ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება დაზარალებულების დასახმარებლად იმისათვის, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ცხინვალიდან რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული სოფლები ქართველებისგან არ დაიცალოს? ამ და დევნილებთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად შიდა ქართლის გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის მოუცლელობის გამო, შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ხმიადაშვილთან გადავწყვიტეთ.

გამგეობის შენობის შესასვლელში მყოფი დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა, საშვის გარეშე შენობაში შესვლა აგვიკრძალეს. ვთხოვეთ, განემარტათ, თუ რატომ იყო შეზღუდული მოქალაქეების შესვლა შენობაში, სადაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოც არის განთავსებული. ჟურნალისტების მოთხოვნამ დაცვის თანამშრომლების გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანი ცეცხლსასროლი იარაღის ხელში თამაშით მოაგვიახლოვდა და შენობის დატოვება გვიბრძანა, რაზედაც უარი განვაცხადეთ და პროტესტი გამოვთქვით. ამის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჩვენს მიმართ კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ და საჯაროდ, შენობის შესასვლელში მყოფი სხვა მოქალაქეების თანდასწრებით, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ხმამაღლა, უცენზურო სიტყვებით გვაგინებდნენ. ამასთან ერთად, ერთ– ერთი პოლიციელი ჟურნალისტების საცემადაც იწევდა. ამ ფაქტის თვითმხილველები, გამგეობის საშვთა ბიუროს და სხვა თანამშრომლებიც გახდნენ. ტელეფონით, შს სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ვოვა ჯუღელს დავუკავშირდით და რეაგირება ვთხოვეთ. რამდენიმე წუთში ადგილზე გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და ჩვენების მისაცემად პოლიციაში მისვლა გვთხოვეს. მანამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მეშვეობით გამგებელთან შეხვედრაც მოვახერხეთ.

- გამარჯობათ ბატონო დავით. ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ჟურნალისტები ვართ.

- მერე რა გინდათ?

- ადგილზე გავეცანით ომის დროს დაზარალებული ადამიანების პირობებს და რაც ვნახეთ ის არის, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან. გვაინტერესებს რით ეხმარებით მათ?

- რა აგრესიულები ხართ, ხომ არ გავიწყდებათ სად ხართ და ვის ელაპარაკებით?

- რას ამბობთ, გამგეობის შენობაში შემოსვლისას დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შეურაცხყოფა მოგვაყენეს და კიდევ იმას ამბობთ, რომ აგრესიულები ვართ?

- არ ვიცი მე არაფერი, ქვემოთ რა მოხდა.

- არც გაინტერესებთ?

- დაცვის პოლიცია ჩვენ არ გვექვემდებარება, შესაბამისად ეს საკითხი მე არ მეხება.

- როგორ, გამგეობის შენობაში ჟურნალისტებს რომ აგინებენ, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას რომ ცდილობენ, ეს საკითხი თქვენ არ გეხებათ?

- დევნილების დასახმარებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. არც მშივრები არიან და არც უსახლ– კაროდ“, - აღნიშნა დავით ხმიადაშვილმა.

შს გორის სამმართველოში, დაკითხვაზე მისულ ჟურნალისტებთან, სამართალდამცავებმა და მათ შორის გამომძიებელმაც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება გამოხატეს. „თუ გამგებელთან შეხვედრაზე შეთანხმებულები არ იყავით, გამგეობის შენობაში რატომ მიდიოდით, ან არადა დაცვის პოლიციის თანამშრომელმა რომ გაგინათ, რა მოხდა მერე? ნაცემები არ ხართ. დალურჯებები არცერთ თქვენგანს არ აღენიშნება“, - განაცხადეს გორის პოლიციის თანამშრომლებმა. პროტესტის ნიშნად, ჟურნალისტებმა ჩვენების მიცემაზე უარი ვთქვით და პოლიციის შენობა დავტოვეთ.

შიდა ქართლში მომუშავე ჟურნალისტის თეა თედლიაშვილის ცნობით, ეს არ არის გორში ჟურნალისტების შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება იმ ჟურნალისტების მიმართ, ვისაც ვერ აკონტროლებს, მკვეთრად აგრესიულია და ხელს უშლის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ახალი ამბები